კვირა, ივნისი 22, 2025
21.8 C
Tbilisi
Home Blog Page 65

ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი წლის ბოლოსთვის გეგმავს მაქსიმალურად გააიოლოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ ამ პრივილეგიით. ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობები დაიწყო საქართველოს პოლიტიკურ წრეებშიც. პოზიციები დააფიქსირეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა:

,,დღეს, როგორც ჩანს, ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილს სურს, რომ ჰქონდეს ბერკეტები სხვა ქვეყნებზე გავლენის მოხდენის.

რაიმე ღვთიური მანანა არის უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ეს ის ხომ არ არის, რაღაცა ქედმაღლური ყურება, პერიფერიისთვის, რომ ჩვენზე მოდის, მათი გადმოსახედიდან, გარკვეული მადლი, რომ გაძლევთ შესაძლებლობას შემოხვიდეთ.

ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას. თუ ვიზები ჩაკეტეს, არავინ შეუშვეს ტურისტი, ფული არ ხარჯა იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ.

არის მცდელობა ადამიანების ემოციებზე ითამაშონ, რომ მერე ვიზა გექნება ასაღები და ვეღარ ჩახვალ ბერლინში თუ ფრანკპურტში. არვიცი, ეს 21-ე საუკუნის პოლიტიკას ეკადრება?!”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

 

,,ევროპა საერთოდ გადახაზავს, უკვე ყველა პრინციპს გადაუვლის ფეხით და ეს საქართველოს არ ეხება მხოლოდ, 61 ქვეყანაა თუ მეტი, 70-მდე ქვეყანაა, ვისაც უვიზო მიმოსვლა აქვს ევროპასთან.

საქართველოს შემთხვევას ცალკე ნუ განვიხილავთ. არის ბალკანეთის ქვეყნები, სხვა ქვეყნები, რომელზეც ევროკავშირს სურს, იმედი აქვს და გეგმა აქვს ეგეთი, რომ დაამყაროს სრული კონტროლი. მარიონეტული რეჟიმი სჭირდება საქართველოში. აქედან გამომდინარე, ის სტანდარტი, რასაც ჰქვია ევროპული სტანდარტი, რომ იყო მთავარი, იყო სამართლიანი, რასაკვირველია, იქნება გადახაზული”, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

 

,,უვიზო მიმოსვლა ნამდვილად არის კომფორტი და ეს კომფორტი „ქართულმა ოცნებამ“ შეუქმნა ხალხს, როდესაც ჩვენივე შესრულებული ვალდებულებების ფონზე ევროკავშირმა მოგვცა უვიზო მიმოსვლა და ჩვენ ეს დავიმსახურეთ – არავის ტყუილად არ მოუცია.

თუმცა, როდესაც კომფორტი წინააღმდეგობაში და დაპირისპირებაში მოვა პატრიოტიზმთან, ეჭვიც არ მეპარება, რომ ქართველი ხალხი აირჩევს პატრიოტიზმს. იმიტომ, რომ ისტორიულადაც ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და მომავალშიც დარჩება ქვეყნის ერთგულ პატრიოტად“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

 

,,ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის ჩვენთვის თავსმოხვევასაც “დიფ სთეითი” ცდილობს“,- განაცხადა “ხალხის ძალის” ლიდერმა სოზარ სუბარმა.

 

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“რაში გვჭირდება რეჟიმი რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას, ძალადობს მოქალაქეებზე და ძარცვავს ხალხს?!” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ რეალობას და ევროინტეგრაციის მხრივ შექმნილ პრობლემებზე საუბრობს:

ივანიშვილის და მისი რეჟიმის გამო ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია და ეს უკვე სიგნალია!

„ქართული ოცნება“ გვართმევს იმას, რაც ერთად მოვიპოვეთ.

ჯერ გვეუბნებიან: „ვიზალიბერალიზაცია დიდი არაფერია“, – ეს სიტყვები შემთხვევით არ თქმულა, მათ უნდა დაგვათმობინონ ის, რაც თავისუფლების სიმბოლოა. ამ ყველაფრის უკან კი ერთი მიზანია: საზოგადოება შეეგუოს უარესს და მოამზადონ ნიადაგი უვიზო მიმოსვლის გაუქმებისთვის.

რატომ?

იმიტომ რომ იბრძვიან არა ხალხის, არამედ საკუთარი ძალაუფლებისთვის.

ამიტომ ებრძვიან ევროპას;

მიტომ დევნიან პროდასავლურ ახალგაზრდებს;

ამიტომ იღებენ რუსულ კანონებს.

ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი ევროპული პასპორტი და ამის გაუქმება ნიშნავს რომ ივანიშვილი საქართველოს ტოვებს მარტოს, დაუცველს და გარიყულს.

რაში გვჭირდება რეჟიმი რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას, ძალადობს მოქალაქეებზე და ძარცვავს ხალხს?!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების საკითხი არის ისეთივე შანტაჟი, როგორიც კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღება იყო” – კახა კალაძე

საქართველოსთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების საკითხის წამოწევა არის ისეთივე შანტაჟი, როგორიც კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი იყო. ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ევროპა და ევროპული ღირებულებები რადიკალურად განსხვავდება იმ ცალკეული ბიუროკრატების მიდგომებისგან, რომლებიც დღეს ბრიუსელში არიან წარმოდგენილნი.

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვხედავთ შანტაჟს. შანტაჟის მექანიზმია სანქციები როგორც პიროვნულ დონეზე, ისე ქვეყანასთან მიმართებაში, საუბრები ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შესახებ და სხვა ბევრი ელემენტი. ევროპა და ევროპული ღირებულებები რადიკალურად განსხვავდება იმ ბიუროკრატებისგან, რომლებიც დღეს წარმოდგენილნი არიან ბრიუსელში, ცხადია, ყველაზე არ ვსაუბრობ.

ჩვენ გვინდა ევროპა, რომელიც დაფუძნებულია ღირებულებებზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ბიზნესის თავისუფლებაზე და სხვა ძირითად მიმართულებაზე, თუმცა, დღეს, აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს. ამ ბიუროკრატების ქმედებები და მესიჯები, რომლებსაც დღეს ვისმენთ, არანაირად არ ჯდება ევროპულ ღირებულებებში. ეს ჩვეულებრივი შანტაჟის ელემენტებია. ამ ტიპის დამოკიდებულება არის კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის, რადგან საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ევროპული მომავალი საქართველოსთვის საინტერესოა, იმიტომ რომ იქ არის მრავალფეროვნება და არა საბჭოური მმართველობის მეთოდები.

თუ მათ საბჭოთა კავშირის მსგავსად უნდათ მმართველობა, როდესაც ყველა ერთნაირი უნდა ყოფილიყო და ერთი ცენტრიდან იმართებოდა ყველაფერი, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მიუღებელია ეს მბრძანებლური ტონიც. პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრებათ იმ ბიუროკრატებს, რომლებიც დღეს ბრიუსელში არიან წარმოდგენილი და ვინც ებრძვის საქართველოს. ჩვენ ვხედავთ ისეთი შანტაჟის მექანიზმებს, როგორიც, მაგალითისთვის, იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
მე მახსოვს, როდესაც კანდიდატის სტატუსი ყოვლად უსამართლოდ არ მიანიჭეს ჩვენს ქვეყანას, მაშინ აქ წარმოდგენილი აგენტურა საუბრობდა, თითქოს საქართველომ მილიარდობით ევრო დაკარგა. დღეს ვსვამ მარტივ კითხვას – სად არის დღეს ეს მილიარდობით ევროს გრანტები?“ – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, საქართველო მზად არის ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნისთვის და მოუწოდებს ევროსტრუქტურებს გახსნან ეს მოლაპარაკებები.

დღეს, იგივე საუბარია მოლაპარაკების გახსნა-არგახსნის საკითხზე, რაზეც სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ. გაცილებით წინ ვართ ყველა პარამეტრით იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისზეც ისინი საუბრობენ. გახსნან მოლაპარაკება, მზად ვართ ხელი მოვაწეროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ და ხაზი გაუსვა, რომ არცერთ ბიუროკრატს ევროპიდან არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქართველ ხალხს და საქართველოს ზემოდან უყუროს და დავალებები გასცეს.

ისინი არ არიან ჩვენი უფროსები, ჩვენ გვინდა პარტნიორები და მეგობრები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“იმედია, ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება!” – ნიკა გვარამია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია ვარაუდს გამოთქვამს შესაძლო მძიმე მოლოდინებთან დაკავშირებით და კონკრეტული განმარტება-შეთავაზებებს აკეთებს საზოგადოებისთვის:

იმედია, ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება!

აბა რუსეთთან შეკრულ და ირანთან და ჩინეთთან გადაფსკვნილ, ევროპის მაგინებელ და დამაზიანებელ ავტოკრატიულ რეჟიმს, არჩევნების მომპარავ, ხალხის დამრბევ და ციხეში ჩამყრელ დემოკრატიის დამაქცევრებს უვიზოს არავინ არ დაუტოვებს.

თავი არ მოვიტყუოთ და სხვას არავის დავაბრალოთ! უვიზოს მოხსნა = ბიძინას!

ცეცხლი ოლიგარქიას! 🔥” – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი ოქრუაშვილი

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ პოლიტიკოსებს მიმართავს, ვინც საგამოძიებო კომისიაზე არ მივიდა და სასამართლოს გადაწყვეტილებით გირაოს გადახდა დაეკისრა/დაეკისრება:

გახარია რა ს*ერმატოზოიდიცაა ყველამ იცის, მაგრამ ამჯერად ოპოზიციის იმ ლიდერების, და არამარტო, გასაგონად ვწერ ვინც წულუკიანის დაძახებულზე არ მივიდა.

სასამართლო ყველას შეგიფარდებთ გირაოს, მაგრამ წულუკიანთან არმისვლას ის შედეგი არ მოყვება თუ გირაოს გადაიხდით. მე პოლიტიკიდან წასული ვარ, არც არჩევნებში ვმონაწილეობ, არც ზურაბიშვილის ალაფურშეტებში და მარტო ჩემგან გირაოს არგადახდა არაფერი შედეგის მომტანი არ იქნება, რადგან მარტო მე გაზაფხულს ვერ მოვიყვან. რამდენიმე მოქმედი პოლიტიკოსის მხრიდან მაგ ნაბიჯის გადადგმა კი სერიოზულად დაარტყამს ივანიშვილის რეჟიმს, იმ შემთხვევაში განსაკუთრებით თუ ყველას ჩაგვსვამენ. დიდხანს არ მოგვიწევს, წლამდე მუხლია და ერთხელ ღირს გამოიჩინოთ გამბედაობა, იმ ფონზე მაინც ათობით ახალგაზრდა როდესაც ციხეში ზის 5-6 წლიანი მუხლებით.

არგუმენტი, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძემ უკვე გადაიხადეს არ მიიღება, მაგათგან სხვა რამეს არც არავინ ელოდა.

მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ არ იცი?” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს:

ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ არ იცი?” – წერს შალვა ნათელაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის: “არ ეღირსა ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ არის უცხოური აგენტურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში, “ღამის კურიერში”.

“სოლიდარობა ბრწყინვალე დათო დოიაშვილს და თეატრის უნიჭიერეს დასს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით:

სოლიდარობა ბრწყინვალე დათო დოიაშვილს და თეატრის უნიჭიერეს დასს.

ეს თეატრი მაშინ დაჩაგრეს პირველად, როდესაც მათთვის განკუთვნილი შენობა რიყეზე არ მისცეს და საწყობად აქციეს და ახლა საბოლოოდ ანადგურებენ.

ჩემი მხარდაჭერა მათ, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისათვის: “კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“.

ნანა ტოხვაძე: “ალბათ, მალე, რუსულ სახელმძღვანელოებსაც შემოგაშველებენ “სწრაფი ინტეგრაციის” მიზნებიდან გამომდინარე!”

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე პოლიტიკურ შეფასებას აძლევს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას მეორე უცხოური ენის სტატუსით, საქართველოს სკოლებში ჩინური ენის სწავლების შემოღების საკითხს:

აი, პოლიტიკაში არ ვერევი ხალხი, ალბათ ჩინურის ასარჩევ ენად სკოლებში შემოტანის ინიციატივასაც და ე.წ. მინისტრსაც ტაშს დაუკრავს! რაც მეტი ენა ეცოდინება ბავშვს, რა ჯობიას პრინციპით.

ვითომ ვერ ხვდებიან რა პოლიტიკას ნერგავენ რუსქოცები და რა გეოპოლიტიკური განაცხადია ეს ნაბიჯი?

ცხადია, არც აქამდე შეუსრულებიათ დაპირებები და არც ამ შემოთავაზებას უწერია აღსრულება, მაგრამ პოლიტიკური მისწრაფება დაფიქსირებულია!

ალბათ, მალე, რუსულ სახელმძღვანელოებსაც შემოგაშველებენ “სწრაფი ინტეგრაციის” მიზნებიდან გამომდინარე!” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“აშკარად იგრძნობოდა დაბნეულობა მისი მხრიდან” – კახა კალაძე გიორგი გახარიაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარია ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხებს აფიქსირებდა, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

აშკარად იგრძნობოდა დაბნეულობა მისი მხრიდან, ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხები იყო, როდესაც კითხვები მოდიოდა სხვადასხვა ტიპის. ასევე, ჩვენ თუ გავიხსენებთ მის ინტერვიუებს, რადიკალურად ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ გუნდს გახარიას გადაყენება უნდოდა, თუმცა „ქვეყნის გარედან დარეკეს და უთხრეს, რომ მისი გადადგომა არ იყო მიზანშეწონილი“.

მე ვადასტურებ აღნიშნულს. ნამდვილად იყო ზარი და მოთხოვნა, თუმცა კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. შესაძლოა, დადგეს დრო, როცა ამ ყველაფერზე ღიად ვისაუბოთ სახელებით და გვარებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, 20 ივნისის მოვლენებზე ბევრი კითხვა ჩნდება.

რეალურად თუ გავაანალიზებთ 20 ივნისის ღამეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება იგივე სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედებაზე. ჩვენ ამის შემდეგ ბევრი აქცია გვინახავს, ბევრი მოქმედებები ვნახეთ სპეციალური დანიშნულების რაზმის, რადიკალურად განსხვავებული, რადიკალურად განსხვავებული ხელწერა.

შესაბამისად, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ის ქმედებები, თუ როგორ მუშაობდა და როგორ იყო განლაგებული სპეცრაზმი. პროფესიონალები ამაზე უფრო დეტალურად ისაუბრებენ, მათ შეუძლიათ, უფრო სიღრმეებში შევიდნენ, თუმცა რაც ზედაპირზეა, ვფიქრობ ძალიან ნათელია ყველაფერი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“თავისუფლება უფასოდ, უწვალებლად, უშრომველად და უბრძოლველად არ მოდის” – გიორგი ბარამიძე

გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთი სრულიად დამოუკიდებელი გახდა რუსული ნავთობის მომარაგებისგან. აღნიშნულ ფაქტს კონკრეტული ფაქტებით და შეფასება-შედარებებით ეხმიანება, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, გია ბარამიძე:

თავისუფლება უფასოდ, უწვალებლად, უშრომველად და უბრძოლველად არ მოდის.
მუქთა და ადვილი ცხოვრება, ცხოველებსაც აქვთ, ოღონდ ზოოპარკში გამომწყვდეულებს. 🙂

ნებისმიერმა ერმა უნდა აირჩიოს, – რა უნდა?
უნდა რომ “პატრონზე” იყოს დამოკიდებული და მიბმული, მაგრამ საკვები, რესურსი და სხვა, ცხოველური თუ ყოფითი კომფორტი უზრუნველყოფილი ქონდეს, თუ იყოს თავისუფალი და ამისთვის თავი შეიწუხოს, იშრომოს და მისი თავისუფლებისთვის, იბრძოლოს კიდეც⁉️

ეს დილემა ისტორიულად იდგა და დგას ნებისმიერი ადამიანისა, თუ ერის წინაშე.

გადარჩება, თავის იდენტობასა და თვითმყოფადობას, ღირსებასთან ერთად შეინარჩუნებენ, მხოლოდ ის ერები, ვინც ამისათვის ბრძოლას თავს არ აარიდებენ.

ვინც წინასწარ აცხადებს კაპიტულაციას, ამბობს რომ სამშობლოს დასაცავად არ იომებს და არ შეიწუხებს თავს, ის განწირულია მონობისა და გადაშენებისათვის.

თავისუფლებისთვის ბრძოლა ბადებს გმირებს, როგორიც ქართველებს მრავლად გვყავს – ცხრა ძმა ხერხეულიძე, სამასი არაგველი, აბო თბილელი თუ გიორგი ანწუხელიძე….!

ისინი არც დავით აღმაშენებლის, არც ერეკლეს თუ არც პრეზიდენტ სააკაშვილის პირად ინტერესს, მით უფრო “პიარს” არ შეეწირნენ. მათ თავი საქართველოს არსებობისა და თავისუფლებისთვის გაწირეს.

მტერი მუდამ ცდილობდა და ცდილობს მათი გმირობის დაკნინებასა და გაბაიბურებას.
ამის უფლება ერმა არ უნდა მისცეს!

მჯერა, ჩვენ, ქართველები ამ ეპოქაშიც ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე და ღირსებით დავიცავთ ჩვენს სამშობლოსა და ჩვენს თავისუფლებას.

ყოჩაღ ჩეხებს, რომ კომფორტსა და ადვილ შემოსავალს, მეტი თავისუფლება არჩიეს.
🇬🇪🇪🇺🇺🇦🇺🇸✊✌️“, – წერს გია ბარამიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.