შაბათი, აპრილი 20, 2024

კრიზისი გრძელვადიანი იქნება და მთავრობა მოქალაქეებზე ზრუნვას გააგრძელებს – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისის მართვის ფარგლებში, მთავარი მიზნობრივი ჯგუფი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება, ახალგაზრდობაა. 17 წლამდე ახალგაზრდები და სტუდენტები, რომლებსაც სოციალურად 150 000 ქულამდე აქვთ, მთავრობის მხრიდან სპეციალურ დახმარებას მიიღებენ. ხოლო იმ სტუდენტთათვის, რომლებიც განათლებას ევროპაში იღებენ, ჩარტერული რეისები დაიგეგმება. გიორგი გახარიამ აგრეთვე აღნიშნა, რომ მთავრობა 4 თვის (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) განმავლობაში კომუნალური გადასახადების დაფარვის პროგრამას გააგრძელებს:

გლობალური ეკონომიკისთვის, შემდეგი ორი წელიც საკმაოდ რთული იქნება და რა თქმა უნდა, საქართველო გახლავთ, როგორც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ასევე გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი.

იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ოჯახებში შემოსავლების კლება ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით, მოქმედი პროგრამა ზამთრის 4 თვის (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) განმავლობაში გაგრძელდეს, იგივე პრინციპით. რა თქმა უნდა, ფინანსურად შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ასეთ დახმარებაზე უარი თქვან.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში, 17 წლამდე ბავშვებს, სახელმწიფოს მხრიდან, 200 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარება ექნებათ. ეს არის სასწავლო წლის დაწყებამდე, კრიზისულ პერიოდში ბავშვების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება.

ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 000 ქულამდე, სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 წლების ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებს და ამავდროულად, ყველა სტუდენტს, სოციალურად 150 000 ქულამდე, რომელსაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს, სახელმწიფო დაუფარავს 2020-2021 წლების 1 წლის სწავლის საფასურს, ეს გახლავთ 1225 ლარი. საბოლოო ჯამში, საქართველოში ამ შეღავათებით 33 000-ზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს.

სოციალური მხარდაჭერის მესამე ეტაპის ძირითადი მიზნობრივი ჯგუფია – ახალგაზრდობა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ კრიზისის ზეგავლენის გამო, მათი განათლების პროცესი რაიმე რისკის ქვეშ არ აღმოჩნდეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ოჯახებმა, რომლებსაც ეკონომიკური კრიზისის გამო შემოსავალი შეუმცირდათ, შეძლონ შვილების ღირსეულად აღზრდისა და მათთვის განათლების მიცემის პროცესის გაგრძელება.

ნათელია, რომ კრიზისი არის გრძელვადიანი და მთავრობა მოქალაქეებზე ზრუნვას გააგრძელებს. ძირითადი პრინციპი ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური რესურსებისა და შესაძლებლობების გონივრული და სწრაფი გადანაწილება იქნება.

ქართველ სტუდენტებს, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებიან, მაგრამ განათლებას ევროპაში იღებენ ან ევროპაში შრომობენ, გადაადგილების პრობლემა შეექმნათ. რამდენიმე კვირის წინ მოგვმართა სტუდენტთა ჯგუფმა, რომელსაც გერმანიაში შრომის ნებართვა ჰქონდა, მაგრამ გერმანიაში გამგზავრებას ვერ ახერხებდა, რის გამოც მთავრობამ, ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, ჩარტერული რეისი უზრუნველყო. ახლა დაგროვდა სტუდენტთა კიდევ ერთი ჯგუფი, ასევე გერმანიის მიმართულებით. მინდა დავავალო საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს, რომ ამ ჯგუფების ორგანიზება სასწრაფოდ მოახდინონ და 11 აგვისტოსთვის, კიდევ ერთი რეისი დაგეგმონ. უნგრეთში მცხოვრები და განათლების მიღების პროცესში მყოფი ახალგაზრდების მხრიდანაც იყო ანალოგიური თხოვნა. განვსაზღვროთ სტუდენტთა რაოდენობა და თუ საჭირო გახდა, შეღავათიანი ჩარტერული რეისით, მათაც დავეხმაროთ. ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული