კვირა, მაისი 18, 2025
14.2 C
Tbilisi
Home Blog Page 1788

წყალტუბო უახლოეს წლებში უნდა გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქად – ბიძინა ივანიშვილი

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაციის ინიციატივით გამოდის:

“ქართველებს წინაპრებისგან უნიკალური ქვეყანა გვერგო – დიდი ისტორიით, მრავალსაუკუნოვანი კულტურით და საოცარი ბუნებით. ჩვენს ქვეყნაში მთას, ზღვას, მინერალურ წყლებს და ქვიშასაც კი, მაცოცხლებელი ენერგია აქვს. მაგრამ არსებობს სრულიად გამორჩეული ადგილები, რომლებსაც თავისი პოტენციალით უდიდესი მიზიდულობის შექმნა შეუძლია. სწორედ ასეთია წყალტუბო – უნიკალური სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ტურისტული პოტენციალით.

დამოუკიდებლობის მოპოვების პირველსავე წლებში პრაქტიკულად გავერანდა წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა. კურორტი, რომელიც 22 სანატორიუმითა და 9 ბალნეოლოგიური აბანოთი ქმედით კონკურენციას უწევდა არამარტო რეგიონის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მსგავს კურორტებს, დღეს მხოლოდ ერთი მოქმედი სასტუმროს და მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურის ამარაა დარჩენილი. კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია მრავალ ობიექტურ, თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფოს ჰქონდა მცდელობები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სტანდარტული მეთოდით მოეზიდა კერძო ინვესტიციები ტურისტული და სამკურნალო ბიზნესის გასავითარებლად, ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან განვითარების ერთიანი, კომპლექსური გეგმის და, რაც მთავარია, ამ გეგმის განხორციელების გარანტიის გარეშე, წერტილოვანი ინვესტიციების ჩადება ცალკე აღებულ ერთ სასტუმროში, ან ბალნეოლოგიურ სპა-ცენტრში, მაღალი რისკის მატარებელი იყო და ბიზნესსაც არ გაემტყუნება, რომ არ გარისკა.

ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია – მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება.

პრაქტიკამ ცხადყო, რომ ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიულ ადგილად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და მისი ნახტომისებრი განვითარება სტანდარტული მიდგომით შეუძლებელია. საჭიროა მძლავრი კატალიზატორი, ერთგვარი ყინულმჭრელი, რომელიც მდგრადობას შესძენს პროექტს და საკუთარი მონაწილეობით დააზღვევს სხვის კერძო ინვესტიციას.

ამის საუკეთესო მაგალითია აბასთუმანი, რომელიც ისეთივე უნიკალური საკურორტო ადგილია, როგორც წყალტუბო, მაგრამ წყალტუბოს მსგავსად, იქაც ათეული წლებია, სახელმწიფომ ვერ მიიზიდა ინვესტორები. თუმცა, როგორც კი გაჩნდა აბასთუმნის მასშტაბური განვითარების გეგმა და გარანტია, კერძო ბიზნესი დიდი მონდომებით ჩაერთო პროექტში. შედეგად, აბასთუმანში ამჟამად მშენებარე მაღალი კლასის ექვსი სასტუმროდან მე მხოლოდ ერთს – „პარაგრაფს“ ვაშენებ, ხოლო დანარჩენ ხუთს: „რუმსს“, „რედისონს“, „ქრაუნპლაზას“, „რედიქს ჯგუფის“ ორ სასტუმროს – სხვა ქართველი ბიზნესმენები აშენებენ, ისევე, როგორც საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმროს და ოთხასბინიან საცხოვრებელ აპარტამენტს. უკვე დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდნახევარ ლარს მიაღწია. სახელმწიფოც, შესაძლებლობების ფარგლებში, ცდილობს არ ჩამორჩეს კერძო ინიციატივას – გაყავს გზები, აწესრიგებს წყლის და სხვა ინფრასტრუქტურას, დაწყებულია ობსერვატორიის რეაბილიტაცია და სულ მალე გვექნება მსოფლიო დონის ასტროფიზიკური სამეცნიერო ცენტრი. თუმცა, სახელმწიფოსაც სჭიდება თანადგომა და ვინაიდან მაქვს საშუალება და სურვილი, ვცდილობ, შევუმსუბუქო მას ტვირთი და სამედიცინო თუ სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობას და აღჭურვას აბასთუმანში პირადი სახსრებით ვახორციელებ.

მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ წყალტუბოს აქვს ყველა, და შესაძლოა, მეტი პოტენციალი, უახლოეს წლებში გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქად და ის აუცილებლად გახდება ასეთი.

მე გადავწყვიტე გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.
ამავდროულად, საჯაროდ ვთავაზობ ქართულ ბიზნესს – მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.

ამ ნაბიჯით მსურს, ერთის მხრივ, მივცე სიმყარე ბიზნესს, რათა ის ნებისმიერ ეტაპზე შემოუერთდეს პროექტს, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მივცე სტიმული, გარანტირებული ინვესტიციის პირობებში, მაქსიმალურად განავითაროს ინფრასტრუქტურა.

წყალტუბოს განვითარების ხედვა და კონცეფცია, რომლითაც ვაპირებ ვიხელმძღვანელო, ეყრდნობა წამყვანი შვეიცარული საკონსულტაციო კომპანიის, KohL&Partners-ის მიერ შემუშავებულ გეგმას, რომლის ფარგლებშიც, წყალტუბოში დამატებით უნდა აშენდეს ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები. ამავდროულად, დაგეგმილია საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა პროფილურ სპეციალობებში ჩვენი თანამოქალაქეების გადასამზადებლად – რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს, რომელიც წყალტუბოში უახლოეს პერიოდში შეიქმნება, კვალიფიციური კადრები დასჭირდება და ჩვენ მათი მომზადება უნდა უზრუნველვყოთ.

უდავოა, წყალტუბოს განვითარებით სარგებელს მიიღებს არა მარტო იმერეთის რეგიონი, არამედ რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ხოლო რაჭის ახალი გზის დასრულების შემდეგ, ეს კიდევ უფრო გააადვილებს ტურისტებისთვის მარშრუტების დაგეგმვას ამ მიმართულებით.
წყალტუბოს გარშემო მდებარეობს ჩვენი ისტორიულ-კულტურული და ტურისტული მარგალიტები: გელათი, მოწამეთა, კაცხის სვეტი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გეგმის ხორცშესხმის კვალდაკვალ, ტურისტული ნაკადები ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წლების განმავლობაში, ფონდი „ქართუ“ ეხმარება სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციაში, მაგრამ მთელი რეგიონის გამოცოცხლებას, მის ნახტომისებურ განვითარებას, მეტი ბიძგი სჭირდება. სწორედ ამ ბიძგის მიმცემი გახდება წყალტუბოს აღორძინების პროექტი.
წყალტუბოს სიახლოვეს, ქუთაისთან განთავსებულია ორი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, აეროპორტი, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის ჰაბის მშენებლობა, რაც ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესისა და ტურისტების მოზიდვას.

დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან ერთად, წყალტუბოს სრულფასოვანი რეაბილიტაცია-განვითარება იმერეთის მხარეს გადააქცევს ჯანმრთელობისა და ტურიზმის, ახალგაზრდობისა და განათლების მძლავრ, საერთაშორისო ცენტრად.
ჩემი გეგმის მიხედვით, წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი და კონკურენცია გაუწიოს დიდ მოთამაშეებს ცენტრალურ ევროპაში.

სანატორიუმების რეაბილიტაცია წყალტუბოში მინიმუმ რვა ათას ადამიანს დაასაქმებს. მათი აღდგენის შედეგად, წელიწადში, საშუალოდ, ექვსასიდან რვაას ათასამდე ტურისტის მიღების შესაძლებლობა გვექნება, რომ არაფერი ვთქვათ თანამდევი მცირე ბიზნესების განვითარებაზე, რაც მოჰყვება კურორტის აღდგენას.

წყალტუბოს განვითარება იქ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის გარეშე წარმოუდგენელია. გარდა იმისა, რომ უკვე დაწყებულია სამუშაოები სანატორიუმებში მცხოვრები ოჯახების შესაბამისი, ღირსეული საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად, ასევე, მათ გაუჩნდებათ დასაქმების ახალი წყარო და პერსპექტივა.

საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 – 20 000 ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას.

და ბოლოს, რატომ გამიჩნდა სურვილი და მოთხოვნილება, ასე საჯაროდ და დეტალურად მესაუბრა წყალტუბოს განვითარების პროექტზე? პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართულ ბიზნესს პირადად ჩემგან მოესმინა, რას ვგეგმავ და როგორი ფორმით ვთავაზობ მათ თანამშრომლობას. ამავდროულად, ვიცი, ამ საქმესაც გამოუჩნდებიან მძაფრი ოპონენტები. სამწუხაროდ, თეთრის შავად და შენების ნგრევად გამოცხადება ჩვენს ქვეყანაში ბევრს დღემდე ეფექტურად გამოსდის. ამიტომ, საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირება აუცილებლად ჩავთვალე. დარწმუნებული ვარ, ინფორმირებული საზოგადოება სწორ დასკვნებს გამოიტანს”, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის უპირობოდ მიღებას ითხოვს ოპოზიციისგან ხელისუფლება – ანა კობახიძე

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს “ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, საარჩევნო და სამართლებრივი საკითხების მიმართულების ხელმძღვანელი ანა კობახიძე:

“საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვების შემდეგ, იურიდიულმა კომიტეტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე კონსტუტუციური პროექტები განიხლა – ერთი ეს გახლავთ უმრავლესობის მიერ ინიცირებული, რომელსაც მხარი დაუჭირეს, ხოლო როგორც მოსალოდნელი იყო ჩავარდა ის პროექტი, რომელიც ინიცირებული იყო 200000 ამომრჩევლის მიერ.

უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი პროექტი, როგორც ყველასთვის ცნობილია, ეს გახლავთ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, სადაც არ იქნება დაწესებული ბარიერი და ყველა ის პარტია, რომელიც არჩევნებში მიიღებს ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 0.67 %-ს, პარლამენტში მოხვდება მინიმუმ ერთი წარმომადგენლით. ასევე, ცვლილება ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების აკრძალვას.

მეორე პროექტი, რომელიც 200 000 ამომრჩევლის მიერ იყო ინიცირებული, ითვალისწინებდა სრულად პროპორციულ სისტემას, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა საარჩევნო ბარიერი 3% და საარჩევნო ბლოკებიც.

ჩვენი პარტიაც გახლდათ ინიციატორი იმ პროექტის, რომელიც საბოლოოდ წარადგინა პარლამენტში 200000 ამომრჩეველმა. მიუხედავად იმისა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ეს არის უმნიშვნელოვანესი ქართული დემოკრატიისთვის და ამას წლებია ვითხოვთ, მაინც არის უმრავლესობის წარმოდგენილ პროექტში ისეთი მუხლები რომელსაც არ ვეთანხმებით. ბლოკების აკრძალვის არგუმენტი, თითქოს ეს არის პარტიების გაძლიერების მიზნით გაკეთებული, არის სუსტი არგუმენტი რადგან, პარტიის გაძლიერებას ხელს არ უშლის ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია რამდენიმე პარტია, პირიქით ბლოკშიც კი არის კონკურენცია პარტიებს შორის. თუ უმარავლესობას სურდა გაექრო ისეთი პარტიები, რომელიც უბრალოდ ბიუჯეტის ხარჯზე არსებობს და როგორც პენსიას, ისე იღებს დაფინანსებას ბიუჯეტიდან, ამ ნაწილში ვეთანხმებით, მაგრამ პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა, ისე რომ უბრალოდ შეიცვლებოდა ბლოკების დაფინასების წესი ან ასევე შესაძლებელი იყო ბლოკების შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი დაწესებულიყო უფრო მაღალი და ამით დაგვეტოვებინა პარტიებისთვის უფლება – ისინი გაერთიანდებოდნენ წინასაარჩევნოდ თუ ცალ-ცალკე სუბიექტად წარსდგებოდნენ ამომრჩევლის წინაშე.

რაც შეეხება ბარიერს, აქ კომიკური სიტუაცია გვაქვს, რადგან უმრავლესობას მიაჩნია რომ 2020 არჩევნებისას პარტიებისთვის ბარიერის დაწესება არასამართლიანია, რაც 2024 წელს უკვე სამართლიანი ხდება და 5% იქნება საჭირო, რომ საარჩევნო სუბიექტი პარლამენტში მოხვდეს.

რიგი განსხვავებების მუხედავად მნიშვნელოვანია ოპოზიციის და რაც მთავარია ამომრჩევლის ერთიანობა ამ საკითხზე – არის საფრთხე იმისა, რომ უმრავლესობამ მისივე ინიცირებული პროექტი ჩააგდოს, რადგან იურიდიულ კომიტეტზე თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უმრავლეობის წევრებში არ არის ერთიანი პოზიცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და შეიძლება პლენარულ სხდომაზე საფთხე დაემუქროს კონსტიტუციურ ცვლილებებს. ასევე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, სხდომაზე კატეგორიულად ითხოვდა ოპოზიციას მიეღო ეს პროექტი ისეთი, როგორიც არის ,,თუ-ს“  და ,,მაგრამ-ის“ გარეშე”, რაც ცალსახად მიუღებელია – აცხადებს ანა კობახიძე.

მერვე წელია ჯანდაცვაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ხელისუფლების მხრიდან კი სრული იგნორი იყო – მანანა ჯებაშვილი

საარჩევნო წლის დაწყებასთან დაკავშირებული მორიგი პოპულიზმი ჯანდაცვის მინისტრისგან, ასე აფასებს საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მანანა ჯებაშვილი ჯანდაცვის მინისტრის მიერ დაანონსებულ რეფორმების მორიგ ტალღას. 

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს “ჯანდაცვის განვითარების ქართული მოდელის” პრეზენტაცია გაიმართა სტრატეგია “აღმაშენებლის” ფარგლებში, რომლის მიზანია შეიქმნას ინოვაციებზე და მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მაქსიმალურად ხარჯთეფექტური ჯანდაცვის ქართული მოდელი, რომელიც მიაწოდებს პაციენტებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. ექიმი მანანა ჯებაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებს სტრატეგია „აღმაშენებლის“ მიერ ჯანდაცვის პროგრამის შემუშავებაში.

„პრეზენტაციიდან მალევე ხელისუფლებამ დაიწყო ჯანდაცვის პრობლემებზე საუბარი. ჯერ, სამეგრელოს მოსახლეობასთან პრემიერ მინისტრის შეხვედრაზე მთავარი თემა იყო ჯანდაცვა, ხოლო შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია გამართა. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ხელისუფლება დაინტერესდეს ჯანდაცვაში არსებული მწვავე პრობლემებით. მთავარია, რომ მინისტრის მიერ წარმოდგენილი რეფორმის ძირითადი ნაწილი ჩვენი ჯანდაცვის პროგრამიდან არის, რასაც მივესალმებით (პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, მედიკამენტების ფასის შემცირება და ხარისხის გაზრდა, ელექტრონული ჯანდაცვის განვითარება და ა.შ.). თუმცა, ჩვენი პროგრამა თავისი მასშტაბით ფართოა და ასევე უფრო დეტალურად არის განხილული ის მოდელები, რეგულაციები და მეთოდები, რომლის გამოყენებითაც მივაღწევთ სასურველ შედეგს.

მერვე წელია ჯანდაცვაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე ვსაუბრობთ და ხელისუფლების მხრიდან სრული იგნორი იყო. ახლა რას მივაწეროთ ამ მიმართულებით გააქტიურება და მოსახლეობისთვის ახალი დაპირებების მიცემა, საარჩევნო წლის დაწყებას ხომ  არა?!

ჩვენ ვგეგმავთ ჯანდაცვის მინისტრის მიერ დაანონსებული რეფორმის მონიტორინგს. ხელისუფლებას მოსახლეობისთვის მორიგ ჯერზე ცრუ დაპირებების საშუალებას არ მივცემთ“, – აცხადებს მანანა ჯებაშვილი.

ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის შედეგები აღმოფხვრილია – კომპანია პროსერვისი

კომპანია “პროსერვისი” განცხადებას ავრცელებს მათ კუთვნილ სერვერებზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით:

გუშინ, 28 ოქტომბერს, გამთენიისას საქართველოს კიბერ სივრცეზე განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერ თავდასხმა. თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით რამოდენიმე კომპანიაზე განხორციელდა და ერთ-ერთი ადრესატი კომპანია პროსერვისის მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა, სადაც განთავსებულია სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები. თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია პროსერვისის სერვერებზე განთავსებული ვებ გვერდების დიდი ნაწილი.

ინფორმაციისთვის:

28 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია პროსერვისის სერვერებზე განთავსებული დაახლოებით 15,000 აბონენტის ვებ გვერდების ნაწილი. პრობლემის აღმოჩენის თანავე, კომპანია პროსერვისი, შინაგან საქმეთა სამინსტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში მუშაობს პრობლემის სრულ აღმოფხვრაზე.

28 ოქტმბრის, დღის 20:00 საათის მდგომარეობით აღდგენილია კომპანიის კუთვნილ სერვერებზე განთავსებული ვებ გვერდების 50%-ზე მეტი.

სტრატეგია “აღმაშენებლის” იდეის გამეორება მხოლოდ პოპულიზმია და მეტი არაფერი – გიორგი ვაშაძე

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარეს, სტრატეგია „აღმაშენებლის“ იდეის ავტორ გიორგი ვაშაძეს მორიგ პოპულისტურ განცხადებად მიაჩნია ჯანდაცვის მინისტრის მცდელობა, როგორმე რეაგირება მოეხდინათ სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებზე:

“საყურადღებოა, რომ სტრატეგია აღმაშენებლის „ჯანდაცვის ქართული მოდელის“ პრეზენტაციას ასე მოკლე დროში მოყვა გამოხმაურება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ფაქტიურად, ყველა პრიორიტეტი და მიმართულება, რომელიც ჩვენ 16 ოქტომბერს გავაჟღერეთ, დღეს გაიმეორა ქალბატონმა მინისტრმა. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი პრეზენტაციის ტექსტიც და სტილისტიკა, რომელიც საიტზეც განვათავსეთ, კარგად შეუსწავლია მინისტრს და თავის იდეადაც გაასაღა.

დიახ, მინისტრმა ჩვენი პრეზენტაციის შემდეგ აღიარა ჯანდაცვაში არსებული პრობლემები, თუმცა არ დაუკონკრეტებია გადაჭრის გზები. ასე, რომ სტრატეგია “აღმაშენებლის” იდეის გამეორება მხოლოდ პოპულიზმია და მეტი არაფერი, მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა, როგორმე რეაგირება მოეხდინათ ჩვენ მიერ შეთავაზებულ ინიციატივებზე. ესაა დღევანდელი ხელისუფლების მაქსიმუმი, მათ მხოლოდ ოპონენტების იდეების მითვისება შეუძლიათ, რაიმე ღირებულის შექმნა კი არა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სახელმწიფო კი არა – “ფარჩაკების სხადნიაკია” – თაკო ჩარკვიანი

უმნიშვნელოვანესი ფაქტების თავის დროზე დამალვას და “საჭირო” დროს გაჟღერებას ეხმიანება პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი და აბსოლიტურად მიუღებლად მიაჩნია ასეთი ქცევა, ხოლო ქვეყანაში არსებულ რეალობას უმწვავეს შეფასებას აძლევს:

“ესენი” გამაგიჟებენ – ხაზარაძემ 2017 წელს, პირდაპირ მოღალატეობრივი “ჩვენება”- განცხადება მოისმინა, პირდაპირ ივანიშვილისგან და დამალა, არ თქვა შეინახა ინფორმაცია და ამ ყოველივეს მოსმენის შემდეგ, ხალხს მოუწოდებდა, საპრეზიდენტო არჩევნებში პ-რეზიდენტი ზურაბიშვილი აირჩიეთო ანუ კვლავ გაუმყარა პოზიციები ივანიშვილს (შოთაძით “აკაჩავებდნენ” თურმე), ხოლო საპატრიარქოს მაღალი იერარქიის წარმომადგენელმა იაკობმა განაცხადა, პირდაპირ პრემიერ კვირიკაშვილის კაბინეტში მითხრეს, პატრიარქის მკვლელობას გეგმავდნენ, ივანიშვილ, გომელაურ, გახარია და ძმანნი მისნიო, ასევე დამალა და არ თქვა ეს ინფორმაცია.

მოკლედ, ქვეყანა კი არა “მურკების და ჰარიფების, ძველი ბიჭების და მათი “ხელისბიჭების“, საერთო ჯამში კი სახელმწიფო კი არა – “ფარჩაკების სხადნიაკია”! მიტაცებულია სახელმწიფო… 2020-ში ხელისუფლებას ამნისტიას სთავაზობს ბოკერია, თან ამბობს “გარიგებული კი არ ვარ ისე ვთავაზობო”, ჰოდა ვისაც სჯერა… აბა ჰეეე!“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი. 

არ მგონია, ჯანდაცვის მინისტრი ან “ქართული ოცნების” ხელისუფლება დაუპირისპირდეს სააფთიაქო მაფიასა და ვერტიკალურ მონოპოლიებს, წავიდნენ კარტელური გარიგებების წინააღმდეგ – გიორგი ვაშაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებს ეხმიანება “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, სტრატეგია „აღმაშენებლის“ იდეის ავტორი. გიორგი ვაშაძე ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ სტრატეგია აღმაშენებლის „ჯანდაცვის ქართული მოდელის“ პრეზენტაციამ დაინტერესება გამოიწვია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან და პრიორიტეტულადაც მიიჩნია, თუმცა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ეჭვი ეპარება იმაში, თუ რამდენად შეძლებს ხელისუფლება დაუპირისპირდეს სააფთიაქო მაფიასა და ვერტიკალურ მონოპოლიებს.

“მსურს გამოვეხმაურო ჯანდაცვის მინისტრის მიერ დღეს გაჟღერებულ ინიციატივებს. მინისტრმა ზედმიწევნით გაიმეორა სისტემაში არსებული პრობლემები, რომლებიც ამ დღეებში გააჟღერა სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდმა, თუმცაღა მინისტრს არ დაუკონკრეტებია მათი გადაჭრის გზები, ამიტომაც ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებამ შეძლოს რაიმე ღირებულის შექმნა, ან რეალური რეფორმის გატარება ჯანდაცვის მიმართულებით, რადგანაც 2014 წლიდან ყოველ წელს, ხელისუფლება აჟღერებს, რომ მათთვის პრიორიტეტია წამლების ფასი და ხარისხი, პირველადი ჯანდაცვა ან ციფრული მედიცინა. როგორც ვხედავთ ამ მიმართულებებით დღემდე დიდი ჩავარდნებია და რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა.

ასევე, არ მგონია, რომ ქალბატონი მინისტრი ან “ქართული ოცნების” ხელისუფლება დაუპირისპირდეს სააფთიაქო მაფიასა და ვერტიკალურ მონოპოლიებს, წავიდნენ კარტელური გარიგებების წინააღმდეგ. ამის დროც და საშულებაც მათ ქონდათ, მაგრამ არ გააკეთეს.

სტრატეგია “აღმაშენებელს” ყველა იმ მიმართულებაზე, რაზეც მინისტრმა დღეს ისაუბრა, აქვს კონკრეტული, შეიძლება ითქვას რევოლუციური გეგმა და გადაწყვეტის „ფორმულები“. ასევე, ვამუშავებთ დეტალურ გეგმებს სამედიცინო განათლებასთან, სადაზღვევო სისტემებთან დაკავშირებით და კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენ თანამოქალაქეებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნიკა გვარამია: მორჩით ჩემს დამუნათებას – ან შეცვალე ტემპი, ან გადავრთავო

მაყურებლის უსაფუძვლო პრეტენზიად მიიჩნევს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია,  მის მიერ გადაცემის წაყვანის შეფასებისას:

ძვირფასო ზოგიერთო მაყურებელო…

მორჩით ჩემს დამუნათებას – ან შეცვალე ტემპი, ან გადავრთავო. მე ასე მიმყავს და გადაცემაც ასეთია. არ მოგწონთ წაყვანის სტილი – გადართეთ. ვერ მეწევით მე – დაეწიეთ სხვას. რეიტინგით და მაყურებლის დაკარგვით დამუქრება ნამეტანია და წავშლი ყველა ამგვარი მუქარის ავტორს (გულწრფელ კრიტიკოსებს, ცხადია, არ ეხება).

ისე წერთ, მაშინ გადავრთავო, გეგონება თვითმკვლელობამდე მიყვანას ცდილობდეთ  არაა ეგ ასე მარტივი  და ზოგადადაც, ასეთია ცხოვრება – ვიღაცა გადართავს, ვიღაცა გადმორთავს 🙂

P.S. ხო მართლა, თქვენ რომ ვერ მეწევით, ყოველთვის ჩემი ზედმეტი სისწრაფის ბრალი არ იყოს იქნებ? ჰა?“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

საპატრიარქოს ამბებთან დაკავშირებით მხოლოდ ფრაზა СДД მომდის თავში – გიგი უგულავა

გიგი უგულავა, მეუფე იაკობის სკანდალური განცხადების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ თუკი მეუფე მთვრალია, როგორც ამბობენ, მაშინ ის სიმართლეს უფრო ლაპარაკობს:

ესე ამბავი საპატრიარქოს ბოლო ჟამისა. ვცდილობ სადმე ნათელი წერტილი ვიპოვო, მაგრამ
მხოლოდ ეს ფრაზა СДД მომდის თავში.

საუბარი იმაზე, რომ მეუფე მთვრალია, უადგილოა. სიმთვრალე პირიქით სიმართლეს ალაპარაკებს ხოლმე ადამიანს. ფაქტია კაცი დეტალებს ყვება, ფაქტია რომ კონსტიტუცია დაარღვია მთავრობამ, მას არ აქვს ეკლესიის საქმეებში ჩარევის უფლება, მაშინაც კი როცა თავად ეკლესია არ იცავს ამ წესს.

ფაქტია რომ ეს გამოსაძიებელია და ისიც ფაქტია რომ არავინ გამოიძიებს და სწორედ ამიტომ Сожрите друг друг 👇“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე გიგი უგულავა.

ეს მეუფე, ის მეუფეა, რომელიც იძახდა გახარია პრემიერი თუ გახდა ჩამოვაგდებო – გიორგი გახარია

პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას ეხმიანება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და აცხადებს, რომ მეუფის მიერ გამოთქმული მსგავსი სისულელეები საზღვარს გადაცდა:

პირველად გავიგე რასაც მეუბნებით, ცოტა შოკირებული ვარ, მაგრამ ამის შემდეგ მახსენდება, რომ ეს მეუფე, ის მეუფეა, რომელიც იძახდა გახარია პრემიერი თუ გახდა ჩამოვაგდებო

სერიოზული კომენტარი თუ გაინტერესებთ, პატრიარქი არის ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღის სიმბოლო და მომავლის სიმბოლო სიმბოლო. და მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენ სახელმწიფოებრიობას კრავს. შესაბამისად ამ სისულელეებზე პასუხის მოთხოვნით უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებთ.

რატომ აკეთებს მეუფე ასეთ განცხადებებს, მეუფეს ჰკითხეთ, მას მიმართეთ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ მსგავსი სისულელეები საზღვარს გადაცდა.

ერთხელ და სამუდამოდ ამ პოლიტიკური კულტურიდან უნდა გამოვიდეთ – მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს და მეუფემ კიდევ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას უნდა დაანებოს ყველამ თავი და ყველამ თავისი საქმე მიხედოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.