კვირა, ივნისი 22, 2025
19.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1909

მეგი კავთუაშვილი: “იცოდეთ მაინც, სად ვართ და რატომ არის მშობლობის როლის სწორი გააზრება საჭირო”

სკოლებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი:

გუშინ ერთ-ერთ სკოლაში ვახლდი მშობელს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე წარმომადგენლად. გეტყვით რას ედავება ეს მშობელი მასწავლებელს და სკოლას. ნუ სჯიან მოსწავლეებს კუთხეში დაყენებით, სასჯელის გამძაფრების მიზნით ნუ გაჰყავთ უფროსკლასელების საკლასო ოთახებში და იქ ნუ აყენებენ ხელებაწეულებს კუთხეში და ა.შ. კიდე ერთი საინტერესო ეპიზოდი ის არის, რომ ამ მშობლის შვილს სხვა მშობლებმა საერთო ფულით ნაყიდი ტორტი ჯერ არ უწილადეს, მერე კი დააყვედრეს ეგ ტორტი მასწავლებლისთვის აგროვებული ფულით ვიყიდეთ. დედაშენს კი ფული არ დაუდია და არ გეკუთვნისო. ბავშვმა ტორტი არ ჭამა, სახლში ატირებული მივიდა და დედას უსაყვედურა, ფული რატომ არ დადეო… მოკლედ ამ ამბავს კიდევ ბევრი კუდი აქვს.

მე იმის თქმა მინდა, რომ დისციპლინურმა კომიტეტმა არც ერთ ეპიზოდში მასწავლებლის ბრალეულობა არ გამოკვეთა. მეტიც, ეს მასწავლებელი დანარჩენი მშობლებით გარშემორტყმული მოდიოდა სხდომებზე. ხმაურობდნენ, ყვიროდნენ, სხდომის ჩატარებას ხელს უშლიდნენ, პროკურატურით გვემუქრებოდნენ. შენ რას მიაღწევევ, შე ინტრიგანო, ჩვენ მეტნი ვართო – ამ გოგოს ჩვენს თვალწინ ლანძღავდნენ.

დისციპლინურმა გაამართლა მასწავლებელი. საყვედურიც არ გამოუცხადებია, არადა ცალსახად იკვეთებოდა, რომ მასწავლებლის მართული იყვნენ მშობლები და ეს გოგო თავისი შვილიანად მოძულებული და გარიყული ჰყავდათ, რაც მასწავლებლის მხრიდან ეთიკის კოდექსის ცალსახა დარღვევაა. მშობლებმა პედაგოგის თანდასწრებით განცხადებაც კი დაწერეს და თავიანთი 15 ბავშვის სხვა კლასში გადაყვანა მოითხოვეს, ოღონდ ამ გოგოს შვილი აღარ ყოფილიყო მათ კლასში.

ამ საქმეს ახლა სამეურვეო საბჭო განიხილავს, როგორც სკოლის უზენაესი ორგანო. როგორ განიხილავს, რა პროცედურებით, ამაზე ცალკე დავწერ. შემდეგი ეტაპი განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი იქნება.

მოკლედ ასეთი ამბები ხდება…

იცოდეთ მაინც, სად ვართ და რატომ არის მშობლობის როლის სწორი გააზრება საჭირო.

ცხვრის ფარად ვიდრე გვაქცევდეს ვინმე!

სოფიო ქაცარავა: “მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, საჭიროა მკაფიო გავხადოთ კავშირი შიდა რეფორმებსა და საგარეო პოლიტიკას შორის”

სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ აუდიტორიას მიმართა და სამ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რაც სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობას, პარლამენტის როლს მის განხორციელებაში და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას მოიცავს:

სტრატეგიული კომუნიკაცია ქართულ კონტექსტში არ არის მხოლოდ ბრძოლა ჰიბრიდულ საფრთხეებთან, ის ბევრად მრავლისმომცველია.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის ერთობლივი ძალისხმევით უნდა შეიქმნას პოზიტიური, პროაქტიული და ძლიერი ქართული ნარატივი, რაც ეფექტურს გახდის სტრატეგიულ კომუნიკაციებს ქვეყანაში.

ახალი კონსტიტუციით საქართველო სრულად გადადის საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემაზე, რაც შესაბამისად მისი ფუნქციების გამოყენების მაქსიმალურ შესაძლებლობას იძლევა და პარლამენტის ჩართულობა მეტ ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას შემატებს ამ პროცესს.

სისტემური ფორმატი და რეგულარული დიალოგი ჩვენს შორის შეთანხმებულ და კოორდინირებულ გზავნილებს შექმნის, რაც ნდობის გარანტია იქნება.

სტრატეგიული კომუნიკაციები ხელს უწყობს ძლიერი დემოკრატიული კულტურის კონსოლიდაციას და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირების გზაზე მიღწეული პროგრესის და გატარებული რეფორმების უკეთ წარმოჩენას.

მინდა მადლობა ვუთხრა აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის საელჩოებს თბილისში, USAID-ს და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტს მხარდაჭერისა და გაწეული სამსახურისთვის” – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ცესკო: “საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, ამ დროისთვის, მონაწილეობას იღებს 25 კანდიდატი”

როგორც დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, “ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის დასრულდა პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, ამ დროისთვის, მონაწილეობას იღებს 25 კანდიდატი, მათგან, 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 – საინიციატივო ჯგუფის მიერ“.

კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-12-ე დღისა (რაც არის 16 ოქტომბრის ჩათვლით) აქვს უფლება წერილობითი განცხადებით მომართოს ცესკოს და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი შეყვანილი იქნება საარჩევნო ბიულეტენში” – განმარტა ანა მიქელაძემ

ცესკოს პრეს-სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ:

  • არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე სულ 46 განაცხადი იყო შემოსული, მათ შორის 20 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ”;
  • საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე, სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამო, 21 კანდიდატობის მსურველს ეთქვა უარი: აქედან, ერთ საინიციატივო ჯგუფს საარჩევნო დოკუმენტაციაში ხარვეზის შეუსწორებლობის გამო, ასევე ერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არ იყო რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. რაც შეეხება 19 საინიციატივო ჯგუფს – მათ, დადგენილ ვადაში არ წარმოადგინეს მხარდამჭერთა სია და კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრაციაზე ეთქვათ უარი.
  • აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის უარის შესახებ განკარგულებები უფლებამოსილი პირების მიერ არ გასაჩივრებულა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

ირაკლი კობახიძე: კორუფციას არ დავუშვებთ ქვეყანაში!

ჟურნალისტებთან საუბრისას, “ომეგას” ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებისა და სავარაუდო კორუფციის ფაქტებთან მიმართებაში გავრცელებული ინფორმაციების კომენტირებისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი:

კორუფციას ჩვენ, ბუნებრივია, არ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, თუ სადმე არსებობს ოდნავი ეჭვი მაინც, კორუფციასთან დაკავშირებით, ეს არის შესაბამისი ორგანოების საქმე, ამაში აუცილებლად საჭიროა ჩაძიება და საჭიროა კითხვებზე პასუხის გაცემა“.

ტელეკომპანია “იბერიის” ჟურნალისტის შეკითხვაზე – “თქვენ გამორიცხავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი იდგეს ამ გარიგებების უკან?

ირაკლი კობახიძე პასუხობს: “ამას პირდაპირ ვიტყვი, გამოვრიცხავ, ეს არის აბსოლიტურად გამორიცხული, მე ვიცი ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრინციპები და მისი მიდგომა საქმისადმი. ის არის სწორედ ის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება. ეს ელიტური კორუფცია ყვაოდა საქართველოში 2012 წლამდე და სწორედ, მისი პრინციპების წყალობით, რადიკალურად შეიცვალა, ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის მართვის პრინციპები“.

გრიგოლ ვაშაძე: “ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას, ქუთაისს ჩამოართვას საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი”

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ეხმიანება პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვის საკითხს და მიმართავს საქართველოს მოსახლეობას:

გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს პატივი იდგეს ქუთაისლებთან ერთად ამ შენობის (საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში) წინ, რომელიც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სიმბოლო გახდა და ეს შენობა გახდება “ქართული ოცნების” კიდევ ერთი ტყუილის, სიცრუის და ქუთაისისადმი ზიზღის გამოხატვის სიმბოლო. ჯერ კონსტიტუციიდან ამოიღეს ის დებულება, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქუთაისი, ახლა რეგლამენტში შეაქვთ ცვლილება, რომლითაც პარლამენტი გადადის თბილისში, რაც საცობებისა და ხალხის გაღიზიანების გარდა არაფერს არ გამოიწვევს, ხოლო ქუთაისს რაც შეეხება, ცდილობენ ქუთაისს წაართვან სოციალური, პოლიტიკური როლი“.

ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატი ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ საკითხებზე:

ქუთაისში პარლამენტის და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების არსებობა ამ ქალაქის და მთელი რეგიონის განვითარების წინაპირობაა – ქმნის სამუშაო ადგილებს, იწვევს ადგილობრივი ეკონომიკის ზრდას, აჩენს მეტი ინვესტიციის ჩადების ინტერესს…
რასაკვირველია, “ქართულ ოცნებას” არ აინტერესებს მოსახლეობის კეთილდღეობა. მათთვის მთავარია ბიტკოინებისა და მარიხუანის პლანტაციები და პირადი გამდიდრება მოქალაქის ჯანმრთელობის ხარჯზე. იმ ხელისუფლების არგუმენტი, თითქოს ქუთაისში პარლამენტის არსებობა დამატებით ხარჯებს იწვევდეს, რომელმაც ამ 6 წლის განმავლობაში უტიფრად ჩაიჯიბა ასობით მილიონი პრემია-დანამატი, სასაცილოა. მით უფრო, როცა ეს მცირედი ხარჯები ადგილობრივი მოქალაქეების შემოსავლების მატებაზე პირდაპირ აისახება“.

ასე რომ, ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას, ქუთაისს ჩამოართვას საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი. ძალიან მალე “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში აღარ იქნება!” – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე

 

დავით უსუფაშვილი: “როდესაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ჭკუას ასწავლის მეუფეებს, ეს არის ფუნდამენტურად არასწორი”

“შენების მოძრაობის” ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ეხმაურება პოლიტიკოსებისა და ეკლესიის ურთიერთობას და აფიქსირებს თავის პოზიციას:

“ამ ქვეყანაში მონასტერი არეულია პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებითაც…
ჩვენ კრიზისი გვაქვს სახელმწიფოშიც და საეკლესიო წრეებშიც და ეს მხოლოდ ბოლო მოვლენებს არ უკავშირდება.

სამწუხაროდ, არასწორი ქმედებები პოლიტიკური წრეების მხრიდან, პოლიტიკოსების მცდელობები, რომ ეკლესია, სასულიერო პირები, მათი ავტორიტეტიდან გამომდინარე, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, ეს ეკლესიას აზარალებს და ვნებს.

ამიტომაც ვაცხადებ რომ, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ჭკუას ასწავლის მეუფეებს, ეს არის ფუნდამენტურად არასწორი.

პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პოლიტიკოსებს და საჯარო მოხელეებს პოლიტიკური ცხოვრების, კონსტიტუციური წესრიგის, სახელწიფოებრივი ცხოვრების ანაბანას განვუმარტავ.

განვუმარტავ, რომ არც პატრიარქის სურათებით უნდა კეკლუცობდნენ, პიარს იკეთებდნენ და ამომრჩეველს ასე ელაპარაკებოდნენ და არც პატრიარქის კალთას უნდა ეფარებოდნენ, როდესაც მძიმე და სერიოზული გადაწყვეტილებებია მისაღები”.

მამუკა მდინარაძე: “28 ოქტომბერს არჩევნები პირველივე ტურში “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდება”

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

ნაციონალური მოძრაობის” ტრენდად იქცა შემდეგი მოცემულობა – მათ გონიათ, რომ თუ გაქვს ნაწარმოები მოღალატეობრივი პოლიტიკა, შემდეგ შეგიძლია აწარმოო პიარკამპანია და მოღალატედ გამოაცხადო სხვა, მას გადააბრალო ღალატი, გადაიტანო ყურადღება მთავარი თემიდან და ამით ცოდვები მიგეტევება შენი ქვეყნის წინაშე და ამით ხალხი მოტყუვდება. ეს არის მათი ნარატივი! მაგრამ ქართული საზოგადოება ასეთ ნარატივებზე არ ტყუვდება და ეს გამოჩნდება ძალიან კარგად 28 ოქტომბერს, როცა მათი პიარკამპანია, რომელშიც ჩართულია მთელი ნაციონალური მოძრაობა თავისი ყველა აქტიური მხარდაჭერით სოციალურ ქსელებში თუ მედიის საშუალებით, თუ ყველა დანაყოფებით, დასრულდება იმით, რომ კიდევ ერთხელ განიცდიან ძალიან მწარე მარცხს პირველივე ტურში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქციის თავმჯდომარემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებების საპასუხოდ საზოგადოებას წინა ხელისუფლების ქმედებები შეახსენა.

გეტყვით რა დაზიანებები აქვს ქვეყანას მათი ღალატის შედეგად – მაამებლური განცხადებებით რომ დაიწყო 2004 წლიდან და გაგრძელდა 30-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტის გასხვისებით რუსულ კომპანიებზე. ეს გაგრძელდა შემდეგ დაკარგული კოდორით, რომელსაც ზემო აფხაზეთი უწოდეს, დაკარგული და რუსეთის მიერ აღიარებული ტერიტორიებით, დამატებით 150 დაკარგული დასახლებული პუნქტით და პროვოკაციაზე წამოგებით, რამაც კიდევ უფრო გაუხსნა ხელ-ფეხი რუსეთს რომ თავისი საოკუპაციო პოლიტიკა ეწარმოებინა საქართველოს მიმართ და თავისი ისტორიული ზრახვები კიდევ ერთხელ აღესრულებინა ჩვენ ქვეყანაში და ეს ადამიანები ლაპარაკობენ ღალატზე, რომელიც უნდა სხვას დააბრალონ ამ ყველაფრის შემდეგ. ხალხი არ მოტყუვდება! ქალბატონმა სალომემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა ვინ არის ოკუპანტი და ვინ არის დამნაშავე ამ ორ სახელმწიფოს შორის ომში, ეს არის რუსეთი და ეს არ გადაიხედება!
28 ოქტომბერს არჩევნები პირველივე ტურში “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდება და ამას უზრუნველყოფს ქართველი ამომრჩეველი, ამას უზრუნველყოფს ის ხალხი, რომლებიც “ქართულ ოცნებას” ძალიან მყარად ედგა გვერდით და ისინი ასევე გააგრძელებენ ჩვენ მხარდაჭერას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნატო ჩხეიძე ფრაქციას ტოვებს: “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქცია იშლება?

17 სექტემბერს, რუსთავი 2-ზე, თოქშოუ “არჩევანში” პარლამენტარმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ ტოვებს საპარლამენტო პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციას:

ფრაქციის დატოვებას ვაპირებ, ამას გავაჟღერებ სესიაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტში აუცილებლად მოინახება ერთი დეპუტატი მაინც, რომ ფრაქცია არ დაიშალოს და გააგრძელონ ჩვეული მოღვაწეობა, თუ მუშაობა საქართველოს პარლამენტში და მე ალბათ დავრჩები დამოუკიდებელი დეპუტატი” – განაცხადა პირდაპირ ეთერში ნატო ჩხეიძემ.

როგორც ცნობილია, პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” საპარლამენტო ფრაქცია – “საქართველოს პატრიოტები” შედგება 6 პარლამენტარისგან, ეს კი მინიმალური რაოდენობაა, რაც საქართველოს პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელადაა აუცილებელი. თუ კი ამ ფრაქციას ერთი წევრი მაინც დატოვებს და არ დაემატება სხვა ახალი წევრი, ფრაქცია ავტომატურად გაუქმდება, შესაბამისად “პატრიოტთა ალიანსი” დაკარგავს ყველა იმ პრივილეგიას, რაც გააჩნია საქართველოს პარლამენტში, ვიცე-სპიკერის პოსტის ჩათვლით.

კახა კალაძე: “თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები მთლიანად 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება”

ზაფხულის დამთავრებისთანავე სატრანსპორტო ნაკადების მატება იგრძნობა დედაქალაქში და ამასთან ერთად, ცენტრალურ უბნებში მიმდინარე გზების სარემონტო სამუშაოების გამო, სერიოზული იმატა საცობების რაოდენობამ და ხანგრძლივობამ, რაც თბილისის მცხოვრებთა თუ სტუმართა სამართლიან გულისწყრომას იწვევს.

ამასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს თბილისის მერი, კახა კალაძე:

“როგორც მოსახლეობას დავპირდით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ბარათაშვილის აღმართზე, რობაქიძის გამზირზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები მთლიანად არის დასრულებული. ჩვენ რასაც დავპირდით მოსახლეობას, რომ სასწავლო პროცესის დაწყების დროისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებული იქნებოდა, შევასრულეთ.

გზის საფარის პირველი ფენა ყველგან დაგებულია და ის ძირითადი, მტკივნეული და რთული სამუშაოები ყველგან დასრულებულია. რობაქიძის გამზირის რეაბილიტაცია მთლიანად არის დასრულებული და ასფალტის საბოლოო ფენა უკვე დაგებულია. რაც შეეხება კოსტავა-შარტავას ქუჩებსა და ბარათაშვილის აღმართს, ამ ლოკაციებზე კეთილმოწყობის სამუშაოები გაგრძელდება, რაც გულისხმობს გზაგამყოფების მოწყობას, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევით კეთდება. მოეწყობა ავტობუსებისთვის შესაბამისი ზოლები, რომ გადაადგილება უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული იყოს. მოეწყობა ახალი ბორდიური, საფეხმავლო და ველობილიკები, გარეგანათების სისტემა. ასევე, ჰაერში არსებული სადენები მიწის ქვეშ განთავსდება. ყველა ჩამოთვლილ ლოკაციაზე კეთილმოწყობის სამუშაოები მთლიანად 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება. მთავარი პრინციპული საკითხი იყო ის, რომ სწავლის დაწყების დღისთვის გზა გახსნილიყო და გადაადგილება თავისუფლად ყოფილიყო შესაძლებელი. ეს დაპირება, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო მიცემული, შესრულებულია.

მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დღისა და ღამის განმავლობაში მუშაობდა ამ კონკრეტულ ლოკაციებზე. კიდევ ერთხელ მოვუბოდიშებ განსაკუთრებით, ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარე სამუშაოების ატანა უწევდა, რაც ნამდვილად რთული იყო. მადლობას ვუხდი საზოგადოებას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც საპატრულო პოლიციის მეშვეობით მაქსიმალურად გვეხმარებოდა მოძრაობის დარეგულირებაში. მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვენს დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადაადგილება კომფორტული, ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული და ქალაქი კეთილმოწყობილი იყოს”.

ირმა ინაშვილი: “ხელისუფლება უარს არ ამბობს კანაფის წარმოების პროექტზე, არამედ გვეუბნება, რომ დაგვარწმუნებს, – რამდენად მომგებიანი და უსაფრთხოა ის ჩვენი ერისა და ქვეყნისათვის”

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება კანაფის წარმოებისა და ექსპორტის შესახებ ხელისუფლების მიერ მომზადებულ კანონპროექტს და თავისი პოზიცია 7 პუნქტად ჩამოაყალიბა:

“1. პატრიარქის ქადაგება, როგორც ყოველთვის, ორიენტირებული იყო არა ვითარების გამწვავებაზე, არამედ სტაბილურობის, მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და შეთანხმების სულისკვეთებაზე.

2. ირაკლი კობახიძის განცხადება ნიშნავს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის ავტორები და ლობისტები აქცენტს ამიერიდან პროექტის საინფორმაციო კამპანიაზე გადაიტანენ. სწორედაც რომ დათმობაა (და დათმობა არასდროს ცუდი არაა, კარგია) ამ ეტაპზე 2 კანონპროექტის ერთმანეთისგან გამიჯვნა, მაგრამ დააკვირდით: არსებითი ის გახლავთ, რომ ხელისუფლება უარს არ ამბობს კანაფის წარმოების პროექტზე, არამედ გვეუბნება, რომ დაგვარწმუნებს, – რამდენად მომგებიანი და უსაფრთხოა ის ჩვენი ერისა და ქვეყნისათვის. ირიბად გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვერ გავიგეთ წარმოდგენილი კანონპროექტის არსი და შეეცდებიან,- ეს გაგვაგებინონ. ვიმეორებ: მარტივი პოზიცია მაქვს – კონცეპტუალურად, არსებითად, ცალსახად ვეწინააღმდეგები საქართველოში კანაფის კულტივაციის პროექტს. თუ ვინმეს სურს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება ააგოს მაინც და მაინც კანაფის წარმოებასა და ექსპორტზე, მას უნდა გავაგებინოთ, რომ არსებობს ეკონომიკური წინსვლის სხვა, თანამედროვე, ბევრად უსაფრთხო საშუალებები.

3. პარალელის გავლება სხვა ქვეყნებთან (ისრაელი, საბერძნეთი და ა.შ.), სადაც კანაფის წარმოებაა დანერგილი, არასაკმარისი, უსაგნო, არასაჭირო არგუმენტია პირადად ჩემთვის. ის, რაც სასარგებლო და მისაღებია ერთი ქვეყნისთვის, სახიფათოა მეორისთვის. ისრაელს, აჯობებს, სამეცნიერო ტექნოლოგიების წარმოებაში მივბაძოთ და მივბაძოთ საკუთარი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების დაცვაში.

4. კანაფის წარმოებისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტი ხელისუფლებას დღის წესრიგიდან არ მოუხსნია. დროში გადადეს. ვიმეორებ: ფიქრობენ, რომ ეს დრო გამოიყენონ საზოგადოების ინფორმირებისათვის, რათა საზოგადოება ამ იდეის მოკავშირე გახდეს. სულ რომ ერთი დავრჩე ქვეყანაში, მაინც არ დავუჭერ მხარს წარმოდგენილ პროექტს.

5. ხელისუფლების იმ წარმომადგენლების საყურადღებოდ ვწერ, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ უნარი არ გვაქვს წაკითხული ტექსტიდან აზრი გამოვიტანოთ: რამდენჯერმე წავიკითხე თქვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი. გარწმუნებთ, არა მარტო პირდაპირ, არამედ სტრიქონებს შორის ვკითხულობ, რა გიწერიათ.

6. ვითვალისწინებთ რა, პატრიარქის პოზიციას, ჯერ ვნიშნავთ გამაფრთხილებელ აქციას, თარიღს ხვალ გამოვაცხადებთ, სავარაუდოდ, ეს 30 სექტებერი ან 6 ოქტომბერი იქნება!

7. არავითარი ნარკოლეგალიზაცია და არავითარი ნარკოპლანტაციები!”