ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე საუბრობს:
“ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა რეალურად ოთხ ძირითად საყრდენზე დგას. ესენია: პატრიოტიზმი, ეკლესია, ლგბტ და კითხვა – „აბა, ომი გინდათ?“.
სწორედ ამ ოთხი თემის ირგვლივ ახდენს ხელისუფლება თავისი პოლიტიკური, საინფორმაციო, სამართლებრივი და, საჭიროების შემთხვევაში, ფიზიკური ძალის კონცენტრირებას. ნებისმიერი შიდა თუ გარე ფაქტორი, რომელიც რეჟიმისთვის მიუღებელია, საბოლოოდ ამ ოთხიდან ერთ-ერთ ჩარჩოში ექცევა. თუ ოპონენტის დისკრედიტაცია სურთ – იგი ან „არაპატრიოტია“, ან „ეკლესიის მტერია“, ან „ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერია“, ან „ქვეყანას ომში ითრევს“.
ის, რომ ამ გზით რეჟიმი საკუთარ ამომრჩეველს მუდმივად ერთსა და იმავე შიშებსა და რწმენებში ამაგრებს, ცალკე განხილვის თემაა. მაგრამ არსებობს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა, ამ ოთხივე მიმართულებით პრაქტიკულად არ არსებობს ორგანიზებული და სისტემური დეპროპაგანდის პროგრამა.
რატომ? მიზეზი სხვადასხვაა. ნაწილმა უბრალოდ არ იცის, როგორ უნდა დაუპირისპირდეს ამ ტიპის პროპაგანდას. ნაწილს კი, შესაძლოა, არც აწყობდეს ამ თემებზე ღია და სიღრმისეული საუბარი. არსებობს ცალკეული წარმატებული ინიციატივებიც, თუმცა ისინი ფრაგმენტულია, ისევე როგორც მთლიანობაში ხელისუფლების მოწინააღმდეგე პოლიტიკური და საზოგადოებრივი სივრცე.
თუმცა ერთი რამ უკვე ნათლად ჩანს: ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის კონტროლსაც. ისტორია კი გვაჩვენებს, რომ როდესაც ნებისმიერი სისტემა მოქალაქის ცნობიერების, სიტყვისა და აზრის კონტროლს იწყებს, ეს მისი სიძლიერის კი არა, სისუსტის ნიშანია.
ასეთი გზით ძალაუფლების შენარჩუნება შეიძლება დროებით მოხერხდეს, მაგრამ საბოლოოდ სწორედ ეს ხდება იმ პროცესის დასაწყისი, რომელიც ავტორიტარულ სისტემებს ყველაზე ძვირად უჯდებათ“, – წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.

