შაბათი, აპრილი 20, 2024

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა აფრიკის დასახლებაში მოქალაქეთა სახლების დემონტაჟის თაობაზე

ადამიანის უფლებათა ცენტრი განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს გამოსახლების პროცედურის აღსრულებისთანავე უზრუნველყოს უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები სათანადო საცხოვრისით, ასეთი ხისტი პოლიტიკა არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს:

2020 წლის 15 დეკემბერს, ქალაქ თბილისის მერიის დავალებით, თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში 12-მდე შენობა-ნაგებობა, რომელიც სხვადასხვა დროს დედაქალაქის კუთვნილ მიწაზე უნებართვოდ იყო აშენებული, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით დაანგრიეს. ადგილობრივების განმარტებით, დანგრეულ შენობებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები საბანკო სესხების ხარჯზე აშენებდნენ, როგორც ამ ოჯახების ერთადერთ საცხოვრისს.
სათანადო საცხოვრისის უფლების რეალიზება საქართველოში, წლების განმავლობაში, სისტემური ხასიათის პრობლემად რჩება. ქვეყანაში არ არსებობს უსახლკარო პირთა დაცვის სამთავრობო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. საკანონმდებლო დონეზე, კვლავაც არ გვაქვს უსახლკარო პირის სრულფასოვანი დეფინიცია და ამ უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა, არ არსებობს უსახლკაროთა შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში და მათ შორის, განსაკუთრებით დედაქალაქში, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების დატაცების პრაქტიკა წლების განმავლობაში დიდ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, არსებობს ლეგიტიმური ინტერესი ხელისუფლებისთვის, აღმოიფხვრას მსგავსი პრაქტიკა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება, მათ შორის – თვითმმართველი ერთეულები, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას, მუდმივად არიან შებოჭილი ადამიანის უფლებებით. შესაბამისად, აუცილებელია, ნებისმიერი მსგავსი ქმედება, მათ შორის – ლეგიტიმური საფუძვლით, წარიმართოს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით და ადამიანის უფლებების პატივისცემით.
კონკრეტულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილების როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური ასპექტები. აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობის პრევენციული აღმოფხვრა, ხელისუფლების წარმომადგენელთა, მათ შორის – ქალაქ თბილისის მერის სატელევიზო განცხადებების საფუძველზე, ასევე არსებული დატაცების პრაქტიკის გათვალისწინებით, მართლაც წარმოშობს ხელისუფლების ლეგიტიმურ ინტერესს, განკარგოს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწის ბედი, საკუთარი შეხედულებისა და პოლიტიკური დღის წესრიგისამებრ. ამასთან, მერიის ქმედება ფორმალურად კანონს შეესაბამება.
გამოსახლების აღსრულებასთან დაკავშირებული მორატორიუმი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება, არ ვრცელდება უკანონოდ აგებულ შენობა-ნაგებობებზე. ამდენად, აფრიკის დასახლებაში მცხოვრები პირები, ფორმალურად, გამოსახლებულად არ ითვლებიან, მიუხედავად მათ წინაშე არსებული შესაძლო უმძიმესი სოციალური გამოწვევებისა.
მიუხედავად ლეგიტიმური მიზნის არსებობისა, ხელისუფლების ყოველი ქმედება უნდა ითვალისწინებდეს სამართლიანი ბალანსის, წონასწორობის დაცვას, რომელიც უნდა არსებობდეს საკუთრების უფლების დაცვასა და საერთო ინტერესებს შორის. მართალია, კანონმდებელს არ აქვს უფლება, უყურადღებოდ დატოვოს ის საჯარო ინტერესი, რომლის ადმინისტრირება სწორედ ხელისუფლების უშუალო პრეროგატივაა, მაგრამ ამავე დროს, დაუშვებელია ამ ინტერესის დაცვის მოტივით, კონკრეტული პირების ინტერესთა უგულვებელყოფა.
მოცემულ შემთხვევაში, მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პანდემიის გამო შექმნილ კრიზისსა და იზოლაციის პირობებს დაემთხვა. მაშინ, როცა ხელისუფლება ადამიანებს შინ დარჩენისკენ და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს, პარალელურად, საცხოვრებლად გამიზნული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი ზამთარში არ შეიძლება იქნას მიჩნეული მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებად. ამასთან, მერიის წარმომადგენლებს გადაწვეტილების მიღებამდე უნდა ჰქონოდათ დეტალური ინფორმაცია აქ რეალურად მცხოვრები გაჭირვებული, თუ „დამტაცებელი“ ადამიანების შესახებ, მათ შორის, განსაკუთრებით – ბავშვებზე, რამდენადაც „ბავშვთა კოდექსის“ გათვალისწინებით, თვითმმართველ ერთეულებს აქვთ განსაკუთრებული ვალდებულებები, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვთა საუკეთესო ინტერესები გაითვალისწინონ.
რამდენადაც, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით, მხოლოდ ის შეიძლება იყოს აუცილებელი, რაც მისაღებია, ქალაქ თბილისის მერიის გადაწვეტილების არაპროპორციულობა მის აუცილებლობასაც გამორიცხავს. შესაბამისად, პანდემიის პირობებში, მერიის გადაწყვეტილება, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალური სიდუხჭირისა და ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, არის ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტთან შეუსაბამო, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ქვეყანაში სახელმწიფო საკუთრების მისაკუთრების პრაქტიკის მასშტაბი. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უკანონოდ მიტაცებულ მიწის ნაკვეთებისა თუ შენობა-ნაგებობების მასშტაბის გათვალისწინებით, მხოლოდ აფრიკის დასახლებაში განხორციელებული დემონტაჟი, არჩევნების შემდგომ პერიოდში, უნდა შეფასდეს, როგორც მერიის მიერ პოლიტიკის დემონსტრირება უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს გამოსახლების პროცედურის აღსრულებისთანავე უზრუნველყოს უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები სათანადო საცხოვრისით, ასეთი ხისტი პოლიტიკა არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ყველა თვითმმართველ ერთეულს:
·         დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკანონო შენობანაგებობების დემონტაჟის პროცესი და არ დაუშვას ზამთრისა და პანდემიის პირობებში ადამიანთა ღია ცის ქვეშ დატოვება;
·         საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, განხორციელდეს უსახლკარო პირის დეფინიციისა და სათანადო საცხოვრისის უფლებით ნაკისრი ვალდებულებების განსახორციელებლად საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობის მიღება;
·         შეიქმნას უსახლკარობასთან დაკავშირებული ერთიანი სამთავრობო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმართული იქნება პრობლემის სისტემური მოგვარებისკენ;
·         ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, მუნიციპალურ ფარგლებში, უზრუნველყონ უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფრით დაკმაყოფილების წესის დამტკიცება, ბიუჯეტში ფინანსური სახსრების გამოყოფა და მონაცემთა ბაზის წარმოება.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული