შაბათი, აპრილი 20, 2024

ინფლაცია საქართველოში და მისი გამომწვევი მიზეზები

მიუხედავათ იმისა ეკონომისტი ბრძანდებით თუ სხვა პროფესიის ადამიანი ალბათ ხშირად გსმენიათ ინფლაციის შესახებ. თვითეულმა ჩვენგანმა იცის, რომ ჩვენი შემოსავლები ინფლაციის შედეგად ყოველწლიურად მცირდება. სწორედ ამი გამო ბევრი თვლის, რომ ინფლაცია ნეგატიური მოვლენაა. ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი, რომელიც კონტროლირებადია ხელისუფლების მხრიდან, 2-3%-ის ფარგლებში ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის აუცილებელი პროცესია. სახიფათო ინფლაციის მაღალი მაჩვენებლებია, რომელიც უკონტროლოა და ქვეყნის ეკონომიკას სტაგნაციით ემუქრება. მაგალითად 1921 წელს გერმანიაში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაზეთი 0,3 მარკა ღირდა. იგივე საქონლის ღირებულებამ ორი წლის შემდეგ 70 მილიონი მარკა შეადგინა.

ინფლაციას თავისი დანახარჯები გააჩნია.  მოკლევადიან პერიოდში ბაზარზე ფასების ზრდა მყისიერად არ იწვევს ხელფასების მატებას. ამიტომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მანამ სანამ შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ძალები ინფლაციის შედეგებს არ დააკოპენსირებს, მოსახლეობას უწევს ძველი, მცირე შემოსავლებით შეიძინოს საქონელი ახალ, უფრო მაღალ ფასად. მაგალითად თუ 100 ლარიანი ხელფასით მოქალაქე 100 კგ პურის ფქვილს ყიდულობდა, მომდევნო წელს 3% ინფლაციის შედეგად, იმავე ხელფასით იგი უკვე ვეღარ შეიძენს იმავე რაოდენობის საქონელს, ამისათვის საჭირო იქნება, რომ ხელფასი მას 3 ლარით გაეზარდოს. განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის შემოსავლების კორექტირებას მოხმარებულ პროდუქციაზე გაზრდილი ფასების მიხედვით უფრო ხანმოკლე პერიოდი სჭირდება ვიდრე განვითარებად ქვეყნებში, სადაც სამუშაო ადგილების დეფიციტის პირობებში სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდებაა. ასეთ შემთხვევაში შრომის ბაზარზე მიწოდების არაელასტიკურობის გამო დასაქმებულთა ხელფასები დიდი ხნის განმავლობაში არ იზრდება. მაგალითისთვის, საწარმოში ერთი სამუშაო ადგილის განთავისუფლებას გარეთ რამდენიმე ათეული სპეციალისტი ელოდება, ამ შემთხვევაში წარმოების ხელმძღვანელობისთვის არ წარმოადგენს აუცილებლობას მუშა-მოსამსახურეების დასაინტერესებლად გაზარდონ ხელფასები. შესაბამისად ინფლაციის შედეგები განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისთვის უფრო ნეგატიურია და ხანგძლივია ვიდრე განვითარებული ქვეყნებისთვის.

ისევე როგორც ინფლაცია დეფლაციაც (ინფლაციის საპირისპირო მოვლენა). დადებითად არ მოქმედებს მოქალაქეების კეთილდღეობაზე. დეფლაციით გამოწვეული შედეგების სიძიმე არ ჩამოუვარდება მაღალი ინფლაციით გამოწვეული შედეგებს. მაგალითად, 1896 წელს ხორბალზე ფასების შემცირების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში ადგილობრივმა ფერმერებმა დიდი ზარალი განიცადეს რადგან დეფლაციამ მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა, ხოლო ბანკის ვალები, რომელიც ფიქსირებულია უცვლელი დატოვა.

დღეისათვის ინფლაციის გამომწვევი რამოდენიმე მიზეზია ცნობილი. 1) როდესაც მთლიანი მოთხოვნა აჭარბებს არსებულ მიწოდებას, მაშინ დეფიციტურ საქონელზე ფასები მატულობს, რასაც ეკონომისტები მონეტარულ ინფლაციას ვუწოდებთ. 2) არსებობს ეგრეთწოდებული ხარჯებით გამოწვეული ინფლაციაც. ნედლეულზე ფასების მატება ან ხელფასების ზრდა მზა პროდუქციაზე ფასების ზრდას იწვევს. 3) თუ ბაზარზე არსებული რამოდენიმე ოლიგოპოლიური ფირმა გადაწყვეტს მოგება გაზარდოს და ფასს მოუმატებს საკუთარ პროდუქციაზე, შედეგად მივიღებთ დაწესებული ფასების ანუ ოლიგოპოლიურ ინფლაციას. 4) სექტორული ინფლაცია, როცა ფასების მატება შეინიშნება ერთდროულად არა რამოდენიმე, არამედ მხოლოდ ერთ სასაქონლო ბაზარზე, რაც შემდგომში საერთო ინფლაციური პროცესების სტიმულატორი ხდება სხვა სასაქონლო ბაზრებისთვისაც. მაგალითად საწვავზე ფასების ზრდის შედეგად ფასები ბუნებრივად იზრდება სხვა საქონელზეც იმიტომ, რომ სატრანსპორტო ხარჯები ნებისმიერი პროდუქციის ხარჯთახრიცხვის შემადგენელი ნაწილია. 5) ისეთი ქვეყნებისთვის რომელთაც უაროფითი სავაჭრო სალდო გააჩნიათ და იმპორტირებულ საქონელს დიდი რაოდენობით მოიხმარენ ინფლაციის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა „მიწოდების შოკები“ გახდეს, ეგრეთწოდებული იმპორტირებული ინფლაცია. ამ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით ფასებზე დიდი გავლენა აქვს იმპორტირებული საქონლის  ფასებს, ეროვნული ვალუტის დაბალ კურსს მყარი ვალუტის მიმართ და სხვა.

საქართველოში 2017 წელს საქსტატის მონაცემებით საშუალო წლიურმა ინფლაციამ 6% შეადგინა. მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასების ინდექსი თვეების ჭრილში შემდეგნაირად გამოიყურება: I კვარტალი – -0.45%, II კვარტალი – 0,22%. მიუხედავათ იმისა, რომ ეკონომიკაში 2018 წლის პირველი ნახევარში დეფლაციური პროცესები დაფიქსირდა აგვისტოს მონაცემებით ფასები მომატებულია ალკოჰოლურ სასმელებზე (1,4%), თამბაქოს ნაწარმზე (8,0%), ტრანსპორტზე (7,8%), განათლება (1,2%), კომუნალური გადასახადებზე (3,4%), ავეჯსა და საოჯახო ნივთებზე (2,1%), ჯანდაცვაზე (5,2%, მათშორის აპარატურა და მოწყობილობა – 10%, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება – 2,9%, სავადმყოფოების მომსახურება –  2,4%), სასურსათო პროდუქციაზე (ბოსტნეული-ბახჩეული კულტურები – 24,7%, ზეთი და ცხიმი – 4,4%, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 4,3%, თევზეული – 3,3%, რძე, ყველი, კვერცხი – 2,0%) .  ფასები შემცირებულია ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე (-8,8%), ხილსა და ყურძენზე (-17,1%), ასევე შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-3,1%), კავშირგაბმულობაზე (-1,3%).

წლიური ინფლაციის დონე საქართველოში შემდეგნაირად გამოიყურება (დიაგრამაN1):

დიაგრამა N1

ჩვენს ქვეყანაში ინფლაციაზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორს გააჩნია გავლენა განვიხილოთ მათ შორის ყველაზე მთავარი.

  • საქართველო ისეთი პირველადი მოხმარების საქონლის, როგორიც ენერგომატარებლები და უმეტესი დასახელება საკვები პროდუქტებია იმპორტიორი ქვეყანაა. იმპორტირებული საქონელი ქვეყნის საზღვრებს გარედან შემოგვაქვს. შესაბამისად ფასების ზრდაზე გავლენას ა) არამარტო შიდა არამედ გარე ფაქტორებიც ახდენენ; ბ) 2012-2018წწ. საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებაში 56% გაუფასურდა. რადგან საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს შემოსავლები ლარში გააჩნიათ ლარის მყარ ვალუტასთან გაუფასურების შედეგად იმპორტირებული საქონელი მათ მნიშვნელოვნად გაუძვირდათ; გ) იმპორტირებულ საქონელს საბაჟო გადასახადები და სხვადასხვა მოსაკრებლები აძვირებს, რომელსაც იმპორტიორი ფირმები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ იხდიან; დ) პირველადი მოხმარების საგნებსა და პროდუქტებზე, ასევე საწვავზე ფასების ზრდა პარალელურ რეჟიმში სხვა პროდუქციის ბაზრებზე ფასების ზრდას იწვევს. მაგალითად ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირისა და ფქვილის გაძვირებამ პურისა და პურპროდუქტების ფასების მატება გამოიწვია. იმ კომპანიებმა, რომლებმაც ნომინალურად პურის ფასი არ გაზარდეს, სამაგიეროდ ბაზრის ამ ტრენდს პროდუქციაზე წონის დაკლებით უპასუხეს.
  • კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ფასების ზრდას ხელს შესაძლოა პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად ხელს უწყობს საბანკო ვალებია. საბანკო ვალდებულებების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში არის გაცემული. უცვლელი ხელფასების პირობებში ჩვენს მოქალაქეებს ლარის გაუფასურების გამო საოჯახო ბიუჯეტიდან სულ უფრო დიდი წილის დათმობა უწევთ საბანკო კრედიტების დასაფარად. თუ ადრე 100 აშშ დოლარზე კრედიტორს 170-176 ლარის გადახდა სჭირდებოდა, დღეს ეს ვალდებულება 260-261 ლარს შეადგენს. საბანკო კრედიტების ტვირთის ზრდის პარალელურად ოჯახის ბიუჯეტთან ერთად პირადი საჭიროებისათვის გამოყოფილი თანხით შეძენილი საქონლის რაოდენობაც მცირდება, რაც შედეგად ოჯახს აღარიბებს და მის მიერ მოხმარებულ საქონელს აძვირებს.
  • ხშირად გვესმის, რომ ამა თუ იმ საქონლის ფასი მსოფლიო ბაზარზე იკლო, მაგრამ ჩვენთან მაინც ინარჩუნებენ კომპანიები მაღალ მარჟას. საზოგადოებას ხშირად უჩნდება ეჭვი, რომ ფირმებს შორის კარტელურ გარიგებას აქვს ადგილი და ფასს არა კონკურენცია და თავისუფალი ბაზარი, არამედ ოლიგოპოლიები გვკარნახობენ. მიუხედავათ ჩვენი მოქალაქეების საფუძვლიანი ეჭვისა ჩვენს სახელმწიფოს არ გააჩნია ქმედითი ანტიმონოპოლიური პოლიტიკა, რომელიც ფირმებს საშუალებას არ მისცემს გარკვეული სახეობის პროდუქციაზე დაწესონ მაღალი ფასები.

ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოს მთავრობის ფისკალური პოლიტიკის დეტალები. საქსტატის წლიური მონაცემების (დიაგრამა N2) რეტროსპექტიულ ანალიზს, თუ ჩავატარებთ მაშინ ადვილად დავინახავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საანგარიშო წლის დასაწყისში ინფლაციის დონე დაბალია, ხოლო ბოლო მეოთხედში (სექტემბერი-დეკემბერი) საგრძნობად მატულობს. ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმითაც, რომ მთავრობა საბიუჯეტო ხარჯვის ტვირთს წლის განმავლობაში არათანაბრად ანაწილებს და ბიუჯეტის თითქმის ნახევარს ბოლო თვეების განმავლობაში განკარგავს. რაც ღია ბაზარზე ლარის ჭარბ მიწოდებასა და მის გაუფასურებას იწვევს.

 

დიაგრამა N2

საქართველოს პარლამენტარის წევრის რომან გოცირიძის აზრით ამ შემთხვევაში ერთადერთი სწორი გამოსავალი წლის ბოლომდე ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების განხორციელებაა. მისი ფეისბუქ გვერდიდან ვკითხულობთ: „უკვე მერამდენედ უნდა ხდებოდეს ერთი და იგივე. ქვეყნის ბიუჯეტი 12,46 მილიარდი ლარია. რვა თვეში დაიხარჯა 7,2 მილიარდი ლარი. დარჩენილ ოთხ თვეში უნდა დახარჯონ 5,26 მილიარდი ლარი, ანუ ხარჯვის ტვირთი კვლავ მოდის წლის ბოლო თვეებზე.
მთავრობამ ხარჯვის ცხრა თვის გეგმა რომ შეასრულოს, საჭიროა სექტემბერში დაიხარჯოს ზუსტად ორჯერ მეტი, ვიდრე ეს მოხდა აგვისტოში, რაც წარმოუდგენელია. თუ ზედმეტად არათანაბარზომიერი ხარჯვა კვლავ გაგრძელდება, მივღებთ იმ სურათს, რაც არაერთხელ გვინახავს – ლარის მკვეთრ გაუფასურებას. ამის თავიდან აცილება შეიძლება ხარჯვის სამომავლოდ გადატანით, ანუ საჭიროა ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება. ვნახოთ, როგორ მოიქცევა მთავრობა“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,237 მლნ. ლარი საგარეო ვალით, დაგეგმილია 51 საინვესტიციო პროექტის განხორციელება. 6 თვის მდგომარეობით ათვისებულია დაგეგმილი თანხის მხოლოდ 22% (273 მლნ. ლარი). აღსანისნავია, რომ 21 საინვესტიციო პროექტებისათვის თანხა არ არის ათვისებული; 50%-ზე დაბალი ათვისება აქვს 20 პროექტს; 744 ათასი ლარი დაიხარჯა ერთი საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებული არ იყო ბიუჯეტში.

თუ შევადარებთ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურ ზრდას ფასების დეფლატორთან ვნახავთ, რომ მშპს-ს რეალური ზრდა 2017 წელს წინა წელთან შედარებით 5,0 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6,5 პროცენტით განისაზღვრა. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტორიც, რომ 2012-2017წწ. მშპ. ერთ სულ მოსახლეზე ლარის კურსის ვარდნის გამო 4249 აშშ. დოლარიდან 4067 აშშ დოლარამდე შემცირდა  (ცხრილი N1), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკის ზრდაზე მეტად ფასები იზრდება.

ცხრილი N1.

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:

http://www.geostat.ge/

https://sao.ge/

https://www.facebook.com/

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული