შაბათი, აპრილი 20, 2024

რა მდგომარეობაშია საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებული პრიორიტეტული დარგი სოფლის მეურნეობა

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგად სოფლის მეურნეობა დაასახელა. სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის დღეს საქართველოში მრავალი პროექტი და პროგრამა ფუნქციონირებს. მათშორის არის: შეღავათიანი აგროკრედიტის,  ჩაის პლანტაციების რეალიბიტაციის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოს თანადაფინანსების, აგროდაზღვევის პროექტები. ასევე რძის მწარმოებელი,მევენახეობის, მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2013-2017 წლებში მხოლოდ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სულ 1.044.379.575 ლარისა და 246.966.327 აშშ დოლარის ოდენობის 29.982 ერთეული სესხი და ლიზინგი დააფინანსა.

 მკითხველისთვის ვფიქრობთ საინტერესო იქნება ანალიზი გავუკეთოთ რა  ეფექტი იქონია მთავრობის მიერ ბიუჯეტიდან სხვადასხვა აგროპროექტებში დახარჯულმა ათეულობით მილიონმა ლარმა და რა შედეგები გამოიღო დარგში რეფორმების გატარებამ.

2017 წელს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული იქნა საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია 2020 წლამდე, რომელიც ჯამში 69 სამთავრობო პროგრამას აერთიანებს. სტრატეგია მოიცავს სოფლის განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის, სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას, ტურიზმს, სოფლის ინფრასტრუქტურას, სოფლის ეკონომიკურ განვითარებას და ა.შ. სტრატეგიაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამი ძირითად მიმართულებას, კერძოდ: ეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა, სოციალური პირობები და ცხოვრების დონე, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა.

ამის გარდა 2018 წლიდან ფუნქციონირებას იწყებს დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) ეგიდით დაფინანსებული, სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა – „ახალგაზრდა მეწარმე“. პროგრამის ფარგლებში 2 წლის განმავლობაში დაფინანსდება 250 ახალგაზრდა , ხოლო მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 9.5 მლნ. ლარს.

საინტერესოა რა შეფასებას აძლევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკუთარი აპარატის მუშაობას. აღნიშნული უწყების ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ: „2017 წელს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებამ 3.9 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც 1.8%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ამავე პერიოდში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად, 5.2 მლრდ. ლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია შეიქმნა, რაც 8.9%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, აგრობიზნესის სექტორში პროდუქციის მთლიანი გამოშვების ზრდამ 5.7% შეადგინა. 2017 წელს, სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის გამოშვება, 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 39.7%-ით, ხოლო გადამამუშავებელ სექტორში, ამავე პერიოდში, 38.9 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მაჩვენებელი, როგორც ეკონომიკის მთლიანი გამოშვების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, 2017 წელს შეადგენდა 224.8 მლნ. ლარს, რაც 5.3%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს, ხოლო 104.6%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს“.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნეობის სამინისტრო იმისათვის, რომ შეიქმნას წარმატებული რეფორმატორი უწყების იმიჯი იყენებს მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალურ მაჩვენებლებს, ხოლო სოფლის მეურნეობის დარგში წარმოებული საქონელს ითვლის მიმდინარე ფასებში. იგივე საქსტატის მონაცემებით 2012 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 16,6%-ს ეკუთვნოდა აგრობიზნესს ქვეყნის ეკონომიკაში, რაც მუდმივ ფასებში შეადგენდა 3, 926 მილიარდ ლარს, ხოლო 2017 წლის მონაცემებით ეს ციფრები  შესაბამისად იქნება 15,8% და 4,490  მილიარდი ლარი. პროცენტული ზრდა სოფლის მეურნეობის დარგში რეალურად  არის მხოლოდ 14,4% ნაცვლად 40%-სა, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნეობის სამინისტრო გვთავაზობს.

დღევანდელი სურათი კი ასეთია. მოსახლეობა მასიურად ტოვებს სოფელს. თუ 2012 წელს სოფლის მოსახლეობა მთელი მოსახლეობის 46,8%-ს შეადგენდა დღეს ეს პროცენტული მაჩვენებელი 41,7 ნიშნულზეა ჩამოსული. სოფლიდან ემიგრირებული მოსახლეობის ერთი ნაწილი დედაქალაქში ჩამოდის საცხოვრებლად და სამუშაოდ, ხოლო უფრო დიდი ნაწილი ტოვებს ქვეყანას იმ იმედით, რომ უცხო სახელმწიფოში დასაქმდებიან. ოფიციალური მონაცემებით მარტო სამი წლის განმავლობაში (2015-2018 წწ.) სოფელი 31 500 ადამიანმა დატოვა. რეალურად ეს ციფრი ბევრად უფრო მეტია.

სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი გაანგარიშებული საშუალოდ ერთ შინამეურნეობაზე თუ 2014 წელს 59,8 ლარს შეადგენდა, დღეს ეს ციფრი უფრო მცირეა და 48,8 ლარია, რაც თავისთავად მიზერულია და საარსებო მინიმუმზე სულ მცირე სამჯერ ნაკლებია. უკეთესი მდგომარეობა აქვთ აგრობიზნესში დასაქმებულ მუშახელს, რომელთა ყოველთვიური ხელფასი 2014 წლიდან დღემდე საშუალოდ 400-დან 700 ლარამდე გაიზარდა. სამწუხაროდ ბოლო სამი წლის განმავლობაში სოფლის მოსახლეობის შემოსავლებმა ზრდის ნაცვლად 1,8%-ით იკლო. ხოლო სასოფლო-სამურნეო სამუშაოების წარმოების არარენტაბელურობის გამო დამუშავებული მიწების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და იმაზე ნაკლებია ვიდრე ეს 2012 წლამდე მონაცემების მიხედვით იყო. ყოველივე ამან თავისი ასახვა ჰპოვა მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში და სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში (მიმდინარე ფასებში)  0,9%-ით შემცირდა და  2017 წლისთვის 8,2% შეადგენა.

კითხვაზე რატომ ვერ ვითარდება სოფლის მეურნეობა საქართველოში? მოსზრებას თითქოს ქართველი გლეხი ზარმაცი იყოს და ამაში იყოს პრობლემა, ვერ დავეთანხმები. დავადანაშაულოთ ქართველი გლეხი სიზარმაცეში ადვილია. უფრო რთული იქნება პრობლემა უფრო ღრმად შევისწავლოთ და მისი გამომწვევი მიზეზები ვიპოვოთ.  ის, რომ ქართველ გლეხს არ უჩნდება მიწაზე მუშაობის სტიმული ჩემი აზრით ეს შედეგია იმ სოციალურ-ეკონომიკური პროცესების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და რომლის მოგვარებაც ცენტრალულ ხელისუფლებას ევალება. სოფლის მეურნეობის პროექტებში აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს მხრიდან აგროსექტორის განსავითარებლად მთავრობის მხრიდან უდავოდ დროული ნაბიჯი იყო. მაგრამ, როგორც ყოველთვის საქართველოში პრობლემის მოგვარებისას ებრძვიან შედეგებს და არა მიზეზებს. მიზეზი თუ არ აღმოიფხვრა ეს ყველაფერი ქარის წისქვილებთან ბრძოლას დაემსგავსება. პრობლემები კი ჩემი აზრით სოფლის მეურნეობაში საკმარისზე მეტია, კერძოდ:

  • სოფელი ინფრასტრუქტურულად ნაკლებად არის განვითარებული ვიდრე ქალაქი. ხშირ შემთხვევაში რაიონული მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში მოსახლეობას პროფესიული სამედიცინო, საბანკო, მომსახურების მიღების საშუალება არ გააჩნიათ. არ არის მოწესრიგებული სოფლამდე მისასვლელი გზები,  სასმელი წყლითა და ბუნებრივი გაზით მომარაგების სისტემები. დაბალია საშუალო სკოლებში სწავლების დონე. ფუფუნებას წარმოადგენს ინტერნეტთან წვდომა, ზოგიერთ შემთხვევაში სატელევიზიო არხებით სარგებლობა. ამიტომ სოფლების დიდი ნაწილი იცლება და მოსახლეობა ქალაქებში მოდის.
  • სოფლად დასაქმებული გლეხის (ფერმერის) დიდი ნაწილის შემოსავლები არასტაბილურია და სეზონურია, ძირითადად აგროვადებზეა დამოკიდებული. ხოლო მიღებული თანხა იმდენად მწირია, რომ მთელი წლის განმავლობაში არ არის საკმარისი ოჯახის გამოსაკვებად.
  • ქვეყანაში არ არსებობს მოქნილი და ეფექტური აგროდაზღვევის სისტემა, რომელიც სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილს საშუალებას მისცემს თავი დაიზღვიონ მოუსავლიანი წლისგან ან სხვადასხვა სტიქიური უბედურებებისგან.
  • არ არსებობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღების ბაზარი, სადაც ფერმერი (გლეხი) მოახდენს მომგებიან ფასში საკუთარი საქონლის დიდი რაოდენობით რეალიზებას.
  • ძალიან დაბალია სოფლის მეურნეობაში კოოპერირების დონე. სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებულია მცირე ზომის საოჯახო მეურნეობებში და არა აგროფირმებში ან კიდევ აგროკოოპერატივებში, სადაც დაქირავებული მუშის ყოველთვიური შემოსავალი შედარებით მაღალია.
  • სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი ნატურალურ და არა ფერმერულ მეურნეობას ეწევა. რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ ხერხდება აგროსექტორის კომერციალიზაცია. მოყვანილი მოსავლის დიდი ნაწილს გლეხი იტოვებს ოჯახში პირადი მოხმარებისთვის, ხოლო ჭარბი საქონელი გააქვს ბაზარზე გასაყიდად, მაშინ, როცა მსგავს პროდუქციაზე ფასი დაბალია ან ნაკლები მოთხოვნაა. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს იმითაც, რომ გლეხი მიწას იყენებს არა როგორც ბიზნესის წარმოების ინსტრუმენტს, სადაც მთავარი მოგების მიღებაა, არამედ როგორც ოჯახის გამოკვების საშუალებას.
  • იმის გამო, რომ ქართულ სოფლებში დაბალია აგრობიზნესის წარმოების კულტურა, არ ხდება სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული მუშახელის სპეციალიზაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ არ ხდება აგროსუბიექტების მხრიდან აქცენტის გაკეთება მხოლოდ ერთი სახის კულტურების მოყვანაზე, რომელთა აგროვადები ერთნაირია. გლეხი ერთდროულად ეწევა მეცხოველეობასაც, მევენახეობასაც, მეხილეობასაც, ასევე ერთწლიანი კულტურების მოვლა-პატრონობასაც. შედეგად არ იქმნება სინერგიის ეფექტი და არა ხდება შრომა-საათების სწორი დაგეგმარება და შემდგომ განაწილება.
  • სოფლად სიმცირეა ისეთი კვალიფიციური სპეციალისტების როგორებიც არიან: აგრონომები, ტექნოლოგები, მექანიზატორები და სხვა.
  • აგროკრედით სარგებლობისთვის გლეხს ევალება ფინანსური თანამონაწილეობა. ფინანსური სახსრების არ არსებობის გამო ეს უკანასკნელი იძულებულია მიმართოს ბანკს და მიწის გირაოდ ჩადების სანაცვლოდ ისესხოს ფული. იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც აგროსექტორისთვის დამახასიათებელია იმ შემთხვეევაში, თუ გლეხი მოსავალს კარგავს პარალელურად იგი მიწასაც კარგავს.
  • ფერმერებისათვის (გლეხებისთვის) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო აგროტექნიკა არ არის ხელმისაწვდომი მისი მაღალი ფასის გამო. საოჯახო მეურნეობების შემთხვევაში ნაქირავები აგროტექნიკით სარგებლობა არარენტაბელურია.

თუ დავაკვირდებით 2009 წლიდან დღემდე დინამიკას სოფლის მეურნეობის ჩართულობის ქართულ ეკონომიკაში, აღნიშნული დარგის წილობრივი მონაწილეობა მატერიალური დოვლათის შექმნის კუთხით მზარდია და 2009 წლიდან დღემდე ზრდის ტემპმა 80% შეადგინა. დარგს განვითარების პერსპექტივა ნამდვილად გააჩნია. უბრალოდ საჭიროა სწორი მიდგომა, რომელიც მიზანმიმართული იქნება იმ მიზეზების აღმოსაფხვრელად, რომელიც საბჭოთა კავშირის, უფრო კონკრეტულად კოლმეურნეობების დაშლის შემდეგ აგროსექტორში დაგროვდა. კერძოდ  შესამუშავებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ისეთი სტრატეგია, სადაც გაწერილი იქნება აგრობიზნესის რეალური როლი და ფუნქცია ქვეყნის ეკონომიკაში. საჭიროა ძალიან კონკრეტული ხედვა, თუ რას ვითხოვთ ამ დარგისგან. მაგალითად ვაპირებთ თუ არა საქართველო გახდეს აგრარული ქვეყანა. თუ ვაპირებთ რა პროდუქციის წარმოება იქნება ჩვენთვის პრიორიტეტული, როგორც შიდა ისე საგარეო ბაზრებისთვის. ვიქნებით თუ არა ამ ბაზრებზე კონკურენტუნარიანები. სად შევძლებთ გასაღების ბაზრების მოძიებას. ეს უნდა გაკეთდეს თითოეული დასახელების პროდუქტისთვის ცალცალკე. მაგალითად ჩაის კულტურისთვის ცალკე, თუნდაც ატმისთვის და თხილისთვის ცალცალკე. რა ხარისხის სტანდარტებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ ან რა ჯიშის კულტურა ან ცხოველური პროდუქტი ესაჭიროება კონკრეტულ ბაზარს და ა.შ.

საჭიროა ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეისწავლოს მუნიციპალიტეტების დონეზე რომელი ტიპის სასოფლო სამეურნეო სამუშაოების ჩატარების შედარებითი უპირატესობის პოტენციალი გააჩნია რეგიონს, ნიადაგის ტიპის, ჰავის, წყლის გათვალისწინებით. მაგალითად ცნობილია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ცნობილი იყო როგორც რეგიონი, სადაც კარგად განვითარებული იყო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება. იგივე რაჭის მხოლოდ რამოდენიმე სოფელში მოდის ქართული უნიკალური ჯიშის ყურძენი და სხვა.

საჭიროა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს ერთიანი ხედვა იმისა, თუ როგორ რა გზებით უნდა შევქმნათ სინერგიის ეფექტი სოფლის მეურნეობაში. მაგალითად შესაძლოა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული გახდეს ფერმერული მეურნეობების ისეთი სამართლებრივი ფორმების განვითარება და ხელშეწყობა სოფლად, რომელიც ხელს შეუწყობს დარგის კომერციალიზაციას, სახნავ-სათესი მიწების მაქსიმალურ გამოყენებასა და დამუშავებას. შეიძლება ეს იყოს აგროკოოპერატივები ან სხვა ტიპის ამხანაგობები. საჭიროა ამ სახის დისკურსიაში სპეციალისტების ჩართვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

მას შემდეგ რაც გაირკვევა რა ტიპის საქონელზე იქნება მოთხოვნა შიდა და საგარეო ბაზარზე საჭირო იქნება განისაზღვროს რა ტიპის და რა რაოდენობის აგროტექნიკაზე გაჩნდება მოთხოვნა აგროსექტორში. აქ საჭიროა სტრატეგიული გეგმის შემუშავება რომელი ვარიანტი იქნება უფრო ეფექტური და გამართლებული. შეიქმნას სასოფლო მექანიზაციის პარკები როგორც დამოუკიდებელი იურიდიული სუბიექტები, თუ შემუშავდეს პროგრამა, რომელიც დაეხმარება ფერმერს ჰქონდეს საკუთარი ტექნიკა მფლობელობაში.

ზემოთჩამოთვლილი პრობლემები რეალურია და არსებითია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სწრაფ ჩარევას და  გადაწყვეტას მოითხოვს. თუ სახელმწიფოსთვის სოფლის მეურნეობის დარგი პრიორიტეტულია, მაშინ ცენტრალური ხელისუფლებისგან გადადგმული ნაბიჯებიც ადექვატური და არსებითი უნდა იყოს. შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს სხვა მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და ჩათვალოს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აგროსექტორი განვითარდეს, ფულს ხარჯავს ბიუჯეტიდან, ახორციელებს სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებს, ამაზე მეტი რა უნდა გაკეთდეს ვთქვათ. თითქოს შედეგიც სახეზეა გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი, შეიქმნა მრავალი საწარმო და ფერმერული მეურნეობა და ა.შ. მაგრამ ციფრები სამწუხაროდ სხვა რამეზე მეტყველებენ. კერძოდ კიდევ უფრო გაიზარდა იმპორტი, შემცირდა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში, ასევე შემცირდა სოფლად მცხოვრები ადამიანების საოჯახო ბიუჯეტი, რეგიონებში ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ელემენტარულ სერვისებზე და ა.შ.

ამა წლის 28 ივლისს „,მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ პრიორიტეტები სოფლის მეურნეობაში შეიცვლება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არა ნატურალურ ანუ საოჯახო, არამედ ფერმერულ მეურნეობებს. საგადასახადო კუთხით განსაკუთრებული პრივილეგიებით ისარგებლებენ ის აგროსუბიექტები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებით დაკავდებიან. თუ პრემიერის სიტყვას ოფიციალურ ნაწილს ჩამოვაცილებთ, დავინახავთ, რომ პრაქტიკულად მთავრობამ ოფიციალურად აღიარა, ის რაზეც ამ სტატიაში ვსაუბრობდი. სოფლის მეურნეობის დარგში რეფორმები ბოლო წლების განმავლობაში არასწორი მიმართულებით ვითარდება. იგივეზე მეტყველებს ყველაზე კარგი ინდიკატორი „სოფლის მოსახლეობის რაოდენობა“, რომელიც ყოველდღიურად კატასტროფულად მცირდება. ამიტომ ვამბობთ საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან რადიკალურად ახალი ხედვა, რომელიც დარგს არა 14,4%-ით არამედ უფრო მეტად განავითარებს.

ალექსი ნონიაძე

 წყარო:

  • http://www.geostat.ge
  • საქართველოს სოფლის მეურნეობა – წლიური ანგარიში 2017.
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობა, ტენდენციები ციფრებში.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული