შაბათი, ივნისი 21, 2025
30.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1911

კახა კალაძის და თბილისის მერიის ახალი გეგმები

24 ივლისი 2014 წელი
დედაქალაქის მერის დაპირებები:

მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოებს ვიწყებთ. აღნიშნული გზაგამტარი არსებითად განტვირთავს მოძრაობას ვაშლიჯვრის დასახლებაში და გაზრდის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას საბურთალოსა და დიღომს შორის. ყველამ იცით, თუ რამდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამ მონაკვეთზე გადაადგილება, განსაკუთრებით პიკის საათებში. ამ პროექტის განხორციელებით, ეს მონაკვეთი სრულად განიტვირთება. გარდა ამისა, თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები. გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და ექვსი თვე გაგრძელდება. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საბოლოო შეთანხმება შედგა და თბილისისთვის პირველად, ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება იწყება. დოკუმენტი ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებს დაეფუძნება და საფუძველს ჩაუყრის ნარჩენების სეპარირებისა და აღდგენის სისტემის ჩამოყალიბებას.

ევროპამ და განვითარებულმა მსოფლიომ კარგად გაიაზრა, რომ ნარჩენი არ არის ისეთი რამ, რასაც თავიდან ვიშორებთ. იგი შეიძლება გადავამუშაოთ და გამოვიყენოთ სხვადასხვა დანიშნულებით. ეს მიდგომა არამარტო დაიცავს ზოგადად გარემოს, არამედ ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უნარჩენო წარმოების განვითარებას, რაც მგონია, რომ ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ის სტრატეგია, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მუნიციპალიტეტთან ერთად შეიმუშავებს, იქნება საწინდარი იმისა, რომ თბილისი ძალიან მალე, ეტაპობრივად გადავა ნარჩენების ადგილზე სეპარირების სისტემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუჩებში სეპარირებული ურნები ეტაპობრივად განთავსდება.

გარკვეული ხელშეკრულება იყო გაფორმებული, თუმცა ძალაში არ შესულა, რადგან სისტემა, რომელსაც ხელშეკრულების პროექტი ითვალისწინებდა, მოძველებული იყო, აღარ შეესაბამებოდა ნარჩენების მართვის კოდექსს, ნარჩენების მართვის სამთავრობო სტრატეგიას და ასოცირების ხელშეკრულებას. ასევე, ეწინააღმდეგებოდა ნარჩენების ადგილზე სეპარირების იდეას, რომელზეც საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს. სწორედ სეპარირებისა და მწარმოებლის ვალდებულებების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა ხელშეკრულების პროექტი, რაც საქართველოს მთავრობის მიერ იქნა დაწუნებული და მერიას მიეცა რეკომენდაცია, რომ კომპანიასთან ერთად შეეცვალა ხელშეკრულების პირობები, თუმცა ამაზე მოლაპარაკება ვერ შედგა. მეტიც, მათ უარი განაცხადეს 25 წლის ვადით გადაცემული მიწის დაბრუნებაზე, რის შემდეგაც, სასამართლოს მივმართეთ, რათა საკუთრებაზე მუნიციპალიტეტის უფლება აღდგეს.

დღეს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა წარმოვადგინეთ, რომელიც მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. დღეს წარმოდგენილი პრეზენტაციით კი, საზოგადოებას დავანახეთ, თუ როგორ გეგმავს დედაქალაქის მერია იმ პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრას, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის აქტუალურია. ვისაუბრეთ იმაზე, რომ 2018-2019 წლებში ყვითელი ავტობუსები ახალი, თანამედროვე ევროპული ტიპის ავტობუსებით მთლიანად იქნება ჩანაცვლებული. ასევე, საუბარი იყო მეტროს განახლებაზე, მოდერნიზაციასა და რეაბილიტაციაზე, როგორც ვაგონების, ასევე მეტროსადგურების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოხდება სამგზავრო ვაგონების სრული რეაბილიტაცია, რათა გადაადგილება უფრო კომფორტული გავხადოთ და მოცდის რეჟიმი დაახლოებით, ორ წუთამდე შევამციროთ. მგონია, რომ ამ მიმართულებით მომდევნო წლების განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული. საუბარი იყო ქალაქში პარკირების მოწესრიგებაზე. ვისაუბრეთ ასევე, ტაქსების რეგულაციების შემოღებაზე, რაც ძალიან მნოშვნელოვანია.

ტაქსის ნებართვის მაძიებლები ძალიან მარტივად, სპეციალური ვებგვერდის საშუალებით გაივლიან რეგისტრაციას, რისთვისაც მიუთითებენ პირად მონაცემებს, მართვის მოწმობისა და ავტომანქანის ტექპასპორტის ნომრებს და ელექტრონულად გადაიხდიან ნებართვის საფასურს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, მაქსიმუმ ორი დღის ვადაში მიიღებენ შესაბამის საბუთს. გარდა ამისა, მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, მიმართონ გამგეობებს, სადაც ნებართვებს მიიღებენ.

ნებართვის ერთი წლით აღების საფასური ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომანქანებისთვის 100 ლარს შეადგენს, ჰიბრიდებისთვის 50 ლარს, ხოლო ელექტრომობილებისთვის უფასო იქნება. აღნიშნული მოსაკრებლის გარდა, რაიმე დამატებითი გადასახადის გადახდა ნებართვის მფლობელს არ მოუწევს. ტაქსის ნებართვის მფლობელი მუშაობისას ვალდებული იქნება, რომ დოკუმენტი სალონში გამოაკრას და ტაქსზე შესაბამისი ნიშანი განათავსოს. საბუთის არქონის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება.

ტაქსების სანებართვო რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყება და ყურადღება მიექცევა ტაქსის ვიზუალს – ფერს, რომელიც წინასწარ იქნება განსაზღვრული. გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები შემუშავდება მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ტაქსებისთვის.

რამდენიმე დღის წინ, ორ ადამიანს, რომლებიც ყველასთვის დასაფასებელი და საყვარელი ადამიანები არიან – ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს და ბატონ ბუბა კიკაბიძეს, იუბილე ჰქონდათ. მინდა, მათ დიდი სიყვარულით მივულოცო, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვო. ასევე, ორივე მათგანს ქაართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელები გადავცე.

Kakha Kaladze კახა კალაძე

რა მდგომარეობაშია საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებული პრიორიტეტული დარგი სოფლის მეურნეობა

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგად სოფლის მეურნეობა დაასახელა. სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის დღეს საქართველოში მრავალი პროექტი და პროგრამა ფუნქციონირებს. მათშორის არის: შეღავათიანი აგროკრედიტის,  ჩაის პლანტაციების რეალიბიტაციის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოს თანადაფინანსების, აგროდაზღვევის პროექტები. ასევე რძის მწარმოებელი,მევენახეობის, მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2013-2017 წლებში მხოლოდ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სულ 1.044.379.575 ლარისა და 246.966.327 აშშ დოლარის ოდენობის 29.982 ერთეული სესხი და ლიზინგი დააფინანსა.

 მკითხველისთვის ვფიქრობთ საინტერესო იქნება ანალიზი გავუკეთოთ რა  ეფექტი იქონია მთავრობის მიერ ბიუჯეტიდან სხვადასხვა აგროპროექტებში დახარჯულმა ათეულობით მილიონმა ლარმა და რა შედეგები გამოიღო დარგში რეფორმების გატარებამ.

2017 წელს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული იქნა საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია 2020 წლამდე, რომელიც ჯამში 69 სამთავრობო პროგრამას აერთიანებს. სტრატეგია მოიცავს სოფლის განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის, სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას, ტურიზმს, სოფლის ინფრასტრუქტურას, სოფლის ეკონომიკურ განვითარებას და ა.შ. სტრატეგიაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამი ძირითად მიმართულებას, კერძოდ: ეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა, სოციალური პირობები და ცხოვრების დონე, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა.

ამის გარდა 2018 წლიდან ფუნქციონირებას იწყებს დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) ეგიდით დაფინანსებული, სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა – „ახალგაზრდა მეწარმე“. პროგრამის ფარგლებში 2 წლის განმავლობაში დაფინანსდება 250 ახალგაზრდა , ხოლო მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 9.5 მლნ. ლარს.

საინტერესოა რა შეფასებას აძლევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკუთარი აპარატის მუშაობას. აღნიშნული უწყების ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ: „2017 წელს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებამ 3.9 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც 1.8%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ამავე პერიოდში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად, 5.2 მლრდ. ლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია შეიქმნა, რაც 8.9%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, აგრობიზნესის სექტორში პროდუქციის მთლიანი გამოშვების ზრდამ 5.7% შეადგინა. 2017 წელს, სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის გამოშვება, 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 39.7%-ით, ხოლო გადამამუშავებელ სექტორში, ამავე პერიოდში, 38.9 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მაჩვენებელი, როგორც ეკონომიკის მთლიანი გამოშვების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, 2017 წელს შეადგენდა 224.8 მლნ. ლარს, რაც 5.3%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს, ხოლო 104.6%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს“.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნეობის სამინისტრო იმისათვის, რომ შეიქმნას წარმატებული რეფორმატორი უწყების იმიჯი იყენებს მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალურ მაჩვენებლებს, ხოლო სოფლის მეურნეობის დარგში წარმოებული საქონელს ითვლის მიმდინარე ფასებში. იგივე საქსტატის მონაცემებით 2012 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 16,6%-ს ეკუთვნოდა აგრობიზნესს ქვეყნის ეკონომიკაში, რაც მუდმივ ფასებში შეადგენდა 3, 926 მილიარდ ლარს, ხოლო 2017 წლის მონაცემებით ეს ციფრები  შესაბამისად იქნება 15,8% და 4,490  მილიარდი ლარი. პროცენტული ზრდა სოფლის მეურნეობის დარგში რეალურად  არის მხოლოდ 14,4% ნაცვლად 40%-სა, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნეობის სამინისტრო გვთავაზობს.

დღევანდელი სურათი კი ასეთია. მოსახლეობა მასიურად ტოვებს სოფელს. თუ 2012 წელს სოფლის მოსახლეობა მთელი მოსახლეობის 46,8%-ს შეადგენდა დღეს ეს პროცენტული მაჩვენებელი 41,7 ნიშნულზეა ჩამოსული. სოფლიდან ემიგრირებული მოსახლეობის ერთი ნაწილი დედაქალაქში ჩამოდის საცხოვრებლად და სამუშაოდ, ხოლო უფრო დიდი ნაწილი ტოვებს ქვეყანას იმ იმედით, რომ უცხო სახელმწიფოში დასაქმდებიან. ოფიციალური მონაცემებით მარტო სამი წლის განმავლობაში (2015-2018 წწ.) სოფელი 31 500 ადამიანმა დატოვა. რეალურად ეს ციფრი ბევრად უფრო მეტია.

სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი გაანგარიშებული საშუალოდ ერთ შინამეურნეობაზე თუ 2014 წელს 59,8 ლარს შეადგენდა, დღეს ეს ციფრი უფრო მცირეა და 48,8 ლარია, რაც თავისთავად მიზერულია და საარსებო მინიმუმზე სულ მცირე სამჯერ ნაკლებია. უკეთესი მდგომარეობა აქვთ აგრობიზნესში დასაქმებულ მუშახელს, რომელთა ყოველთვიური ხელფასი 2014 წლიდან დღემდე საშუალოდ 400-დან 700 ლარამდე გაიზარდა. სამწუხაროდ ბოლო სამი წლის განმავლობაში სოფლის მოსახლეობის შემოსავლებმა ზრდის ნაცვლად 1,8%-ით იკლო. ხოლო სასოფლო-სამურნეო სამუშაოების წარმოების არარენტაბელურობის გამო დამუშავებული მიწების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და იმაზე ნაკლებია ვიდრე ეს 2012 წლამდე მონაცემების მიხედვით იყო. ყოველივე ამან თავისი ასახვა ჰპოვა მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში და სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში (მიმდინარე ფასებში)  0,9%-ით შემცირდა და  2017 წლისთვის 8,2% შეადგენა.

კითხვაზე რატომ ვერ ვითარდება სოფლის მეურნეობა საქართველოში? მოსზრებას თითქოს ქართველი გლეხი ზარმაცი იყოს და ამაში იყოს პრობლემა, ვერ დავეთანხმები. დავადანაშაულოთ ქართველი გლეხი სიზარმაცეში ადვილია. უფრო რთული იქნება პრობლემა უფრო ღრმად შევისწავლოთ და მისი გამომწვევი მიზეზები ვიპოვოთ.  ის, რომ ქართველ გლეხს არ უჩნდება მიწაზე მუშაობის სტიმული ჩემი აზრით ეს შედეგია იმ სოციალურ-ეკონომიკური პროცესების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და რომლის მოგვარებაც ცენტრალულ ხელისუფლებას ევალება. სოფლის მეურნეობის პროექტებში აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს მხრიდან აგროსექტორის განსავითარებლად მთავრობის მხრიდან უდავოდ დროული ნაბიჯი იყო. მაგრამ, როგორც ყოველთვის საქართველოში პრობლემის მოგვარებისას ებრძვიან შედეგებს და არა მიზეზებს. მიზეზი თუ არ აღმოიფხვრა ეს ყველაფერი ქარის წისქვილებთან ბრძოლას დაემსგავსება. პრობლემები კი ჩემი აზრით სოფლის მეურნეობაში საკმარისზე მეტია, კერძოდ:

  • სოფელი ინფრასტრუქტურულად ნაკლებად არის განვითარებული ვიდრე ქალაქი. ხშირ შემთხვევაში რაიონული მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში მოსახლეობას პროფესიული სამედიცინო, საბანკო, მომსახურების მიღების საშუალება არ გააჩნიათ. არ არის მოწესრიგებული სოფლამდე მისასვლელი გზები,  სასმელი წყლითა და ბუნებრივი გაზით მომარაგების სისტემები. დაბალია საშუალო სკოლებში სწავლების დონე. ფუფუნებას წარმოადგენს ინტერნეტთან წვდომა, ზოგიერთ შემთხვევაში სატელევიზიო არხებით სარგებლობა. ამიტომ სოფლების დიდი ნაწილი იცლება და მოსახლეობა ქალაქებში მოდის.
  • სოფლად დასაქმებული გლეხის (ფერმერის) დიდი ნაწილის შემოსავლები არასტაბილურია და სეზონურია, ძირითადად აგროვადებზეა დამოკიდებული. ხოლო მიღებული თანხა იმდენად მწირია, რომ მთელი წლის განმავლობაში არ არის საკმარისი ოჯახის გამოსაკვებად.
  • ქვეყანაში არ არსებობს მოქნილი და ეფექტური აგროდაზღვევის სისტემა, რომელიც სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილს საშუალებას მისცემს თავი დაიზღვიონ მოუსავლიანი წლისგან ან სხვადასხვა სტიქიური უბედურებებისგან.
  • არ არსებობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღების ბაზარი, სადაც ფერმერი (გლეხი) მოახდენს მომგებიან ფასში საკუთარი საქონლის დიდი რაოდენობით რეალიზებას.
  • ძალიან დაბალია სოფლის მეურნეობაში კოოპერირების დონე. სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებულია მცირე ზომის საოჯახო მეურნეობებში და არა აგროფირმებში ან კიდევ აგროკოოპერატივებში, სადაც დაქირავებული მუშის ყოველთვიური შემოსავალი შედარებით მაღალია.
  • სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი ნატურალურ და არა ფერმერულ მეურნეობას ეწევა. რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ ხერხდება აგროსექტორის კომერციალიზაცია. მოყვანილი მოსავლის დიდი ნაწილს გლეხი იტოვებს ოჯახში პირადი მოხმარებისთვის, ხოლო ჭარბი საქონელი გააქვს ბაზარზე გასაყიდად, მაშინ, როცა მსგავს პროდუქციაზე ფასი დაბალია ან ნაკლები მოთხოვნაა. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს იმითაც, რომ გლეხი მიწას იყენებს არა როგორც ბიზნესის წარმოების ინსტრუმენტს, სადაც მთავარი მოგების მიღებაა, არამედ როგორც ოჯახის გამოკვების საშუალებას.
  • იმის გამო, რომ ქართულ სოფლებში დაბალია აგრობიზნესის წარმოების კულტურა, არ ხდება სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული მუშახელის სპეციალიზაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ არ ხდება აგროსუბიექტების მხრიდან აქცენტის გაკეთება მხოლოდ ერთი სახის კულტურების მოყვანაზე, რომელთა აგროვადები ერთნაირია. გლეხი ერთდროულად ეწევა მეცხოველეობასაც, მევენახეობასაც, მეხილეობასაც, ასევე ერთწლიანი კულტურების მოვლა-პატრონობასაც. შედეგად არ იქმნება სინერგიის ეფექტი და არა ხდება შრომა-საათების სწორი დაგეგმარება და შემდგომ განაწილება.
  • სოფლად სიმცირეა ისეთი კვალიფიციური სპეციალისტების როგორებიც არიან: აგრონომები, ტექნოლოგები, მექანიზატორები და სხვა.
  • აგროკრედით სარგებლობისთვის გლეხს ევალება ფინანსური თანამონაწილეობა. ფინანსური სახსრების არ არსებობის გამო ეს უკანასკნელი იძულებულია მიმართოს ბანკს და მიწის გირაოდ ჩადების სანაცვლოდ ისესხოს ფული. იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც აგროსექტორისთვის დამახასიათებელია იმ შემთხვეევაში, თუ გლეხი მოსავალს კარგავს პარალელურად იგი მიწასაც კარგავს.
  • ფერმერებისათვის (გლეხებისთვის) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო აგროტექნიკა არ არის ხელმისაწვდომი მისი მაღალი ფასის გამო. საოჯახო მეურნეობების შემთხვევაში ნაქირავები აგროტექნიკით სარგებლობა არარენტაბელურია.

თუ დავაკვირდებით 2009 წლიდან დღემდე დინამიკას სოფლის მეურნეობის ჩართულობის ქართულ ეკონომიკაში, აღნიშნული დარგის წილობრივი მონაწილეობა მატერიალური დოვლათის შექმნის კუთხით მზარდია და 2009 წლიდან დღემდე ზრდის ტემპმა 80% შეადგინა. დარგს განვითარების პერსპექტივა ნამდვილად გააჩნია. უბრალოდ საჭიროა სწორი მიდგომა, რომელიც მიზანმიმართული იქნება იმ მიზეზების აღმოსაფხვრელად, რომელიც საბჭოთა კავშირის, უფრო კონკრეტულად კოლმეურნეობების დაშლის შემდეგ აგროსექტორში დაგროვდა. კერძოდ  შესამუშავებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ისეთი სტრატეგია, სადაც გაწერილი იქნება აგრობიზნესის რეალური როლი და ფუნქცია ქვეყნის ეკონომიკაში. საჭიროა ძალიან კონკრეტული ხედვა, თუ რას ვითხოვთ ამ დარგისგან. მაგალითად ვაპირებთ თუ არა საქართველო გახდეს აგრარული ქვეყანა. თუ ვაპირებთ რა პროდუქციის წარმოება იქნება ჩვენთვის პრიორიტეტული, როგორც შიდა ისე საგარეო ბაზრებისთვის. ვიქნებით თუ არა ამ ბაზრებზე კონკურენტუნარიანები. სად შევძლებთ გასაღების ბაზრების მოძიებას. ეს უნდა გაკეთდეს თითოეული დასახელების პროდუქტისთვის ცალცალკე. მაგალითად ჩაის კულტურისთვის ცალკე, თუნდაც ატმისთვის და თხილისთვის ცალცალკე. რა ხარისხის სტანდარტებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ ან რა ჯიშის კულტურა ან ცხოველური პროდუქტი ესაჭიროება კონკრეტულ ბაზარს და ა.შ.

საჭიროა ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეისწავლოს მუნიციპალიტეტების დონეზე რომელი ტიპის სასოფლო სამეურნეო სამუშაოების ჩატარების შედარებითი უპირატესობის პოტენციალი გააჩნია რეგიონს, ნიადაგის ტიპის, ჰავის, წყლის გათვალისწინებით. მაგალითად ცნობილია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ცნობილი იყო როგორც რეგიონი, სადაც კარგად განვითარებული იყო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება. იგივე რაჭის მხოლოდ რამოდენიმე სოფელში მოდის ქართული უნიკალური ჯიშის ყურძენი და სხვა.

საჭიროა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს ერთიანი ხედვა იმისა, თუ როგორ რა გზებით უნდა შევქმნათ სინერგიის ეფექტი სოფლის მეურნეობაში. მაგალითად შესაძლოა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული გახდეს ფერმერული მეურნეობების ისეთი სამართლებრივი ფორმების განვითარება და ხელშეწყობა სოფლად, რომელიც ხელს შეუწყობს დარგის კომერციალიზაციას, სახნავ-სათესი მიწების მაქსიმალურ გამოყენებასა და დამუშავებას. შეიძლება ეს იყოს აგროკოოპერატივები ან სხვა ტიპის ამხანაგობები. საჭიროა ამ სახის დისკურსიაში სპეციალისტების ჩართვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

მას შემდეგ რაც გაირკვევა რა ტიპის საქონელზე იქნება მოთხოვნა შიდა და საგარეო ბაზარზე საჭირო იქნება განისაზღვროს რა ტიპის და რა რაოდენობის აგროტექნიკაზე გაჩნდება მოთხოვნა აგროსექტორში. აქ საჭიროა სტრატეგიული გეგმის შემუშავება რომელი ვარიანტი იქნება უფრო ეფექტური და გამართლებული. შეიქმნას სასოფლო მექანიზაციის პარკები როგორც დამოუკიდებელი იურიდიული სუბიექტები, თუ შემუშავდეს პროგრამა, რომელიც დაეხმარება ფერმერს ჰქონდეს საკუთარი ტექნიკა მფლობელობაში.

ზემოთჩამოთვლილი პრობლემები რეალურია და არსებითია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სწრაფ ჩარევას და  გადაწყვეტას მოითხოვს. თუ სახელმწიფოსთვის სოფლის მეურნეობის დარგი პრიორიტეტულია, მაშინ ცენტრალური ხელისუფლებისგან გადადგმული ნაბიჯებიც ადექვატური და არსებითი უნდა იყოს. შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს სხვა მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და ჩათვალოს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აგროსექტორი განვითარდეს, ფულს ხარჯავს ბიუჯეტიდან, ახორციელებს სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებს, ამაზე მეტი რა უნდა გაკეთდეს ვთქვათ. თითქოს შედეგიც სახეზეა გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი, შეიქმნა მრავალი საწარმო და ფერმერული მეურნეობა და ა.შ. მაგრამ ციფრები სამწუხაროდ სხვა რამეზე მეტყველებენ. კერძოდ კიდევ უფრო გაიზარდა იმპორტი, შემცირდა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში, ასევე შემცირდა სოფლად მცხოვრები ადამიანების საოჯახო ბიუჯეტი, რეგიონებში ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ელემენტარულ სერვისებზე და ა.შ.

ამა წლის 28 ივლისს „,მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ პრიორიტეტები სოფლის მეურნეობაში შეიცვლება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არა ნატურალურ ანუ საოჯახო, არამედ ფერმერულ მეურნეობებს. საგადასახადო კუთხით განსაკუთრებული პრივილეგიებით ისარგებლებენ ის აგროსუბიექტები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებით დაკავდებიან. თუ პრემიერის სიტყვას ოფიციალურ ნაწილს ჩამოვაცილებთ, დავინახავთ, რომ პრაქტიკულად მთავრობამ ოფიციალურად აღიარა, ის რაზეც ამ სტატიაში ვსაუბრობდი. სოფლის მეურნეობის დარგში რეფორმები ბოლო წლების განმავლობაში არასწორი მიმართულებით ვითარდება. იგივეზე მეტყველებს ყველაზე კარგი ინდიკატორი „სოფლის მოსახლეობის რაოდენობა“, რომელიც ყოველდღიურად კატასტროფულად მცირდება. ამიტომ ვამბობთ საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან რადიკალურად ახალი ხედვა, რომელიც დარგს არა 14,4%-ით არამედ უფრო მეტად განავითარებს.

ალექსი ნონიაძე

 წყარო:

  • http://www.geostat.ge
  • საქართველოს სოფლის მეურნეობა – წლიური ანგარიში 2017.
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობა, ტენდენციები ციფრებში.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

OGP, სოფია და…

2011 წელს, აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით, 8 ქვეყნის ინიციატივად დააფუძნეს ღია მმართველობის პარტნიორობა – “OGP”, რომელიც გულისხმობდა მთავრობებისა და სახელისუფლებლო შტოების მეტ გამჭვირვალობას, მიზნად ისახავდა უზრუნველეყო მთავრობების მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულება ღია მმართველობის, მოქალაქეების ჩართულობის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თუ სხვა თვალსაზრისით.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) აქტიური მხარდამჭერია.

საქართველო საწყის ეტაპზევე შეუერთდა “ღია მმართველობის პარტნიორობას” და მალევე, OGP-ის 65 წევრ ქვეყანას შორის, მიიღო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (15 ქულა მაქსიმალური 16-დან).

2018 წლის 17-19 ივლისს “ღია მმართველობის პარტნიორობის” გლობალურ სამიტს საქართველოს დედაქალაქმა – თბილისმა უმასპინძლა.

ესეც სოფიას “გამარჯობა” და ნახეთ, როგორ დაიბნა შემდეგ…

სააგენტო “პარალელი”

სააგენტო “პარალელი” არის ახალი სიტყვა ქართულ ინტერნეტ-მედია სივრცეში და ეს სიტყვა იქნება მაქსიმალურად ობიექტური, მიუკერძოებული, მრავალფეროვანი, ამასთან ჩვენი მასალები მომზადებული იქნება უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით, რასაც ყოველ პუბლიკაციაში დაინახავთ.
ჰოლდინგთან საკონტაქტოდ

ელ. ფოსტა: paraleli.ge@gmail.com

ბექა წიქარიშვილი: “ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალება არის ზიანის მომტანი, განსაკუთრებით მისი არასწორად მოხმარება”

ნარკომანიასთან  ბრძოლის  დიდ  ისტორიას  ითვლის საქართველო, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ეპოქიდან, თუმცა არაერთხელ დასმულა საკითხი  სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის  გარკვეული  ლიბერალიზაციის თვალსაზრისითაც. რა  ვითარებაა  დღეს  ქვეყანაში  ნარკოპოლიტიკის  თვალსაზრისით – ამ თემაზე, ა.წ. 19 თებერვალს, რადიო „კომერსანტის“ ეთერში, „კომერსანტის“ და „ინოვაციების და განვითარების ფონდის“ ერთობლივ გადაცემაში „ორშაბათის თოქ–შოუ“-ს წამყვანებთან – პაატა მანჯგალაძესთან, ედნარ მგელაძესთან და გიორგი მაჭარაშვილთან ისაუბრა “თეთრი ხმაურის” მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და სამოქალაქო აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა.

გადაცემის სტუმარი საუბრის დასაწყისშივე შეეხო იმ საკითხს, თუ როგორი დამოკიდებულებაა დღეს ნარკოპოლიტიკისადმი საქართველოსა და მსოფლიოში:

შეგვიძლია ვთქვათ  რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო უკიდურესად  მძიმე  ვითარებაშია  დღეს ქვეყანა, მთელი  მსოფლიოს მასშტაბით და არა  მხოლოდ, პოსტ  საბჭოთა  სივრცეშიც კი,  საქართველო დღეს-დღეობით ატარებს ერთ-ერთ ყველაზე უმკაცრეს ნარკოპოლიტიკას, მაღალი სასჯელებით და სისხლის სამართლის პოლიტიკით და რამაც კიდევ უფრო მეტად გაგვიუარესა ვითარება, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. დღეს უკვე თითქმის ყველა წამყვანი ორგანიზაცია, მათ შორის გაეროც კი, რომელიც საკმაოდ კონსერვატიული იყო თავის დროზე ნაროპოლიტიკასთან მიმართებით, აცხადებს რომ სადამსჯელო პოლიტიკა მომხმარებელთა მიმართ არ არის ეფექტური, რადგან ის კიდევ უფრო ზრდის ზიანს ადამიანებისადმი, როგორც სოციალურ ზიანს, ისე ჯანმრთელობის მიმართულებით. ტენდენცია მსოფლიოში არის სისხლის სამართლის პოლიტიკისგან გათავისუფლება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების კუთხით“.

“თეთრი ხმაურის” დამფუძნებელი განმარტავს თავიანთი საქმიანობის ძირითად მიზანს და აღნიშნავს, რომ როდესაც არსებული ნარკოპოლიტიკის შესახებ წინააღმდეგობრივი მოძრაობა დავიწყეთ, ჩვენი ძირითადი მოტივაცია იყო ის სადამსჯელო და რეპრესიული მოქმედებები რომელიც ქვეყანას ჰქონდა. ამიტომ მიზნად დავისახეთ ეს ჩაგვრის ბერკეტი, ჩვენ ასე ვხედავთ ნარკოპოლიტიკას დღემდე, ეს არის ბერკეტი საპოლიციო სისტემების ხელში და ძალადობრივი მექანიზმების ხელში, რომელთაც მიმართავენ ადამიანთა ჯგუფებზე, რომელთაც ერთის მხრივ აკისრებენ კოლოსალური სახის ჯარიმებს, გარდა ამისა უშვებენ ციხეში. პოლიტიკისთვის არის „თეთრი ხმაურის“ ძირითადი  ამოცანა და იმ ჩაგვრის მიდგომებიდან გადასვლა უფრო ადამიანის ჯანმრთელობაზე და სოცალურ ინტეგრაციაზე მიმართულ მიდგომებისკენ.

შეკითხვაზე, თუ რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკს ადამიანისათვის, ბექა წიქარიშვილი განმარტავს:

ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალება, ბუნებრივია, არის ზიანის მომტანი, განსაკუთრებით მისი არასწორად მოხმარება და მისი ზღვარგადასული მოხმარება. დღეს იდენფიცირებულია  204 სახეობის ნივთიერება, გარდა ამისა ყოველწლიურად და ყოველდღიურად ემატება ე.წ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომელიც უკონტროლოდ იზრდება, ყველა მათგანს განსხვავებული ზიანის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის. ცალსახად ვაღიარებთ, რომ მათ ისეთივე ზიანის მოტანა შეუძლიათ, როგორც ალკოჰოლს, ნიკოტინს და ა.შ. ზოგიერთის ზიანი უფრო დიდია, ვიდრე სხვის, მაგრამ ყოველშემთხვევაში ვერც ერთი ნარკოტიკულ საშუალებაზე ვერ ვიტყვით რომ ის არის დედის რძესავით მარგებელი“.

ასევე აღინიშნა, რომ მთელ მსოფლიოში ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ არის აღიარებული რომ ეს არის დაავადება და შესაბამისად, სახელმწიფოს მიდგომაც დამოკიდებულებასთან მიმართებით უნდა იყოს სწორედ ჯანდაცვის მიდგომით და არა კრიმინალური პოლიტიკის მიდგომით განპირობებული.

ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში, როგორც ბექა წიქარიშვილი აღნიშნავს, “თეთრი ხმაური” ლეგალიზებაზე, ამ ეტაპზე, არ საუბრობს, “ჩვენ დეკრიმინალიზაციის პოლიტიკის მომხრეები ვართ. აქ სახელმწიფოს პოზიტიური როლი იქნება სწორედ ის, რომ გამართავს სერვისებს, ჯანდაცვის სერვისებს, რაც დღეს არის აუცილებელი. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში არ გვაქვს არც ერთი გრძელვადიანი ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი“.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია შეტანილი და ერთ-ერთი თანაავტორი “თეთრი ხმაურის” მოძრაობაა, ითვალისწინებს სერვისების განვითარებას – სარეაბილიტაციო და ჩანაცვლების პროგრამის  ფართო მაშტაბებს.  რა თქმა უნდა, ქმედება კვლავ დასჯადი იქნება, იქნება შეზღუდვები, იქნება უფლებების ჩამოთმევა, რაც მოსამართლის კომპეტენცია იქნება. ქმედება იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ანუ საჯარიმო სანქციები” – ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტა ბექა წიქარიშვილმა.

მდიდარი, საოცარი, ზღაპრული ბუნება ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის

სადაც კი ვყოფილვარ, ყველგან მრავლად შემიმჩნევია ისეთი რამ, რაც გულს მიხარებდა და ასეთი განწყობა აქვთ მათაც, ვინც აღფრთოვანებულა ულამაზესი ადგილების, მცენარეებისა თუ ყვავილების ნახვით, ვისაც თვალი ვერ მოუწყვეტია სუფთა პლაჟების, წყალსაცავების, ტბებისა და ზღვებისათვის, როცა ემოციებს ვერ იკავებენ ჩვენი პლანეტის საოცარი ფლორისა და ფაუნის ხილვის შემდეგ… დიახ, თვალი და გული ხარობს, როცა ვუყურებთ საოცარი ბუნების ზღაპრულ სილამაზეს, მაგრამ ასევე გული გვიკვდება, როცა ვხედათ და ვიგებთ ბრაკონიერობის ფაქტებს, როცა ასე უკონტროლოდ და უმოწყალოდ იჩეხება ხე-ტყე, როცა ბინძურდება წყლის რესურსები, როცა დღევანდელი დღის სიამოვნებისთვის, დაუფიქრებლად გაიწირება მომავალი…

ამ პუბლიკაციაში მინდა შემოგთავაზოთ ფოტო-რეპორტაჟი იმ საოცარი ადგილებიდან, სადაც პირადად ვყოფილვარ, რომლის სილამაზე ისევ თვალწინ მიდგას და არც გულიდან ამოდის იქ მიღებული აღფრთოვანება.

დიახ, ენით აღუწერელი და ზღაპრული სილამაზის ბუნებაა საქართველოში

მჟავე წყლები


ჟინვალის წყალსაცავი

გერგეთის სამება

შატილი, საოცარი კანიონი

წალკა, ს. რეხა

აჭარა, ჩიქუნეთი

კახეთი, წინანდალი

შემოდგომის საოცარი პეიზაჟი

იმერეთი

ბათუმი, ზღვისპირა პარკი

მწვანე კონცხი

სარფი

შავი ზღვის სანაპირო აჭარაში

ესეც ჩვენი მადლიანი მიწის დესერტი… 😉

ეს ყოველივე ჩვენს სამშობლოში, დალოცვილ საქართველოშია და თითოეული ჩვენთაგანი არაერთხელ დამტკბარა ამ საოცარი სილამაზის ხილვით…

მართალია, ჩემი ყველას მირჩევნია, თუმცაღა არის შესანიშნავი ადგილები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშიც და გთავაზობთ ფოტოკოლაჟს იმ ქვეყნებიდან, სადაც ამ ბოლო ხანებში ვყოფილვარ:

ფინეთში

ესპანეთში (მადრიდი)

პორტუგალიაში (ლისაბონი)

უკრაინაში (კიევი)

მდინარე დნეპრის სანაპირო

განა დანაშაული არაა, რომ არ მოვუფრთხილდეთ ასეთ საოცარ სილამაზეს?!

ეს შეკითხვა (უფრო გაკვირვება), ზოგის მხრიდან, რიტორიკულადაც შეიძლება იქნას აღქმული, თუმცა ჩემთვის და, ვფიქრობ, ბევრი სხვისთვის იგი ნამდვილად დამაფიქრებელია…

ედნარ მგელაძე

პოლიტიკური პროცესები და საზოგადოების სურვილები: ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის მოსაზრებები

რა არის პოლიტიკაში მთავარი – ხალხის სურვილის გათვალისწინება, რისი მოსმენა უნდათ მათ და პოლიტიკოსების საქმიანობის ამ მიმართულებით წარმართვა თუ პოლიტიკოსებმა უნდა შექმნან ის, რაც ხალხს სურს?

ამ თემაზე, ა.წ. 26 თებერვალს, რადიო „კომერსანტის“ ეთერში, „კომერსანტის“ და „ინოვაციების და განვითარების ფონდის“ ერთობლივ გადაცემაში „ორშაბათის თოქ–შოუ“-ს წამყვანებთან – პაატა მანჯგალაძესთან, ედნარ მგელაძესთან და გიორგი მაჭარაშვილთან ისაუბრა პოლიტოლოგმა, ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძეს მაგალითად მოჰყავს კონკრეტული ფაქტი და საპასუხოდ სვამს რიტორიკულ კითხვას:

„მე-19 საუკუნის ჟურნალებს (იგულისხმება საქართველოს ჟურნალები. რედ.) რომ თვალი გადაავლოთ, შეიძლება გული შეგიწუხდეთ ისეთი რუსოფილური დამოკიდებულება ჩანს, შეგუებული უკვე იმასთან, რომ რუსეთის ქვეშერდომები ვართ, იმასთან რომ ენასაც უფრო რუსულს იღებდა მეტად და ა.შ. ილია ჭავჭავაძე ხალხის სურვილს აჰყვა თუ ხალხის სურვილი შექმნა?“

ვანი-ხონის შუალედურ არჩევნებში გიგი უგულავას ჩართვისა და ე.წ. პოლიტიკური დაკვეთის კონტექსტის გათვალისწინებით, ასეთი მოსაზრება აქვს ბატონ რამაზს:

„გიგი უგულავა ძალიან სწორედ იქცევა, სანამ ჩრდილშია, თორემ საკმარისია ისე ამოტივტივდეს, ხალხის სურვილი გამოჩნდება და არ იქნება სასიამოვნო სანახავი ბევრისთვის“.

ხალხის, საზოგადოების სურვილებთან მიმართებაში თავისი მოსაზრებები აქვს ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს:

„ფსიქოლოგი ვარ და გამოვიყენებ ჩემს სპეციალობას – სურვილებსაც თავისი ფენები აქვს, ზოგ სურვილს ხალხი ვერ აცნობიერებს, ჩვენ ძალიან შეგუებული ვიყავით იმას, რომ „საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ“. 80-ანი წლები, რაც მე მახსოვს, დისიდენტების გარდა, რომლებიც ამბობდნენ დამოუკიდებლები უნდა ვიყოთო და შეკითხვაზე „რითი ვირჩენთ თავსო“, – მანდარინითო, აი ამ ხალხის გარდა პრაქტიკულად დამოუკიდებლობა არავის წარმოედგინა. საკმარისი იყო – „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოსო“ თქმულიყო, რომ ქუჩა გაივსო ხალხით და აღარ დაფიქრებულან იმაზე – გუშინ რაზე ფიქრობდნენ და რაზე არა. ასე რომ, არის ხოლმე სურვილები, რომელსაც თვითონ ხალხიც ვერ ხვდება, მაგრამ, ასე ვთქვათ, მისი გული ამ სურვილის მხარესაა. აი მაგას უნდა მიხვდეს პოლიტიკოსი, რომელი არის ასეთი, ხალხისთვის მგრძნობიარე, თემა, მის სურვილებთან, მის შეიძლება გაუთვითცნობიერებულ სურვილებთანაც კი ახლოს მყოფი თემა და იმას უნდა მიჰყვეს.“

არჩილ გამზარდია: “ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ წარუმატებლობის შემთხვევაში შეიძლება სარევოლუციო კერა შექმნას”

რადიო „კომერსანტის“ ეთერში, „კომერსანტის“ და „ინოვაციების და განვითარების ფონდის“ ერთობლივ გადაცემაში „ორშაბათის თოქ–შოუ“ წამყვანებმა და სტუმრებმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ისაუბრეს. გიორგი მაჭარაშვილისა და ედნარ მგელაძის სტუმარი იყო პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია.

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობა და საჭიროება მკაფიოდ ჩანდა,“ – აცხადებს არჩილ გამზარდია. მისი თქმით,  საქართველოში და  მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებიც ივანიშვილის მართვის პროცესებში „ჩრდილოვანი ჩარევის“ შემთხვევებზე ხშირად აქცენტირებდნენ. „ივანიშვილი პირველ რიგში, გახდება ხილვადი ქართულ პოლიტიკაში, მეორე მხრივ, პოლიტიკაში დაბრუნება მის გავლენიანობას პარტიის სივრცეში გახდის მისაღებს  და არა ფორმალიზებულს, რაზეც ნეგატიური შეფასებები კეთდებოდა ყოველთვის.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია რომ მას არ ეკისრება პირდაპირი პასუხისმგბელობა აღმასრულებელ ან საკანონმდებლო ხელისუფლებაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ წარმოადგენს თანამდებობრივ პირს. ამ მხრივ, ივანიშვილს ექნება კომფორტის ზონა,რადგან არ ექნება ვალდებულებები, ვერ მოითხოვენ მის გადადგომას. ამავდროულად, თუ აქამდე ის არ პასუხობდა კრიტიკას, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავების შემდეგ, შეეძლება უკვე პირდაპირ შევიდეს ოპონენტებთან კამათში,“ – ამბობს არჩილ გამზარდია.

გადაცემის წამყვანების მხრიდან ასევე გაჟღერდა ისიც, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ვარაუდი ქართული ოცნების გუნდის დაშლის შესახებ. არჩილ გამზარდიას თქმით, ეს ვარაუდი „თეორიულად შესაძლებელია, თუმცა მე პირადად, ქართულ ოცნებაში არ მეგულება ორი-სამი ადამიანი მაინც, რომელთაც ექნებათ ავტორიტეტი, საზოგადოების მხარდაჭერა და შეძლებენ ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებას,“ – ამბობს გამზარდია.

კითხვაზე, თუ რა შეიცვლება ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით ქართულ პოლიტიკაში, პოლიტოლოგი ამბობს,რომ ცალსახად პასუხი ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა  „მისი დაბრუნების პოლიტიკური ეფექტი შეიძლება წარმატებების მომტანი იყოს, ან წარუმატებლობის შემთხვევაში ამომრჩეველთა აპათიურობა გამოიწვიოს და წინა სარევოლუციო კერა შექმნას.“

 წყარო: კომერსანტი

ოკუპაციის ექო: ფარისევლობა, ცინიზმი, ბოროტება…

ამ დღეებში, მოსკოვში მცხოვრები ერთი ქართველი დამიკავშირდა და როგორც ბლოგერს (ქართულ და რუსულენოვან ინტერნეტ სივრცეში), რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული, მთხოვა დახმარება საქართველოს საინფორმაციო სტენდის მომზადებაში მართლმადიდებელი ერების მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის, რის ორგანიზებასაც მასთან ერთად მისი დაც ახდენდა, ხოლო ღონისძიება დაგეგმილი იყო მოსკოვის გარეუბანში. მე, ყოველთვის უდიდესი ენთუზიაზმითა და მონდომებით ვცდილობდი ჩემი სამშობლოს პოპულარიზებას ინტერნეტ სივრცეში და ახლაც მოხარული ვიქნებოდი საქართველოს პოპულარიზებაში ჩემი წვლილიც შემეტანა, თუმცა… ამჟამად არ მიცდია საქართველოს ბედკრული წარსულის შესახებ მეთქვა რაიმე თხოვნის ავტორისთვის, არც ეკლესია-მონასტრებისა თუ სასულიერო პირების განადგურების გამო გამომიხატავს აღშფოთება, ამ გულისტკივილს უბრალო მიმოწერაში სრულად ვერც გადმოვცემდი, ზემოხსენებული ღონისძიების ქართველ ორგანიზატორებს მე მხოლოდ ერთი, სრულიად ბუნებრივი კითხვა დავუსვი: “ჩვენი სამშობლოს სტენდის შექმნისას, საქართველო რომელ საზღვრებშია წარმოდგენილი, ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი თუ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე?” საოცარია, მაგრამ ორი დღე გავიდა უკვე და შეკითხვის დასმამდე ის მოსკოველი ქართველი თუ დაჟინებული თხოვნით გამოირჩეოდა და სულმოუთქმელად ელოდა ჩემს მხარდაჭერას, შეკითხვის შემდეგ ჩამიჩუმიც აღარ ისმის…
თუმცაღა, ახლა როცა ასეთი ტრაგიკული ფაქტი მოხდა ხურჩაში, როცა მთელი სისასტიკითა და დაუნდობლობით, დაუსჯელობის სინდრომით წახალისებულმა ნაძირალამ “ისარგებლა” ოკუპაციის ბოროტებით და სასიკვდილო ტყვია ესროლა საქართველოს მოქალაქეს, უიარაღო, მშვიდობიან მცხოვრებს, რა პირით უნდა მთხოვოს დახმარება ფარისევლობაში?!
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ერთიც უნდა ვთქვა: როცა ოკუპაციის საზღვარს გადმოლახავს არაკაცი ბოროტმოქმედი, ოკუპაციის მსახური, ჩაცხრილავს ადამიანს, შემდეგ კი მშვიდად დაბრუნდება უკან, შედეგად ეს ტყვია, ისევე როგორც საქართველოს, ცივილიზებულ სამყაროსაც მოხვდა გულში…

ედნარ მგელაძე
21 მაისი, 2016 წ.

ბრიტანული “პასიანსი”

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი გაერთიანებული სამეფოს შიდა საქმეა, რეფერენდუმის შედეგებს პატივი უნდა სცეს ყველა ქვეყანამ და მეც, სხვა ქვეყნის მოქალაქე, უპირობოთ ვცემ პატივს ბრიტანელების უმრავლესობის გადაწყვეტილებას, თუმცა მაქვს გარკვეული მოსაზრებები, რომელთაც, ასე ვთქვათ, ჩემთვის “შევინახავ”:
1. რეფერენდუმის შედეგების პროცენტულ თანაფარდობაში – 52/48 ისეთი მცირე სხვაობაა, რომ ევროკავშირიდან გასვლის მსურველთა გამარჯვება, მაინცა და მაინც, ვერ ჩაითვლება წონადად, მით უმეტეს იმასთან კავშირსა თუ მიმართებაში, თუ რა სერიოზულ ცვლილებებსაც გამოიწვევს ყოველივე ეს უშუალოდ დიდი ბრიტანეთისთვის;
2. როგორც რეფერენდუმის შედეგების პირველადი ანალიზიდან გამოიკვეთა, ახალგაზრდა თაობა, ძირითადად, ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგი იყო, ამას თუ დავუმატებთ იმ ფაქტსაც, რომ ევროპელი ახალგაზრდობის (მათ შორის ბრიტანელი ახალგაზრდობის) აბსოლიტური უმრავლესობა ინტეგრაციული პროცესების მომხრეა, მაშინ ძნელი არ უნდა იყოს იმის გამოცნობა, თუ რამდენად უფრო პრეტენზიული და მომთხოვნი გახდება ბრიტანელი ახალგაზრდობა საკუთარი ხელისუფლების მიმართ, არათუ ყოველწლიურად, ლამის ყოველდღიურადაც კი;
3. ყოველი ფართომასშტაბიანი ცვლილება, ჯაჭვური რეაქციის პრინციპით, გარკვეულ გავლენას ახდენს ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროზე და რაიმე გაუთვალისწინებელი ნეგატიური პროცესების წარმოშობისას, ყველა სხვა ძველ თუ ახალ პრობლემასთან ერთად, დიდ ბრიტანეთს, უკვე მარტო მოუწევს გაუმკვლავდეს ყოველივეს;
4. ნამდვილად უპასუხისმგებლო უნდა იყოს ის ბრიტანელი, რომელიც რეალურად არ შეაფასებს იმ სიტუაციას, რაც რეფერენდუმის შედეგების შემდეგ დაფიქსირდა შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას წაერთვა ევროკავშირში ყოფნის უფლება;
5. რეფერენდუმის შედეგები სათანადოდ უნდა გაანალიზოს ევროკავშირის ხელმძღვანელობამ და ყველაფერი გააკეთოს არა მარტო ამ გაერთიანების მოლითურობის შესანარჩუნებლად, არამედ მის უფრო გასამრავალფეროვნებლად თუ გასაძლიერებლად და დიდი დანაკლისის როგორღაც შესავსებად. ისე, ვიღაცას თუ აღარ სურს ევროკავშირში დარჩენა, არიან ქვეყნები, რომლებიც უფრო მეტ კოლორიტს შესძენენ ამ პროგრესულ ევროგაერთიანებას და მანაც დანაკლისის შევსებაზე უნდა გააკეთოს აქცენტი და მოულოდნელად წარმოქმნილი ნეგატივის გადაფარვა პოზიტივით მოახდინოს…
ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს!

ედნარ მგელაძე
2016 წლის 24 ივნისი