პარასკევი, აპრილი 19, 2024

საქართველოს სოფლის მეურნეობა, როგორც დარგი ვერ იმუშავებს, თუ მასში დასაქმებული სუბიექტების ეფექტური და ოპერატიული კომუნიკაცია ვერ შედგა – ალექსი ნონიაძე

სოფლის მეურნეობის სექტორში დაგროვებულ პრობლემებთან დაკავშირებით 31 ოქტომბერს სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში ჩატარებული თემატური პრეზენტაციის შესახებ საუბრობს სოფლის მეურნეობის თემის ექსპერტი ალექსი ნონიაძე:

“სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში ჩავატარეთ მეოთხე თემატური პრეზენტაცია – „სოფლის მეურნეობის განვითარების ქართული მოდელი“. შეხვედრაზე ამოვედით რა სოფლის მეურნეობის სექტორში დაგროვებული პრობლემებიდან:

  • მცირემიწიანობა;
  • სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაში მასშტაბის ეფექტისა და გამართული ლოგისტიკური ჯაჭვის „მინდვრიდან მომხმარებლამდე“ არ არსებობა;
  • არაეფექტური აგროდაზღვევის სისტემა;
  • სასოფლო სამეურნეო ინფრასტრუქტურის გაუმართაობა.

ფართო საზოგადოებას წარვუდგინეთ სამი ძირითადი ინიციატივა, რომელიც დაგროვილი პრობლემატიკის გადაჭრის გზებს ეხებოდა.

  1. კონკურენტული პროდუქტი და გარანტირებული ფასი
  • სოფლის მეურნეობის მარკეტინგის ცენტრის შექმნა;
  • კონკურენტული პროდუქტის დადგენა და მათი წარმოების ხელსეწყობა;
  • კონკურენტულ პროდუქტზე გარანტირებული ფასი ამერიკული მოდელის მიხედვით – „მოგების დაზღვევა“.
  1. მიწის ბანკის ევროპული მოდელი
  • მიწის რეგისტრაციის ხარჯების სრულად ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან;
  • მიწის სასამართლო იუსტიციის სახლში, გამარტივებული რეგისტრაციისთვის;
  • ფრაგმენტირებული მიწის საბაზრო ფასში შესყიდვა და გამსხვილება მიწის ბანკის მხრიდან;
  • შეძენილი და გამსხვილებული მიწის თვითღირებულებით ფერმერისთვის გადაცემა.
  1. ინფრასტრუქტურა – „მინდვრიდან მომხმარებლამდე
  • მელიორაციის სისტემის გამართვა – „აი ეს თელასის“ მოდელი;
  • მსოფლიოში ცნობილი ბრენდების საქართველოს ბაზარზე შემოყვანა (გადამამუშავებელი წარმოება);
  • ფერმერისთვის სახელმწიფოს სერვისების ერთ სივრცეში მიწოდება.
  • ერთიანი ლოგისტიკური ჯაჭვის აწყობა ისრაელისა და ნიდერლანდების გამოცდილების გათვალისწინებით;

საქართველოს სოფლის მეურნეობა, როგორც დარგი ვერ იმუშავებს, თუ მასში დასაქმებული სუბიექტების ეფექტური და ოპერატიული კომუნიკაცია ვერ შედგა. სოფლის მეურნეობის ლოგისტიკური ჯაჭვი უნდა შესდგებოდეს ისეთი აუცილებელი და ძირითადი რგოლებისაგან როგორიცაა: ფერმერული, საჩითილე, სასაწყობო/სამაცივრე მურნეობებისგან, გადამამუშავებელი წარმოებისგან, აგროტექნიკის პარკებისგან, თანამედროვე ტექნოლოგიებში ცოდნისა და გამოცდილებისგან, სახელმწიფო სერვისებისგან, გასაღების ბაზრებისგან (დიაგრამაN1). მათი საერთო მიზნებიდან გამომდინარე და იმისათვის, რომ ეფექტიანობა გაიზარდოს, სასურველია ისინი რამოდენიმე აგროკლასტერში გავაერთიანოთ.

დიაგრამა N1

სოფლის მეურნეობის ჩვენს მიერ წარმოდგენილ მოდელში ცენტრალური ფიგურა ფერმერია. იგი არამარტო აგრონედლეულის მწარმოებელი, არამედ მისი ადგილზე გადამამუშავებელიცაა. როგორც განვითარებული ქვეყნების გამოცდილებამ გვიჩვენა წარმატებული ფერმერული მეურნეობა უნდა იმართებოდეს პრინციპით: „ნაკლები დანახარჯები, მაქსიმალური მოგება“. ლოგისტიკური ჯაჭვის დანარჩენი რგოლები მას უნდა ეხმარებოდნენ ფუნქციონირებაში. უზრუნველყოფდნენ მას ტექნოლოგიური ცოდნით, თანამედროვე აგროტექნიკით, გასაღების ბაზრებით, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეებით, რისკებისგან მაქსიმალურად დაზღვეული გარემოს  შექმნით და ა.შ.” – აღნიშნავს ალექსი ნონიაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული