პარასკევი, ივლისი 25, 2025
27.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1647

“არ მივისწრაფვი რაიმე ექსკლუზიური როლისთვის, მე ვარ ერთ-ერთი თანასწორთა შორის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ასევე მისი დაბრუნების საკითხს და ამასთანავე კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ შედგა უმნიშვნელოვანესი შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის:

მე საქართველოში ვერ ვბრუნდები არა იმიტომ, რომ რომელიმე ოპოზიციის წევრს არ სურს დავბრუნდე, არამედ იმის გამო, რომ ვიმყოფები პოლიტიკურ დევნილობაში არსებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ, რომელმაც ამ დღეებში ქართველ ერს მოპარა თავისუფალი არჩევანის უფლება. პრაქტიკულად, ივანიშვილმა მთელი საქართველოს დღევანდელ და მომავალ თაობებს წაართვა პერსპექტივა.

მიმაჩნია, რომ ამ დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ოპოზიციური პარტიის ერთობა არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი პიროვნების ბედი, თუნდაც ეს იყოს ჩემი მოკრძალებული პიროვნება.

მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც ჩემი დაბრუნების საკითხს აყენებს, რა თქმა უნდა, ჩემთვის უმძიმესია მრავალწლიანი განშორება სამშობლოსთან და ჩემთვის სამშობლოს მიწაზე ფეხის დადგმა ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე თანამდებობა, ან ნებისმიერი პოლიტიკური როლი.

მე არ მივისწრაფ რაიმე ექსკლუზიური როლისთვის, მე ვარ ერთერთი თანასწორთა შორის.
ახლა ყველანი უნდა ვკონცენტრირდეთ ოლიგარქის მიერი ჩატარებული მანიპულაციების წინააღმდეგ, რადგან ეს უსამართლობა არ შერჩეს ივანიშვილს.

აქვე ვიტყვი, თუ ქართული ოპოზიციური ერთობა ჩათვლის, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად ჩემი ჩამოსვლა იქნება ერთერთი იარაღი, გარწმუნებთ ვიპოვი საშუალებას საქართველოში შემოღწევის და ვერანაირი წინაღობა ამ სურვილს ხელს ვერ შეუშლის. ჩემი უსაფრთხოება მეასე ხარისხოვანია მაშინ, როცა სამშობლოს ვკარგავთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაიმე განხეთქილების ან უთანხმოების თემა. მაშინ, როდესაც უკვე მიღწეულია უმნიშვნელოვანესი შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის’’,წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი
ანა რობაქიძე

გიორგი რურუასთან დაკავშირებული ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური

პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც “მთავარი არხის” დამფუძნებელზე, პატიმარ გიორგი რურუაზე მოხდა ფიზიკური თავდასხმა, განცხადებას ავრცელებს სპეციალური პენიტენციალური სამსახური:

2020 წლის 2 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ სალომე სამადაშვილმა და გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გამართეს ბრიფინგი, სადაც N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ძალადობა და თავდასხმა.” – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, მომხდარი ინციდენტის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უკვე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და დეტალურად არის მოყვანილი ინციდენტის შესაბამისი ფაქტები.

ვინაიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს მომხდარის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაციების სამომავლოდ თავიდან ასაცილებლად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, საჯარო გახადოს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მომხდარი ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა. შეგახსენებთ, ფლიგელში, სადაც ინცინდენტი მოხდა, 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა პატიმრობის კოდექსის შესაბამისად მიმდინარეობს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოძიების ფარგლებში ადვოკატის თანდასწრების გარეშე გამოკითხვაზე გიორგი რურუამ უარი განაცხადა, ხოლო მისმა ადვოკატმა საძაგლიშვილმა, რომელიც მედიის წინაშე განცხადებებს აკეთებს, გამოძიების ორგანოს შეთავაზებაზე, მისულიყო საპატიმროში და დასწრებოდა გამოკითხვის პროცესს, ასევე უარი განაცხადა მოუცლელობის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა

‘‘ქართული ოცნება’’ წამებით კლავს ჩემს ძმას, გადარჩენის შანსს არ უტოვებს – თორნიკე მამალაძე, გიორგი მამალაძის ძმა

ე.წ. “ციანიდის საქმეზე” დაპატიმრებული გიორგი მამალაძე სასჯელს იხდის ციხეში. პატიმრის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში საკმაოდ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც თავისი ძმის უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს, ამასთან ერთად, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით გამოდის და საზოგადოებას სთხოვს, აქტიურად ჩაერთონ არჩევნების შემდგომ პროცესებში:

‘‘ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, ნათესავებო, ნაცნობებო და უცნობებო – ყველამ იცით, რომ ჩემი ძმა საპყრობილეში უპატრონოდ მიგდებული, უმოძრაოდ საწოლზეა მიჯაჭვული. არ მკურნალობენ. წამლების შეგზავნის უფლებასაც არ გვაძლევენ. უმძიმესია ჩემთვის ამის დაწერა, ამ ნაწერს ხომ მისი შვილებიც წაიკითხავენ, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრათ, რაც მასთან ბოლო პაემანზე ვნახე. მამა გიორგის სასიცოცხლო ენერგია ეწურება ხალხო. ეს ბოროტი ძალა, რომელსაც ‘‘ქართული ოცნება’’ ჰქვია წამებით კლავს ჩემს ძმას. გადარჩენის შანსს არ უტოვებს. არ ვაჭარბებ გეფიცებით.

შეიძლება ეგოისტურად მოგეჩვენოთ ჩემი ეს ამოძახილი, მაგრამ, ჩემო ძვირფასებო, ღმერთმა არ გამოგაცდევინოთ საკუთარი ძმის, საკუთარი სისხლის და ხორცის ასეთ ტანჯვაში ყოფნა. არ გამოგაცდევინოთ იმის ყურება, როგორ დღითიდღე სანთელივით გიდნება უფროსი ძმა, რომელმაც გაგზარდა, სიკეთის ბევრი მაგალითი მოგცა და ცხოვრება გასწავლა.

ჩემო კეთილო ადამიანებო, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ჩემი ძმის სიკვდილის წამზომი შეაჩეროთ. ოცნების მთავრობის დასრულება მამა გიორგის საპყრობილედან გათავისუფლებას ნიშნავს. ხვალ მისი გადარჩენის ბოლო შანსია ჩემს სიცოცხლეს გეფიცებით. გთხოვთ, მიიღეთ მონაწილეობა მადლიან საქმეში, თქვენს შვილებს და ოჯახის წევრებს შეეწევა ადამიანის გადარჩენაში თქვენი მონაწილეობა. გთხოვთ, შეცვალეთ ხვალ ეს ბოროტი ხელისუფლება, გადაარჩინეთ ადამიანი, იხსენით წამებით სიკვდილისგან ერთი რიგითი მღვდელი. გთხოვთ…’’, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თორნიკე მამალაძე.

ავტორი
ანა რობაქიძე

“ევროპული საქართველო” უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში – დავით ბაქრაძე

‘‘ევროპულმა საქართველომ’’ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რა დროსაც საზოგადოებას გააცნო პარტიის გადაწყვეტილება ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე უარის გაცხადებასთან დაკავშირებით. პარტიის ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში აქცენტი გაამახვილეს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით:

‘‘ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და იგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად, ჩვენ ყველამ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება – “ევროპული საქართველო’’ უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ და უარს ვამბობთ მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურში’’, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

დღეს ამ პარლამენტში შესვლა ნიშნავს არა პარლამენტში შესვლას, არამედ “ქართულ ოცნებაში” შესვლას. ამიტომ, “ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილება არის სრული ბოიკოტი გამოუცხადოს ამ პარლამენტს. მთავარი, რასაც ვითხოვთ, ეს არის პატიოსანი და თავისუფალი რიგგარეშე არჩევნები, სხვა შემთხვევაში საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი პირდაპირ დაემსგავსება ბიძინა ივანიშვილის ჯამახერია, თუმცა მაინც ძალიან მალე ჩამოიქცევა,’’ – მიაჩნია გიგი უგულავას.

 

ჩვენ გვაქვს ნებისყოფა და რწმენა, რომ მორალურად გავტეხოთ ეს კაცი და მისი პოლიტიკური კლოუნების გარემოცვა, რომელმაც საქართველოს თავს მოახვია ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საშიში ტენდენცია, სრული მონოპოლიზაცია ძალაუფლების. ეს არის კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ვალია, ერთიანად დავუპირისპირდეთ ამას ყველანი’’, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ავტორი
ანა რობაქიძე

“ნაციონალური მოძრაობა” სხვა პარტიებზე ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს, რომ არ შევიდნენ პარლამენტში, მაშინ როდესაც, მოქალაქეებმა ეს პარტიები იმისთვის აირჩიეს, რომ პარლამენტში შევიდნენ და იმუშაონ – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება ოპოზიციურ პარტიებში დაწყებულ დიალოგს პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და მოუწოდებს პარტიებს შევიდნენ პარლამენტში:

ჩვენ გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები, რომ სხვა პარტიებიც შესულიყვნენ პარლამენტში და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ ამის შესაძლებლობა რეალურად მიეცათ. რომ არა ეს დემოკრატიული რეფორმები,  სხვანაირად, ისინი ვერ მოხვდებოდნენ პარლამენტში.

გახსოვთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პოლიტიკური სივრცე ჰქონდა ჩაკეტილი. ოპოზიციაშიც გადასვლის შემდეგაც, იგივეს აკეთებდნენ – მონოპოლია ჰქონდათ ოპოზიციაზე და სხვა პარტიებს მხოლოდ მათი ქოლგის ქვეშ შეეძლოთ არსებობა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციური მონოპოლია დასრულებულია – პარტიები, რომელიც დამოუკიდებლად, მათ გარეშე შევიდნენ პარლამენტში, არ უნდა დაექვემდებარონ “ნაც.მოძრაობის” პოლიტიკურ შანტაჟს და გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელიც მათმა მხარდამჭერებმა მისცეს არჩევნებში.

ბოიკოტის თავს მოხვევის მცდელობა იქნება ბარიერგადალახული სხვა პარტიებისთვის ერთგვარი ტესტი, შეძლებენ თუ არა ისინი თავი დააღწიონ “ნაციონალური მოძრაობის” მონოპოლიას და დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოონ.

ყველამ პატივი უნდა სცეს საზოგადოების გადაწყვეტილებას და არჩევნების შედეგებს, რომელიც სადამკვირვებლო მისიებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე აღიარა, როგორც კონკურენტული არჩევნების შედეგი. ჩვენ მზად ვართ და ველით თანამშრომლობას ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებთან ახალ პარლამენტში. მზად ვართ მშვიდი, საქმიანი პოლიტიკისთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

ცესკოს განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ინფორმაციებზე

სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება საზოგადოების
შეცდომაში შემყვანი და არასწორი ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის
შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებსა და დისბალანსთან დაკავშირებით,
რაც წარმოადგენს მიზანმიმართულ კამპანიას. არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანია
საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენა.

ცესკო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში
დისბალანსი შესაძლოა გამოწვეული იყოს ობიექტური გარემოებებით. კერძოდ, რიგ
შემთხვევებში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველს არ
აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ
ის ხმას არ აძლევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რაც იწვევს დისბალანსს
მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში და სხვაობას საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემული
ხმების ჯამსა და კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას შორის.
რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემაჯამებელ ოქმებში, მართლაც არის დისბალანსი
მონაცემებს შორის, რომელიც გამოწვეულია შემაჯამებელ ოქმში მონაცემთა შეტანისას
დაშვებული შეცდომით, აღნიშნულ შემთხვევაში, შესწორების ოქმითა და შესაბამისი საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებით, აღმოიფხვრება უზუსტობა.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა
დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში, შესაბამისი მონაცემის გასწვრივ,
მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს
შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის
შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო
კომისიის ბეჭედი, გატარდება ჩანაწერთა წიგნში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს,
რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა. შესწორების ოქმების შედგენა, საარჩევნო
კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე შესაძლებელია განხორციელდეს არაუგვიანეს
კენჭისყრის დღის მეორე დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებში.

სამწუხაროა, რომ სხვადასხვა პირები მიზანმიმართულად და შეგნებულად აქვეყნებენ
შემაჯამებელ ოქმებს, რომლებშიც დისბალანსი გამოწვეულია ზემოაღნიშნული ობიექტური
საფუძვლებით და არსებობის შემთხვევაში, მათ მიერ არ ხდება შესწორების ოქმების ანდა
კომისიის შესაბამის წევრთა ახსნა-განმარტებების გამოქვეყნება, რის მიზანსაც, კიდევ
ერთხელ აღვნიშნავთ, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და უნდობლობის
გაჩენა არჩევნების შედეგებისადმი.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობი დეპარტამენტი ავრცელებს

“გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო არჩევნების მოკლე შემაჯამებელი პოსტი გაავრცელა სოციალურ ქსელში. გიორგი გახარიას აზრით 31 ოქტომბეია საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, სადაც ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული:

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, სადაც ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული – ეს არის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასება.

მადლობა თითოეულ მათგანს, საქართველოს დემოკრატიის ერთგულებისთვის, იმისთვის, რომ გლობალური პანდემიის ფონზეც კი, ჩამოვიდნენ საქართველოში და მხარი დაუჭირეს ჩვენს ქვეყანას წინსვლის პროცესში.

როგორც ყოველთვის ვაცხადებდით, ამ ურთულეს პირობებშიც კი, საქართველომ შეძლო თავისუფალი, ღია და კონკურენტული არჩევნების ჩატარება. ცალკეული ხარვეზები კი, არის გამოსწორებადი, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ეს მისწრაფება გვაახლოებს ევროპული სახელმწიფოს მშენებლობასთან.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მოქალაქეებს აქტიურობისთვის. მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, რომელთა სიმრავლე ჩვენ კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ ერთად გავაგრძელოთ წინსვლა.

სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი გახარია.

ავტორი
ანა რობაქიძე

 

“ახალი პარლამენტის პირველი სხდომა უნდა ჩავშალოთ!” – ელისო კილაძე

“ქრონიკა+”-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და გამოცხადებულ პირველად შედეგებს ეხმიანება. ჟურნალისტი პრინციპულად მოითხოვს ოპოზიციური სპექტრისგან არჩევნების ბოიკოტს და მანდატებზე უარის თქმას, ხოლო ვინც შევა პარლამენტში, მათ მხილებით ემუქრება:

გეგმა მარტივია:
ბოიკოტი გაყალბებულ არჩევნებს!
არც ერთი ოპოზიციონერი პარლამენტში!
ახალი პარლამენტის პირველი სხდომა უნდა ჩავშალოთ!
ვინც ქოცებს კოალიციას შეუკრავს იქნება ქვეყნის მოღალატე!
ამ ზამთარს ვერ გაატანენ!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

რამდენიმე საათით ადრე კი, ასევე, ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ელისო კილაძე მიმართავს ახალი პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატობის კანდიდატებს:

ოქმების გადაწერა 90-იანი წლების მერე არ მახსოვს!
თუ ვინმეს ღირსების ნატამალი შერჩა, ამ გამყალბებელ ოცნებას პარლამენტში გვერდით არ უნდა დაუჯდეს!
ახლა გამოჩნდება ოპოზიცია რას იზამს – იბრძოლებს, თუ გარიგდება!
ბრძოლაში თქვენს გვერდით ვარ, გარიგებულებს გამხელთ!” – აცხადებს ელისო კილაძე.

ქართული კულტურის საღამო ტალინში

საქართველოს “ახალგაზრდა ელჩის” ვახტანგი კაჩუხაშვილის ორგანიზებით, ტალინის ახლგაზრდულ ცენტრში ქართული კულტურის საღამო მოეწყო. ღონისძიებას საქართველოთი დაინტერესებული ადგილობრივი და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ახალგაზრდები ესწრებოდნენ. კულტურის საღამო შემეცნებით, ინტერაქტიულ და გასართობ აქტივობებს აერთიანებდა.

ღონისძიების პირველ ნაწილში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ქართულ კულტურას, ენას, საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და ტრადიციულ სამზარეულოს გაცნობოდნენ.
მეორე ნაწილი კი ქართული ენის სახელოსნო/მასტერკლასს დაეთმო, რომელში ჩართულ ახალგაზრდებსაც საშუალება ჰქონდათ შეესწავლათ საბაზისო ფრაზები ქართულ ენაზე და ეცადათ სხვადასხვა სიტყვა ქართულად დაეწერათ.

საღამოს ერთ-ერთი მონაწილისა და პრეზენტატორის, ანანო იაშვილის შეფასებით, ღონისძიება ძალიან პროდუქტიული გამოვიდა და აუდიტორიაც საკმაოდ ინტერაქტიული იყო.
მიუხედავად კოვიდპანდემისა ღონისძიებაზე ბევრი ახალგაზრდა დაგვესწრო. მათ საქართველოს კულტურისადმი დიდი ინტერესი გამოხატეს, მეტიც, ზოგიერთმა მათგანმა პირად დისკუსიაში გამიმხილა, რომ შემდეგი მოგზაურობისთვის, საქართველო მათი დანიშნულების ქვეყანა გახდა.

ღონისძიების დროს მონაწილეებს გავაცანით საინტერესო და არც ისე ცნობილი ფაქტები საქართველოს შესახებ, წარვუდგინეთ ქართული ცეკვები, ქართული სამზარეულო, ქართული ენა და კულტურა, ასევე მივეცით რჩევები, თუ რა უნდა მოინახულონ საქართველოში. მიმაჩნია, რომ ყველაზე ინტერაქტიული ნაწილი კაჰუტის ქუიზი და ენის გაკვეთილები იყო.
ასეთი ტიპის ღონისძიებები საკმაოდ მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვრებს მიღმა,“ – განაცხადა ანანო იაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ესტონეთის რესპუბლიკაში ვახტანგი კაჩუხაშვილის ორგანიზებით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ყოველთვიურად ტარდება.
„ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

„ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელების საშუალებით, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება – საქართველოს ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ და საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის გაფართოებაა.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
კორესპონდენტი ესტონეთში

ტალინში გახსნილ 21-ე საარჩევნო უბანზე 126 ამომრჩეველი მივიდა

ესტონეთის საელჩოში გახსნილი უბანი ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა. სარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ვახტანგი კაჩუხაშვილის თქმით, ყველა პროცედურამ კანონის დაცვით, გამჭირვალედ ჩაირა და ამომრჩევლის აქტივობა გასულ წლებთან შედარებით მაღალი იყო. საარჩევნო უბანზე დაითვალეს არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლების რაოდენობა და შედეგების შესაბამისად საკონსულო აღრიცხავაზე მყოფი 213 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 126 – გამოცხადდა.

ჩვენ გავესაუბრეთ ერთ-ერთ ემიგრანტს, რომელიც საკმაოდ პოზიტიურად იყო განწყობილი.
იმედი მაქვს ყველა მოვა არჩევნებზე და ეს დღე ბევრ რამეს შეცვლის. უკვე მეორედ ვიღებ აქ, უცხოეთში, არჩევნებში მონაწილეობას და მინდა აღვნიშნო,რომ ყველაფერი ნორმალურად, წესების დაცვით ტარდება,“ – განცხადა გიორგი ჯავახიძემ.

P.S. წინასწარი მონაცემებით:
ᲒირᲩი 46; ნაციონალური მოᲫრაობა – 32; ქართული ოცნება – 16; სტრატეგია აღმაშენებელი – 2.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
კორესპონდენტი ესტონეთში