თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე არსებულ შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
“ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია დაახლოებით 4000 კვ/მ ფართობზე არსებული სასაწყობე ჯიხურები. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე რჩება 3 სახანძრო ავტოცისტერნა. მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ადგილზე მუშაობა. ამ დროისთვის ჩვენ დაშავებულის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ადგილზე ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მუშაობენ შესაბამისი სამსახურები“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება რომ თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა შეტყობინების მიღებიდან ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა, რის შემდეგაც ცეცხლის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ და ხანძრის ქრობის პროცესს პირადად ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი.
უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრი სამართალდამცველებმა გადაკეტეს.
ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. პირველადი ინფორმაციით, დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები.
იყო ცეცხლის ავტოგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, მისი აფეთქების საფრთხე სრულად აღიკვეთა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.