ორშაბათი, ივლისი 28, 2025
25.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1622

თბილისის მერიას არავინ დაუტოვებია ღია ცის ქვეშ, თუმცა, ამავე დროს, არავის მივცემთ უფლებას, მიიტაცოს სახელმწიფო მიწები და უკანონო ნაგებობები განათავსოს მასზე – ლევან ჯღარკავა

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია თბილისის მერიის დისკრედიტაციის მიზნით და ვრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაციები. ლევან ჯღარკავას განცხადებით ინფორმაციების მოკვლევის შედეგად დგინდება, რომ უკანონო ნაგებობების უკან დგანან მოქალაქეები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ თავზე ჭერი დედაქალაქსა თუ რეგიონებში და ისინი არ არიან უსახლკაროები:

ბოლო დღეებია, აქტიურად მიმდინარებს მიზანმიმართული კამპანია თბილისის მერიის დისკრედიტაციის მიზნით, რასაც ხელს უწყობს ზოგიერთი მედიასაშუალება. აქედან გამომდინარე, საზოგადოება არის დეზინფორმაციის ქვეშ და უწყვეტ ნაკადად მიეწოდება ინფორმაცია, თითქოს მერია სახლებს უნგრევს და ქუჩაში ყრის მოქალაქეებს. 

არაერთი განმარტების მიუხედავად, ვრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაციები, მათ შორის, 8 წლის გიგის შესახებ, რომლის ოჯახსაც აფრიკის დასახლებაში, მიტაცებულ მიწაზე აქვს განთავსებული უკანონო ნაგებობა. ვინაიდან ამ ოჯახის ინტერესთა დამცველების მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრები სარგებლობენ  დევნილის სტატუსით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა სააგენტომ მოიკვლია დამატებითი ინფორმაცია, რის შედეგადაც გაირკვა, რომ სულ ახლახან, სახელმწიფომ მათ საკუთრებაში გადასცა სამოთახიანი ბინა ზუგდიდში. ამ ფაქტის შესახებ სრულ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსი ბესარიონ სიმონიშვილი მოგვაწვდის. 

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: თბილისის მერიას არავინ დაუტოვებია ღია ცის ქვეშ, თუმცა, ამავე დროს, არავის მივცემთ უფლებას, მიიტაცოს სახელმწიფო მიწები და უკანონო ნაგებობები განათავსოს მასზე.  ძირითად შემთხვევაში, ამ უკანონობის უკან დგანან მოქალაქეები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ თავზე ჭერი დედაქალაქსა თუ რეგიონებში და ისინი არ არიან უსახლკაროები.

თქვენ იცით, რომ წინა კვირას გავაკეთეთ განცხადება სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებზე და მოვუწოდეთ სამართალდამრღვევ პირებს 4 დღის ვადაში განახორციელონ დემონტაჟი. უკვე გამოგვეხმაურა რამდენიმე პირი, რომელთაც გამოთქვეს მზაობა, თავად მოახდინონ დემონტაჟი.  

ჩვენი მხრივ, რასაკვირველია, დაწყებულია მოკვლევა კანონდარღვევის ფაქტებზე და გამოვლენილია რამდენიმე ადამიანი,  რომლებიც სარგებლობენ დევნილის სტატუსით, შესაბამისად მათ აქვთ სახელმწიფოსგან მიღებული ქონება საკუთრებაში.

მოქალაქე ე.ფ-ს 2012 წლიდან დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი ფონიჭალაში, ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩქვალერში. მისი მეუღლე ფლობს 568 კვ. მეტრი მოცულობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს თბილისში, იგოეთის ქუჩაზე.

მოქალაქე ე.პ-მ საკუთრებაში არსებული ბინა ვარკეთილის მესამე მასივში გადასცა მამას. იგი 2019 წელს, სახელმწიფოსგან, „სოფლად სახლის“ პროგრამით, დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით სამგორში, ვარკეთილის დასახლებაში, შუამთის ქუჩაზე. ასევე მის მეუღლეს რეგისტრირებული აქვს სამგორის რაიონში შუამთის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა. 

მოქალაქე გ.გ. ასევე სარგებლობს დევნილის სტატუსით, მას 2009 წელს სახელმწიფოსგან დაუკანონდა 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი ქ.თბილისში, შუამთის ქუჩაზე. 

დევნილის სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდათ სხვა მოქალაქეებს:

მოქალაქე ტ.წ. პირადად არ ფლობს არანაირ საკუთრებას, თუმცა მისი მეუღლის სახელზე დარეგისტირირებულია ბინა ჭიათურაში, აღმაშენებელის ქუჩაზე, 1148კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში, 852კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში, 684 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში. 

მოქალაქე ზ.ტ. რეგისტრირებული თბილისში, სოფელ შინდისში, უფიქსირდება გასულ წელს შინდისში 600 კვ. მეტრი მიწის გაყიდვა. ასევე მამას აქვს გაკეთებული მიმართვა საჯარო რეესტრში, წავკისში 3000 კვ მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით. 

რასაკვირველია, ეს მხოლოდ მცირე ინფორმაციაა იმ კანონდამრღვევთა შესახებ, რომლებიც იტაცებენ სახელმწიფო მიწებს და უკანონო მშენებლობებს აწარმოებენ.  

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია გაამკაცრებს რეიდებს და ყოველ მსგავს სამართალდარღვევაზე გვექნება მკაცრი რეაგირება“, – განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

“საქართველო არასოდეს დაუბრუნდება ძველი დამპყრობლების – თურქეთისა და რუსეთის ბუდეს, ნუ იოცნებებს ნურც ერდოღანი და ნურც პუტინი!” – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აუცილებელია ამიერკავკასიისთვის თურქეთიზაციისა და რუსიფიკაციის ასაცილებლად. მისი აზრით, აშშ-მ სამხედრო ბაზები განათავსოს საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველოს საგარეო უწყებისგან მოითხოვს იმ ინფორმაციის გასაჯაროებას, რომელიც გააჩნია ანკარასა და მოსკოვთან:

,,სანამ ჩვენი ქვეყანა დაკავებულია ოლიგარქიული რეჟიმის მიერ გამოწვეული უმძიმესი ერთპარტიული კრიზისის გადალახვით, რუსეთმა და თურქეთმა ტრადიციულად დაიწყეს ამიერკავკასიის გადანაწილება, სადაც ჩვენ გვიკავია ცენტრალური ადგილი და გვთავაზობენ ე.წ. ექვსეულის პლატფორმაში შესვლას.

მინდა განვაცხადო მთელი მსოფლიოს და ამ იდეის ავტორთა გასაგონად, რომ საქართველო არასოდეს დაუბრუნდება ძველი დამპყრობლების – თურქეთისა და რუსეთის ბუდეს, ნუ იოცნებებს ნურც ერდოღანი და ნურც პუტინი!

საქართველოს საგარეო უწყებას ვთხოვ, გაასაჯაროოს ის მიმოწერა, რომელიც აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გააჩნია ანკარასა და მოსკოვთან.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ხელისუფლებას, ბატონ ბაიდენს ვთხოვ, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგებაზე. სწორედ ეს ერთადერთი ბერკეტი დარჩა, რომელიც ამიერკავკასიას ააცილებს თურქეთიზაციასა და რუსიფიკაციას.

დღეს დადგა ახალი ისტორიული ეტაპი, როდესაც რუსეთი და თურქეთი გახდნენ გეოპოლიტიკური მოკავშირეები და ისინი ერთად იყოფენ სირიას, ყარაბაღს და აი ახლა უკვე, სულთანმა ერდოღანმა, რომელსაც თავში აქვს ავარდნილი პანთურქული სივრცის იდეა, წამოაყენა ახალი ექვსეულის პლატფორმა, სადაც მისი ჭკუით უნდა შევიდნენ  საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, რუსეთი და თურქეთი.

მომავალ წელს გადის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებათა ვადა, რომელიც დადეს ლენინმა და ათათურქმა, რომლითაც გაიყო ამიერკავკასია, მათ შორის, საქართველო. ტაო-კლარჯეთი, თავისი უნიკალური ქართული კულტურული ძეგლებით და მილიონობით ქართველით დარჩა თურქეთს, ხოლო დანარჩენი საქართველო დაადგა დიდი განსაცდელის გზას რუსეთთან ერთად. 2021 წელი ძალიან სერიოზული ბარიერია იმისათვის, რომ ბევრი რამ გადავწყვიტოთ ჩვენთვის სასიკეთოდ, თუ გვექნება დაცვა ამერიკული სამხედრო ძლიერებისგან, ჩვენს ქვეყანაში მათი ბაზების გახსნის კუთხით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ამხელა კაცები და ქალები დამდგარხართ და სააკაშვილის სპექტაკლში მეორეხარისხოვან როლებს ასრულებთ!” – ბონდო მძინარაშვილი

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ოპოზიციის მიერ გაზაფხულისთვის დაანონსებულ აქციებსა და საპროტესტო მოძრაობის დაწყებას ეხმიანება და მიაჩნია, რომ გაზაფხულზე ოპოზიციას უფრო ნაკლები მხარდამჭერი ეყოლება, ვიდრე აქამდე გამოჰყავდა:

ნაცოპოზიცია რომ ამბობს, – გაზაფხულზე აქციებს დავიწყებთო, – რისი იმედი აქვს, “გაზაფხულდა, აყვავილდა ნუშის” თუ იონჯა ამოვა?!

რა კრეტინები ხართ, რომ იცოდეთ, შინ შეიკეტებოდით და გარეთ ცხვირს არ გამოყოფდით!
რა გაზაფხული?!
თქვენ ხალხი ნახირი გგონიათ, რომ გაზაფხულზე საძოვარზე გაიყვანოთ?!
გაზაფხულზე იმაზე ნაკლები მხარდამჭერი გეყოლებათ, ვიდრე აქამდე გამოგყავდათ!

დაიმახსოვრეთ:
ვერასოდეს დაბრუნდებით ხელისუფლებაში, ვერასოდეს!
რაც უნდა მოხდეს, თქვენი გამარჯვების შანსი ნულის ტოლია!
თქვე მანიაკებო!

სექტას აყოლილ ოპოზიციას კი მხოლოდ მოკლედ ვკითხავდი:
თავში ტვინი გაქვთ?!
მაგრამ გული არ მითმენს, რომ მათაც არ შევუძახო:
ვის აყოლიხართ, ვის დაკრულზე ბუქნაობთ?!
ამხელა კაცები და ქალები დამდგარხართ და სააკაშვილის სპექტაკლში მეორეხარისხოვან როლებს ასრულებთ!
თქვენც ჩაგიყოლებთ ეგ მანიაკი!
თუ უკვე არ ჩაგიყოლათ!
ნეტა, შორიდან თქვენი თავი დაგანახათ, რას დაემსგავსეთ!
ან, იქნებ, არც არაფერს დაემსგავსეთ და ეს თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა?!

დაიმახსოვრეთ:
საქართველოს არ სჭირდება ისეთი პოლიტიკოსები, სამშობლოს და სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა საკუთარ და ვიწრო-პარტიულ ინტერესებს რომ დააყენებენ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

ირაკლი კოვზანაძე: “ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია მონაწილეობდეს საპარლამენტო განხილვებში და დისკუსიებში”

 ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია მონაწილეობდეს საპარლამენტო განხილვებში და დისკუსიებში. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ჩვენს კომიტეტში მუშაობდა  და თანამშრომლობდა, მიუხედავად ჩვენს შორის არსებული პოლიტიკური ხედვების განსხვავებისა, ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საკითხების განხილვებსა  თუ დისკუსიაში“, – განაცხადა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ, რომელიც ეკონომიკური პროფილის 5 გაერთიანებული კომიტეტის სხდომას ხელმძღვანელობს, სადაც სამთავრობო პროგრამა განიხილება და სხდომას 4 მინისტრობის კანდიდატი ესწრება.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დაწყებისას  აღნიშნა ოპოზიციის  კითხვები, კრიტიკა,  არა ყოველთვის,  მაგრამ ხშირ შემთხვევაში საჭირო იყო „სხვა კუთხით სხვა მიმართულებით შეახედებდა ხოლმე საკითხებს როგორც ტრიბუნასთან  მდგომ პირებს, ასევე ჩვენ უმრავლესობის წარმომადგენლებს“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატებად დასახელდნენ

დღეს გაიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც განიხილეს პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი და ჩატარდა კენჭისყრა. პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უმაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ეყოლება ახალი თავმჯდომარე და კანდიდატებად დასახელდნენ ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე. იგი ასევე, აღნიშნავს, რომ ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება ელექტრონულად, უახლოესი დღეების განმავლობაში. ზაალ უდუმაშვილის თქმის თვის ბოლოს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც დამტკიცდება, პარტიის ახალი თავმჯდომარე:

,,დღეს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ თვის ბოლოს, გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც დამტკიცდება, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარე.

პარტიის თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას მიიღებს ათიათასობით ჩვენი მხარდამჭერი და პარტიის წევრი. ეს მოხდება ელექტრონულად, უახლოესი დღეების განმავლობაში. ელექტრონულად ხმის მიცემა ხდება, ალბათ პირველადაა ქართული პოლიტიკის ისტორიაში, როცა ასე ღიად ხდება პარტიის თავმჯდომარის არჩევა. 

პოლიტსაბჭოს წევრებმა თავად დაასახელეს კანდიდატები და საბოლოოდ გამოვლინდა 2 წარმომადგენელი, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ელექტრონულ კენჭისყრაში. ესენი გახლავთ ნიკა მელია და ლევან ვაშალომიძე.

საუბარი არაა იმაზე იმაზე, რომ ვინმე დატოვებს პარტია, პირიქით ჩვენ ძალიან მობილიზებულები ვართ, რომ სწრაფად იქნას არჩეული ახალი თავმჯდომარე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

ძალადობისკენ არის მომართული ყველა განცხადება იმ კონგლომერატიდან, რომელიც იკრიბება ნათელაშვილის ეზოში – გიორგი ვოლსკი

გავრცელებულ მოსაზრებებს, რევოლუციასთან დაკავშირებით, აზრთასხვადასხვაობა მოჰყვა განსაკუთრებით პოლიტიკურ წრეებში. თუკი ოპოზიციას მშვიდობიან თუ ხავერდოვან რევოლუციაზე აკეთებს აქცენტს და ხალხის უკიდურესი გაჭირვებასა თუ ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებასა და ხელისუფლების მიტაცებაზე საუბრობს, მმართველი პარტიის ლიდერები ყოველივე ამაში ძალადობისკენ მოწოდებას ხედავს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გიორგი ვოლსკის მიაჩნია, რომ ოპოზიციონერი ლიდერები ძალადობისკენ მიმართულ განცხადებებს აკეთებენ:

რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით ჩვენ ვიცით რას გულისხმობს მელია, ბერძენიშვილი და ყველა. ესენი გულისხმობენ ძალადობრივ მოქმედებებს, როგორც 2003 წელში მოხდა, იმ ელემენტების დამატებით, რასაც ადგილი ჰქონდა გასული წლის ივნისში, პარლამენტში ძალადობრივი შემოჭრის გზით.

ძალადობისკენ არის მომართული ყველა განცხადება, რომელიც თუნდაც ურთიერთსაწინააღმდეგო იყოს ამ კონგლომერატიდან, რომელიც იკრიბება ნათელაშვილის ეზოში,” – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ნინო კაკულიამ და მანუჩარ პირველმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დატოვეს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა, ერთ-ერთია სარევიზიო კომისიის წევრი ნინო კაკულია, რომელმაც „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განმარტება გააკეთა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქარტიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ, პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი პოსტის განხილვაზე უარი უთხრა.

ქარტიის პასუხი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილობით მიმართვაზე:
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის მედიის თვითრეგულირების ორგანო, რომელიც დადგენილი სტანდარტებით აფასებს მედიაპროდუქტის ეთიკურობას. სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი მოსაზრება მედიაპროდუქტს არ წარმოადგენს“.

ნინო კაკულია ამბობს, რომ ამ ვითარებაში, ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია პოსტის დატოვება:
ამჟამად მიმდინარეობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრება. მე, როგორც ამ ქარტიის სარევიზიო კომისიის წევრმა მინდა დავწერო განცხადება პოსტიდან წამოსვლაზე, რადგან სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და მეორე წევრმა არ გაიზიარეს ჩემი რეკომენდაციები.

როდესაც ამირჩიეს ამ პოზიციაზე და ფეისბუქში დავწერე ამის შესახებ, მეგობრებმა ნინო ჯღარკავა, Nata Asatiani, Ramaz Sak, Ghia Abashidze და სხვა ადამიანებმა გამომიცხადეს ნდობა და გამოთქვეს იმედი, რომ ქარტიაში რაღაც სეიცვლებოდა. დღეს ვისმენ განმარტებას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქარტიას მიმართა ნიკა გვარამიას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც ის პრეზიდენტს უხამსი სიტყვებით ლანძღავდა. ქარტია თვლის, რომ ფესიბუქპოსტზე განმარტებას ვერ გააკეთებს. და რომ მედიის თვითრეგულირების პრინციპის შეზღუდვის საფრთხესთან გვაქვს საქმე ხელისუფლების მხრიდან. ამ ვითარებაში, მე ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია პოსტის დატოვება და იმედია გამიგებთ, მეგობრებო…“, – აცხადებს ნინო კაკულია.

ამავე მიზეზით ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მანუჩარ პირველმაც დატოვა. მისი განმარტებით ჟურნალისტული ეთიკის ქარტიას ვერ გაურკვევია განსხვავება აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის და შეურაცხყოფის ენას შორის:

ორგანიზაციას, რომელსაც ვერ გაურკვევია განსხვავება აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებასა და – სიძულვილის და შეურაცხყოფის ენას შორის.

განსაკუთრებით, ქარტიას ჩემი ხელმოწერის გარეშე, ქარტიის სახელით არ ჰქონდა უფლება გაეკეთებინა ისეთი ტიპის განცხადება, რომელშიც მოხვდა ისეთი წინადადება, რომელსაც კატეგორიულად ვემიჯნები, – რადგან, არ მიმაჩნია რომ „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე“, რადგან მიმაჩნია რომ სიძულვილის ენის „გამოხატვის თავისუფლებით“ ინდულგენციით ქვეყნის ფსიქიური აშლილობა მიდის ქაოსისკენ და ქუჩურ არეულობისაკენ. დიახ, პარლამენტი უნდა დაჯდეს და ერთხელ და სამუდამოდ მიიღოს „კანონი ძალადობის ენის შესახებ“.

დაუძახო ქალ პრეზიდენტს “ყ*ე” – არაა სიტყვის თავისუფლება! და ამაზე რომ ნორმალური რეაგირება არ შეგიძლია, ეს არის ლაჩრობა და მშიშრობა. და ამის ფაქტი სახეზეა – ქარტია ერთ წრეზე ტრიალებს და დღემდე ვერ ჩამოყალიბდა მისი გადაწყვეტილებები ანგარიშგასაწევ ან პატივსაცემ ფაქტორად“, – წერს მანუჩარ პირველი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კახა კალაძე: უამრავმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, შეზღუდვის მიუხედავად, დავტოვოთ ღამის საათებში საახალწლო განათებები

თბილისის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განმარტა, რომ მოსახლეობის თხოვნით, დღეიდან თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებები აღარ გამოირთვება.

კახა კალაძის განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება დადებითი განწყობა და სულიერი სიმხნევეა.

თქვენ იცით, რომ მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და, რა თქმა უნდა, ჩვენც საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები იყოს სრულად დაცული ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის.  ეს არის დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. რა არის ჩვენი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის დროს? რასაკვირველია, კარგი განწყობა, სულიერი სიმხნევე, ადამიანების სითბო და  სიყვარული. როგორ  შევხვდეთ  ახალ წელს – შეშინებულები  და დათრგუნულები? ცხადია, არა!  ჩვენი განწყობა,  მომავლის  რწმენა, იმედი, სადღესასწაულოდ მორთული ქუჩები, ერთმანეთისადმი სოლიდარობა დაასუსტებს ამ  უხილავ მტერსაც კი. ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ – ბავშვების ჟრიამული, ხალისი, კისკისი არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ამ ვირუსს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, სადღესასწაულო განწყობა, რაც საახალწლო ილუმინაციებით მორთულ ქუჩებს მოაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია არსებულ სიტუაციაში.

მას შემდეგ, რაც მე გამოვთქვი სურვილი, გამოირთოს შეზღუდვის საათებში საახალწლო ილუმინაციები, ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით,  რომ შეზღუდვის მიუხედავად,  მაინც  დაგვეტოვებინა ღამის  საათებშიც  საახალწლო განათებები. რომ დავფიქრდეთ, ვინ ნახულობს ამ განათებებს შეზღუდვის საათებში? დღესაც  მერიაში გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე, თუ როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ? გუშინდელიდან  მოყოლებული არაერთმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, არ გამოგვერთო საახალწლო განათებები. როგორც ვმსჯელობდით, ამ განათებებს ნახულობენ ის ადამიანები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ყველაზე  სტრესული საქმიანობის მქონე პირები – პოლიციელები, ექიმები, ჟურნალისტები, „თბილსერვისის“ თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა გადაუდებელი საქმის  გამო ქუჩაში მყოფი თბილისელები, ოჯახები, რომელთა ფანჯრებიდან, აივნებიდან მოჩანს იმედიანი ქალაქი, საახალწლოდ მორთული – გამხიარულებული  ქალაქი.

თითქოს  თბილი და  მყუდრო   ქუჩები ამ ადამიანების  დაღლილობას, სტრესს  და  მძიმე სამუშაო  დღეს მალამოდ  დაედება,  გაათბობს და იმედით  აღავსებს. შესაბამისად, ვითვალისწინებთ თითოეული თბილისელის სურვილს – დარჩეს ჩვენი ქუჩები განათებული! კოვიდი ახალ წელს ვერ მოკლავს,  ვერ ჩააქრობს სინათლეს და სიცოცხლის  სურვილს ჩვენს გულებში, იმედს  ჩვენს თვალებში, ვერ ჩაგვაბნელებს!” – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა აფრიკის დასახლებაში მოქალაქეთა სახლების დემონტაჟის თაობაზე

ადამიანის უფლებათა ცენტრი განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს გამოსახლების პროცედურის აღსრულებისთანავე უზრუნველყოს უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები სათანადო საცხოვრისით, ასეთი ხისტი პოლიტიკა არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს:

2020 წლის 15 დეკემბერს, ქალაქ თბილისის მერიის დავალებით, თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში 12-მდე შენობა-ნაგებობა, რომელიც სხვადასხვა დროს დედაქალაქის კუთვნილ მიწაზე უნებართვოდ იყო აშენებული, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით დაანგრიეს. ადგილობრივების განმარტებით, დანგრეულ შენობებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები საბანკო სესხების ხარჯზე აშენებდნენ, როგორც ამ ოჯახების ერთადერთ საცხოვრისს.
სათანადო საცხოვრისის უფლების რეალიზება საქართველოში, წლების განმავლობაში, სისტემური ხასიათის პრობლემად რჩება. ქვეყანაში არ არსებობს უსახლკარო პირთა დაცვის სამთავრობო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. საკანონმდებლო დონეზე, კვლავაც არ გვაქვს უსახლკარო პირის სრულფასოვანი დეფინიცია და ამ უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა, არ არსებობს უსახლკაროთა შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში და მათ შორის, განსაკუთრებით დედაქალაქში, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების დატაცების პრაქტიკა წლების განმავლობაში დიდ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, არსებობს ლეგიტიმური ინტერესი ხელისუფლებისთვის, აღმოიფხვრას მსგავსი პრაქტიკა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება, მათ შორის – თვითმმართველი ერთეულები, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას, მუდმივად არიან შებოჭილი ადამიანის უფლებებით. შესაბამისად, აუცილებელია, ნებისმიერი მსგავსი ქმედება, მათ შორის – ლეგიტიმური საფუძვლით, წარიმართოს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით და ადამიანის უფლებების პატივისცემით.
კონკრეტულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილების როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური ასპექტები. აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობის პრევენციული აღმოფხვრა, ხელისუფლების წარმომადგენელთა, მათ შორის – ქალაქ თბილისის მერის სატელევიზო განცხადებების საფუძველზე, ასევე არსებული დატაცების პრაქტიკის გათვალისწინებით, მართლაც წარმოშობს ხელისუფლების ლეგიტიმურ ინტერესს, განკარგოს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწის ბედი, საკუთარი შეხედულებისა და პოლიტიკური დღის წესრიგისამებრ. ამასთან, მერიის ქმედება ფორმალურად კანონს შეესაბამება.
გამოსახლების აღსრულებასთან დაკავშირებული მორატორიუმი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება, არ ვრცელდება უკანონოდ აგებულ შენობა-ნაგებობებზე. ამდენად, აფრიკის დასახლებაში მცხოვრები პირები, ფორმალურად, გამოსახლებულად არ ითვლებიან, მიუხედავად მათ წინაშე არსებული შესაძლო უმძიმესი სოციალური გამოწვევებისა.
მიუხედავად ლეგიტიმური მიზნის არსებობისა, ხელისუფლების ყოველი ქმედება უნდა ითვალისწინებდეს სამართლიანი ბალანსის, წონასწორობის დაცვას, რომელიც უნდა არსებობდეს საკუთრების უფლების დაცვასა და საერთო ინტერესებს შორის. მართალია, კანონმდებელს არ აქვს უფლება, უყურადღებოდ დატოვოს ის საჯარო ინტერესი, რომლის ადმინისტრირება სწორედ ხელისუფლების უშუალო პრეროგატივაა, მაგრამ ამავე დროს, დაუშვებელია ამ ინტერესის დაცვის მოტივით, კონკრეტული პირების ინტერესთა უგულვებელყოფა.
მოცემულ შემთხვევაში, მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პანდემიის გამო შექმნილ კრიზისსა და იზოლაციის პირობებს დაემთხვა. მაშინ, როცა ხელისუფლება ადამიანებს შინ დარჩენისკენ და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს, პარალელურად, საცხოვრებლად გამიზნული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი ზამთარში არ შეიძლება იქნას მიჩნეული მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებად. ამასთან, მერიის წარმომადგენლებს გადაწვეტილების მიღებამდე უნდა ჰქონოდათ დეტალური ინფორმაცია აქ რეალურად მცხოვრები გაჭირვებული, თუ „დამტაცებელი“ ადამიანების შესახებ, მათ შორის, განსაკუთრებით – ბავშვებზე, რამდენადაც „ბავშვთა კოდექსის“ გათვალისწინებით, თვითმმართველ ერთეულებს აქვთ განსაკუთრებული ვალდებულებები, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვთა საუკეთესო ინტერესები გაითვალისწინონ.
რამდენადაც, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით, მხოლოდ ის შეიძლება იყოს აუცილებელი, რაც მისაღებია, ქალაქ თბილისის მერიის გადაწვეტილების არაპროპორციულობა მის აუცილებლობასაც გამორიცხავს. შესაბამისად, პანდემიის პირობებში, მერიის გადაწყვეტილება, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალური სიდუხჭირისა და ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, არის ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტთან შეუსაბამო, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ქვეყანაში სახელმწიფო საკუთრების მისაკუთრების პრაქტიკის მასშტაბი. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უკანონოდ მიტაცებულ მიწის ნაკვეთებისა თუ შენობა-ნაგებობების მასშტაბის გათვალისწინებით, მხოლოდ აფრიკის დასახლებაში განხორციელებული დემონტაჟი, არჩევნების შემდგომ პერიოდში, უნდა შეფასდეს, როგორც მერიის მიერ პოლიტიკის დემონსტრირება უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს გამოსახლების პროცედურის აღსრულებისთანავე უზრუნველყოს უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები სათანადო საცხოვრისით, ასეთი ხისტი პოლიტიკა არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ყველა თვითმმართველ ერთეულს:
·         დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკანონო შენობანაგებობების დემონტაჟის პროცესი და არ დაუშვას ზამთრისა და პანდემიის პირობებში ადამიანთა ღია ცის ქვეშ დატოვება;
·         საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, განხორციელდეს უსახლკარო პირის დეფინიციისა და სათანადო საცხოვრისის უფლებით ნაკისრი ვალდებულებების განსახორციელებლად საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობის მიღება;
·         შეიქმნას უსახლკარობასთან დაკავშირებული ერთიანი სამთავრობო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმართული იქნება პრობლემის სისტემური მოგვარებისკენ;
·         ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, მუნიციპალურ ფარგლებში, უზრუნველყონ უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფრით დაკმაყოფილების წესის დამტკიცება, ბიუჯეტში ფინანსური სახსრების გამოყოფა და მონაცემთა ბაზის წარმოება.

“ამ ბატისტვინას და მის მრჩეველ ჭუკისტვინა წულუკიანს ჰგონიათ, რომ ფბ სტატუსებს იხილავს ქარტია?” – ნიკა გვარამია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას წერილით მომართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელიც ითხოვს, ქარტიამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ტელეკომპანია „მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიერ, 2020 წლის 11 დეკემბერს, Facebook- ის პირად გვერდზე, პრეზიდენტის მიმართ გამოქვეყნებულ “შეურაცხმყოფელ და ყოვლად მიუღებელ” პოსტთან დაკავშირებით.“ ამ ინფორმაციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს და განცხადებაში ამბობს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის მედიის თვითრეგულირების ორგანო და სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი მოსაზრება მედია პროდუქტს არ წარმოადგენს. აღნიშნულ ფაქტს ეხმიანება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც მწვავე შეფასებებს აფიქსირებს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მისამართით:

ჯერ ერთი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი არ ვარ, არც მე და არც მთავარი არხი.

და მეორე და მთავარი, ამ ბატისტვინას და მის მრჩეველ ჭუკისტვინა წულუკიანს ჰგონიათ, რომ ფბ სტატუსებს იხილავს ქარტია? თუ რამე არსებობს, ჩემი ლეგიტიმური გამოხატვა შეზღუდოს, თან მასზე, ვინც “ომი საქართველომ დაიწყოო” იძახის?

არ გეღირსებათ ცენზურა, ორო მდარე და უნიჭო გესტაპოელო!“, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, რადგან ასეთი განცხადებები საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულობას.

ავტორი
ნინი შავლაძე