სამშაბათი, ივლისი 22, 2025
24.1 C
Tbilisi
Home Blog Page 1932

EMC – “20 ძირითადი დარღვევა, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეში გამოვლინდა”

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) შეისწავლა 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები და მოამზადა შესაბამისი დასკვნები.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა  19 წლის ახალგაზრდა თემირლამ მაჩალიკაშვილი, რომელიც 2 კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გაგაცნობთ EMC-ის მიერ დაფიქსირებულ 20 ძირითად დარღვევას, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეში:

 

  1. სპეცრაზმელებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში შევარდნისთანავე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაისროლეს. გასროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, საწოლში იწვა, სავარაუდოდ ყურსასმენი ეკეთა და ეძინა. ეს ფაქტობრივი გარემოებები უთითებს, რომ ძალის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა;
  2. სპეცოპერაციამდე თემირლან მაჩალიკაშვილი მამას ჭალაში ეხმარებოდა და მეჩეთში ლოცულობდა. მისი დაკავება სუს-ს დღისით, სპეცოპერაციის გარეშეც შეეძლო. ამ პირობებში, არ არსებობდა ამ მასშტაბის სპეცოპერაციის ღამით ჩატარების აუცილებლობა. ჩატარებული სპეცოპერაცია სუს-ის მხრიდან ძალის დემონსტრირების ინტერესზე მიუთითებს;
  3. მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში, სუს-ის მიერ არ მომხდარა რისკების გაზომვა და ძალის გამოყენების სათანადო პრევენცია;
  4. კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, დაჭრის შემდეგ, გაეწია თუ არა თემირლანს დროული სამედიცინო დახმარება;
  5. პროკურატურას დღემდე არ შეუსწავლია სპეცოპერაციის დამგეგმავი და განმახორციელებელი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. გასროლასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ამ დრომდე არაეფექტიანია და არსებითად ფორმალურ ხასიათს ატარებს;
  6. სუს-ის თანამშრომლებმა გასროლის შემდგომ თავად, დამსწრე პირების გარეშე, ჩაატარეს თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში ჩხრეკის და ხელყუმბარის ამოღების საგამოძიებო მოქმედება, რაც გამოძიების დამოუკიდებლობის პრინციპს არღვევს და ამ დროს ამოღებული მტკიცებულებების ნამდვილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს;
  7. სუს-ის თანამშრომლები გასროლის შემდგომ თითქმის სამი საათის განმავლობაში ერთპიროვნულად აკონტროლებდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახს და საცხოვრებელ სახლს. ჩნდება ეჭვები მათ მიერ ხელყუმბარის ადგილზე მიტანისა და მასზე შესაბამისი კვალის ხელოვნურად დატოვების შესახებ;
  8. თემირლან მაჩალიკაშვილის სახლიდან ამოღებულ ნივთებზე და თითქოსდა ამოღებულ ხელყუმბარაზე სუს-მა თავად დანიშნა საექსპერტო კვლევები და შედეგები მხოლოდ ორი თვის შემდეგ წარუდგინა თბილისის პროკურატურას;
  9. სუს-ის გადაწყვეტილებით, ექსპერტიზის შემდეგ განადგურდა თითქოსდა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელყუმბარა, რის გამოც გამოძიებას აღარ შეუძლია ამ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებაზე ხელახალი საექსპერტო კვლევების ჩატარება;
  10. საქმის მასალებით იკვეთება, რომ სუს-მა თვითნებურად შეუცვალა ნაწილი იმ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც გასროლა მოხდა და შეცვლილი სახით წარუდგინა ექსპერტებს;
  11. მაჩალიკაშვილისთვის ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შედეგად წაიშალა მიყენებული დაზიანების კვალი, რამაც ხელი შეუშალა საექსპერტო კვლევებს;
  12. ძირითად მტკიცებულებებთან კავშირში სუს-ის მიერ ჩატარებული მოქმედებების შედეგად (მათ შორის, იარაღის ნაწილის ცვლილება, შემთხვევის ადგილიდან მასრის არამოღება, ქირურგიული ოპერაციის დროს დაზიანების კვლების არასათანადო დოკუმენტირება) შეუძლებელი გახდა სროლის მანძილის განსაზღვრა;
  13. საქმეზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ამოღება და მათზე ექსპერტიზა ჩატარდა არა პროკურატურის, არამედ სუს-ის მიერ;
  14. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს არ ამოუღია და არ შეუსწავლია მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონსა და ყურსასმენზე არსებული კვლები;
  15. კომპლექსური ექსპერტიზის პასუხი, რომელმაც უნდა დაადგინოს სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა, ჭიანურდება და საექსპერტო კვლევის დასრულების მიუხედავად, დასკვნა 5 თვეზე მეტია არ ქვეყნდება;
  16. თბილისის პროკურატურა ამ დრომდე არ იწყებს გამოძიებას ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიმართ გამოვლენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე;
  17. თბილისის პროკურატურა ამ დრომდე არ იწყებს გამოძიებას სუს-ის მიერ მტკიცებულების (ხელყუმბარის) ფალსიფიცირების და განადგურების ფაქტზე;
  18. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი ამ დრომდე არ ცნობს მალხაზ მაჩალიკაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ;
  19. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს არ ეძლევათ საშუალება, გაეცნონ სროლის განმახორციელებელი პირისა და ადგილზე მყოფი სხვა პირების ჩვენებებს;
  20. პროკურატურა ამ დრომდე არ აცნობს თემირლანის ოჯახსა და ადვოკატებს სუს-ის მიერ სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების, დაგეგმვის, ჩატარების პროცესის და სპეცოპერაციის შემდგომ ანგარიშებს.

თემირლანის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს არ აქვთ საშუალება, გაეცნონ გასროლის შემდგომ, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე, საძინებელ ოთახში არსებული ვითარების ამსახველ ფოტომასალას ან სხვა დოკუმენტაციას.

თამთა მიქელაძე: “მიმდინარე გამოძიება აშკარად ფორმალურ ხასიათს ატარებს”

პანკისის ხეობაში, ერთი წლის წინ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სასიკვდილოდ დაიჭრა თემირლან მაჩალიკაშვილის, რომელიც 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა. ამ ხნის განმავლობაში რა საგამოძიებო პროცედურები ჩატარდა და რა ეტაპზეა გამოძიება, საზოგადოებისთვის უცნობია.

აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ და შემაჯამებელი დასკვნის მომზადების მიზნით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში დაგეგმილია შეხვედრა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებთან. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით შეფასებას ახდენს  ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე:

ერთი წლის დაკვირვება აჩვენებს, რომ მიმდინარე გამოძიება ეფექტიანი არ არის და რაიმე შედეგი არ დამდგარა, მეტიც, მიმდინარე გამოძიება აშკარად ფორმალურ ხასიათს ატარებს. გავაკრიტიკებთ სუს-ის და პროკურატურის მუშაობას ამ საქმეზე და ამავდროულად მოვუწოდებთ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს, იმისთვის რომ მათ გამოიყენონ ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები ამ საქმეზე და მათ შორის შექმნას საგამოძიებო კომისია“.

მართლაც დიდი კომფორტი და პატივი იყო გიორგი მარგველაშვილთან მუშაობა – თენგიზ ფხალაძე

16 დეკემბერს ფიცის დასადებად ემზადება სალომე ზურაბიშვილი, შესაბამისად მოქმედი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, უფლებამოსილების ვადის შეწყვეტამდე 2 დღე დარჩა. აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვასთან ერთად იწურება მისი მრჩევლების უფლებამოსილების ვადაც. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოსათხოვარ პოსტს აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე:

“ა.წ. 16 დეკემბერს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვადის დასრულებასთან ერთად იწურება ჩემი უფლებამოსილებაც. მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული სამშობლოს სამსახურში.
მუშაობისას სამი რამაა მთავარი: იდეა, რომელსაც ემსახურები, თავისუფალი აზროვნების შესაძლებლობა და გუნდი, რომელიც ჩანაფიქრის რეალიზების საშუალებას გაძლევს. ეს ყოველივე ნამდვილად მქონდა ამ წლების განმავლობაში.
მადლობა ბატონ პრეზიდენტს ნდობისა და ამ შესაძლებობისათვის.
მადლობა ადმინისტრაციის თანამშრომლებს – პროფესიონალთა არაჩვეულებრივ გუნდს, რომელთა გარეშზეც ვერეფერს მივაღწევდი.
მადლობა ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.
სწორედ ამ ერთიანობამ და თანამშრომლობამ არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა ჩვენს სამშობლოს.
მართლაც დიდი კომფორტი და პატივი იყო თქვენთან მუშაობა!
ყველას გისურვებთ წარმატებებს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თენგის ფხალაძე.

გიორგი გახარია: “ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც ფსევდო ინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის”

საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგა.

“ბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო პარლამენტარებო, ქალბატონებო და ბატონებო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ შესაძლებლობისთვის, კიდევ ერთხელ მოგმართოთ თქვენ, საქართველოს პარლამენტს და მინდა გითხრათ აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ჩვენთვის არასოდეს ყოფილა პრობლემა პარლამენტში მოსვლა. ჩვენ არასოდეს შეგვშინებია მწვავე კიხვების და მწვავე დისკუსიების. რაც მთავარია, ჩვენ ყოველთვის გვესმოდა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია და პატივს ვცემდით და ვცემთ ინსტიტუტებს. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, რომ პასუხი გავცეთ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ მწვავე შეკითხვებს და აბსოლუტურად მზად ვართ, ასევე, დისკუსიისთვის. თუმცა, ასევე, მინდა გითხრათ და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნო, რომ ზუსტად 1 წლის წინ ჩვენ აქ ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები 2018 წელზე და ვთვლით ჩვენ თავს ვალდებულად, გარკვეული ანგარიში ჩავაბაროთ პარლამენტს, მაგრამ გპირდებით, რომ ეს იქნება სტრუქტურირებული, ძალზე მოკლე, კონკრეტულ შედეგებსა და კონკრეტულ გეგმებზე ორიენტირებული მოხსენება.

ასე რომ, ბატონებო და ქალბატონებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი დისკუსიისთვის, მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც ფსევდოინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ რეჟიმში ჩვენ შევძლებთ დიალოგს იმისთვის, რომ გამოვავლინოთ რეალური გამოწვევები, რომლებიც არსებობს, როგორც სამინისტროს, ასევე, ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე. მოგეხსენებათ, ჩვენ საუბარი დავიწყეთ ერთი წლის წინ და მაშინ განვაცხადეთ, რომ ვხედავთ სისტემური რეფორმირების აუცილებლობას და ამ რეფორმირების ნაწილში ჩვენ გამოვყავით რამდენიმე ძირითადი მიმართულება: ეს გახლავთ სტრუქტურული რეფორმირება, შინაარსობრივი რეფორმა, საკანონმდებლო რეფორმა და რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა. ამიტომ, როგორც მოგახსენეთ და დაგპირდით, მე აბსოლუტურად მოკლედ ვეცდები, მოგახსენოთ 2018 წლის ის შედეგები, მიღწეული კონკრეტული შედეგები, რომლებიც უკვე გვაქვს და ის მიზნები, ასევე, კონკრეტული, რომლებიც 2019 წლისთვის გვაქვს დასახული.

საპატრულო პოლიციის ნაწილში, ჩვენ მოგეხსნებათ, რომ ვაგრძელებთ რეფორმირების შემდგომ ეტაპს და ეს რეფორმები შეეხება, პირველ რიგში, როგორც ეფექტურობის ამაღლებას, ასევე, ადმინისტრაციული პროცედურების ავტომატიზებას და მათ სრულყოფას. ამ რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ ერთიანი მომსახურების ცენტრი, რომელიც საპატრულო პოლიციაში შეიქმნა. მსგავსი რამ საერთოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში, არ არსებობდა და დღეის მდგომარეობით, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მოქალაქეები, დაახლოებით, 50-ზე მეტი მომსახურებას იძენენ აბსოლუტურად ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ ადგილას, მარტივად, იმის მაგივრად, რომ მოძრაობდნენ ქალაქის სხვადასხვა ბოლოში და ამაზე დროს ხარჯავდნენ. შემდეგი ეტაპი, მოგეხსნებათ, ჩვენი მნიშვნელოვანი მიმართულების გახლავთ საზღვრის დაცვა – სასაზღვრო პოლიცია. აქ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ინტეგრირებული საზღვრის მართვა არის უდიდესი გამოწვევა ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს სერიოზული დახმარება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ვიმედოვნებთ, რომ ეს დახმარება გაგრძელდება. მოგეხსენებათ, რომ გაჩნდა ახალი მიმართულება და ახალი სფერო – ეს გახლავთ სანაპირო დაცვის კომპონენტი. დღეის მდგომარეობით, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩვენ გადმოგვეცა აილენდის კლასის ორი გემი და ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევს საშუალებას, შევიდეს შავი ზღვის ფარგლებში უსაფრთხოების ახალ ფორმატებში და გახსნას ნატოსთან თანამშრომლობის ახალი მიმართულება, რაც აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქვეყნისთვის არ არსებობდა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გადამზადების​ იმ​ ფორმატებით, რომლებიც გააჩნია სასაზღვრო პოლიციას, უახლოეს პერიოდში, 2019 წლიდან, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შავ ზღვაზე ნატოს ფორმატში გამართულ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს.

ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ადამიანების უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული მიღწევები, ეს მიღწევები ძირითადად ეხება ყველა სახის დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის, სენსიტიური დანაშაულების გამოვლენას. ამ მიმართულებით, შემიძლია გითხრათ, რომ კრიტიკულად შემცირდა ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი და 2018 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა არც ერთი ფაქტი, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან რეაგირება არ ყოფილა. მსგავს დანაშაულებში დისკრიმინაციის მოტივის გამოვლენა ორჯერ გაიზარდა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ზრდის ხარისხს. ასევე, 19 დღის განმავლობაში ამუშავდება პრევენციის ეფექტური მექანიზმები და რისკის გაზომვის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე ამოქმედდება ელექტრონული სამაჯურები. რა თქმა უნდა, ცალკე არის გამოსაყოფი არასრულწლოვნების მიერ და არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაული. აქაც საკმაოდ სერიოზული წარმატებები გვაქვს და რეალურად ეს სტატისტიკაშიც აღინიშნება.

კიდევ ერთი მიმართულება – ეს გახლავთ დროებით მოთავსების იზოლატორები, სადაც, ფაქტობრივად, ინფრასტრუქტურულ ნაწილში გადახალისდა მათი ინფრასტრუქტურული კომპონენტი. დღეის მდგომარეობით, როგორც ჩვენ თავიდანვე დაგპირდით, არ არსებობს არც ერთი დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა სრულად არ ფუნქციონირებს. უფრო მეტიც, დღეის მდგომარეობით, 24 საათის მაგივრად ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მონაცემები ინახება 120 საათის განმავლობაში. ასევე, დროებით მოთავსების იზოლატორების ნაწილში ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები მუდმივი სამედიცინო მომსახურების კონტექსტში. 7-დან 14-მდე გაიზარდა იმ დაწესებულებების რიცხვი, სადაც უკვე არსებობს მუდმივი სამედიცინო მომსახურება, ხოლო წლის ბოლომდე, 2019-ის ბოლომდე, ყველა – 29-ვე დაწესებულებაში იქნება მუდმივი სამედიცინო მომსახურება, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სპეციალურად არასრულწლოვნებისთვის მოეწყო შესაბამისი სივრცე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ინფრასტრუქტურულ ნაწილში, 2019 წელს დაიწყება თბილისში ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობა, რომელიც განთავსდება ავჭალაში და გათვლილი იქნება, დაახლოებით, 200 ადამიანზე.

აკადემიის კონტექსტში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ბოლო გამოსვლისას დაგპირდით და დღეის მდგომარეობით, როგორც ფაქტი, შემიძლია გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია ეს არის უკვე პოლიციელების პროფესიული სასწავლებელი. მას ჩამოერთვა უმაღლესი სასწავლებლის ფუნქცია და ის თავიდან ბოლომდე არის კონცენტრირებული პოლიციელების გადამზადებაზე. ამ წლის განმავლობაში შეიქმნა 33 ახალი კურსი და რეალურად, 2018 წლის განმავლობაში პოლიციის აკადემიაში გადამზადება გაიარა 33 ათასმა პოლიციელმა. თავიდან ბოლომდე, პრინციპულად, შინაარსობრივად შეიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღების წესი და პოლიციის აკადემია არის ერთადერთი კარიბჭე, რომლის გავლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის დაწყება. ასევე, მინდა გითხრათ სიახლის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე დაიწყო ანაზღაურებადი სტაჟირება. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდა, რომელიც სწავლას იწყებს პოლიციის აკადემიაში, ის უკვე იღებს ანაზღაურებას. ეს საშუალებას აძლევს რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს, საუკეთესო ახალგაზრდებს, უფრო თამამად გახდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილი. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აკადემიამ დაიწყო სამუშაოების დეტალური აღწერილობის შექმნა. რატომ ვიმეორებ ამას? უნდა გვესმოდეს ერთი რამ და უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ გვყავდა ძალოვანი სტრუქტურა, სადაც არ არსებობდა კონკრეტული თანამდებობის პირების, პოლიციელების სამუშაოების აღწერილობა და არ არსებობდა გაწერილი სტანდარტული პროცედურები. ახლა, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ პატრულ-ოფიცერი ან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა თავისი სამუშაოს აღწერილობასა და იმ ელემენტარულ სტანდარტულ პროცედურებზე, გაწერილი სახით, რომელსაც ის ყოველდღიურად ატარებდა.

მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო, ასევე, საპოლიციო ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების ნაწილს. მოგეხსენებათ, რომ დღეს, თანამედროვე პირობებში, ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების განახლების გარეშე ეფექტური საპოლიციო სისტემა შეუძლებელია. მსურს, ამ მიმართულებით, ასევე, აღვნიშნო ის რამდენიმე შედეგი, რაც ჩვენ უკვე გვაქვს. დღეის მდგომარეობით, საქართველოში არ არსებობს არც ერთი პატრულ-ინსპექტორი, რომელიც აღჭურვილი არ არის სამხრე კამერით. ეს არის უკვე ფაქტი, სამხრე კამერა არის აბსოლუტურად თანამედროვე და ინფორმაცია ინახება, დაახლოებით, 1 თვის განმავლობაში. ინფორმაცია აბსოლუტურად ავტომატიზებულად გროვდება და მე ვფიქრობ, რომ პრევენციის ის ძალა, რომელიც ამ სამხრე კამერებმა გამოიღო, როგორც პოლიციელის დაცვის თვალსაზრისით, ასევე, ჩვენი მოქალაქის დაცვის თვალსაზრისით, უკვე სახეზეა. რამეთუ, უკვე კარგა ხანია, ჩვენ პოლიციელთა მხრიდან მსგავსი გადამეტების ფაქტების შესახებ არ მოგვისმენია. თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთი რეციდივები არსებობს. მინდა, ასევე, აღვნიშნო, რომ როგორც ჩვენ წინა გამოსვლისას დაგპირდით, წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება 1400 კამერა, 350 კილომეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთი გადაფარული იქნება სექციური კამერებით და ეს ის პირველი ნაბიჯია, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ. 2019 წლის ბოლოს, ქვეყნის მასშტაბით, საპოლიციო სისტემაში, იმოქმედებს, დაახლოებით, 5000 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა და სრულად გადაფარული იქნება 700 კილომეტრამდე გზა, რაც, რა თქმა უნდა, საგზაო უსაფრთხოების კომპონენტში ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ასევე, მინდა, უბრალოდ ჩამოგითვალოთ პოლიციის ახალი ინფრასტრუქტურული შენობები, რომელიც აშენდება. ეს იქნება რუსთავის, ბაკურიანის, წალენჯიხის, გომის, ბოლნისის, მესტიის და ჟინვალის. ასევე, როგორც მოგახსენეთ, შენდება ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი, განახლდება და თავიდან აშენდება 4 სასაზღვრო პუნქტი და რაც აქამდე სერიოზული პრობლემა იყო ჩვენთვის, ჩვენი სასაზღვრო პოლიციისთვის ( მათ როტაციის გაკეთებაც კი უჭირდათ), 2018 წლის ბოლომდე, დაახლოებით, 4 ვერტმფრენს ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი. ამისთვის დაიხარჯება კაპიტალურ ნაწილში, ინფრასტრუქტურულ ნაწილში, მათ შორის, პოლიციელების შეღავათიანი ბინათმშენებლობის კონტექსტშიც, დაახლოებით, 150 მილიონი ლარი.

ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიციელების და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფა. ჩვენ გარკვეულწილად მოვახერხეთ მათი სახელფასო ანაზღაურების გაზრდა 2018 წელს. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება, თუმცა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის სოციალური პორტფელი, რომელსაც ეს ადამიანები იმსახურებენ. მე ვფიქრობ, რომ აქ იქნება სოციალური უზრუნველყოფის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტები – ბინათმშენებლობიდან დაწყებული, სამედიცინო მომსახურებით დამთავრებული, განათლებით გაგრძელებული და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით, რესურსულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად იქნება მობილიზებული, რამეთუ ამ ადამიანებს გრძელვადიან პერსპექტივაში აბსოლუტურად სწორი და პროგნოზირებადი წარმოდგენა ჰქონდეთ თავიანთ მომავალზე, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სისტემაში იწყებენ მუშაობას.

ჩვენი 2018 წლის მუშაობის შედეგების ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტი – ეს გახლავთ საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც თქვენ მიერ იყო მხარდაჭერილი. შსს-ს მიერ ინიცირებული იყო 9 კანონპროექტი, მათ შორის ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით და კანონიერ ქურდების წინააღმდეგ შექმნილი კანონი, რომელიც ფაქტობრივად, თავიდან დაიწერა იმ ცვლილებებით, რომლებმაც, რეალურად, მოგვცა საშუალება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 200-ზე მეტი ადამიანი მიგვეცა პასუხისგებაში ქურდული მენტალიტეტის და კრიმინალური მენტალიტეტიდან გამომდინარე. გამკაცრდა ცრუ ჩვენების, ჩვენებაზე უარის თქმის, დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ნაწილი. ასევე, გამკაცრდა და ცვლილებები განხორციელდა ოჯახში ძალადობის კონტექსტში. მოგეხსენებათ, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავეთ მარიხუანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ცვლილებები განხორციელდა და ფაქტობრივად, პრინციპულად შეიცვალა მანდატურების მარეგულირებელი კანონმდებლობა, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობის ნაწილი. ახლა, რაც შეეხება 2019 წელს – იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში ჩვენ წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მოახდენს ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებას, ასევე, ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლებიც გამომძიებელსა და პროკურორს შორის პირდაპირი უფლება-მოვალეობის უფრო მკაფიო გამიჯვნას შეუწყობს ხელს. აგრეთვე, მოვახდენთ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას პოლიციის და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში და რაც მთავარია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ძირეული გარდაქმნის მიმართულებითაც წარმოგიდგენთ ჩვენ ინიციატივებს. უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება ცივი იარაღის მარეგულირებელი კანონმდებლობა. ეს ის ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებებია, რომლებზეც ჩვენ თქვენთან ერთად ვისაუბრებთ 2019 წლის განმავლობაში.

რაც შეეხება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაწილს. მოგეხსენებათ, რომ ზუსტად 1 წლის წინ ჩვენ აქ ვიდექით და ვმსჯელობდით, რამდენად მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა იყოს გამჭვირვალე. მე დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამ კონტექსტში ჩვენ საერთოდ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. სამინისტრო სრულად გახსნილია როგორც სხვადასხვა საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ასევე, სტატისტიკის თვალსაზრისით. ძალიან კარგად მახსოვს, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა პარლამენტარებისთვის მაშინ იმ დაპირებას, რომ სტატისტიკა იქნებოდა აბსოლუტურად ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი, რასაც ვახორციელებთ და იმედი მაქვს, რომ ამ ნაბიჯს ექნება სწორი შეფასება. თუმცა, შეფასების მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გამჭვირვალობას და ღიაობას გავაგრძელებთ, რამეთუ ვფიქრობთ და ვხედავთ, რომ სისტემის რეფორმირების მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი საშუალება არის ეს.

სულ მოკლედ გეტყვით, რომ სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროში თავი მოიყარა მიგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკის განსაზღვრის გარკვეულმა ნაწილმა, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად. ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევაა და ამ მიმართულებასთან დაკავშირებით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გვექნება საშუალება, კიდევ ერთხელ, ცალკე წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვა და ის გეგმები, რომლების განხორციელებასაც ვაპირებთ 2019 წლის განმავლობაში.

მე უბრალოდ არ დავტვირთე ეს გამოსვლა დამატებითი დეტალებით, რამეთუ მესმის, რომ დღეს, მიუხედავად ფორმატის შესახებ ბევრი დისკუსიებისა, უფრო მნიშვნელოვანია ის აქტუალური საკითხები, რომლებზეც შესაძლებელია, პარლამენტარებს სურდეთ საუბარი. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მართლა მზად ვართ მწვავე კითხვებისთვის და მწვავე დისკუსიებისთვის და არც ერთ შემთხვევაში არ მოგვიძებნია და არ ვეძებთ კომფორტულ პირობებს. თუმცა, ასევე, ვიტოვებთ ჩვენი მხრიდან მწვავე კითხვების დასმის უფლებას. ისიც კარგად გვესმის, რომ დღეს, ამ შემთხვევაში, პასუხის გაცემა არის ჩვენი ვალდებულება და თმენის ვალდებულებაც არის ჩვენი ვალდებულება.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და იმედი გამოვთქვა, რომ გვექნება საშუალება შინაარსობრივად ვიმსჯელოთ თუნდაც მწვავედ და, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ვიცეკვოთ პოლიტიკური ცეკვები კამერების წინ”.

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია:

მინდა გავაკეთო განცხადება, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის რანგში, ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, არჩევნების შედეგების დამტკიცებიდან ერთი კვირის ვადაში პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატურა და შესაბამისად, მან უნდა გაიაროს კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ვინაიდან, იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ცოტა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოგვიწია ვადებთან დაკავშირებით მუშაობა.

რადგან, ცესკო-მ საბოლოო შედეგები წინა პარასკევს გამოაცხადა, ხვალ ჩვენ ბოლო ვადა გვაქვს. ბუნებრივია, კანონით დადგენილი წესით, ხვალ ცესკო-ს თავმჯდომარეობის სამ კანდიდატურას წარვადგენთ, მას შემდეგ, რაც დღეს, დღის მეორე ნახევარში პრეზიდენტი შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთან გაივლის კონსულტაციებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ.

ელისო კილაძე: “გია ძაან მაგარი ბიჭია, ბოლო ბოლო 30 წელია მე მიძლებს!”

გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც თავის მეუღლეზე საუბრობს:

“ამდენი წელია ქოცები კომპრომატებს ეძებენ ჩემზე და ჩემს ოჯახზე – სულ ტყუილად!

დღეს, ეთერში, ჩემი მეუღლეც ახსენეს, ზესტაფონში იდგა გადაკეტვაზეო!
ჩემი მეუღლე პოლიციაში 1995 წლიდან მუშაობდა, სხვადასხვა თანამდებობაზე. 2003 წელს ზესტაფონის გადაკეტვაზე კი არა, ქუთაისის ჯგუფის უფროსი იყო პარლამენტთან!

2003 წელს ხელმძღვანელობდა განსაკუთრებით საშიშ კრიმინალთა ჯგუფის (ადამიანის გამტაცებლების) დაკავების სპეცოპერაციას. იმერეთის პროკურორისგან გავიგე, მერიის შენობის კიბეებზე რომ სიკვდილს გადაურჩა.
2004 წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა მედლით მხედრული მამაცობისთვის, ამავე წელს მიიღო რიგგარეშე ჩინი!

ნანა ლეჟავას ბანძი პროვოკაციის გამო, (საქმე ეხებოდა ვიდეოკასეტას, რომელიც მე მქონდა ), ვანო მერაბიშვილმა დაურეკა ირაკლი ჩიმაკაძეს და მოთხოვა ჩემს ქმარს, მიეტანა კასეტა, რაზეც მიიღო უარი – დაწერა განცხადება და პოლიციიდან წამოვიდა!
ჩემი თუ არ გჯერათ, ჩიმაკაძე მაქვე გყავთ სუსში და ჰკითხეთ!

არავისთვის არაფერი მითხოვია, არასდროს – რამდენიმე თვე იმუშავა მომსახურების სააგენტოში და იქიდან გოგაშვილის გამო წამოვიდა!
პირველად ვამბობ, რომ ასევე გოგაშვილის ახირებით, პოლიციიდან წავიდა ჩემი მაზლიშვილი, რომელიც ერთ ერთი რაიონის პოლიციის უფროსი იყო!

P.S. ახლა დათვალეთ, რამდენი პოლიციელი მიიტანდა ცოლის კასეტას მინისტრის მოთხოვნით?
და ბოლოს, გია ძაან მაგარი ბიჭია, ბოლო ბოლო 30 წელია მე მიძლებს!

საია: “უნდა შეიქმნას შესაბამისი ფორმატები ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე ცვლილებებზე ეფექტიანი მუშაობისთვის”

გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საპროკურორო საბჭოს მოწყობასა და ფუნქციებთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის დასკვნამ კიდევ ერთელ დაადასტურა მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების საჭიროება, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რაზეც მრავალი წელია საია და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს აქტიურად მიუთითებდნენ. ამასთან, ვენეციის კომისიის დასკვნა შეიცავს არაერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას რეფორმების გატარების კონკრეტულ გზებთან დაკავშირებით, რაც ყურადსაღებია სასამართლოსა და პროკურატურაში რეალური ცვლილებების მიღწევისთვის.

განსაკუთრებით საყურადღებოა ვენეციის კომისიის დასკვნის ის ნაწილები, რომლებიც მიუთითებენ პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზირების საჭიროებასა და გზებზე, კერძოდ:

– საჭიროა საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა გახდეს პლურალისტური, მათ შორის, საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა უფრო მძლავრი მონაწილეობით.

– საჭიროა გაიზარდოს საპროკურორო საბჭოს ფუნქციები მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის: საპროკურორო საბჭოს უნდა ჰქონდეს კომპეტენციები ინდივიდუალური პროკურორების კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებზე; გენერალური პროკურორის ანგარიშზე რეაგირების ფუნქცია; ინდივიდუალური პროკურორების გენერალურ პროკურორზე სამსახურებრივი დაქვემდებარების მდგომარეობის დაბალანსების მიზნით საპროკურორო საბჭოს უნდა მიენიჭოს რიგი ფუნქციები.

– მოქმედი კანონმდებლობით, საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთ ფუნქციად განსაზღვრული აქვს პროკურატურის სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, თუმცა კანონი არ ადგენს მექანიზმს, რომლითაც საბჭო ამ ფუნქციის შესრულებას მოახერხებს.

პროკურატურის მკაცრად ცენტრალიზებული სისტემა და ყველა დონის ინდივიდუალური პროკურორის პირდაპირი დაქვემდებარება გენერალურ პროკურორთან, რომელიც ამჟამად მოქმედებს საქართველოში, მთავარ ხაზად გასდევს ვენეციის კომისიის დასკვნას და რამდენიმე თვალსაზრისით არის დაწუნებული კომისიის მიერ. მათ შორის არის ასეთი სისტემის შეუსაბამობა პროკურატურის როგორც გარე, ისე შიდა დამოუკიდებლობასთან. ასევე, აღნიშნულია, რომ პროკურატურის სისტემის არსებული სტრუქტურა ხელშემშლელია ამ სისტემის საქმიანობის მიმართ საზოგადოების ნდობის მოპოვების საქმეში.

აღნიშნულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თავის საჯარო განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მის მიერ პროკურატურის სისტემაში გამოცხადებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. მაშინ საიამ მოუწოდა შალვა თადუმაძეს პროკურატურის სისტემის სტრუქტურულ ერთეულებში ცვლილებებზე მუშაობა წარემართა უფრო დიდი რეფორმის ფარგლებში, რაც მოემსახურებოდა პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზირების მიზანს, საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფით. პროკურატურის სისტემაში აღნიშნული რეორგანიზაციის შედეგების თაობაზე რაიმე ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში ვენეციის კომისიის მოსაზრებები და რეკომენდაციები ასევე ეხება ისეთ საკითხებს, რაზეც საია მრავალი წელია ამახვილებს ყურადღებას თავის განცხადებებსა თუ ანგარიშებში. მათ შორის არის, საჭიროება, რომ საბჭოს ყველა გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული; რომ კანონით დადგინდეს ზოგადი მოთხოვნა საბჭოს სხდომების ღიად გამართვის შესახებ, და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა შეიცავს მითითებებს კომისიის წინა დასკვნებზეც, რაც გასულ წლებში გამოქვეყნდა როგორც პროკურატურის, ისე სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით. ამ კუთხით კომისია ხაზს უსვამს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც რეფორმაზე პასუხისმგებელი უწყებების მიერ არ იქნა გათვალისწინებული და კვლავ მოუწესრიგებელია.

მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების განხორციელებაზე, უზრუნველყონ, რომ სასამართლოს და პროკურატურის სისტემების რეფორმის პროცესი გახდეს უფრო ყოვლისმომცველი, რეალურ გამოწვევებსა და პრობლემებზე ორიენტირებული და დროული.

საია კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე მუშაობის პროცესში და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას შექმნან შესაბამისი ფორმატები ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე ცვლილებებზე ეფექტიანი მუშაობისთვის, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით.

წყარო: საია

ნინო ლომჯარია გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” ლიდერებს შეხვდა

2018 წლის 17 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” ლიდერებს გრიგოლ ვაშაძეს და თინათინ ბოკუჩავას შეხვდა. ოპოზიციის ლიდერების ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო 16 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად გამართულ საპროტესტო აქციას და ოპოზიციის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ მანიფესტაციებს.
სახალხო დამცველმა ოპოზიციას მოუწოდა საპროტესტო აქციების დროს მაქსიმალურად იყოს დაცული შეკრებისა და მანიფესტაციების მშვიდობიანი ფორმები.

ნინო ლომჯარია ასევე მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაატაროს ყველა შესაძლო ზომა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების რეალიზაციისთვის.

როდესაც ქვეყანაში მაღალია პოლიტიკური ტემპერატურა და შექმნილია დაძაბული ფონი, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა აიღონ პასუხისმგებლობა აქციების მშვიდობიან განვითარებაზე, ჩემს პოზიციას იზიარებს გრიგოლ ვაშაძეც და როგორც თავად აცხადებს ემხრობა მხოლოდ სამართლებრივ გზას.

რაც შეეხება გუშინ ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ აუცილებელია ოპოზიციასა და სამართალდამცველებს შორის მოხდეს დროული კომუნიკაცია და ინფორმირება, რათა ავირიდოთ დაპირისპირების ესკალაცია და მსგავსი ინციდენტები, რაც ჩვენ გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ თავიდან იქნას აცილებული“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

სახალხო დამცველმა, ასევე, მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქციის მონაწილეებისა და პოლიციელების ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე წარმართოს ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება.

სახალხო დამცველის აპარატი დეტალურად შეისწავლის 16 დეკემბერს ოპოზიციის აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას. ასევე სახალხო დამცველის აპარატი მანდატის ფარგლებში მონიტორინგს გაუწევს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებს.

გიორგი მარგველაშვილმა მე-5 პრეზიდენტს უფლებამოსილება გადააბარა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილება თელავში გამართულ ინაუგურაციაზე გადააბარა.

ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალები. ერეკლე მეფის სასახლის ეზოში აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა და შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

ცერემონიას ესწრებოდნენ: პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი მარგველაშვილის მრჩევლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

სახალხო დამცველი 16 დეკემბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვას და პასუხობს:

მე ვფიქრობ, ოპოზიციისთვის წინასწარ რომ ყოფილიყო გაფრთხილება გაკეთებული, რომ ამ გზით ვერ შევიდოდნენ თელავში და ალტერნატიული გადაადგილების გეგმა თუნდაც წინა დღით შეეთავაზებინათ, ოპოზიცია უფრო დროულად ორგანიზდებოდა და პოლიციას არ მოუწევდა საპროტესტოდ დამუხტული მასის აგრესიის ატანა. ამით უფრო იქნებოდა დაცული გამოხატვის თავისუფლება და პოლიციის უსაფრთხოება. მე პატივს ვცემ ქართულ პოლიციას, მაგრამ ჩემი მანდატი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა. პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა.

 

მანამდე კი სახალხო დამცველმა შსს-სა და მომიტინგეების მისამართით შემდეგი განცხადება გააკეთა:

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით. აღნიშნული წარმოადგენს მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით. 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს.