ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“სამ მუშკეტერად” წოდებულ მეცნიერთა ჯგუფის დამსახურებაა ის, რომ საქართველო პანდემიას ეფექტურად უმკლავდება – BBC

BBC საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით “Coronavirus: How “three musketeers” helped Georgia fight virus” (“კორონავირუსი: როგორ დაეხმარა “სამი მუშკეტერი” საქართველოს ვირუსის დამარცხებაში”). მასალაში აღწერილია ისტორია ეპიდემიოლოგების შესახებ, რომლებიც ეპიდემიას ეფექტურად ებრძოდნენ საქართველოში და მათ სამაუწყებლო კომპანია “სამი მუშკეტერად” მოიხსენიებს:

საქართველო შედის იმ 15 ქვეყანათა ჩამონათვალში, რომლებიც არ არიან ევროპის ქვეყნები და ევროკავშირი მიიჩნევს უსაფრთხოდ, რომ მათთან საზღვრები გახსნას. საქართველო არის ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა.

ქვეყანაში რეგისტრირებულია 1000-ზე ნაკლები შემთხვევა, გარდაცვლილია 15 ადამიანი 3.7 მილიონიანი მოსახლეობიდან. „სამ მუშკეტერად“ წოდებული მეცნიერთა ჯგუფის დამსახურებაა ის, რომ კავკასიის რეგიონის ეს სახელმწიფო ეფექტურად უმკლავდება პანდემიას.

შედარებისთვის, კორონავირუსი მძვინვარებს ანალოგიური ტერიტორიის მქონე მეზობელ სომხეთში. აქ ყოველდღიურად ფიქსირდება Covid-19-ის ასობით ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა აჭარბებს 26 000-ს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი აღწევს 500-ს.

როგორ მოახერხა საქართველომ ეს? – საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა თებერვლის ბოლოს. ხელისუფლების მხრიდან რეაგირება ძალიან სწრაფი იყო.

მარტის შუა რიცხვებისთვის უკვე დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები, შეიზღუდა ბიზნესის სფერო, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეჩერდა.

21 მარტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აიკრძალა ფართომასშტაბიანი შეკრებები და ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება. დაწესდა კომენდანტის საათი.

საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის, აღდგომის პერიოდშიც კი, ხელისუფლებამ არ დაუშვა კერძო ტრანსპორტი და აგრეთვე დახურა სასაფლაოები.

„ჩვენ მხედველობაში მივიღეთ პანდემიისაგან გამოწვეული საფრთხე პირველი შემთხვევის დაფიქსირებამდე ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე. თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის სპეციფიკურ დამახასიათებელ ნიშნებს, როგორებიცაა მისი სიდიდე და მდებარეობა, ჩვენ ვერ გამოვიყენებდით სხვა ქვეყნების გამოცდილებას“ – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ BBC-ის, ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

ინფორმაციის რეგულარული განახლება მიმდინარეობდა ქვეყნის წამყვანი მეცნიერებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ.

ლუგარის ლაბორატორია მუდმივად ხდებოდა კრიტიკის საგანი რუსეთის მიერ, რომელიც მას აშშ-ის საიდუმლო ბიო-იარაღის პროგრამის მონაწილეობაში ადანაშაულებდა.

ვინ არიან „მუშკეტერები“? – საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეცნიერებმა დაიმსახურეს საზოგადოების ღრმა პატივისცემა მათი ეფექტური საქმიანობის წყალობით.

სამეულში შედიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე და მთავარი ვირუსოლოგი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. კიდევ ერთი პოპულარული ფიგურა, ჯანდაცვის კამპანიის სახეა მარინა ეზუგბაია, ინფექციური ცენტრის დირექტორი.

კორონავირუსის ტესტირებისთვის საქართველოს მასშტაბით 19 ლაბორატორია მუშაობს. ივნისის ბოლოს ამირან გამყრელიძემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს წარმატებაზე:

PCR ტესტით ჩვენ უკვე მილიონ მოსახლეზე თითქმის 30 000 ტესტზე ვართ ასული – ამირან გამყრელიძე

რატომ აღმოჩნდა აკრძალვები ეფექტური?

საქართველოს მთავრობამ მადლობა გადაუხადა ქვეყნის მოსახლეობას მისი მითითებების შესრულებისთვის. ამასთან აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, წესების დარღვევისთვის, ჯარიმები დააწესეს.

გაფრთხილება – „დარჩი სახლში“ გამოისახა ავტობუსის გაჩერებებზე, მოქალაქეები ასევე იღებდნენ ტექსტურ შეტყობინებებს იგივე გზავნილით.

მიუხედავად პოლიტიკური პოლარიზაციისა ქვეყანაში, საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერდა მთავრობის ძალისხმევას ეპიდემიასთან ბრძოლაში.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „სამაგალითო სოციალური პასუხისმგებლობა და რეგულაციებისა და წესების ზედმიწევნით დაცვა“ ძალიან დაეხმარა მთავრობას ინფექციის გავრცელების კონტროლში.

დიდი გამოცდის დრო დადგა აღდგომის კვირას, როდესაც შიშობდნენ, რომ ათასობით ადამიანი შეიკრიბებოდა ეკლესიებში. მართლმადიდებელი ეკლესია აგრძელებდა რელიგიური რიტუალების აღსრულებას და უარს ამბობდა ერთი კოვზიდან ზიარების წესის ცვლილებაზე.

გაიხსნა რიგი ბიზნეს საქმიანობა, რესტორნები, თუმცაღა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, პირბადის აუცილებელი ტარებით, სოციალური დისტანცირების გათვალისწინებით და ხალხმრავალი აკრძალვების გათვალისწინებით. საქართველოს მთავრობა ასევე იმედოვნებდა, რომ 1 ივლისიდან ტურისტების მიღებას შეძლებდა, თუმცა საზღვრების გახსნა გადაიდო, ამიტომაც ტურიზმის სექტორის პერსპექტივა ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას,” – ნათქვამია BBC-ის სტატიაში.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული