ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
25.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1926

ნოდარ ხარშილაძე: “ღრმავდება სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის პროცესი”

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე ძალზე მწვავე შეფასებას აძლევს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აფიქსირებს საკმაოდ კრიტიკულ პოზიციას ხელისუფლების საქმიანობასთან მიმართებაში:

“არაკომპეტენტურობა და კორუფცია, ან ორივე ერთად. ეს არის ჩვენი ხელისუფლების უმეტესობის მთავარი პრობლემა. შედეგად ღრმავდება სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის პროცესი, რაც არამარტო ტერმინია არამედ ყოველდღიურ და მარტივ სიმპტომებში ითარგმნება.

პატრული მუშაობს უარესად, კრიმინალი იმატებს, იუსტიციის სახლში რიგები გაჩნდა, საყოფაცხოვრებო ტრაგედიები მომრავლდა, ეს ყველაფერი სიმპტომებია ვირუსის, რომელიც სახელმწიფოს ჭირს, არაკომპეტენტურობა და კორუფცია, ან ორივე ერთად. როგორც შიდსის ვირუსი, რომელიც სახელმწიფოს იმუნურ სისტემას ანადგურებას, შედეგად ყველა პოტენციური პრობლემა რეალურად ხდება, ყველა გართულება რთულდება, ცხოვრება უბრალოდ უარესი ხდება, არაკომპეტენტურობა და კორუფცია, ან ორივე ერთად.

და თავისით ამას არაფერი ეშველება. უსასრულო ჭაობია, როგორც წყვიადი განთიადის გარეშე, ან როგორც გვირაბი, რომლის ბოლოს შუქი არ ჩანს, იმიტომ რომ ვიღაც არაკომპეტენტურს ნათურის დაყენება დაავიწყდა, ან კიდე ვიღაც კორუმპირებულმა მოიპარა, ან ორივე ერთად.”

რომან გოცირიძე: “მილიონამდე ქართველ ამომრჩეველს, ფაქტობრივად ჩამორთმეული აქვს ხმის უფლება”

საქართველოს პარლამენტის წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, რომან გოცირიძე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებებზე და შეფასებას აძლევს ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიმდინარე პროცესებს.

“მილიონამდე ქართველ ამომრჩეველს, რომელიც წასულია უცხოეთში, ფაქტობრივად ჩამორთმეული აქვს ხმის უფლება. მხოლოდ ხუთი ათასმა ჩვენმა თანამემამულემ მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში.

სწორედ მათი პოლიტიკური უფლებების აღდგენის ეშინია ოცნების ხელისუფლებას, ამიტომაც მოაწყვეს პოროვოკაციები ლიეჟში.

გუშინდელი ყრილობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არჩევნებში ელექტრონული კენჭისყრის დანერგვა იყო.

როცა ერთი მილიონი ამომრჩეველი უუფლებოა, ეს არ არის სამართლიანი არჩევნები” – აღნიშნავს რომან გოცირიძე.

გია ხუხაშვილი – “იმისათვის რომ ერთიანობა შეინარჩუნო, ცდილობ პარტია აქციო რელიგიურ სექტად”

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება და თავისი გადასახედიდან კონკრეტულ შეფასებებს ახდენს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:

“როდესაც პოლიტიკური არგუმენტები აღარ გაქვს, იმისათვის რომ ერთიანობა შეინარჩუნო, იწყებ გუნდის გადაყვანას მრევლის მდგომარეობაში. ანუ ცდილობ პარტია აქციო რელიგიურ სექტად, ბრმა რწმენაზე ააგო მმართველობითი ვერტიკალი. ეს რომ მოახერხო, გარდა იმისა რომ სიკეთეებს ისინი შენი ხელიდან უნდა იღებდნენ პრინციპით – ითხოვე და მოგეცემა, საჭიროა სასწაულები რწმენის გასაძლიერებლად.

ანუ, მაგალითად, სავლე უნდა აქციო პავლედ (კოლექტიური მურუსიძე), წყალი აქციო ღვინოდ (ტურისტების ხარისხის ზრდა), მკვდარი გააცოცხლო (მიშა) და ასე შემდეგ. ვინც ეჭვს შეიტანს, ანათემას გადასცე, განკვეთო ან კოცონზე დაწვა. ამ პროცესში ვართ…”

მამუკა ბახტაძე: “საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს”

საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი, რომ ერთად დგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაზე რთულ დაავადებებთან გამკლავება შესაძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვირუსულ ჰეპატიტებთან დაკავშირებულ რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაზე – ‘’მიღწევები ელიმინაციის გზაზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ მსგავსი სახის ღონისძიება ევროპაში პირველად ტარდება და მასპინძელ ქვეყნად 53 სახელმწიფოდან სწორედ საქართველო შეირჩა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს საქართველოს მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების, განსაკუთრებით კი, C ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის უდავო აღიარებაა.

„2012 წელს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აბსოლუტურ პრიორიტეტად გამოაცხადა ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა გვქონდა ჯანდაცვაში და ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ. თავიდან ბოლომდე შევცვალეთ ის საბიუჯეტო აქცენტები, რომელიც დაგვხვდა და დღეს გვაქვს ძალიან სწორად გაანალიზებული ჯანდაცვის პრიორიტეტები. ამაზე მეტყველებს ის სტატისტიკა და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომელსაც მივაღწიეთ. ჩვენ შევიმუშავეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რითაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხელმისაწვდომობა აქვს საბაზისო სამედიცინო მომსახურებაზე და ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, C ჰეპატიტი მსოფლიო საზოგადოებისთვის კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ითხოვს როგორც მთავრობების, ისე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ამ დაავადებასთან ბრძოლაში.

პრემიერმა 2015 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები გაიხსენა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში მოსახლეობის თითქმის 8% ჰეპატიტის მატარებელი იყო.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეს იყო ქვეყნის წინაშე მდგარი ძალიან რთული გამოწვევა, რომელთან ბრძოლაც და C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის წამოწყება შესაძლებელი გახდა მეგობრების – სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის, კომპანია „გილეადის” და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით.

„დღეს ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით C ჰეპატიტით დაავადებული ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე სრულიად განკურნებულია, როდესაც, სულ ცოტა ხნის წინ, ეს დიაგნოზი საქართველოში ფაქტობრივად განაჩენს ნიშნავდა, ხოლო ამ უმძიმეს დაავადებასთან ფინანსურად დამოუკიდებლად გამკლავება წარმოუდგენელი იყი. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98 პროცენტია. ჩვენ არც სამომავლოდ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ ეს დაავადება და დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა პროგრამის განხორციელებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, პარტნიორებსა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, ასევე ხაზი გაუსვა ჯანდაცვის საზოგადოების მიერ გაწეულ საქმიანობას და განაცხადა, რომ მიღწეული შედეგები ყველასთვის საამაყოა.

ორდღიან რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაში, რომელიც თბილისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით იმართება, სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების, აგრეთვე ევროკომისიისა და გაეროს სააგენტოების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური და სათავო ოფისების და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ. შეხვედრის მიზანია ვირუსული ჰეპატიტების გავრცელების დაძლევის პროცესში ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესისა და გამოწვევების გადახედვა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

ანა დოლიძე: “ოჯახებში გვაქვს უბედურების კერები, ბედის ამარა მიგდებული ბავშვები, არარსებული სოციალური სამსახური”

ქვეყანაში შექმნილ სოციალურ ფონს, დაუცველ ბავშვებს და რუსთავში მომხდარ სასტიკ მკვლელობას, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ეხმიანება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე:

რუსთავში ბავშვის მკვლელობის ამბავი აჩვენებს რა მძიმე სოციალური ფონი გვაქვს ქვეყანაში.

ოჯახებში გვაქვს უბედურების კერები, ლუკმა პურის საშოვნელად წასული ადამიანები, ბედის ამარა მიგდებული ბავშვები, არ არსებული სოციალური სამსახური და 0 სახელმწიფო პასუხისმგებლობა მმართველი პარტიით, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირა იხილავს ნემსის წვერზე რამდენი ანგელოზი ეტევა (საკუთარ სკამებზე კამათობს) რამე პრობლემაზე ფიქრის მაგივრად.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში 13 წლის მოზარდს, საკუთარმა ბიძამ ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ბავშვი გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები და გარდაცვლილის ბავშვის ახლობლები აღნიშნავენ, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და იგი ამის გამო, აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტამდე, მიყვანილიც კი ჰყავდათ ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც არ დაიტოვეს სამკურნალოდ.

თუმცა, ფაქტს განსხვავებულად განმარტავს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი. მათ მიერ გავრცელებული განცხადების შესაბამისად – ექიმმა-ნარკოლოგმა  შეაფასა მდგომარეობა, პაციენტი (ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ბიძა, – რედ.) იმყოფებოდა გაურკვეველი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ახლობლების თქმით, ის პერიოდულად მოიხმარდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ავლენდა არაადეკვატურ ქცევებს.
ცენტრის თანამშრომლებს პაციენტისთვის შეუთავაზებიათ სტაციონარული მკურნალობა, დიაგნოზის დაზუსტების და მკურნალობის მიზნით, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს და შესაბამისად არ მოხდა მისი დაწესებულებაში დატოვება გამოკვლევის მიზნით.

გიგა გიგაშვილი: “დედაქალაქში გამხმარი ფიჭვების მოჭრა და მათი ჩანაცვლება არის უპრეცედენტო პროექტი”

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილი „ახალი საქართველოს“ წევრების მიერ 9 თებერვალს გამართულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, განცხადებები, რომლებიც სანიტარიული ჭრებთან დაკავშირებით გაკეთდა, არის პოპულისტური და უსაფუძვლო.

„ეს არის პოპულისტური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ბრალდებები, რომლითაც ჩრდილი ადგება დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებულ და ჩასატარებელ ღონისძიებებს. პირველად, დედაქალაქის ისტორიაში გარემოს დაცვას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. დაწყებულია პროექტები, მათ შორის, მუნიციპალური ტრანსპორტის სრული ჩანაცვლება, ჰაერის დაბინძურების პრევენციის ღონისძიებები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უკვე პარლამენტშია ინიცირებული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს ახალი საქალაქო პარკების მოწყობას და არსებული პარკების რეაბილიტაციას. სწორედ ეს არის პასუხი ბრალდებებზე და განცხადებებზე, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ.

დედაქალაქში გამხმარი ფიჭვების მოჭრა და მათი ჩანაცვლება ასევე არის უპრეცედენტო პროექტი. პირველად, ბოლო 30 წლის განმავლობაში, აღნიშნული პრობლემა საფუძვლიანად შევისწავლეთ. ამასთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია არაერთხელ მივაწოდეთ. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ჩვენ უკვე სამი თვეა, რაც დავიწყეთ სანიტარიული ჭრები. ამ პროცესს კი წინ უძღოდა სპეციალური კვლევები. გვქონდა ძალიან ხანგრძლივი და ბევრი კონსულტაცია, როგორც ადგილობრივ ექპერტებთან, ასევე, საერთაშორისო ექსპერტებთან. თბილისის მერიის ინიციატივით, დედაქალაქს უცხოელი ექპერტები პირველად ეწვივნენ, რომლებმაც ფიჭვების საკითხი შეისწავლეს. ისინი დღესაც ჩვენთან ერთად მუშაობენ. ლაბორატორიული კვლევები ჩავატარეთ, მათ შორის, ევროკავშირში აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, რომლებმაც მოგვცა ნათელი სურათი, თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე, დავიწყეთ მასშტაბური ღონისძიებები“, – განმარტა გიგა გიგაშვილმა.

მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს დედაქალაქში სანიტარიული ჭრები სრულად განხორციელდება და წლის ბოლოს ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებების ჩატარებაა დაგეგმილი, რაც მოჭრილი ხეების ახალი მცენარეებით ჩანაცვლებას გულისხმობს.

„რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერიას საკმარისი რესურსი გააჩნია. ჩვენ ყველა ღონეს ვიყენებთ იმისთვის, რომ 2019 წელს სრულად დავასრულოთ სანიტარიული ჭრები და გამხმარი მცენარეები ბუნებრივი გარემოდან მთლიანად ამოღებული იქნას. ამასთან, 2019 წლის ბოლოს დაგეგმილია აღდგენის ღონისძიებები, რომლებზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან ასევე ძალიან დიდი რესურსია გამოყოფილი. ჩვენ უკვე შეკვეთილი გვაქვს ის მცენარეები, რომლითაც გამხმარ ხეებს ჩავანაცვლებთ. შესაბამისად, ყველა ეს პროექტი ნათლად ასახავს იმ მიდგომას, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტს გარემოს დაცვასთან და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გააჩნია. სწორედ ეს არის ჩვენი პასუხი იმ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ“, – განაცხადა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა.

პროცესები ილიაუნში და ნიკა გვარამიას მწვავე შეფასებები

რაც მას შემდეგ, რაც ნახა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას, უნივერსიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციით დაინტერესებულ ადამიანებთან, შეხვედრის ჩანაწერი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია ახდენს საკუთარი მრავალპუნქტიანი პოზიცია-შეფასებების დაფიქსირებას უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებსა და ცალკეულ პიროვნებებთან მიმართებაში:

“არ დამეზარა და გზაში ვუყურე.

1. არავითარი ბუნებრივი ბმა ხელოვნურად დაკავშირებულ ფაკულტეტებს შორის, განსაკუთრებით და სუპერგანსაკუთრებით განათლებასა და ბიზნესს შორის, არ არსებობს. ეს ობიექტურად. სუბიექტურად, ეს გადაწყვეტილება რატომ იქნა მიღებული, ვერც და არც არავინ ახსნა (ყოველ შემთხვევაში, ამ ვიდეოს ფარგლებში).

2. აკადემიური საბჭო ვერ გაექცევა იმას, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სრულიად და ცალსახად არის ანგარიშსწორება ბიზნესსკოლის დეკანთან. და ამ დროს, არავის არ ადარდებს სკოლის სტუდენტობა, რომელიც, ცხადია, ზარალდება.

3. სირცხვილია ქალბატონი დობორჯგინიძის გამონათქვამი, რომ სტუდენტებმა და ქადაგიძემ ალღო ვერ აუღეს ილიაუნისთვის დამახასიათებელ სწრაფ ტემპს ყველაფერში. ამ ქალბატონს (პრორექტორს), ჩანს, გონია, რომ სკოლების და ფაკულტეტების გადათამაშ-გადმოთამაშება სწრაფად და დაუსაბუთებლად, არავის ჩართულობის და არც ერთი კრიტიკული მოსაზრების გარეშე, კარგი და პოზიტიური კონოტაციით სასაუბროა და დადებითად ახასიათებს უნივერსიტეტს. მე არ ვიცი რას ასწავლის და როგორი პროფესორია ქალბატონი დობორჯგინიძე (იმედი მაქვს, შესანიშნავი), მაგრამ მას სუსტი წარმოდგენა აქვს საუნივერსიტეტო განათლების და ზოგადად სისტემების მართვაზე.

4. სწორია დაპარალელება მინისტრ ბატიაშვილის (რომელიც ბედის ირონიით ამავე სკოლის დეკანი ყოფილა არც თუ ისე დიდი ხნის წინ) შინაარსობრივად და ფორმალურად არასწორ ბოლო გადაწყვეტილებებსა და ილიაუნის აკადემიური საბჭოს ანალოგიურ გადაწყვეტილებას შორის. სწორია გაჩენილი შეკითხვა, ამგვარი და ამგვარად გადაწყვეტილების მიმღები აკადემიური საბჭოს წევრები ამ ადგილს რამდენად უნდა იკავებდნენ.

5. David Darchiashvili ბოდიში, მაგრამ აუცილებლად უნდა გითხრა: ჯობდა საერთოდ არაფერი გეთქვა. უკიდურესად ცუდი იყო.

6. “დისკუსიისთვის მადლობა უნივერსიტეტს” არაგულწრფელია: რომ არა ამ საქმის აქტიური გაშუქება (რაზეც ილიაუნის პროფესურას სრულიად სამარცხვინო და კიდევ უფრო სამარცხვინოდ კოლექტიური ისტერიკა დაემართა), არავითარი დისკუსია ამ საკითხზე არც იყო და არც შედგებოდა, ჩემი რწმენით.

7. და ბოლოს, დიახ, ეს იყო სტუდენტების შეხვედრა ინტელიგენიციასთან და არა უნივერსიტეტის პროფესურასთან. სრულიად ასეა და სტუდენტების ცინიზმი აბსოლუტურად ჯანსაღია. სამწუხაროდ, იმ ხალხმა, ვინც ბოლო დღეები ის წერა, რაც წერა, ის ილაპარაკა, რაც ილაპარაკა, და ბოლოსდაბოლოს, ის აკეთა, რაც აკეთა – წარმატებით გაიარა ტრანსფორმაცია ლიბერალური უნივერისტეტის პროფესურიდან, დახურულ-კლანური კორპორაციის ელიტამდე. ამიტომაც გამოიყენეს ჭკვიანმა და თავისუფალმა სტუდენტებმა ეს სიტყვა. სამწუხაროდ, უბრალოდ დროის საკითხი მგონია, როდის ესიამოვნებათ იქ მსხდომებს საკუთარი თავის ამგვარად მოხსენიება და როდის მოირგებენ ამ მხოლოდ და მარადის საბჭოთა სტატუსს – ინტელიგენტი. აი, ამ დღეებში გავლილი მანძილის – პროფესურიდან ელიტამდე – უკან გავლა კი, სამწუხაროდ, ალბათ უკვე შეუძლებელია. იქნებ და საბედნიეროდ, შესაძლოა ვცდებოდე.

8. ხვალ ტვ იმედი გვანახვებს საკუთარი ედიტორიალის მხარდაჭერას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისადმი. ვრემიას სტილში დაგმობენ ქადაგიძეს და მის მიერ მართულ სტუდენტებს. არ ვწინასწარმეტყველებ – უკვე ვნახეთ ამის ჩანასახები პროგრამის ანონსში, სადაც ბატონი დარჩიაშვილი გმობს დეკანის ხელში მეგაფონს, ისტერიულ-ზედაპირული მარქსისტი პროფესორი (?!) გაჰკივის, რომ უნივერსიტეტი ბანკი და ქარვასლა არაა და ქორვაჭარი ქადაგიძეა ყველაფერში დამნაშავე, ყველა დროის ექსპერტ-პროსტიტუტი რამაზ საყვარელიძე ნაცმოძრაობის და რ2ის კონსპირაციას ხედავს ყველაფრის მიღმა. ნამდვილად მისალოცად აქვს საქმე ილიაუნის, მის ხელმძღვანელობას და ხელმძღვანელობის მხარდამჭერ პროფესურას – ისინი აღიარა ქვეყნის უმსხვილესმა პროსამთავრობო და უმსხვილესმა პრორუსულმა მედიამ, ანუ ერთდროულად ბადრი პატარკაციშვილის ლიბერალური სული დაჰნათით და ბიძინა ივანიშვილის დემოკრატიული ხორცი მხარს უჭერთ. მისალოცი ამბავია: ვოლგა უკეთესია ტესლაზე, ილიაუნის ადმინისტრაცია – ქადაგიძეზე, – ასეთია ნაძეჟდას ბოლო ორი ვერდიქტი.

ps განმარტებისთვის: არავითარი პირადი ინტერესი არ მაქვს. ლამის სამოქალაქო მკვლელობის ფორმით რომ არ გაეშვათ თანამდებობიდან ქვეყნის ერთერთი ყველაზე წარმატებული მენეჯერი და საინტერესო მოაზროვნე, ვაღიარებ, შეიძლება გამომრჩენოდა კიდეც ეს ამბავი მხედველობიდან. მაგრამ გარემოებები სხვანაირად აეწყო, და ააწყო ილიაუნის აკადემიურმა საბჭომ, მის შემდგომ – ბრმად რექტორის მხარდამჭერამ და ყველა კრიტიკაზე ისტერიულად მორეაგირე პროფესურამ. მათ და მხოლოდ მათ. და არავინ სხვამ. ბატონი ქადაგიძის მიმართ სიმპატიებიც მაქვს და მეგობრობაც მაკავშირებს, რაც ყველამ ისედაც იცის და არასდროს დამიმალავს, მაგრამ ილიაუნიც ბევრს ნიშნავს ჩემთვის და გიგა ზედანიაც, პერსონალურად. თუმცა ფაქტია, მსხვერპლი ქადაგიძეა და უსამართლო მსხვერპლი. დაზარალებული ბიზნესსკოლის ათასობით სტუდენტია და უსამართლოდ დაზარალებული. და, კიდევ ერთი: ეს მართლა ეფლის ტელეფონების ამბავი კი არაა, ბატონო Ghia Nodia, არამედ ცალკე სტუდენტების და ცალკე ჩვენი – გადასახადების გადამხდელის ფულის სწორად და ეფექტიანად ხარჯვის. არ დაგვავიწყდეს, სახელმწიფო უნივერსიტეტები სახელმწიფოს, ანუ ჩვენს მიერ ფინანსდება და შეკითხვები არა მარტო საბოლოო პროდუქტთან, არამედ პროცესთან დაკავშირებითაც ლეგიტიმურია.

შეხვედრა-დისკუსიის პირდაპირი რეპორტაჟი (ჩანაწერი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან

ნიკა მელია – ისტორიული კანონზომიერება გვკარნახობს, რომ უსამართლობა ყოველთვის მარცხდება

საქართველოს პარლამენტის წევრი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია ეხმიანება ზუგდიდის სკოლის დირექტორის, ია კერძაიას გარდაცვალების ფაქტს, აღნიშნავს, რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე აფიქსირებს თავის პოზიციას:

კანონზომიერება ისტორიული შემდეგ რამეს გვასწავლის და გვკარნახობს, რომ ადრე თუ გვიან, ია კერზაიას ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, მაჩალიკაშვილის ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, სარალიძის ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, ისევე როგორც გირგვლიანმა გაიმარჯვა, არ ვიკამათოთ ამაზე“.

დეპუტატი პრაქტიკულად დარწმუნებულია, რომ განათლების მინისტრმა ზარი მიიღო გახარიასგან, რათა განეხორციელებინა სადამსჯელო ღონისძიება ღვაწლმოსილი პედაგოგის წინააღმდეგ.

დიმიტრი გვრიტიშვილი: “მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების მორატორიუმის ინიციატივა ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციული”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, დიმიტრი გვრიტიშვილი მკაცრად აკრიტიკებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების მორატორიუმის ინიციატივას და ფეისბუკის პირად გვერდზე აფიქსირებს საკუთარ პოზიციას.

“გარდა იმისა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების მორატორიუმის ინიციატივა ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციულია, პარადოქსულიცაა შემდეგი თვალსაზრისით:

ინიციატორები თავს იწონებენ პროგრესულობით, ,,სამართლიანობის აღდგენის“ განზრახვით, ჩვენ ხომ ,,სააკაშვილის დროინდელ გადმონაშთებს“, ,,ანასხლეტებს“ გვიწოდებენ, რომლებიც წარსულს უნდა ჩაბარდნენ!

არადა, ამ ინიციატივით სწორედ წარსულს აბრუნებენ, იმ ,,სააკაშვილის“ წარსულს, როცა უფლებამოსილების ვადა დამოკლეს მახვილივით ეკიდა მოსამართლის თავზე!

მართლაც პროგრესული ყველა სუბიექტი ერთხმად აღიარებს, რომ მოსამართლის უვადოდ დანიშვნა მისი დამოუკიდებლობის ძირითადი წინაპირობაა! სწორედ ამიტომ მოიწონა ვენეციის კომისიამ საქართველოში 2017 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის ძირითადი, ისტორიული მიღწევა ყველა დონის (მათ შორის – უზენაეს) სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შემოღებაა!

ამიტომ, თვალთმაქცობს ის, ვინც ამტკიცებს, რომ წარსულის შემობრუნებით და განსაზღვრული ვადით მოსამართლეთა დანიშვნების აღდგენით მიიღწევა პროგრესი. აბსურდია!

მიჩნდება განცდა, რომ მათ არ სურთ საქართველოში დამოუკიდებელი მოსამართლეების არსებობა! ურჩევნიათ ვადით მოწყვლადი მოსამართლეები, რომლებიც ანგარიშს გაუწევენ მავანთ, უფლებამოსილების ვადის გაგრძელებისათვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება, რომელმაც მანამდე არნახული, უპრეცენდენტო გარანტიები შექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის, არ დაუშვებს იმ წარსულის დაბრუნებას, რომელსაც თავად ამ ინიციატივის ავტორებიც კი მიიჩნევენ უარყოფითად და ,,გადმონაშთად“!”

 

თამთა შამათავა ჰაერის დაბინძურების პრობლემასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერს მიმართავს

“ახალი საქართველოს” სათათბიროს წევრი, “დმანისის გადარჩენის ფონდის” ხელმძღვანელი თამთა შამათავა დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემას ეხმაურება, მისი ორგანიზებით აქცია-პერფომანსი გაიმართა მერიასთან და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით წერილობით მიმართა თბილისის მერს კახა კალაძეს:

“ბატონო კახა, როგორც მოგეხსენებათ, ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სახელდება დედაქალაქში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, თბილისი მესამე ადგილზეა ევროპის ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებს შორის. თბილისის მაცხოვრებლებს რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ, ეს ყველა გამოკითხვაში დასტურდება და მათ შორის NDI-ის ბოლო კვლევაშიც გამოჩნდა.

იმ ფონზე, როცა ყველა თანხმდება, რომ ვცხოვრობთ ქალაქში, რომლის ჰაერიც კლავს, საჭიროა გადაიდგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები. დაბინძურების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება გამონაბოლქვი და საგანგაშოდ მცირე რეკრეაციული სივრცე.

მინდა გაცნობოთ, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით ხეები, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩნენ და მშენებლობებს გადაურჩნენ, დაავადებულია და უმეტესი მათგანი უკვე მოსაჭრელია. ადვილი წარმოსადგენია, მოჭრილი ათიათასობით ხე რა უარყოფით ეფექტს მოგვცემს ქალაქში, სადაც ისედაც საგანგაშო მდგომარეობაა, ამ მხრივ.

ფაქტია, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხები როგორც გამწვანებისთვის, ასევე ფიტო-სანიტარული ღონისძიებებისთვის, რომელიც, როგორც ჩანს, არ ტარდება. მოუვლელობის და აღნიშნული ღონისძიებების არგატარების გამო, დაავადება მოედო მასიურად ჯანსაღ ხეებსაც და სახეზეა სავალალო შედეგი.  გთხოვთ, განგვიმარტოთ რაში იხარჯება ეს თანხები. გვაქვს ეჭვი, რომ სახეზეა სამსახურეობრივი გულგრილობა ან არაეფექტური მენეჯმენტი.

გვესმის, რომ ჰაერის დაბინძურება კომპლექსური პრობლემაა და შესაბამისად კომპლექურ მიდგომასაც საჭიროებს, კონკრეტული სამოქმედო გეგმით და სტრატეგიით. თუმცა, მსგავსი დოკუმენტის არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რა ბედი ელის ქალაქს, სადაც ჰაერის დაბინძურება ნორმას 300%-ით აჭარბებს? სად ვიქნებით 2020 ან 2025-ში?

აღნიშნულიდან გამომდინარე,  გთხოვთ,  გამოყოთ დრო შეხვედრისთვის და  გაგვცეთ დაგროვილ  კითხვებზე პასუხები”.