კვირა, ივნისი 22, 2025
23.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1907

გიორგი ვაშაძე: “პოლიციელები არა მხოლოდ შეინარჩუნებენ სამსახურებს, არამედ მათი მინიმალური ხელფასი 2000 ლარი გახდება”

სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირებასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია”-ს მიერ მომზადებული კონცეფციის საზოგადოებისათვის წარდგენის შემდეგ გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით გარმარტებებს აკეთებს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე:

უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი „ქართული ოცნება“ დეზინფორმაციის გავრცელების ხრიკებს მიმართავს. ამჯერად, პოლიციელებში ისინი ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ვინმე მათი სამსახურებიდან გათავისუფლებას აპირებს. პოლიციას ჰქონდა ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და ის თავისი მუნდირით ამაყობდა. თუ ვინმემ შეურაცხყო საქართველოს პოლიცია, ეს „ქართული ოცნებაა“.

სწორედ ამიტომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული კომპლექსური და სისტემური რეფორმა გულისხმობს:

1. მექანიზმის შექმნას, რომელიც პოლიციის სრული დეპოლიტიზირების გარანტიას მოგვცემს, რომ ვეღარავინ, შეძლოს მათთვის უკანონო და პოლიტიკური დავალებების მიცემა. ვერასდროს მოაჯდება თავზე არაპროფესიონალი და პოლიტიკურად მოტივირებული შინაგან საქმეთა მინისტრი/მოადგილეები.
2. პერსონალურ გარანტიას ყველა პოლიციელისთვის, რომ არა მხოლოდ შეინარჩუნებენ სამსახურებს, არამედ მათი მინიმალური ხელფასი 2000 ლარი გახდება. თითოეულ მათგანს ექნება კარიერული განვითარების საშუალება და მაღალი სოციალური გარანტიების სისტემა.
3. ჩამოყალიბდება ორი მაღალი დამოუკიდებლობის მქონე სამსახური – ეროვნული პოლიციისა და პატრულის ერთიანი სამსახური და დამოუკიდებელი საგამოძიებო ბიურო.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არავინ აუქმებს შინაგან საქმეთა ორგანოებს”.

შეგახსენებთ, რომ ა.წ. 16 ოქტომბერს, მოწვეულ ექსპერტებსა და სტუმრებს სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირების პროექტი წარუდგინა გაერთიანებულმა ოპოზიციამ “ძალა ერთობაშია”. არაერთ სიახლესთან ერთად, წარმოდგენილი კონცეფციის თანახმად, იქმნება ორი ახალი სტრუქტურული დანაყოფი – “გამოძიების ფედერალური ბიურო” და “პატრულის ეროვნული სამსახური“.

დავით უსუფაშვილი: “ძალაუფლებაზე “ქართული ოცნების” მონოპოლიის დათმობა უნდა დასრულდეს 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით”

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ასევე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა.

“მივმართავ საქართველოს პრეზიდენტსაც, პრემიერსაც, მმართველი პარტიის ლიდერსაც, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამ ყველაზე მნიშვნელოვან დროს ისევ დაგვეკარგა, არადა მოვედიო:

თუ გააგრძელებთ ხელისუფლებაზე მონოპოლისტური სისტემის გამყარებას, გამკაცრებას, მათ შორის საკუთარი კანდიდატის ნებისმიერი გზით გამარჯვების უზრუნველყოფას, ამითი მიდიხართ ჩიხში თქვენ და მიგყავთ თან ქვეყანა. ამ ჩიხს შეელეწება „ქართული ოცნება“, ადრე თუ გვიან, ქვეყანა კი, დარჩება ჭაობში.

ამის ნაცვლად სწორი გამოსავალი არის სახელისუფლებო მონოპოლიაზე უარის თქმა!

მასშტაბური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად და დემოკრატიული განვითრების პერსპექტივის შესანარჩუნებლად გამოაცხადოს ძალაუფლებაზე „ქართული ოცნების“ მონოპოლიის დათმობის კომპლექსური გეგმა, რომელიც უნდა დასრულდეს 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით.

გეგმის შესაძლო კონკრეტულ კომპონენტებზე საუბარს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ გაზიარებული იქნება დასახული მიზანი და გადასადგმელი ნაბიჯების მიმართულება.

ძალაუფლებაზე მონოპოლიის დათმობის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ექნება პოლიტიკურ სივრცეში დარჩენის შანსი და ქვეყანა წავა წინ. აღნიშნული გეგმის მხოლოდ გამოცხადებაც კი საძალაუფლებო ბრძოლის ასპარეზად აქცევს ერთ წელიწადში გასამართ საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს გაათავისუფლებს სახიფათო დატვირთვებისგან.“ – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა

გია ხუხაშვილი: “ბადრი აღარ არის, ფარისევლები კი დღემდე ცეკვავენ მის საფლავზე”

ფარული ჩანაწერების თემას ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი. იგი იხსენებს ბადრი პატარკაციშვილთან 11 წლის წინანდელ შეხვედრას და გამოთქვამს კონკრეტულ მოსაზრებებს:

2007 წლის 3 ნოემბერს დილით ბადრიმ დამირეკა და მთხოვა მასთან მივსულიყავი ოქროყანაში. ძალიან გადაღლილი და თითქოს დაბერებული იყო 2 ნოემბერს მიღებული ემოციების შემდეგ. მითხრა, რომ ძალიან დაიღალა და უნდა წავიდეს. წავიდა და მას შემდეგ ის თბილისში აღარ ჩამოსულა. უკვე 5-ში დამირეკა და ეილათში დამპატიჟა, სადაც გულგახეთქილებმა ერთად ვუყურეთ 7 ნოემბრის მოვლენებს ტელევიზორში.

გეგმავდა თუ არა მაშინდელი ხელისუფლება ბადრის ნეიტრალიზაციას? სავარაუდოდ გეგმავდა.
განახორციელეს? სავარაუდოდ არა, რადგან ის საქართველოში აღარ ჩამოსულა.

მისი ნეიტრალიზაციის დამგეგმავები დღეს მარტო ციხეში კი არა, ხელისუფლების ყველა შტოში, მათ შორის პარლამენტშიც სხედან ქართული ოცნების მანდატებით.

ბადრი აღარ არის. ფარისევლები კი დღემდე ცეკვავენ მის საფლავზე

ფინანსური პრობლემების გამო ტელეკომპანია “იბერიამ” მაუწყებლობა შეაჩერა

გუშინ, 16 ოქტომბერს ტელეკომპანია “იბერიამ” ნაწილობლივ შეაჩერა მაუწყებლობა, ღამიდან კი არხმა გათიშა მაუწყებლობა და ეკრანზე გამოჩნდა წარწერა – “ხელისუფლებამ დახურა იბერია!!!“.

არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ვახო ხუზმიაშვილის განმარტებით ტელეკომპანიას პრობლემები ხელისუფლების მიზეზით შეექმნა.

ახლა რაც ხდება ტელეკომპანია “იბერიაში”, რომ ვერ გავა პოლიტიკური თოქ-შოუები, საინფორმაციო გამოშვება, ამაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის ხელისუფლებას. ქვეყნის ხელისუფლებამ მოახერხა, რომ არჩევნებამდე 12 დღით ადრე შეეჩერებინა ჩვენი მაუწყებლობა” – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

არხის ერთერთი დამფუძნებლის, საქართველოს პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძის აზრით კი – ტელეკომპანიისთვის პრობლემების შექმნას და მის დახურვას ხელისუფლება 2 წლის განმავლობაში გეგმავდა:

“იბერიამ შეწყვიტა მაუწყებლობა, ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რასაც აგერ 2 წლის განმავლობაში აკეთებდა და ემზადებოდა, ამ დღისთვის და რასაც აგვისტოდან ხმამაღლა საუბრობდა “იბერიაც” და “ომეგა ჯგუფიც”. ძალიან სამწუხაროა ეს ვითარება, მაგრამ სამწუხაროა ეს, არა მხოლოდ იბერიისთვის, არამედ ქვეყნისთვის, რადგან, როდესაც ასეთი მეთოდებით ებრძვი მედიას, ეს არასდროს სასიკეთოდ არ აისახება, ხოლმე, ხელისუფლების მოქმედებაზე“.

 

სააგენტო “პარალელი” სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია “იბერია”-ს თანამშრომლებს და იმედს გამოთქვამს, რომ არხის მაუწყებლობა უმოკლეს ვადაში აღდგება და ჟურნალისტები, ტელეკომპანიის თანამშრომლები კვლავ გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.

 

ლარის კურსი – 17.10.2018

16 ოქტომბრის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც დღეიდან შევიდა ძალაში:
1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება –  2.6855 ლარია, რაც წინა დღის კურსთან შედარებით 0.0191 ლარით არის გაუფასურებული, რაც საკმაოდ საგანგაშოა. უფრო მეტად გაუფასურდა ლარი ევროსთან მიმართებაში – 1 ევროს ოფიციალური ღირებულება – 3.1095 ლარია და წინა კურსთან შედარებით გაუფასურდა 0.0170 ლარით.

P.S. სავარაუდოა, რომ ოქტომბერ-ნოემბერში ლარის კურსი იქნება არასტაბილური და გარკვეული “პაუზებით” გააგრძელებს ვარდნას

გაგაცნობთ ლარის კურს სხვა ვალუტებთან მიმართებაში*:

AED 10 არაბეთის გაერთიანებული საამიროების დირჰამი 7.3115 + 0.0520
AMD 1000 სომხური დრამი 5.5508 + 0.0587
AUD 1 ავსტრალიური დოლარი 1.9137 + 0.0096
AZN 1 აზერბაიჯანული მანათი 1.5844 + 0.0113
BGN 1 ბულგარული ლევი 1.5900 + 0.0088
BRL 1 ბრაზილიური რიალი 0.7187 + 0.0133
BYN 1 ბელარუსული რუბლი 1.2671 + 0.0108
CAD 1 კანადური დოლარი 2.0705 + 0.0219
CHF 1 შვეიცარიული ფრანკი 2.7189 + 0.0122
CNY 10 ჩინური იუანი 3.8812 + 0.0279
CZK 10 ჩეხური კრონა 1.2050 + 0.0057
DKK 10 დანიური კრონი 4.1680 + 0.0228
EGP 10 ეგვიპტური გირვანქა 1.4995 + 0.0108
EUR 1 ევრო 3.1095 + 0.0170
GBP 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5508 + 0.0432
HKD 10 ჰონკონგური დოლარი 3.4263 + 0.0242
HUF 100 უნგრული ფორინტი 0.9653 + 0.0092
ILS 10 ისრაელის შეკელი 7.3699 + 0.0072
INR 100 ინდური რუპია 3.6470 + 0.0371
IRR 10000 ირანული რიალი 0.6394 + 0.0045
ISK 100 ისლანდიური კრონი 2.3103 + 0.0095
JPY 100 იაპონური იენი 2.3969 + 0.0109
KGS 100 ყირგიზული სომი 3.8819 + 0.0371
KRW 1000 სამხრეთ კორეული ვონი 2.3808 + 0.0304
KWD 1 ქუვეითური დინარი 8.8660 + 0.0689
KZT 100 ყაზახური ტენგე 0.7339 + 0.0162
MDL 10 მოლდოვური ლეი 1.5839 + 0.0117
NOK 10 ნორვეგიული კრონი 3.2985 + 0.0252
NZD 1 ახალზელანდიური დოლარი 1.7671 + 0.0235
PLN 10 პოლონური ზლოტი 7.2442 + 0.0445
QAR 10 კატარული რიალი 7.3406 + 0.0512
RON 10 რუმინული ლეი 6.6621 + 0.0357
RSD 100 სერბიული დინარი 2.6296 + 0.0141
RUB 100 რუსული რუბლი 4.1008 + 0.0380
SEK 10 შვედური კრონი 3.0138 + 0.0365
SGD 1 სინგაპურული დოლარი 1.9520 + 0.0151
TJS 10 ტაჯიკური სომონი 2.8499 + 0.0194
TMT 10 თურქმენული მანათი 7.6948 + 0.0547
TRY 1 თურქული ლირა 0.4642 + 0.0058
UAH 10 უკრაინული გრივნა 0.9616 + 0.0066
USD 1 აშშ დოლარი 2.6855 + 0.0191
UZS 1000 უზბეკური სუმი 0.3269 + 0.0015
ZAR 10 სამხრეთაფრიკული რანდი 1.8790 + 0.0332

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

შენიშვნა: ლარის კურსი პერიოდულად განახლდება, ამ ბმულზე

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება მირზა სუბელიანის მიერ თვითმკლელობის მცდელობის ფაქტზე

როგორც ცნობილი გახდა ა.წ. 15 ოქტომბერს სუიციდის მცდელობას ჰქონდა ბრალდებულ მირზა სუბელიანს. ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური:

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ გუშინ საღამოს, 2018 წლის 15 ოქტომბერს, ბრალდებულ მირზა სუბელიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას, რაც დროულად იქნა აღკვეთილი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ. 

გუშინ საღამოსვე, მოცემულ ფაქტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა. 

ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ ის იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ გავრცელდა პენიტენციალურ დაწესებულებაში გაკეთებული ფარული ჩანაწერი, სადაც ბრალდებულ მირზა სუბელიანთან ერთად საუბრობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ჯაფარიძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელი დავით ცუხიშვილი.

აღნიშნულ ფარულ ჩანაწერში მირზა სუბელიანი დეტალურად საუბრობს კონკრეტულ საქმეებზე, რომელთა მოგვარებაშიც იყო იგი ჩართული. გარდა ამისა ბრალდებული საუბრის დროს ყვება იმის შესახებაც, თუ როგორი მძიმე შეცდომები იქნა დაშვებული ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში. გაჟღერდა სხვა უმძიმესი სკანდალური ფაქტებიც. სუბელიანი ასევე აღნიშნავდა, რომ მას შესთავაზეს საკუთარი ნებით ციხეში ჩაჯდომა და ეს უნდა გაეკეთებინა “სახელმწიფოს გადასარჩენად”, რასაც საუბრის დროს არაერთხელ იმეორებს.

საქართველოს თავდაცვის სისტემაში რეზერვის სამსახურის ფუნქცია და მნიშვნელობა: ნაწილი I – საერთაშორისო გამოცდილება

საქართველო დღეს მრავალი შიდა და გარე სამხედრო საფრთხეების წინაშე დგას,  რაც მსოფლიოში არსებულ ძალთა ბალანსითა და ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობით არის განპირობებული. საქართველოს ტერიტორიაზე გადის მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზა, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის სავაჭრო ბაზრებს ერთმანეთთან, ასევე ევროპის ქვეყნებს კასპიის ზღვის ენერგორესურსებთან აკავშირებს და „აბრეშუმის დიდი გზის” სახელით არის ცნობილი. „აბრეშუმის დიდი გზა” იგივე მიმართულების ჩრდილოეთის სატრანსპორტო დერეფანთან (ყაზახეთი-რუსეთი-ბელორუსი) მიმართებაში უფრო კონკურენტუნარია და საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს ევროპის ქვეყნებისათვის მიიღონ იაფი საქონელი და ენერგორესურსები აზიიდან. „აბრეშუმის დიდი გზის” აღდგენა მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობაზე. ეთნოკომფლიქტების სახით ამ რეგიონში დღემდე არსებული ღია სამხედრო კერები და დაძაბულობა ხელს უშლის აღნიშნული პროექტის განხორციელებას, რაც ხელს აძლევს სამხედრო დაპირისპირებაში ჩართულ მესამე მხარეს, რუსეთს ფედერაციას „ევაჭროს” ევროპის ქვეყნებს გლობალურ პოლიტიკაში. მეორეს მხრივ კავკასიის რეგიონში მცხოვრები მრავალეროვანი ეთნოსი, რომელთაც  საკუთარი სეპარატისტული ამბიციები გააჩნიათ, ქმნის მუდმივი სამხედრო დაძაბულობის ფონს. განსაკუთრებით ეს აღნიშნება საქართველოში. ჩვენმა ქვეყანამ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე გადაიტანა რამდენიმე სამოქალაქო ომი და მრავალი პარტიზანული ბრძოლა. ხოლო 2008 წლის რუსეთთან ომის შედეგად საქართველომ თავისი ტერიტორიის 1/3 დაკარგა და მომავალშიც არსებობს სამხედრო აგრესის განახლების რისკი.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად საფრთხეს უქმნის საქართველოს, ეს გლობალიზაციის პროცესია, რომელისთვისაც დამახასიათებელია კონკრეტული ეროვნული ინტერესების ზოგადი გლობალურ-ეკონომიკური ინტერესებით ჩანაცვლება. არსებობს მოსაზრება, რომ ეროვნულმა სახელმწიფოებმა უკვე ამოწურეს საკუთარი რესურსი და ისინი მხოლოდ აფერხებენ საერთო ზოგადსაკაცობრიო განვითარების პროცესს. აქ იკვეთება რამდენიმე სუბკულტურისა და ცივილიზაციის ინტერესთა დაპირისპირება. მომავალში საკითხი ასე დგას, თუ რომელი ცივილიზაციური კერა იდგება კაცობრიობის გლობალიზაციის პროცესის ავანგარდში. არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე „დაპირისპირება” სამხედრო კონფლიქტსა და ომებშიც გადაიზარდოს, რაც თავის მხრივ მცირე სახელმწიფოებს ისეთი, როგორიც არის საქართველო სამხედრო საფრთხეს უქმნის და ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ამ კუთხით ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების საფუძველზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გააკეთა თავისი არჩევანი ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების სასარგებლოდ.

ევროსტრუქტურებში და ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსში (NATO) ინტეგრაციას საქართველოსთვის დიდი ეკონომიკური და სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველოს დღევანდელი თავდაცვის პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის პირდაპირი აგრესიისაგან დაცვისა და NATO-სთან თავსებადობის მიღწევაზე. როგორც „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია”-ში ვკითხულობთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში შედის:

  1. ეროვნული უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემის განვითარება.
  2. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია.

საქართველო NATO-ს ურთიერთობას საფუძველი ჩაუყარა 1993 წლის 20-21 ოქტომბერს NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ტრავემუნდში (გერმანია) ამერიკის ინიციატივით შემოთავაზებულმა პროგრამამ ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” (PFP). აღნიშნული პროგრამის მიზანი იყო ნდობა დაემყარებინა NATO-ს, ევროპაში NATO-ს არაწევრ სახელმწიფოებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის. ამ პროგრამას საქართველო  1994 წლის 23 მარტს შეუერთდა.

2004 წლის 29 ოქტომბერს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელთანაც NATO-მ IPAP-ის ფორმატში დაიწყო თანამშრომლობა. აღნიშნული პროგრამა მართალია არ წარმოადგენდა NATO-ში საქართველოს გაწევრიანების მექანიზმს, მაგრამ IPAP-ში გაწერილი გეგმის თანახმად საქართველომ ალიანსის წინაშე კონკრეტული ვალდებულებები აიღო თავდაცვის, უსაფრთხოებასა და სამხედრო სფეროში, რომელიც მას NATO-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებაში დაეხმარებოდა. 2008 წლიდან IPAP-ის პროგრამა ახალმა ANP-ის პარტნიორობის პროგრამამ ჩანაცვლა. თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასა და NATO-ს მთავარსარდლობას შორის კვლავაც აქტიურად გრძელდება. ორივე მხარე ცდილობს შეიმუშავონ ქმედითი მექანიზმები  ჩვენი ქვეყნის ალიანსში გასაწევრიანებლად.

NATO-სთან ურთიერთობის შედეგად დღის წესრიგში აქტიურად დადგა საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირების საკითხი. NATO-ს  სტანდარტების მოთხოვნების თანახმად: ალიანსის წევრი ან წევრობის კანდიდატი ქვეყნები, რეკრუტირების, ანუ სავალდებულო გაწვევის სისტემიდან საკონტრაქტო სისტემაზე უნდა გადავიდნენ. საჭიროა საქართველოში შეიქმნას ამ სტანდარტების თავსებადი პროფესიული არმია, რომელიც დაფუძნებული იქნება არა ჯარისკაცების რაოდენობაზე, არამედ მათი მომზადების ხარისხსა და მოტივაციაზე.

ამის გარდა საქართველო ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების მონაწილეა. შეიარაღების ყველა სახეობასა და რაოდენობაში – საჰაერო, ჯავშანტექნიკა, ცოცხალი ძალა – ჩვენი კვოტა გაგვაჩნია. ამიტომ, შიდა და გარე საფრთხეების მიუხედავად,  საქართველოს არ შეუძლია, ჰყავდეს უსაზღვროდ დიდი არმია.

რადგან საკონტრაქტო ჯარში გაწვევა შეზღუდულია, ქვეყანას აუცილებლად სჭირდება რეზერვი, რომელიც პროფესიული ჯარის დამხმარე ძალას წარმოადგენს. ცხადია, საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, რომლისთვისაც სამხედრო სარეზერვო ძალების ყოლა აუცილებელია. ზოგადად, სარეზერვო ძალები ყველა განვითარებულ სახელმწიფოს გაჩნიათ. განსაკუთრებით რეზერვი ესაჭიროება იმ პატარა ქვეყნებს, რომელთათვისაც რთულია დიდი ჯარის შენახვა და ამავდროულად სურთ, რომ საგარეო საფრთხისგან დაცული იყვნენ. ასეთი სახელმწიფოებია, მაგალითად – ესტონეთი, ლატვია, ფინეთი, შვედეთი, დანია. ამ ქვეყნებში სახელმწიფო ტერიტორიის დასაცავად, შეიარაღებული ძალების მზადყოფნასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა რეზერვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლებასაც ენიჭება.

ნებისმიერ ეპოქაში ჯარი საზოგადოების ერთ-ერთ სანიმუშო ნაწილს წარმოადგენს და მისი ყველა ნეგატიური თუ პოზიტიური მხარე, ყველა მისი ნაკლი და ღირსება შეთვისებული აქვს მას. ჯარი ან არმია – სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების კრებითი სახელწოდებაა, რომელიც აერთიანებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სამხედრო ძალებს (ჯარებს). სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ჯარის უმთავრეს დანიშნულებას შეიარაღებული ბრძოლის წარმოება წარმოადგენს. სახელმწიფოს მიმართ სამხედრო ფართომასშტაბიანი აგრესიის შემთხვევაში ქვეყანაში რეგულარული ჯარის ნაწილები საკმარისი არ არის, ამიტომ ყველა თავდაცვისუნარიან სახელმწიფოს რეზერვისა და მობილიზაციის მოქნილი და ეფექტური სისტემა გააჩნია.

ამერიკის შეერთებული შტატები – აშშ-ს შეიარაღებული ძალები შედგება რეგულარული ჯარის ერთეულებისა და სარეზერვო ძალების კომპონენტებისაგან (ნაციონალური გვარდია და სამხედრო ძალების სახეობების მიხედვით რეზერვი). შეიარაღებული ძალების მთავარსარდალობას აშშ-ს პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრის მეშვეობით ახორციელებს. ნაციონალური გვარდიის და სარეზერვო ძალების ფედერალურ დონეზე მართვა, ჯარის სხვა რეგულარული ნაწილების მსგავსად, სტრუქტურულად ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ ფუნქციონალურად ერთმანეთისგან განსხვავებული, ადმინისტრაციული და ოპერატიული მიმართულების მიხედვით ხორციელდება. ადმინისტრაციული მმართველობა (შეიარაღებული ძალების მშენებლობა) ხორციელდება ჯარის სახეობების მიხედვით სამინისტროების (სარდლობის), ხოლო ოპერატიული მმართველობა (სამხედრო ნაწილების წვრთნა და საბრძოლო ოპერაციებში ხელმძღვანელობა) – გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელობის მეშვეობით. გაერთიანებული შტაბების (გენშტაბის) თავჯდომარე წარმოადგენს კოორდინატორს სხვადასხვა სახეობის ჯარის სარდლობას შორის და სამხედრო საკითხებში პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველია. გაერთიანებული შტაბები შეიქმნა 1947 წელს „ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ” კანონის საფუძველზე. ამ კანონის თანახმად გაერთიანებული შტაბის ფუნქციაში შედის უზრუნველყოს აშშ-ს შეირაღებული ძალების  ნაწილების (მათ შორის სარეზერვო ძალების) ოპერატიული მართვა, რათა შესაძლებელი იყოს სტრატეგიული მიზნებისათვის მათი ეფექტური გამოყენება და ჯარის დანარჩენ  ნაწილებთან ინტეგრირება.

აშშ-ში სარეზერვო ძალები იყოფიან ორგანიზებულ და არაორგანიზებულ ნაწილებად. რეზერვის ორგანიზებულ ნაწილს მიეკუთვნება ნაციონალური გვარდია (National Guard of the United States), რომლიც ყოველი შტატის ტერიტორიაზე არსებობს. არაორგანიზებულ ნაწილს მიეკუთვნება თადარგში დათხოვნილი სამხედრო  მოსამსახურეები, რომლეთაც გააჩნიათ შესაბამისი სამხედრო მომზადება და გამოცდილება. ნაციონალური გვარდია ექვემდებარება როგორც შტატის ისე ფედერალურ მთავრობებს. ნაციონალური გვარდიის ნაწილების ჩართვის უფლება ტექნოგენური და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებში (11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმა, ქარიშხალი – „კატრინა”) შტატის მთავრობას გააჩნია, ხოლო საბრძოლო ოპერაციებში მათი მონაწილეობის მიღების (მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ – ერაყის, ავღანეთის ომები) გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ღებულობს თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბების თავჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე. რეზერვის არაორგანიზებული ნაწილების ჩართვა საბრძოლო ოპერაციებში შესაძლებელია მხოლოდ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში.

ნაციონალურ გვარდიაში სამხედრო სამსახურის გავლა ითვალისწინებს:

  • რეზერვისტთა სამხედრო სამსახურის შეთავსებას სამოქალაქო სპეციალობით მათ ძირითად საქმიანობასთან;
  • რეზერვისტთა სამხედრო სამსახურში გამოყენებას მათი სამოქალაქო კვალიფიკაციის ან/და სამხედრო-სპეციალური ცოდნის მიხედვით.

ნაციონალურ გვარდიაში სამხედრო სამსახურის გავლა ნებაყოფლობითია ორივე სქესისთვის. ნაციონალურ გვარდიის რეზერვისტი ვალდებულია დასვენების დღეებში ყოველწლიურად 48-ჯერ გაიაროს ოთხსაათიანი მომზადების პროგრამა. ასევე ყოველწლიურად ჯარის რეგულარულ ნაწილებთან ერთად გაიაროს ორკვირიანი სავალდებულო წვრთნები. დამსაქმელ ორგანიზაციას კანონით ეკრძალება ხელი შეუშალოს რეზერვისტს საკუთარი სამხედრო მოვალეობების შესრულებაში. ნაციონალური გვარდიის რეზერვისტები ჯამაგირის გარდა,  სხვადასხვა სოციალური პროგრამების ფარგლებში სარგებლობენ შეღავათებით, როგორც სამხედრო მოსამსახურეები.

დიდი ბრიტანეთი – სახმელეთო ჯარები გაერთიანებული სამეფოს შეირაღებული ძალების ყველაზე მრავალრიცხოვან სამხედრო ფორმირებას წარმოადგენს. სახმელეთო  ჯარების ფუნქციებში შედის: ნაციონალური ინტერესების დასაცავად სამხედრო ოპერაციების წარმოება, ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების ეგიდით სხვადასხვა სამშვიდობო და ჰუმანიტარულ მისიებში მონაწილეობის მიღება, ტექნოგენური და სტიქიური უბედურებების გამომწვევი მიზეზებისა და მათი შედეგების ლიკვიდაცია. დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ქვეყნის მონარქია, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან არსებული თავდაცვის საბჭოს მეშვეობით ახორციელებს თავის ფუნქციებს.

გაერთიანებული სამეფოს სახმელეთო ძალები შედგება რეგულარული ჯარის ნაწილებისგან და რეზერვისგან. 1996 წელს მიღებულ „სარეზერვო ძალების შესახებ” კანონში დეტალურად არის გაწერილი სარეზერვო სამსახურში გაწვევის წესები და პირობები, რეზერვისტთა უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე რეზერვში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან აღებული სოციალური ვალდებულებები.

სარეზერვო ძალები ორ ნაწილად იყოფა: სავალდებულო და ნებაყოფილობითი რეზერვი (ტერიტორიული არმია). ტერიტორიული არმიის ნაწილები განლაგებულნი არიან ქვეყნის მთლიან მასშტაბით, სადაც კი იმყოფება მათთვის გამოყოფილი სამხედრო-მოსამზადებელი ცენტრები. ასეთ ცენტრებში რეზერვისტთა რაოდენობა 30-დან 600 კაცამდე აღწევს. ტერიტორიული არმიის ფუნქციები არამარტო რეგულარული ჯარის წინაშე დასმულ ამოცანების შესრულებას მოიცავს, არამედ კიდევ სხვა ფუნქციებიც გააჩნია, კერძოდ: ტოტალური ომის პირობებში რეგულარული სამხედრო ნაწილების შევსება/ჩანაცვლება, სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის უზრუნველყოფა, ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობის მიღება და სხვა.

ტერიტორიული არმიის დაკომპლექტება რეზერვისტ-კონტრაქტიკებისაგან ხორციელდება. გარდა ამისა 1881 წელს ჩატარებული სამხედრო რეფორმის თანახმად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში არსებობს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული პრინციპით განლაგებული პოლკები, რომელთაც მობილიზაციის შემთხვევაში ევალებით დიდი ბრიტანეთის შეირაღებული ძალების შევსება რეზერვისტებით. რეზერვისტთა აყვანა სამხედრო სამსახურში ქვეყნის ტერიტორიაზე ხორციელდება სამხედრო-მოსამზადებელ ცენტრებში სპეციალურად გამოყოფილი ოფიცრების მიერ, იგივე მოვალეობას ქვეყნის საზღვრების გარეთ გენერალური კონსული ახორციელებს. კონტრაქტი რიგითი  ჯარისკაცთა შემადგენლობასთან ფორმდება 3, 6 ან 9 წლის, ხოლო ოფიცერთა შემადგენლობასთან 19-25 წლის ვადით. სამხედრო სამსახურში აყვანამდე რეზერვისტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს დამსაქმებელი ორგანიზაცია ინფორმირებულია და თანახმა რეზერვისტმა იმსახუროს სამხედრო სამსახურში. რეზერვისტმა სამხედრო მომზადებას ყოველწლიურად რამდენჯერმე გადის, მაგრამ მისი ხანგძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 50 დღეს, ხოლო ერთ გამოძახებაზე 21 დღეს. რეზერვისტების სამხედრო სამსახური ანაზღაურებადია და ითვალისწინებს სხვადასხვა სახის სოციალურ პროგრამებში (უფასო სამედიცინო მომსახურება და სხვა) ჩართულობას.

სავალდებულო სარეზერვო ძალების დაკომპლექტება აშშ-ს მსგავსად რეზერვში მყოფი პროფესიული სამხედრო მომსამსახურეებისგან ხორციელდება, რომელთა სამხედრო შეკრებებზეც გამოძახებაც ასევე პერიოდულად თავდაცვის სამინისტროს მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით ხდება.

ისრაელი – ისრაელის სამხედრო დოქტრინა ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობით განპირობებული. ისრაელის შეიარაღებული ძალების წინაშე დასმული ამოცანების შესრულება საგარეო და საშინაო საფრთხეებისაგან თავდაცვაზეა ორიენტირებული. ისრაელის სახელმწიფოს საკუთარი ადამიანური, ფინანსურ-ეკონომიკური, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივი საზღვრების გათვალისწინებით არ გააჩნია „ქვეყნის სიღმეში” ხანგძლივი ომის წარმართვის უნარი. ამიტომ ისრაელის სამხედრო დოქტრინის პრიორიტეტია სწრაფი და მობილური შეიარაღებული ძალების ყოლა, რათა მოულოდნელი და სწრაფი დარტყმებით მოწინააღმდეგეს რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს. აღნიშნულიდან გამომდინარეობს ისრაელის შეიარაღებულ ძალების რეზერვირებისა და მობილიზაციის სისტემის ფუნქციონირების პრინციპიც. სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას ექვემდებარება 18 წელს გადაცილებული ისრაელის ყველა მოქალაქე (მათ შორის ის პირებიც, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა გააჩნიათ) სქესის მიუხედავად. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის დამთავრების შემდეგ ყოველი რეზერვისტი ვალდებულია ყოველწლიურად გამოცხადდეს სამხედრო შეკრებაზე და გაიაროს 45 დღიანი სამხედრო მომზადება და წვრთნები. რეზერვის შეკრებებზე გამოცხადებას ექვემდებარება ყველა მოქალაქე 45 წლის ასაკის ფარგლებში.

შვეიცარია – ნეიტრალური სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. შვეიცარიას მუდმივი ნეიტრალიტეტის მიუხედავათ საკმაოდ კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი ჯარი გააჩნია. მისი შეირაღებული ძალები რეგულარული სამხედრო ნაწილებისგან და რეზერვისაგან შედგება. მიუხედავათ იმისა, რომ რეგულარული ჯარის რიცხოვნობა არ აღემატება 22 ათას ჯარისკაცს, ტოტალური ომის პირობებში დროის ძალიან მცირე მონაკვეთში მას 650 ათასი ჯარისკაცის მობილიზება შეუძლია. რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის გამართული მუშაობა ქვეყანას  საშუალებას აძლევს მცირე დანახარჯებით საკმაოდ ეფექტური და მობილური შეიარაღებული ჯარის ნაწილები იყოლიოს. შვეიცარის სამხედრო რეზერვის მოდელი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს ქვეყნის თავდაცვის სისტემა სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის პრინციპის საფუძველზე. რეზერვისტების პირველადი მომზადების პროგრამა 90 დღიანია და სამხედრო შეკრების დასრულების შემდეგ რეზერვისტზე გაიცემა კუთვნილი იარაღი, საბრძოლო მასალა და ფორმა, რომელითაც იგი საერთო მობილიზაციის შემთხვევაში შეკრების ადგილზე უნდა გამოცხადდეს. იმ შემთხვევაში თუ რეზერვისტი გადაწყვეტს გააგრძელოს პროფესიული სამხედრო კარიერა, მაშინ მას დამატებით 100 დღიანი ოფიცრის კურსების გავლა მოუწევს.

რეზერვისტის გამოცხადება სამხედრო შეკრებებზე სავალდებულოა. არ გამოცხადება ისჯება კანონით და იგი ეხება ყველა სამხედროვალდებულ პირს მიუხედავათ საზოგადოებრივი, ქონებრივი ან/და თანამდებობრივი სტატუსისა. ყველა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია ვალდებულია ხელი შეუწყოს რეზერვისტს თავისი მოვალეობის შესრულება. რეზერვისტს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. რეზერვისტები სამ ასაკობრივ ჯგუფად იყოფიან:

  • I ასაკობრივ ჯგუფს „აუსცუგი” – 32 წლამდე რეზერვისტები განეკუთვნებიან, რომლებიც სამხედრო ნაწილში 10 წლის განმავლობაში 8-ჯერ გადიან 3 კვირიან სამხედრო მომზადების კურსს.
  • II ასაკობრივ ჯგუფს „ლანდვერი” – 42 წლამდე რეზერვისტები განეკუთვნებიან, რომლებიც 10 წლის განმავლობაში 3-ჯერ გადიან 2 კვირიან სამხედრო მომზადების კურსს.
  • III ასაკობრივ ჯგუფს „ლანდშტურმი” – 50 წლამდე რეზერვისტები განეკუთვნებიან, რომლებიც 8 წლის განმავლობაში ერთხელ გადიან 2 კვირიან სამხედრო მომზადების კურსს.

51 წლის ასაკის შვეიცარიის მოქალაქეები რეზერვის სამსახურის აღრიცხვიდან ავტომატურად იხსნებიან, რის შემდეგად ისინი ვალდებულნი არიან სამხედრო უწყებას ჩააბარონ მათზე გაცემული იარაღი, აღჭურვილობა, ტყვია-წამალი და ფორმა.

ესტონეთი – თავდაცვის ლიგა (კაიტსელიტი) წარმოადგენს მოხალისეებით დაკომპლექტებულ ესტონეთის ეროვნული თავდაცვის სამხედრო ორგანიზაციას, რომლის მიზანია დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და კონსტიტუცია. თავდაცვის ლიგა შეიარაღებულ ძალებთან ერთად შედის ესტონეთის თავდაცვის ძალებში. თავდაცვის ლიგა თავდაპირველად შეიქმნა გასული საუკუნის დასაწყისში სახალხო მოძრაობის სახით, რომელიც იარაღით ხელში იცავდა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას. აღნიშნულმა ორგანიზაციამ დღემდე შეინარჩუნა საკუთარი მდიდარი ტრადიციები, სტრუქტურა და მიზანი. 1992 წელს ესტონეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ მთავრობამ თავდაცვის ლიგა ოფიციალურად შეიყვანა  ქვეყნის თავდაცვის სისტემაში, დაუბრუნა რა მას ადრე კუთვნილი ტირები, შეირაღება, სამხედრო აღჭურვილობა და მოამარაგა საბრძოლო მასალით. თავდაცვის ლიგა ფუნქციონირებს ესტონეთის კანონმდებლობისა და 1930 წელს მიღებული საკუთარი წესდების საფუძველზე. ლიგის მეთაურსა და შტაბის უფროს ნიშნავს რესპუბლიკის მეთაური გენშტაბის უფროსის წარდგინებით.

ესტონეთის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის პრინციპით მოქმედებს თავდაცვის ლიგის ადგილობრივი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც მრავალმხრივია და მხოლოდ სარეზერვო ძალების წვრთნასა და აღჭურვას არ ეხება. ორგანიზაციაში გაერთიანების უფლება აქვთ როგორც ესტონეთის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც. ლიგის წევრები სამ ჯგუფად იყოფიან: მოქმედ, დამხმარე და ვეტერან წევრებად. თავდაცვის ლიგა აქტიურად მონაწილეობს როგორც ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხედრო წვრთნაში, ისე NATO-ს ეგიდით ჩატარებულ წვრთნებსა და სამშვიდობო ოპერაციებში.

განვითარებულ ქვეყნებში დახვეწილი სამობილიზაციო სისტემა „სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის პრინციპით” ფუნქციონირებს.იგი თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციითა და ეროვნული სამხედრო სტრატეგით განსაზღვრულ მიზნებთან და ამოცანებთან. სარეზერვო ძალებს სახელმწიფოში ამოცანების ფართო სპექტრის შესრულება უწევთ, რაც გულისხმობს ომის პირობებში რეგულარული სამხედრო დანაყოფების შევსება/ჩანაცვლებას, სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის უზრუნველყოფას, ანტიტერორისტულ ოპერაციებში, კრიზისის (ომის) შემდგომ პერიოდში სტაბილიზაციისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას, მათ შორის ტექნოგენური კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციას. სარეზერვო დანაყოფები ემორჩილებიან უმაღლეს მთავარსარდალს, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში  ქვეყნის მეთაური წარმოადგენს.

საქართველოში რეზერვისტთა შეკრებებზე გაწვევა 2005 წლიდან დაიწყო. სამწუხაროდ სამი წლის შემდეგ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მოვლენებმა ნათლად დაანახა ფართო საზოგადოებას სამხედრო სარეზერვო ძალებში არსებული ნაკლოვანებები. აგვისტოს ომში რეზერვისტების ამოცანა იყო დახმარება გაეწიათ რეგულარული ჯარის ნაწილებისათვის მტრის შემოტევის შეჩერებაში, ხოლო უკან დახევის შემთხვევაში სამხედრო ტექნიკისა და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განეხორციელებინათ. ვერცერთ ამოცანას რეზერვის სამსახურმა თავი ვერ გაართვა და მხოლოდ საბედნიერო შემთხვევითობის წყალობით ცოცხალი ძალის დანაკარგები სარეზერვო ნაწილებში  უმნიშვნელო იყო.

2009 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულმა შტაბმა გამოაქვეყნა „საქართველოს სამხედრო რეზერვის კონცეფცია”, სადაც ქვეყნის თავდაცვის უწყება კრიტიკულად აფასებს სამხედრო რეზერვის სფეროში დაშვებულ შეცდომებს. კონცეფციის ავტორების აზრით რეზერვისტთა მომზადებაში დაშვებული შეცდომები ისეთი ნაკლოვანებებით იქნა განპირობებული, როგორიცაა რეზერვის შეკრების არასაკმარისი ხანგრძლივობა, მომზადების დაბალი ხარისხი, რეზერვისტთა უმრავლესობის მიერ სამხედრო საქმის არცოდნა, სერჟანტთა და ოფიცერთა ასეთ პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილების არ არსებობა და სხვა.

ქართულმა სახელმწიფომ მცდელობის მიუხედავათ პირველ ეტაპზე ვერ შესძლო ეფექტური სარეზერვო სამსახურის შექმნა. მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და კვლავაც აქტუალურია. რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის რეფორმირება მრავალმხრივი და რთული პროცესია, რომელიც ყველა განვითარებულმა სახელმწიფომ საწყის ეტაპზე გაიარა. საქართველოში რეფორმის ჩატარება სხვა სახელმწიფოებთან შედარებით მარტივი უნდა იყოს, რადგან მას პირველს არ უწევს გზის გაკვალვა ამ მიმართულებით. განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება საქართველოს საშუალებას მისცემს რეზერვის მრავალი მოდელიდან შეარჩიოს ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც მის ნაციონალურ ინტერესებსა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას შუწყობს ხელს. საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება და საკითხისადმი რაციონალური მიდგომა.

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:

  1. ასოციაცია «სამართალი და თავისუფლება“ (2005), პრეზიდენტის მიერ სამხედრო სფეროში განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგის შედეგები, ttps://www.civil.ge
  2. აქუბარდია თ., სამხედრო ანალიტიკური ჯგუფი „ჰერი“ 2010, საქართველოს სამხედრო რეზერვი, გაკვეთილები და გამოწვევები http://www.presa.ge/new/?m=military&AID=911
  3. ანჩაბაძე გ., (2011), საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები (1921 წლამდე), თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 284.
  4. ბერია ლ., პირადი კომუნიკაცია, 2015.
  5. დიასამიძე ა., პირადი კომუნიკაცია, 2015.
  6. დუმბაძე ნ., ნონიაძე ა., (2005) TRACECA-ს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუანრიანობის ანალიზი, თბილისი, გვ. 68-83.
  7. ელისაშვილი ა., პირადი კომუნიკაცია 2015.
  8. თევზაძე დ., (2013) კავკასიის გეოპოლიტიკური კვანძი: გაურკვეველი მომავალი, თბილისი.
  9. ლიკლიკაძე კ., (2011) საქართველოში ნებაყოფლობითი სამხედრო რეზერვი ამოქმედდა,

http://www.radiotavisupleba.ge/content/nebayoflobiti_rezervi/24382705.html

  1. ლიკლიკაძე კ., (2007), საქართველოს ხელისუფლება რეზერვისტთა გაწვევამდე სამობილიზაციო ორგანოებს წმენდს, http://www.radiotavisupleba.ge/content/article/1550641.html
  2. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია (2011), http://romania.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=15თბ.
  3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში (2015),http://www.eu-nato.gov.ge/ge
  4. საქართველოს თავაცვის სამინისტრო (2015), http://www.mod.gov.ge.
  5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი(2009), საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის კონცეფცია.
  6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი (2015).
  7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (2014), საქართველოს ერვნული სამხედრო სტრატეგია, http://www.mod.gov.ge/documents/203040NMS-2007.geo.pdf
  8. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (2013), თავდაცვის რესურსების მართვის კონცეფცია, http://www.mod.gov.ge/documents/resursebis-martvis-koncefsia.pdf
  9. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (2013), თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016,

http://www.mod.gov.ge/documents/yzqhgsgsregeo.pdf

  1. საქართველოს მთავრობა (2012), საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფცია (პროექტი),

http://www.civil.ge/files/files/2012/ReserveForces-draft.pdf

  1. ჩადუნელი პ., (2014), საკადრო-საორგანიზაციო დივერსია ქართულ არმიაში 2004-2012, http://gcssi.org/wp2/?p=1111&lang=KA
  2. ჯავახიშვილი ი., (2012), ქართველის ერის ისტორია, ტ.2, თბილისი, პალიტრა L, გვ. 448.

http://www.geo-rmy.ge/index.php?option=com_content&view=article&id=756%3A2013-07-20-18-46-49&catid=42%3A2011-09-12-08-53-35&Itemid=122&lang=ka

  1. http://strate.ge
  2. http://army.ge
  3. http://www.geo-age

 

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

ინფლაცია საქართველოში და მისი გამომწვევი მიზეზები

მიუხედავათ იმისა ეკონომისტი ბრძანდებით თუ სხვა პროფესიის ადამიანი ალბათ ხშირად გსმენიათ ინფლაციის შესახებ. თვითეულმა ჩვენგანმა იცის, რომ ჩვენი შემოსავლები ინფლაციის შედეგად ყოველწლიურად მცირდება. სწორედ ამი გამო ბევრი თვლის, რომ ინფლაცია ნეგატიური მოვლენაა. ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი, რომელიც კონტროლირებადია ხელისუფლების მხრიდან, 2-3%-ის ფარგლებში ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის აუცილებელი პროცესია. სახიფათო ინფლაციის მაღალი მაჩვენებლებია, რომელიც უკონტროლოა და ქვეყნის ეკონომიკას სტაგნაციით ემუქრება. მაგალითად 1921 წელს გერმანიაში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაზეთი 0,3 მარკა ღირდა. იგივე საქონლის ღირებულებამ ორი წლის შემდეგ 70 მილიონი მარკა შეადგინა.

ინფლაციას თავისი დანახარჯები გააჩნია.  მოკლევადიან პერიოდში ბაზარზე ფასების ზრდა მყისიერად არ იწვევს ხელფასების მატებას. ამიტომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მანამ სანამ შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ძალები ინფლაციის შედეგებს არ დააკოპენსირებს, მოსახლეობას უწევს ძველი, მცირე შემოსავლებით შეიძინოს საქონელი ახალ, უფრო მაღალ ფასად. მაგალითად თუ 100 ლარიანი ხელფასით მოქალაქე 100 კგ პურის ფქვილს ყიდულობდა, მომდევნო წელს 3% ინფლაციის შედეგად, იმავე ხელფასით იგი უკვე ვეღარ შეიძენს იმავე რაოდენობის საქონელს, ამისათვის საჭირო იქნება, რომ ხელფასი მას 3 ლარით გაეზარდოს. განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის შემოსავლების კორექტირებას მოხმარებულ პროდუქციაზე გაზრდილი ფასების მიხედვით უფრო ხანმოკლე პერიოდი სჭირდება ვიდრე განვითარებად ქვეყნებში, სადაც სამუშაო ადგილების დეფიციტის პირობებში სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდებაა. ასეთ შემთხვევაში შრომის ბაზარზე მიწოდების არაელასტიკურობის გამო დასაქმებულთა ხელფასები დიდი ხნის განმავლობაში არ იზრდება. მაგალითისთვის, საწარმოში ერთი სამუშაო ადგილის განთავისუფლებას გარეთ რამდენიმე ათეული სპეციალისტი ელოდება, ამ შემთხვევაში წარმოების ხელმძღვანელობისთვის არ წარმოადგენს აუცილებლობას მუშა-მოსამსახურეების დასაინტერესებლად გაზარდონ ხელფასები. შესაბამისად ინფლაციის შედეგები განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისთვის უფრო ნეგატიურია და ხანგძლივია ვიდრე განვითარებული ქვეყნებისთვის.

ისევე როგორც ინფლაცია დეფლაციაც (ინფლაციის საპირისპირო მოვლენა). დადებითად არ მოქმედებს მოქალაქეების კეთილდღეობაზე. დეფლაციით გამოწვეული შედეგების სიძიმე არ ჩამოუვარდება მაღალი ინფლაციით გამოწვეული შედეგებს. მაგალითად, 1896 წელს ხორბალზე ფასების შემცირების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში ადგილობრივმა ფერმერებმა დიდი ზარალი განიცადეს რადგან დეფლაციამ მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა, ხოლო ბანკის ვალები, რომელიც ფიქსირებულია უცვლელი დატოვა.

დღეისათვის ინფლაციის გამომწვევი რამოდენიმე მიზეზია ცნობილი. 1) როდესაც მთლიანი მოთხოვნა აჭარბებს არსებულ მიწოდებას, მაშინ დეფიციტურ საქონელზე ფასები მატულობს, რასაც ეკონომისტები მონეტარულ ინფლაციას ვუწოდებთ. 2) არსებობს ეგრეთწოდებული ხარჯებით გამოწვეული ინფლაციაც. ნედლეულზე ფასების მატება ან ხელფასების ზრდა მზა პროდუქციაზე ფასების ზრდას იწვევს. 3) თუ ბაზარზე არსებული რამოდენიმე ოლიგოპოლიური ფირმა გადაწყვეტს მოგება გაზარდოს და ფასს მოუმატებს საკუთარ პროდუქციაზე, შედეგად მივიღებთ დაწესებული ფასების ანუ ოლიგოპოლიურ ინფლაციას. 4) სექტორული ინფლაცია, როცა ფასების მატება შეინიშნება ერთდროულად არა რამოდენიმე, არამედ მხოლოდ ერთ სასაქონლო ბაზარზე, რაც შემდგომში საერთო ინფლაციური პროცესების სტიმულატორი ხდება სხვა სასაქონლო ბაზრებისთვისაც. მაგალითად საწვავზე ფასების ზრდის შედეგად ფასები ბუნებრივად იზრდება სხვა საქონელზეც იმიტომ, რომ სატრანსპორტო ხარჯები ნებისმიერი პროდუქციის ხარჯთახრიცხვის შემადგენელი ნაწილია. 5) ისეთი ქვეყნებისთვის რომელთაც უაროფითი სავაჭრო სალდო გააჩნიათ და იმპორტირებულ საქონელს დიდი რაოდენობით მოიხმარენ ინფლაციის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა „მიწოდების შოკები“ გახდეს, ეგრეთწოდებული იმპორტირებული ინფლაცია. ამ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით ფასებზე დიდი გავლენა აქვს იმპორტირებული საქონლის  ფასებს, ეროვნული ვალუტის დაბალ კურსს მყარი ვალუტის მიმართ და სხვა.

საქართველოში 2017 წელს საქსტატის მონაცემებით საშუალო წლიურმა ინფლაციამ 6% შეადგინა. მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასების ინდექსი თვეების ჭრილში შემდეგნაირად გამოიყურება: I კვარტალი – -0.45%, II კვარტალი – 0,22%. მიუხედავათ იმისა, რომ ეკონომიკაში 2018 წლის პირველი ნახევარში დეფლაციური პროცესები დაფიქსირდა აგვისტოს მონაცემებით ფასები მომატებულია ალკოჰოლურ სასმელებზე (1,4%), თამბაქოს ნაწარმზე (8,0%), ტრანსპორტზე (7,8%), განათლება (1,2%), კომუნალური გადასახადებზე (3,4%), ავეჯსა და საოჯახო ნივთებზე (2,1%), ჯანდაცვაზე (5,2%, მათშორის აპარატურა და მოწყობილობა – 10%, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება – 2,9%, სავადმყოფოების მომსახურება –  2,4%), სასურსათო პროდუქციაზე (ბოსტნეული-ბახჩეული კულტურები – 24,7%, ზეთი და ცხიმი – 4,4%, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 4,3%, თევზეული – 3,3%, რძე, ყველი, კვერცხი – 2,0%) .  ფასები შემცირებულია ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე (-8,8%), ხილსა და ყურძენზე (-17,1%), ასევე შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-3,1%), კავშირგაბმულობაზე (-1,3%).

წლიური ინფლაციის დონე საქართველოში შემდეგნაირად გამოიყურება (დიაგრამაN1):

დიაგრამა N1

ჩვენს ქვეყანაში ინფლაციაზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორს გააჩნია გავლენა განვიხილოთ მათ შორის ყველაზე მთავარი.

  • საქართველო ისეთი პირველადი მოხმარების საქონლის, როგორიც ენერგომატარებლები და უმეტესი დასახელება საკვები პროდუქტებია იმპორტიორი ქვეყანაა. იმპორტირებული საქონელი ქვეყნის საზღვრებს გარედან შემოგვაქვს. შესაბამისად ფასების ზრდაზე გავლენას ა) არამარტო შიდა არამედ გარე ფაქტორებიც ახდენენ; ბ) 2012-2018წწ. საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებაში 56% გაუფასურდა. რადგან საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს შემოსავლები ლარში გააჩნიათ ლარის მყარ ვალუტასთან გაუფასურების შედეგად იმპორტირებული საქონელი მათ მნიშვნელოვნად გაუძვირდათ; გ) იმპორტირებულ საქონელს საბაჟო გადასახადები და სხვადასხვა მოსაკრებლები აძვირებს, რომელსაც იმპორტიორი ფირმები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ იხდიან; დ) პირველადი მოხმარების საგნებსა და პროდუქტებზე, ასევე საწვავზე ფასების ზრდა პარალელურ რეჟიმში სხვა პროდუქციის ბაზრებზე ფასების ზრდას იწვევს. მაგალითად ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირისა და ფქვილის გაძვირებამ პურისა და პურპროდუქტების ფასების მატება გამოიწვია. იმ კომპანიებმა, რომლებმაც ნომინალურად პურის ფასი არ გაზარდეს, სამაგიეროდ ბაზრის ამ ტრენდს პროდუქციაზე წონის დაკლებით უპასუხეს.
  • კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ფასების ზრდას ხელს შესაძლოა პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად ხელს უწყობს საბანკო ვალებია. საბანკო ვალდებულებების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში არის გაცემული. უცვლელი ხელფასების პირობებში ჩვენს მოქალაქეებს ლარის გაუფასურების გამო საოჯახო ბიუჯეტიდან სულ უფრო დიდი წილის დათმობა უწევთ საბანკო კრედიტების დასაფარად. თუ ადრე 100 აშშ დოლარზე კრედიტორს 170-176 ლარის გადახდა სჭირდებოდა, დღეს ეს ვალდებულება 260-261 ლარს შეადგენს. საბანკო კრედიტების ტვირთის ზრდის პარალელურად ოჯახის ბიუჯეტთან ერთად პირადი საჭიროებისათვის გამოყოფილი თანხით შეძენილი საქონლის რაოდენობაც მცირდება, რაც შედეგად ოჯახს აღარიბებს და მის მიერ მოხმარებულ საქონელს აძვირებს.
  • ხშირად გვესმის, რომ ამა თუ იმ საქონლის ფასი მსოფლიო ბაზარზე იკლო, მაგრამ ჩვენთან მაინც ინარჩუნებენ კომპანიები მაღალ მარჟას. საზოგადოებას ხშირად უჩნდება ეჭვი, რომ ფირმებს შორის კარტელურ გარიგებას აქვს ადგილი და ფასს არა კონკურენცია და თავისუფალი ბაზარი, არამედ ოლიგოპოლიები გვკარნახობენ. მიუხედავათ ჩვენი მოქალაქეების საფუძვლიანი ეჭვისა ჩვენს სახელმწიფოს არ გააჩნია ქმედითი ანტიმონოპოლიური პოლიტიკა, რომელიც ფირმებს საშუალებას არ მისცემს გარკვეული სახეობის პროდუქციაზე დაწესონ მაღალი ფასები.

ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოს მთავრობის ფისკალური პოლიტიკის დეტალები. საქსტატის წლიური მონაცემების (დიაგრამა N2) რეტროსპექტიულ ანალიზს, თუ ჩავატარებთ მაშინ ადვილად დავინახავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საანგარიშო წლის დასაწყისში ინფლაციის დონე დაბალია, ხოლო ბოლო მეოთხედში (სექტემბერი-დეკემბერი) საგრძნობად მატულობს. ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმითაც, რომ მთავრობა საბიუჯეტო ხარჯვის ტვირთს წლის განმავლობაში არათანაბრად ანაწილებს და ბიუჯეტის თითქმის ნახევარს ბოლო თვეების განმავლობაში განკარგავს. რაც ღია ბაზარზე ლარის ჭარბ მიწოდებასა და მის გაუფასურებას იწვევს.

 

დიაგრამა N2

საქართველოს პარლამენტარის წევრის რომან გოცირიძის აზრით ამ შემთხვევაში ერთადერთი სწორი გამოსავალი წლის ბოლომდე ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების განხორციელებაა. მისი ფეისბუქ გვერდიდან ვკითხულობთ: „უკვე მერამდენედ უნდა ხდებოდეს ერთი და იგივე. ქვეყნის ბიუჯეტი 12,46 მილიარდი ლარია. რვა თვეში დაიხარჯა 7,2 მილიარდი ლარი. დარჩენილ ოთხ თვეში უნდა დახარჯონ 5,26 მილიარდი ლარი, ანუ ხარჯვის ტვირთი კვლავ მოდის წლის ბოლო თვეებზე.
მთავრობამ ხარჯვის ცხრა თვის გეგმა რომ შეასრულოს, საჭიროა სექტემბერში დაიხარჯოს ზუსტად ორჯერ მეტი, ვიდრე ეს მოხდა აგვისტოში, რაც წარმოუდგენელია. თუ ზედმეტად არათანაბარზომიერი ხარჯვა კვლავ გაგრძელდება, მივღებთ იმ სურათს, რაც არაერთხელ გვინახავს – ლარის მკვეთრ გაუფასურებას. ამის თავიდან აცილება შეიძლება ხარჯვის სამომავლოდ გადატანით, ანუ საჭიროა ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება. ვნახოთ, როგორ მოიქცევა მთავრობა“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,237 მლნ. ლარი საგარეო ვალით, დაგეგმილია 51 საინვესტიციო პროექტის განხორციელება. 6 თვის მდგომარეობით ათვისებულია დაგეგმილი თანხის მხოლოდ 22% (273 მლნ. ლარი). აღსანისნავია, რომ 21 საინვესტიციო პროექტებისათვის თანხა არ არის ათვისებული; 50%-ზე დაბალი ათვისება აქვს 20 პროექტს; 744 ათასი ლარი დაიხარჯა ერთი საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებული არ იყო ბიუჯეტში.

თუ შევადარებთ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურ ზრდას ფასების დეფლატორთან ვნახავთ, რომ მშპს-ს რეალური ზრდა 2017 წელს წინა წელთან შედარებით 5,0 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6,5 პროცენტით განისაზღვრა. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტორიც, რომ 2012-2017წწ. მშპ. ერთ სულ მოსახლეზე ლარის კურსის ვარდნის გამო 4249 აშშ. დოლარიდან 4067 აშშ დოლარამდე შემცირდა  (ცხრილი N1), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკის ზრდაზე მეტად ფასები იზრდება.

ცხრილი N1.

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:

http://www.geostat.ge/

https://sao.ge/

https://www.facebook.com/

შალვა ნათელაშვილის მხრიდან ბიზნესსეგმენტებისა და ბანკებისადმი მიმართვაზე პასუხის მისაღებად განსაზღვრული ორდღიანი ვადა დღეს იწურება

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა 10 ოქტომბერს, სპეციალურ ბრიფინგზე, საზოგადოებას გააცნო წერილი, სადაც იგი დეტალურად აღწერს პრობლემებს, რაც მის საარჩევნო კამპანიას შეექმნა, დახმარების თხოვნით მიმართა ბიზნესსეგმენტებს და ბანკებს და პასუხის მისაღებად ორდღიანი ვადა განუსაზღვრა, რომელიც დღეს იწურება:
“ივანიშვილის ერთადერთი იმედი, მოხდეს ჩემთვის ხელის შეშლა 28 ოქტომმბრის არჩევნებში, ეს ტრადიციულად არის ფინანსური წნეხი.
კვლავ აკრძალულია ჩვენი დაფინანსება, საარჩევნო კრედიტის გაცემა და ჩვენი ხალხისგან აწაპნილი მილიონები თოვლის ფანტელივით ეყრება თავზე პუტინის წარმოგზავნილ ზურაბიშვილს. დღეს, ყველა ბიზნესსეგმენტში, ბანკებში, საცდელად მაინც გავაგზავნე წერილები შინაარსით, რომ სწორედ მათი დაღუპულია საქართველო, სწორედ მათი ყაჩაღური ფინანსებით მიდიოდნენ და მოდიოდნენ ხელისუფლებები, რომლებიც მათვე ძარცვავდნენ და სანამ ასე გააგრძელებენ, ჩვენი ქვეყნის ფეხზე დადგომა არ იქნება; რა თქმა უნდა, არც კრედიტს მომცემენ, რაც კანონით მეკუთვნის, არც შემოწირულობები იქნება, სხვა შემთხვევაში მათი ნასახი არ იქნება.
ერთი რამ მინდა ვთხოვო ჩემს დიდებულ ხალხს. მეგობრებო! 28 ოქტომბერს შეგვიძლია ჩამოვირეცხოთ ივანიშვილისგან მოკერებული იარლიყი იმის შესახებ, რომ ქართველი ხალხი ფულის მიხედვით აძლევს ხმას; არა იდეის, მომავლის, შვილების ინტერესების მიხედვით, არამედ იმის მიხედვით ვინ რას გადაუხდის. ეს ტალახი, ეს ლაქა, რომელიც მოგვცხო ამ ნარკობარონმა, ჩვენ შეგვიძლია 28 ში ჩამოვირეცხოთ შალვა ნათელაშვილისთვის ხმის მიცემით!

ალბათ, ეჭვი არ გეპარებათ, რომ არა მხოლოდ სახელისუფლები კანდიდატს, არამედ მთელ რიგ კანდიდატებს არ აკლიათ ფინანსური რესურსი. ჩვენი რესურსი, ჩემი სიმდიდრე, ჩემი კაპიტალი 25 წელია, ეს არის უფლება თვალებში შევხედო ჩემს ხალხს და ეს არის ის უანგარო ხმები, რომელსაც ჩვენი მართლა ოქროს ფენისგან ორი ათეული წელია ვიღებ. ის ხალხი, ვინც ჩვენ ხმას გვაძლევდა არის აღმაშენებლის და მომავლის საქართველო, ის მარაბდელები და მარტყოფელები, ვინც სამშობლოს ფულზე არ ყიდიან და მათზე იდგა, დგას და იდგმება ჩვენი ქვეყანა. მთავარია ჩვენ დავირაზმოთ უარი ვთქვათ იმ ვერცხლზე, რომელსაც ისევ უხვად არიგებს ჭორვილელი სატანა.“
“საქართველოში მოქმედ ბიზნესს-კორპორაციებს
მოგმართავთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რათა დადგენილი წესით გაიღოთ შემოწირულობა, ჩემი როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის, საარჩევნო დაფინანსებისთვის. რა თქმა უნდა ძალიან ნაკლები შანსია იმისა, რომ თქვენში გაიღვიძოს ადამიანმა და მოქალაქემ, რადგან თქვენ აფინანსებთ მხოლოდ ხელისუფლებას ღიად, თუ საჯაროდ და იქამდე აძლიერებთ, რომ მერე თქვენ ხდებით, ან გახდებით თქვენივე შექმნილი პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლნი. მეცოდებით და შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, რადგან ხართ ერთი რუსი ოლიგარქის, ნარკობარონ ივანიშვილის მონა, მერე იქნებით შემდგომი ხელისუფლების მონა და სოფელიც აგიშენდებათ.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ვთხოვ, მონიტორინგი გაუწიოს ამ მოთხოვნის შესრულებას. ასევე, ვეკითხები ჩვენი მეგობარი ქვეყნის საელჩოს, რატომ ეწევა შეღავათები და პრეფერენსიები ასეთ ბიზნესს-კორპორაციებს?! უფრო მეტიც, რატომაა ბევრი მათგანი გაერთიანებული ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში?!
თქვენი გადაწყვეტილების შესახებ, გთხოვთ პასუხი გვაცნობოთ ორი დღის ვადაში.”

10 ოქტომბერი 2018 წ.

 

გიგი უგულავა – მიხეილ სააკაშვილს: “ნამდვილად არ არის ბაქრაძე თქვენი კანდიდატი”

გიგი უგულავა გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მიერ ფეისბუქში გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც იგი ამბობს, რომ: “ევროპული საქართველო” არ წარმომადგენს მე! ეს ყოფილი ჩვენი ხალხია…

და პასუხობს:

“ევროპული საქართველო ნამდვილად არ წარმოგადგენთ თქვენ. ეს მართალია. თუ რამე ერთმანეთისგან გვისწავლია, თქვენგან განსხავებით, ჩვენ მხოლოდ მადლობას გეტყვით. ხეზე ასვლა რომ გცოდნოდათ, უკვე ჩამოხვიდოდით. “ტურფა საბაღნარო” თქვენ მიატოვეთ, ეს ფაქტია და კარგია, რომ ეს კომპლექსი გაწუხებთ. კიდევ დიდი ხანი შეგაწუხებთ, რადგან იცით რომ ფატალური შეცდომა დაუშვით, როცა ბრძოლის ველი მიატოვეთ.”

“კიდევ ერთხელ, ნამდვილად არ არის ბაქრაძე თქვენი კანდიდატი. ჩვენ მხოლოდ წარსული გვაერთიანებს. დღეს, როცა თქვენ ინაშვილ-კორკოტას იდეებს ახმოვანებთ, თქვენ და თქვენი კანდიდატი ევროპისა და ნატოს მიმართ სკეფსის აღრვივებთ, სიბნელეს უარესი სიბნელით ებრძვით, ამით მხოლოდ ანადგურებთ იმ რეფორმებს, რითაც ამ ქოციანობა-ჟამიანობისას ჯერ კიდევ სული უდგას ჩვენს ქვეყანას. თქვენი ყოველი გამოჩენა ცისფერ ეკრანებზე ივანიშვილის გაბანკროტებული რეჟიმის მაშველი რგოლია, რადგან მხოლოდ შურისძიებას და ეგოიზმს ასხივებთ. დიახ, დღეს ჩვენ, ევროპული საქართველო, ვართ ვარდების რევოლუციის იდეებისა და რეფორმების საქმის გამგრძელებელი და არა ის მლიქვნელი ოპორტუნისტები, რომლითაც სავსეა დღეს თქვენი პარტიის ხელმძღვანელობა. და, წარსული ურთიერთობის ხათრით, ერთი რჩევაც – დაიმახსოვრეთ, ვინც მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის ის სამუდამოდ დაკარგავს მას. ისტორიას კი გაუთავებელ მე მე მე მე-ს შემოუნახავთ, როგორც ექსპონატს ადამიანური და პოლიტიკური დეგრადაციის.” – აღნიშნავს გიგი უგულავა

 

მიხეილ სააკაშვილის სტატუსი: