კვირა, მაისი 18, 2025
15 C
Tbilisi
Home Blog Page 1782

“ქართულ ოცნებას” მომავალ დღეებში და თვეებში მოუწევთ პოლიტიკური ფასის გადახდა და ნერვიულობა იმის გამო, რაც გააკეთეს – ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი “ქართული ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატებს საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ გამოსვლისთვის უპირისპირდება. ანა დოლიძემ აქცია-პერფორმანსი გამართა პსპ-ს ოფისთან იმ მოტივით, რომ დეპუტატი კახა ოქრიაშვილი იყო მაჟორიტარული  სისტემის გაუქმების ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე:

დღეს მე მოვიტანე აქ “კორსიზი“, რომელსაც დავურიგებ “ქართული ოცნების“ წევრებს, იმიტომ, რომ მათ ნამდვილად დასჭირდებათ, მომავალ დღეებში და თვეებში, პოლიტიკური ფასის გადახდა და ნერვიულობა იმის გამო, რაც გააკეთეს.

პსპ-ს პატრონი სააფთიაქო ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი მფლობელი ბოლო დეკადებია, არის საქართველოს პარლამენტის წევრი და რა თქმა უნდა, ის იქნება მთავარი მხარდამჭერი იმისა, რომ ეს მახინჯი სისტემა შენარჩუნდეს,“- განაცხადა ანა დოლიძემ.

ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას და სხვა აქტუალურ თემებზე ამახვილებს ყურადღებას:

პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის – სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ.

ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა და არა დაუსრულებლად, სიძულვილითა და შეურაცხყოფით გაჯერებული გაუთავებელი შეძახილების მოსმენა. მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გვჭირდება მაქსიმალური სიმშვიდე, რათა გამოვლინდეს ხალხის თავისუფალი ნება და არჩევანი.

დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს სხვადასხვა საარჩევნო სისტემა: პროპორციული, მაჟორიტარული და შერეული. ვერც ერთ სისტემაზე ვერ ვიტყვით, რომ იგი მეტად ან ნაკლებად დემოკრატიულია.

პოლიტიკური ვითარებიდან, საკუთარი ამბიციებიდან თუ საარჩევნო გათვლებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პარტია სხვადასხვა ქვეყანაში უპირატესობას ანიჭებს კონკრეტულ საარჩევნო სისტემას. საზოგადოება ამ სისტემის ჩამოყალიბებაში ნაკლებადაა ჩართული და, შესაბამისად, გათვითცნობიერებულიც ნაკლებადაა. მას არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა აინტერესებს, და ასეც უნდა იყოს.

როცა ქვეყანა საოკუპაციო ხაზზე არსებულ დაძაბულობას ყოველდღიურად უმკლავდება და, ყველაფრის მიუხედავად, სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს; როცა საზოგადოება იარებს იშუშებს და ეკლესიაზე უმძიმესი შეტევების მიუხედავად, სასოწარკვეთილებას არ ეძლევა, არ შეიძლება, საარჩევნო სისტემაში ცვლილების შეტანამ თუ არშეტანამ ესოდენ დრამატიზებული რეაქცია გამოიწვიოს და ეს შედეგი გამოყენებულ იქნას ახალი დესტაბილიზაციის მცდელობისათვის.

ამავე დროს, მეტად სამწუხაროა, რომ ასე ხმამაღლად გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს ეხმიანებოდა და რომელიც მათ მიერ პოზიტიურად შეფასდა, ვერ (თუ – არ) იქნა ბოლომდე მიყვანილი. ეს იწვევს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ უარყოფით შეფასებებს, – სწორედ იმ დროს, როცა ყველა მიმართულებით აქტიური მხარდაჭერა გვჭირდება. ასეთი მხარდაჭერა აუცილებელია საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, – მით უმეტეს, როცა ჩვენი ღირსეული ექიმის დაპატიმრებასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა და რეაგირება უმნიშვნელოვანესია.

თუმცა, როგორც არ უნდა შეფასდეს პარლამენტში განვითარებული პროცესები, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ქვეყნისთვის დაუძლეველი სირთულე ან დემოკრატიის დასასრული. ჩვენმა დემოკრატიამ ბევრად რთული დღეები, ბევრად დიდი განსაცდელი გამოიარა, რასაც გავუმკლავდით.

ამ ვითარებასაც დავძლევთ, თუკი იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება; თუკი ყველა შეიკავებს თავს დაძაბულობის გაღრმავებისა და პოლარიზაციის გამწვავებისგან. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამას ჰქვია და იგი ყველას მოეთხოვება.

მივმართავ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოყენებულ იქნას ყველა შესაძლებლობა, რათა მოინახოს საერთო ენა, დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი და შეიქმნას მაქსიმალური პირობები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაძაბული მდგომარეობიდან გამოსასვლელად რესურსი არსებობს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი თაღლითი, მატყუარა და ვირეშმაკა პოლიტიკოსი – ირაკლი ოქრუაშვილი

პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს და საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნილ კენჭისყრას ეხმიანება “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი და ყოველივე მომხდარში ბიძინა ივანიშვილის ბრალეულობას ხედავს:

დარწმუნებული ვარ, გუშინწინდელი კენჭრისყრის შემდეგ საქართველოში აღარ დარჩა ადამიანი, რომელსაც ოდნავ მაინც ეპარება ეჭვი, რომ საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი თაღლითი, მატყუარა და ვირეშმაკა პოლიტიკოსი.
თვით მისი მხარდამჭერებიც კი, მის გუშინწინდელ თაღლითობას მის ნიჭს მიაწერენ, როგორც ყოველთვის, თუ როგორ ოსტატურად მოატყუა ოპოზიცია და ქართველი ხალხი.

2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპრციული წესით ჩატარება ნიშნავდა ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას, სიღარიბის შემცირებას, ქვეყნის ხალხისაგან დაცლის შეჩერებას და ბევრ სხვა კარგ რამეს.

მის დაპირებაში ყველამ ჩვენ ჩვენი ფასი გადავიხადეთ. “გავრილოვის ღამეს” მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს, ბევრს ტყვია და ხელკეტი მოხვდა, მე და კიდევ 18 ადამიანს ციხის ფასად დაგვიჯდა მისთვის ამ დანაპირების “გამოგლეჯა” .

მე ჩემი ფასის გადახდის, ციხეში მოხვედრის გამო ერთი წუთით არ მინანია, იმიტომ, რომ ვთვლიდი პროპორციული არჩევნები ჩემი და ყველას შვილებისათვის, ქვეყნისათვის უკეთეს მომავალს ნიშნავს.

ივანიშვილის გუშინწინდელმა თაღლითობამ ყველას ჩვენ ქვეყნის მომავალი მოგვპარა.
თუ ვინმე ოდნავ მაინც წუხს ქვეყნის ბედზე და მის მომავალზე, შვილების კეთილდღეობაზე, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანას ივანიშვილი უფსკრულში მიაქანებს და ჩვენ ყველას არამარტო შეგვიძლია, არამედ მოვალეობაც გვაქვს ამას ხელი შევუშალოთ.

კვირას 17 ნოემბერს და არამარტო კვირას, ხანგრძლივად რამოდენიმე დღის განმავლობაში, ყველა ჩვენთაგანმა გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი პირადი ინტერესები და პარლამენტის წინ ქუდზე კაცის შეკრებით ივანიშვილს უნდა ვანახოთ ხალხის ძალა.

ის,ვისაც ამის გათავისება და ამ საქმეში მონაწილეობა არ სურს, მას არ ესმის და არ აინტერესებს ქვეყნის მომავალი.

ან ახლა შევძლებთ ყველა ერთად დგომას და გამარჯვებას, ან დავდგებით საბედისწერო არჩევანის წინაშე – სამუდამოდ დავკარგავთ ჩვენს ქვეყანას.

შემდეგ, ვაი-ვიში – გვეშველება თუ არა რამე – არაფრის მომცემი აღარ იქნება,” – ფეისბუკის პირადი გვერდის მეშვეობით მიმართავს ირაკლი ოქრუაშვილი საზოგადოებას.

ვაფრთხილებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებური და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებებისაგან – მცხეთა-თბილისის საეპარქიო კომისია

მცხეთა-თბილისის საეპარქიო კომისია განცხადებას ავრცელებს საჯარო სივრცეში სასულიერო პირების  თვითნებურ მკვეთრ შეფასებებთან დაკავშირებით:

ბოლო ორი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების ფონზე არაერთი პრეცენდენტი  შეიქმნა იმისა, როდესაც საჯარო სივრცეში სასულიერო პირები თვითნებურ მკვეთრ შეფასებებს აკეთებენ ამა თუ იმ თემასთან მიმართებაში.
ამჯერად, მცხეთათბილისის ეპარქიაში დაფიქსირებულ ზოგიერთ არასწორ ქმედებაზე შევჩერდებით:

ა) მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს და 5 ნოემბერს დეკანოზმა დავით ისაკაძემ და მისმა მხარდამჭერმა სასულიერო პირებმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) მიმართ კადნიერი კრიტიკის შემცველი ვიდეო მიმართვები გაავრცელეს, რომლის შინაარსი მმართველ მღვდელმთავართან (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან) შეთანხმებული არ იყო.

ასევე

ბ) ა.წ. 13 ნოემბერს დეკანოზ თეოდორე  გიგნაძის  ინტერვიუში ადგილი ჰქონდა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) პოზიციის  მიმართ  კრიტიკას და არაკორექტულ გამონათქვამებს; ამის მიზეზი გახდა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაციის, _ „ბიბლიური თავისუფლების“ გარდაცვლილი წევრისთვის წესის აგებისაგან თავის  შეკავება (საერთო გადაწყვეტილების მიღებამდე),  რაც გამოწვეულია მართლამდიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელ რელიგიურ გაერთიანებასთან გარდაცვლილის კავშირით.

ვაფრთხილებთ სასულიერო პირებსთავი შეიკავონ თვითნებური და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებებისაგანპრობლემური სიტუაციის შემთხვევაში კი უნდა მომართონ საქართველოს საპატრიარქოს მცხეთათბილისის საეპარქიო მუდმივმოქმედ  კომისიას.

შექმნილი მძიმე კრიზისიდან პოლიტიკური და სამართლებრივი გამოსავალია “გერმანული საარჩევნო სისტემა” – დავით უსუფაშვილი

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ჩავარდნის გამო შექმნილ პრობლემებს ეხმიანება “შენების მოძრაობის” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და გამოსავალს „გერმანულ საარჩევნო სისტემაში“ ხედავს:

შექმნილი მძიმე კრიზისიდან პოლიტიკური და სამართლებრივი გამოსავალია „გერმანული საარჩევნო სისტემა“, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში იყო პარლამენტში ინიცირებული. ამ სისტემის მიხედვით:

1. საკმარისია 76 ხმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად და არ არის აუცილებელი 113 ხმის მოგროვება კონსტიტუციის შესაცვლელად;

2. პროპორციულობის პრინციპი დაცულია და ვერც ერთი საარჩევნო სუბიექტი ვერ მიიღებს იმაზე მეტ მანდატს, რაც მას მიღებული ხმების პროპორციულად ეკუთვნის;

3. არჩევნები ტარდება არსებულ მაჟორიტარულ ოლქებში და გამარჯვებული კანდიდატი უპირობოდ იღებს მანდატს, მიუხედავად მისი წარმდგენი პარტიის მიერ ნაჩვენები საერთო შედეგისა;

4. საარჩევნო ბლოკები დაშვებულია და საარჩევნო ბარიერი 3%-ია.

ამ სისტემის პირობებში, თუ პარტიამ ჯამურად მიიღო ხმების 10% და 150 მანდატიდან პროპორციულად ერგება 15 მანდატი, ამ მანდატების მფლობელები ხდებიან, ვთქვათ, 6 გამარჯვებული მაჟორიტარი და პარტიული სიის კიდევ 9 კანდიდატი. ანუ, გამარჯვებული მაჟორიტარები უპირობოდ იღებენ მანდატებს და მათ პარტიული სიიდან ემატებათ იმდენი დეპუტატი, რამდენიც საჭიროა პარტიისთვის მიკუთვნებულ ჯამურ რაოდენობამდე მანდატების შესავსებად. თუ პარტიამ ვერ გადალახა 3%-იანი ბარიერი, მაგრამ მისმა კანდიდატმა მოიგო მჟორიტარული ოლქი, პარტიას ეყოლება წარმომადგენელი პარლამენტში.

ამრიგად, ერთდროულად კმაყოფილდება პროპორციულობის მოთხოვნაც და მაჟორიტარული ოლქების შენარჩუნების მოთხოვნაც. თანაც ამ ყველაფერს სჭირდება არა 113, არამედ 76 ხმა. და კიდევ, სახელმწიფოებრივი კეთილგონიერება…” – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

იმედგაცრუებული ვარ, რომ ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, პროპორციული წესით ჩაგვეტარებინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები – ბიძინა ივანიშვილი

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება:

„დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, აუცილებლად მიმაჩნია, გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვითარდება.

იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, პროპორციული წესით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები – სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა ეს ინიციატივა, „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ერთი ნაწილის, ძირითადად მაჟორიტარების, წინააღმდეგობის გამო ჩააგდო.

საზოგადოებაში ისმის კითხვა: როგორ განვითარდა ასე უეცრად ე.წ. „მაჟორიტარული ამბოხი“ მმართველ გუნდში, როცა რამდენიმეთვიანი საკონსტიტუციო პროცესი წარმატებით დასრულდა და საქმე კენჭისყრაზე მიდგა?

ამ კითხვაზე სრულფასოვანი პასუხის გასაცემად და სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, თავს ვალდებულად ვთვლი, რამდენიმე უდავო ფაქტი შევახსენო საზოგადოებას.
კერძოდ:

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა, საკუთარი ინიციატივით, ჯერ კიდევ 2017 წელს, იმ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში მიიღო, რომელიც ოპოზიციური სპექტრის, არასამთავრობო სექტორის ნაწილისა და პარტიული მედიის მხრიდან ორგანიზებული, კამპანიური ხასიათის, აგრესიული ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა, რის გამოც, შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში, მხოლოდ მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ხმების ხარჯზე განხორციელდა. ნაციონალურმა მოძრაობამ მაშინ ბოიკოტი გამოუცხადა პროცესს, რომლის შედეგადაც ჩვენ ერთ ლიდერზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე ორიენტირებული კონსტიტუციის ნაცვლად, ჭეშმარიტად ევროპული კონსტიტუცია მივიღეთ, რომელიც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ცალსახად პოზიტიურად შეაფასა.

არავისთვის დასამალი არ არის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის იდეა მაჟორიტარ დეპუტატებში არასდროს სარგებლობდა დიდი პოპულარობით და მათი დიდი ნაწილი არც მაშინ შეხვდა ამ რეფორმას სათანადო ენთუზიაზმით, რის გამოც, ჩვენს სურვილზე, უკვე 2020 წლიდან გაგვეუქმებინა შერეული საარჩევნო სისტემა, შიდაპარტიული კონსენსუსი ვერ შედგა. შესაბამისად, მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს გადასვლის თაობაზე.
წარმოიდგინეთ, იმ დროს რომ საპარლამენტო ოპოზიციას მინიმალური პოლიტიკური სიმწიფე და სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოევლინა, ყველაფრის ხარჯზე ხელისუფლების დაზიანების ვიწროპარტიული დღის წესრიგით არ ეხელმძღვანელა და საკონსტიტუციო რეფორმისათვის მხარდაჭერის მზაობა ჰქონოდა, დღევანდელი დისკუსიას და ვნებათაღელვას საერთოდ არ ექნებოდა ადგილი – ჩვენს მაჟორიტარებსაც დავარწმუნებდით საარჩევნო რეფორმის გადავადების იდეის უპერსპექტივობაში და კონსტიტუციაშიც ცალსახად ავსახავდით 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას.

ეს მნიშვნელოვანი გარემოება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, თუ ობიექტური სურათის დანახვა გვსურს და საერთო კონტექსტის გაუთვალისწინებლად, ფრაგმენტულად არ ვაფასებთ მოვლენებს, მითუმეტეს, ემოციურ ფონზე.

მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის ზაფხულში განვითარებულ მოვლენებს, საზოგადოების ნაწილის სამართლიან პროტესტს მმართველი გუნდის სრულიად ადეკვატური რეაქცია მოჰყვა – პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგა, „ქართულმა ოცნებამ“ კი საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინიციატივით მიმართა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტებით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა.
არ დავმალავ, ამ ინიციატივის ავტორი პირადად მე ვიყავი და გუნდმაც, მთლიანობაში, მაჟორიტართა ნაწილის ყოყმანის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ამ იდეას და მაჟორიტარებიც, ერთეული გამონაკლისების გარდა, დაექვემდებარნენ პარტიულ დისციპლინას.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს შექმნა პრეცედენტი და სწორედ შერეული სისტემის პირობებში დაამარცხა ის პოლიტიკური რეჟიმი, რომლის მმართველობის პერიოდში წაშლილი იყო ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის, ორგანიზაციულად სუსტი და მცირერიცხოვან პარტიებს მაინც მიაჩნდათ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ექნებოდათ წარმატების მეტის შანსი. სწორედ ამიტომ გამოვედით ჩვენ ამ ინიაციატივით. ნულოვანი ბარიერის შეთავაზებით კი, ჩვენ ვეცადეთ კიდევ უფრო გაზრდილიყო მცირე პარტიების შესაძლებლობები.

მე დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებამ შესაბამისად შეაფასა კიდეც ჩვენი კეთილი ნება, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უარი გვეთქვა მნიშვნელოვან სასტარტო უპირატესობაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდს და მის მაჟორიტარ კანდიდატებს უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიის კანდიდატებთან შედარებით აქვთ.

უმთავრესი, რაც ჩვენს შეთავაზებას უნდა მოჰყოლოდა, იყო ის, რომ ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლებისა და ოპოზიციური სპექტრის, ხელისუფლებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ურთიერთობა პოლიტიკური კულტურის თვისობრივად ახალ საფეხურზე გადასულიყო, ხოლო საკუთრივ პოლიტიკური პროცესს, დემოკრატიული განვითარების ახალი ეტაპის დამკვიდრებისთვის შეეწყო ხელი.
ვიმედოვნებდით, რომ ჩვენი თამამი პოლიტიკურ აქტი, პროცესში ჩართული სხვა აქტორებისგანაც პოზიტიურად იქნებოდა აღქმული და პასუხად მათ კონსტრუქციულ რეაქციას მივიღებდით.
სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების განცხადებებიდან თუ ქმედებებიდან, საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობა – თვისობრივად ახალ საფეხურზე აგვეყვანა ქვეყნის პოლიტიკური კულტურა, მხოლოდ ცალმხრივი სურვილი აღმოჩნდა და აღქმული იქნა, როგორც ხელისუფლებისთვის პროპორციული არჩევნების გამოტაცება.

გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა, აგრესიული რიტორიკა, ცინიზმი, ქილიკი და პირადი შეურაცხყოფა – აი, რით უპასუხა ჩვენს ინიციატივას უპასუხისმგებლო ოპოზიციამ და მისმა სატელიტმა ორგანიზაციებმა. საქმე იქამდე მივიდა, რომ რეგიონებში, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვების ჩაშლის მიზნით პირდაპირ დარბაზებში უვარდებოდნენ ჩვენს დეპუტატებს ამ ოპოზიციისგან პირდაპირ თუ ირიბად მართული აგრესიული ჯგუფები და საჯაროდ ლანძღავდნენ მათ.
ამ მოვლენების გამო უკმაყოფილება მმართველ გუნდში დღეს და გუშინ არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი შიდაპარტიული დისკუსია და უთანხმოება გარეთ არ გამოგვქონდა, მე და სხვა ლიდერებიც, უდიდეს ძალისხმევას ვხარჯავდით, რომ პროცესი ჩიხში არ შესულიყო.

მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის მყიფე კონსენსუსი, რაც ზაფხულში ჩვენს გუნდში შედგა, დარღვეულიყო. როდესაც სესიაზე ინიციატივის განხილვა პრაქტიკულად დასრულდა და საკითხი კენჭისყრაზე დგებოდა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ჩვენს დეპუტატებს, პირდაპირ პარლამენტის დარბაზში, უმძიმესი პერსონალური შეურაცხყოფები მიაყენეს. როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოთმინების ფიალა აავსო და მეც, სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება.

ჩვენს ქვეყანაში სკეპტიკოსებს რა დალევს, მაგრამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა და ისიც ფაქტია, რომ ჩვენს გუნდში არა ფასადური, არამედ რეალური დემოკრატიაა, რაც ადამიანისთვის საკუთარი პრინციპული პოზიციის ძალით შეცვლის მცდელობას გამორიცხავს. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ როგორც საბჭოური, ისე ნაციონალური მოძრაობის მონოლითური, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მართვის სტილი, როცა ერთპიროვნული ლიდერის წინააღმდეგ ვერავინ მიდიოდა. ჩვენს გუნდში აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსია, ბუნებრივი პროცესია და ამის არაერთი მაგალითი უნახავს ჩვენს საზოგადოებას.

დაბოლოს – უნაკლო საარჩევნო სისტემები არ არსებობს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცივილიზებულ სამყაროში არ წყდება დისკუსიები ამა თუ იმ სისტემის ავკარგიანობაზე. პანაცეა არა საარჩევნო სისტემა, არამედ დემოკრატიაა, ანუ ინსტიტუციონალურად გამართული პოლიტიკური სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთავარი – ხელისუფლების წყარო ხალხია და მისი ნება დაუბრკოლებლად უნდა აისახოს არჩევნების შედეგებში.

მე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ რა, რომ ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა, – ჩემს გუნდთან და ხელისუფლებასთან ერთად ვიქნები გარანტი, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი გახდება შეუქცევადი. 2020 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამის წინაპირობა და თვალსაჩინო მაგალითი იქნება“.

პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უსამართლო სისტემის შენარჩუნების გადაწყვეტილება – ნინო ლომჯარია

პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ჩავარდნის თემას ეხება საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია:

სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ და შორიდან მიწევს გამოვეხმაურო განვითარებულ მოვლენებს.

ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც იმედს მაძლევდა, რომ ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდოდა და დემოკრატიული განვითარებისკენ რეალურ ნაბიჯებს გადადგამდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უსამართლო სისტემის შენარჩუნების გადაწყვეტილება. არ ვიცი, რამდენად არის დარჩენილი პოლიტიკური რესურსი, მაგრამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალი არჩევნები არ ჩატარდეს დღეს მოქმედი სისტემით.

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება სამართლიანი არჩევნების, უფლება მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში და უფლება მათი პოლიტიკური ნება ადეკვატურად და პროპორციულად აისახოს არჩევნების შედეგებში! ამ უფლებების სრულყოფილად რეალიზაციის საშუალებას ჩვენ მოქალაქეებს სწორედ დღეს არსებული საარჩევნო სისტემა ართმევს!” – აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

უკან დაბრუნება: საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ჩავარდა

პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა.

სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა 141 დეპუტატმა. რის შემდეგაც გაიმართა კენჭისყრის პროცედურა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს მიმართა, რომ კენჭისყრისას კარგად გაიაზრონ პასუხისმგებლობა მიღებულ გადაწტვეტილებასთან დაკავშირებით.

„ერთი წლის წინ ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება და შევცვალეთ საქართველოს კონსტიტუცია. გავაკეთეთ საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა გადავიდა საპარლამენტიო მმართველობის მოდელზე. ამ რეფორმის ფარგლებშიც, ერთი წლის წინ ჩვენ შევცვალეთ ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საარჩევნო სისტემის და მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა 2024 წელს გადავიდოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. დღეს კენჭს ვუყრით ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 2024 წელს დანიშნული პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარდეს 2020 წელს. გთხოვთ, ყველამ კიდევ ერთხელ გაიაზროთ თქვენი პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჩატარებული კენჭისყრის შედეგად 101 დეპუტატმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ ცვლილებას, 3 წინააღმდეგია. ეს ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი გადაწყვეტილების მისაღებად.

საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად ჩატარებული კენჭისყრის სახელობითი სია

საქართველოს სოფლის მეურნეობა, როგორც დარგი ვერ იმუშავებს, თუ მასში დასაქმებული სუბიექტების ეფექტური და ოპერატიული კომუნიკაცია ვერ შედგა – ალექსი ნონიაძე

სოფლის მეურნეობის სექტორში დაგროვებულ პრობლემებთან დაკავშირებით 31 ოქტომბერს სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში ჩატარებული თემატური პრეზენტაციის შესახებ საუბრობს სოფლის მეურნეობის თემის ექსპერტი ალექსი ნონიაძე:

“სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში ჩავატარეთ მეოთხე თემატური პრეზენტაცია – „სოფლის მეურნეობის განვითარების ქართული მოდელი“. შეხვედრაზე ამოვედით რა სოფლის მეურნეობის სექტორში დაგროვებული პრობლემებიდან:

  • მცირემიწიანობა;
  • სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაში მასშტაბის ეფექტისა და გამართული ლოგისტიკური ჯაჭვის „მინდვრიდან მომხმარებლამდე“ არ არსებობა;
  • არაეფექტური აგროდაზღვევის სისტემა;
  • სასოფლო სამეურნეო ინფრასტრუქტურის გაუმართაობა.

ფართო საზოგადოებას წარვუდგინეთ სამი ძირითადი ინიციატივა, რომელიც დაგროვილი პრობლემატიკის გადაჭრის გზებს ეხებოდა.

  1. კონკურენტული პროდუქტი და გარანტირებული ფასი
  • სოფლის მეურნეობის მარკეტინგის ცენტრის შექმნა;
  • კონკურენტული პროდუქტის დადგენა და მათი წარმოების ხელსეწყობა;
  • კონკურენტულ პროდუქტზე გარანტირებული ფასი ამერიკული მოდელის მიხედვით – „მოგების დაზღვევა“.
  1. მიწის ბანკის ევროპული მოდელი
  • მიწის რეგისტრაციის ხარჯების სრულად ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან;
  • მიწის სასამართლო იუსტიციის სახლში, გამარტივებული რეგისტრაციისთვის;
  • ფრაგმენტირებული მიწის საბაზრო ფასში შესყიდვა და გამსხვილება მიწის ბანკის მხრიდან;
  • შეძენილი და გამსხვილებული მიწის თვითღირებულებით ფერმერისთვის გადაცემა.
  1. ინფრასტრუქტურა – „მინდვრიდან მომხმარებლამდე
  • მელიორაციის სისტემის გამართვა – „აი ეს თელასის“ მოდელი;
  • მსოფლიოში ცნობილი ბრენდების საქართველოს ბაზარზე შემოყვანა (გადამამუშავებელი წარმოება);
  • ფერმერისთვის სახელმწიფოს სერვისების ერთ სივრცეში მიწოდება.
  • ერთიანი ლოგისტიკური ჯაჭვის აწყობა ისრაელისა და ნიდერლანდების გამოცდილების გათვალისწინებით;

საქართველოს სოფლის მეურნეობა, როგორც დარგი ვერ იმუშავებს, თუ მასში დასაქმებული სუბიექტების ეფექტური და ოპერატიული კომუნიკაცია ვერ შედგა. სოფლის მეურნეობის ლოგისტიკური ჯაჭვი უნდა შესდგებოდეს ისეთი აუცილებელი და ძირითადი რგოლებისაგან როგორიცაა: ფერმერული, საჩითილე, სასაწყობო/სამაცივრე მურნეობებისგან, გადამამუშავებელი წარმოებისგან, აგროტექნიკის პარკებისგან, თანამედროვე ტექნოლოგიებში ცოდნისა და გამოცდილებისგან, სახელმწიფო სერვისებისგან, გასაღების ბაზრებისგან (დიაგრამაN1). მათი საერთო მიზნებიდან გამომდინარე და იმისათვის, რომ ეფექტიანობა გაიზარდოს, სასურველია ისინი რამოდენიმე აგროკლასტერში გავაერთიანოთ.

დიაგრამა N1

სოფლის მეურნეობის ჩვენს მიერ წარმოდგენილ მოდელში ცენტრალური ფიგურა ფერმერია. იგი არამარტო აგრონედლეულის მწარმოებელი, არამედ მისი ადგილზე გადამამუშავებელიცაა. როგორც განვითარებული ქვეყნების გამოცდილებამ გვიჩვენა წარმატებული ფერმერული მეურნეობა უნდა იმართებოდეს პრინციპით: „ნაკლები დანახარჯები, მაქსიმალური მოგება“. ლოგისტიკური ჯაჭვის დანარჩენი რგოლები მას უნდა ეხმარებოდნენ ფუნქციონირებაში. უზრუნველყოფდნენ მას ტექნოლოგიური ცოდნით, თანამედროვე აგროტექნიკით, გასაღების ბაზრებით, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეებით, რისკებისგან მაქსიმალურად დაზღვეული გარემოს  შექმნით და ა.შ.” – აღნიშნავს ალექსი ნონიაძე.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, ლევან იზორიას დაეკისრა. პრემიერ-მინისტრმა, სხდომაზე, მთავარი პრიორიტეტები გააჟღერა:

„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ფუნქცია, განსაკუთრებით კოორდინაციის ნაწილში. დღეს ამ ქვეყნის უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სხვანაირად ვერ განვავითარებთ ვერც ეკონომიკას, ვერც ტურიზმს, ვერც განათლებას, ვერც კულტურას და საერთოდ, ქვეყნის ხვალინდელ დღეზე მსჯელობა იქნება საკმაოდ პირობითი. ამიტომ, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ასევე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკითხს.

„ჩვენი უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა გახლავთ ოკუპაცია. ეს არის ის, რაზეც ჩვენ და ჩვენი მოქალაქეები ვფიქრობთ ყოველდღე. ეს გამოწვევა არის უაღრესად კრიტიკული თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით, მათთვის, ვინც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ორივე მხარეს ცხოვრობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად დაასახელა კიბერუსაფრთხოება.

კიბერუსაფრთხოება, უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს რეგიონში და განსაკუთრებით იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ქვეყანამ იგრძნო, როდესაც კიბერუსაფრთხოების ნაწილში სერიოზული გამოწვევა ჰქონდა ჩვენს სახელმწიფო უწყებებსაც და კერძო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელსაც“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ლევან იზორიას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სრულყოფილი კონცეფციის შექმნა დაავალა, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მომუშავე სახელმწიფო უწყებებისთვის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა იქნება.