სამშაბათი, ივლისი 29, 2025
26.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1618

ბერდია სიჭინავა – “ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა”

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით, 28 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა:

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 955 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 814 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 222 143-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 766 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 206 313-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 418 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 257 შემთხვევა, აჭარა – 68, იმერეთი – 55, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 16, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 386, საიდანაც, 5 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 608, აჭარაში – 508, იმერეთში – 1 092. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 019 პირი, მათ შორის, თბილისში – 512, აჭარაში – 100, იმერეთში – 216. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 34, იმერეთში – 57. 1 311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 489 – თბილისში, 578 – აჭარაში, 94 – იმერეთში. 6 451 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 427 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 198, აჭარაში – 135, ხოლო იმერეთში – 13.

სულ 6 ოქტომბრიდან – 27 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 21 021 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 123 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 102 პირი, აჭარაში – 3 165, იმერეთში – 4 326“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

პროკურატურამ მკვლელობის ფაქტზე თელავის პოლიციის უფროსის მოადგილეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ვ.ზ. -ს ბრალდება განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით წარუდგინა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 25 დეკემბერს, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს – ვ.ზ.-ს და ზ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ რა დროსაც ვ.ზ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის სახელზე გაპიროვნებული სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ზ.ს.-ს ახლო მანძილიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა, რომელიც მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე ვ.ზ.-ს მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ერთი ტყვია ხელის არეში მოხვდა ავტომანქანაში ზ.ს.-ს გვერდით მჯდომ ლ.ბ.-ს, რითაც მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიადგა.
ვ.ზ. 26 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებული ვ.ზ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს

გია ხუხაშვილის წლის შეჯამება: 13 პუნქტში ჩამოყალიბებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების პრაქტიკულად ყველა მიმართულება

2020 წლის სოციალურ-პოლიტიკური თვალსაზრისით შეფასებას ახდენს ექსპერტი, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რომელმაც 13 პუნქტში ჩაატია ყველა ის ძირითადი და საყურადღებო საკითხი თუ პრობლემა, რაც მისი თვალთახედვით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისათვის:

წლის შეჯამება…
2020 წელი არის უპრეცედენტო საქართველოს უახლეს ისტორიაში იმით, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს ვარდნა-დეგრადაცია წინა პერიოდთან შედარებით და ამასთანავე არაპროგნოზირებადი, ბუნდოვანი მომავალი.

1. შიდა-პოლიტიკური კრიზისი
2. მაღალი საგარეო-პოლიტიკური რისკები, რეგიონში სტატუს-ქვოს ცვლილებასთან დაკავშირებით.
3. ერთპარტიული, სუსტი ლეგიტიმაციის პარლამენტი, რომელიც სრულფასოვნად ვერ შეასრულებს თავის მოვალეობებს.
4. ქუჩაში გასული, ჩასაფრებული ოპოზიცია.
5. ორ ნაწილად გახლეჩილი და ერთმანეთისადმი აგრესიულად განწყობილი საზოგადოება.
6. უპრეცედენტოდ დასუსტებული სამოქალაქო სექტორი.
7. გადაწყვეტილების მიღების ცენტრიდან გარიყული ნომინალური მინისტრთა კაბინეტი.
8. კლანური სამიდღემჩიო მართლმსაჯულება.
9. უკიდურესად მწვავე კრიზისი ეკონომიკაში, ნეგატიური განვითარებით. უპრეცედენტო საგარეო ვალი.
10. მაღალი სოციალური რისკები – კიდევ უფრო გაღარიბებული საშუალო სტატისტიკური ქართველი.
11. სოციალურად და პოლიტიკურად მოტივირებული მძიმე კრიმინალის შემთხვევები.
12. ინტერეს-ჯგუფების მიერ მთელი ეკონომიკური სიკეთის მონოპოლიზება სახელისუფლებო სისტემებში ინტეგრაციის გზით.
13. კოვიდ-19.

უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი, როცა ძალიან გვიჭირდა, გვქონდა რაღაც ხელის მოსაკიდი, რაც სუსტად, მაგრამ ბჟუტავდა – მომავლის იმედი, რომელიც ახლა მომავლის შიშმა შეცვალა…

P.S. ფეხბურთზე და კულტურაზე აღარაფერს ვწერ. ისედაც ცხადია ყველაფერი…” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

ვფიქრობ უახლოეს თვეებში პარლამენტი უკვე იქნება ზუსტად ისეთ ფორმაში, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია, სტატუს კვო მალე შეიცვლება – არჩილ თალაკვაძე

მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას მისცეს ჩვენმა მოქალაქეებმა ხმა, მთელი ჩვენი საზოგადოების გადაწყვეტილება და არჩევანი არის სტაბილური მმართველობა და არა დესტაბილიზაცია, რომ პროცესი უნდა იყოს პარლამენტში, და პოლიტიკა უნდა გაკეთდეს პარლამენტში და არა ქუჩაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ისტორია ადასტურებს, რომ ის, რაც ხალხს სურს და ის, რაც საზოგადოებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, აუცილებლად მოხდება:

რადგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში ყოფილიყო ცხრა პოლიტიკური პარტია.

საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში ემუშავათ და ერთად მიეღოთ გადაწყვეტილებები.

საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ პანდემია არ იყო ის ფაქტორი, რომელიც მას შეუშლიდა არჩევანის გაკეთებაში ხელს და მიუხედავად პანდემიისა, ორი მილიონი ჩვენი თანამოქალაქე მივიდა არჩევნებზე.

საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ მეტი ქალი ყოფილიყო პარლამენტში – ეს ასეც იქნება და ოპოზიცია ამას ვერ გაექცევა.

რაც ჩვენ ვნახეთ, არის ის, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ ავრევთ ქვეყანას, თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები და ამის მხარდასაჭერად მოუწოდა ყველა ადამიანს, ვინც ხმა მისცა ოპოზიციას. რამდენი ადამიანი მოვიდა ამ იდეის მხარდასაჭერად? მოვიდა მხოლოდ 6-7 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას მისცეს ჩვენმა მოქალაქეებმა ხმა, აბსოლუტურად ყველა მოქალაქის, მთელი ჩვენი საზოგადოების გადაწყვეტილება არის ასევე მკაფიო, რომ მათ თქვეს, რომ პროცესი უნდა იყოს პარლამენტში.

პოლიტიკა უნდა გაკეთდეს პარლამენტში და არა ქუჩაში, რაც ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველამ, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებმა სხვადასხვა პარტიას მისცეს ხმა, აირჩია ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური მმართველობა და არ აირჩია დესტაბილიზაცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ ეს არის მოცემულობა.

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მოქალაქეების გადაწყვეტილება აუცილებლად შესრულდება და უახლოეს თვეებში პარლამენტი იმუშავებს ისეთ ფორმატში, როგორც ეს საზოგადოებამ გადაწყვიტა.

გარწმუნებთ, რომ უკვე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში. ვიცი, რომ ეს ზოგიერთებს ძალიან ეწყინებათ, ამ ოპოზიციაში-რადიკალურ ნაწილს, მაგრამ, საბედნიეროდ, ოპოზიციას ჰყავს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარი მხარდამჭერების  არჩევანს, რომლებიც პატივს სცემენ სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი სწორედ ეს არის, რომ ამის გარშემო გავერთიანდეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

ქართული ტელევიზიის პირველი წამყვანების ეპოქიდან: ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა

ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ჯულიეტა ვაშაყმაძე, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯულიეტა ვაშაყმაძე დაიბადა თბილისში 1933 წლის 1 აგვისტოს. საშუალო განათლება თბილისის პირველ ქალთა სკოლაში მიიღო, რომელიც 1952 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1958 წელს, როცა იგი ბოლო კურსზე იყო, ბატონ სერგო ზაქარიაძის რჩევით საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში განაგრძო სწავლა და 1960 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პარალელურად დაამთავრა სამსახიობო ფაკულტეტი.

ჯულიეტა ვაშაყმაძის სახელი და გვარი ჯერ კიდევ ტელევიზიის დაარსების დღიდან გახდა ცნობილი საზოგადოებისათვის, მისი სახელი მუდამ იქნება დაკავშირებული მასმედიის წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთანაც.

საქართველოში ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან, ჯულიეტა ვაშაყმაძე მუშაობდა დიქტორად, შემდეგ ტელეკომენტატორად, სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.

გარდა ტელევიზიისა მან კინოშიც მიიღო აქტიური მონაწილეობა, ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა – „ყვავილი თოვლზე“, „თოჯინები იცინიან“, „არაჩვეულებივი გამოფენა“ და სხვა.
დიდია მისი ღვაწლი, ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში და განვითარებაში.
იგი დაქორწინებული იყო ტელერეჟისორ შალვა გაბუნიაზე. მათ ქალიშვილი და ორი ვაჟიშვილი ჰყავთ – გიორგი გაბუნია, რომელიც თავადაც ცნობილი ტელეწამყვანია, დათა გაბუნია კი ასევე ტელევიზიაში მუშაობს და გამოცდილი პროდუსერია.

2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს: ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ლია მიქაძეს და შურიკო მაჭავარიანს

სააგენტო „პარალელი“ სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ახლობლებს, ქალბატონი ჯულიეტას გარდაცვალების გამო.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2020 წლის დაჯილდოება – გამარჯვებულები

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას“ 2020 წლის დაჯილდოება დასრულდა. ლიტერატურული პრემია, 2003 წლიდან, წლის საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ავლენს და გამარჯვებულებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, თიბისი ბანკი ფულად პრემიასაც გადასცემს.

ლიტერატურული პრემია ”საბა” გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  • წლის საუკეთესო რომანი
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული
  • წლის საუკეთესო პიესა
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  • წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  • უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

თითოეულ ნომინაციას ერთი გამარჯვებული ჰყავს. 46 ნომინანტიდან, პრემიამ 9 გამარჯვებული გამოავლინა. პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პოეტმა და მთარგმნელმა ბათუ დანელიამ მიიღო.

2020 წლის ნომინაციებში გამარჯვებულები კი ასე გადანაწილდა:

  • წლის საუკეთესო რომანი – ბესო სოლომანაშვილი, „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული – მამუკა დოლიძე, „გასეირნება დროთა სივრცეში“ (ინტელექტი)
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული – ტარიელ ჭანტურია, „სიყვარულის შავი ყუთი 3“ (კალმოსანი) და ბესიკ ხარანაული, „დიდი სმა“ (ინტელექტი)
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – რამაზ ჭილაია, „პოეტიკური ჩანაწერები“ (პალიტრა L)
  • წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – შორენა ლებანიძე, „თუ საჭიროა გათქმევინებთ“ (არტანუჯი)
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – მაია ცირამუა, „მშვიდობით, ძია გერშვინ!“ (წიგნები ბათუმში)
  • წლის საუკეთესო პიესა – ალექს ჩიღვინაძე, „მარინა რევია“, თემურ ჩხეიძის სახელოსნო (სამეფო უბნის თეატრი)
  • წლის საუკეთესო ქართული თარგმანი – ელზა ახვლედიანი, ემა ვიგოდსკაიას „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“ (არტანუჯი)

პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ბათუ დანელია (პოეტი, მთარგმნელი)

ავტორი
ნინი შავლაძე

“შეთანხმების წარმატებულად დასრულების გარეშე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა მოხდეს საპარლამენტო საქმიანობის განხორციელება” – სერგო ჩიხლაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, იქ მოხდეს საარჩევნო რეფორმის დასრულება და შემდეგ მომზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე:

რასაც ბატონი თალაკვაძე ამბობს, იმას ვამბობთ ჩვენც, ოპოზიციაც, რომ დიახაც ჩვენ გვინდა კონსტრუქციული ურთიერთობები და პარლამენტში მოღვაწეობა – საპარლამენტო მანდატები ზუსტადაც იმისთვის მოვიპოვეთ, რომ პარლამენტში გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა, წარმოვადგინოთ ჩვენი გეგმები, პროგრამა და ა.შ. ოღონდ მანამდე უნდა მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის. შეთანხმების წარმატებულად დასრულების გარეშე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა მოხდეს საპარლამენტო საქმიანობის განხორციელება,“ – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

“ჩვენთვის სულერთია კორონა მოგვკლავს თუ შიმშილი” – გარემოვაჭრეების პროტესტი ნავთლუღში

ახალი წლის დადგომამდე ოთხი დღე რჩება და მოსახლეობა პანდემიის მიუხედავად ემზადება  მის შესახვედრად. ყველასთვის ცნობილია, რომ წინასაახალწლო სამზადისი ასოცირდება ვაჭრობასთან, შესაბამისად, შეზღუდვების მოხსნასა და მის შემსუბუქებას მყიდველი და გამყიდველი ერთნაირად ელოდებოდა.

24 დეკემბრის შემდეგ, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდა და 2 იანვრამდე მუშაობის უფლება მიეცათ მაღაზიებსა და აგრარულ ბაზრებს. ეს საკითხი განხილვის საგანი გახდა, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე თავად გარემოვაჭრეებისათვის, რომლებსაც შეზღუდვების მიღებამდე შესაძლებლობა ჰქონდათ გაეყიდათ თავიანთი პროდუქტი და მიეღოთ შემოსავალი.

გარდა იმისა, რომ გარემოვაჭრეებს წინასაახალწლოდ არ აქვთ საშუალება პროდუქტის რეალიზების, დიდ სავაჭრო ცენტრებში, ბოლო რამდენიმე დღეა, ხალხმრავლობაა.

დღეს, თბილისის ერთ-ერთი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოვაჭრეებსა და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს შორის შელაპარაკება მოხდა. გარემოვაჭრეებს, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ და გამოსულები იყვნენ პროდუქტების გასაყიდად, მერიის თანამშრომლებისგან ჯერ უარი, ხოლო შემდეგ გაფრთხილება მოჰყვა. მათი გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ადამიანებს, ერთი დღე აქვთ იმისათვის, რომ გარეთ გამოტანილი საქონელი გაყიდონ და შემდგომში ფაქტის განმეორების შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან.

გარემოვაჭრეებმა ჟურნალისტებთან საუბრისას, აღნიშნეს, რომ აკრძალვა არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ მათ, რადგან მათთვის ეს არის ერთადერთი გზა, რითიც შეუძლიათ არჩინონ ოჯახი:

„წლებია ჩვენ ნავთლუღში ვმუშაობთ, ჩვენი სატკივარი ეს არის. მე მყავს ორი ობოლი შვილი და საჭმელს რომ მომთხოვენ, მე იძულებული ვარ დანაშაული ჩავიდინო. საქართველოში მაინც კანონი არ კანონობს. ქურდებს და ყაჩაღებს მაინც არ იჭერენ და მხოლოდ ბანკებს იცავს სამმართველო. ბანკს არ გავქურდავ, მაღაზიას გავქურდავ, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. 20 000 ლარის „ხლაპუშკები“ მაქვს ნაყიდი ვალად მოტანილი. სად წავიღო ან ვის მივცე? თუ პანდემიაა, სულ დაკეტონ მაშინ ყველაფერი და თვითონაც არ გამოვიდნენ. თუ ჩვენ უნდა დავწყდეთ, თვითონაც დაწყდნენ ყველა ერთად“, – საუბრობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

მათი ნაწილი თვლის, რომ თუ ქვეყანას არ აქვს იმისა საშუალება, რომ შეინახოს მოსახლეობა, მათ ამის უფლება უნდა მისცეს:

როდესაც იკრძალება მუშაობა, მაშინ, სახელმწიფოსგან ჩვენ უნდა გვქონდეს დახმარება. თითოეულ ბენეფიციარს, უნდა გამოეყოს დახმარება, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყნებში ხდება. როდესაც, ჩვენს ქვეყანას არ აქვს საშუალება და მათხოვარია, თავისი მათხოვარი ხალხი, თვითონვე უნდა გაიტანოს. ჩვენ ასეთი მოთხოვნა გვაქვს. ჩვენთვის სულერთია კორონა მოგვკლავს თუ შიმშილი. სიკვდილი, სიკვდილია, ამიტომ უნდა ვიმუშაოთ, მეტი გზა არ გვაქვს“,აღნიშნავს ჟურნალისტებთან გარემოვაჭრე.

შეგახსენებთ, რომ ვაჭრობის საშუალება პანდემიის გამო არ მისცეს გარემოვაჭრეებს და მხოლოდ ერთი დღე აქვთ უფლება გამოტანილი საქონლის რეალიზებისთვის.

ავტორი
ნინი შავლაძე

ვულოცავ უმაგრეს ლიდერს ნიკა მელიას – “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარედ პირველ ელექტრონულ კენჭისყრაში არჩევას – მიხეილ სააკაშვილი

ნიკა მელიას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი შეფასებით, ჩატარებული ელექტრონული არჩევნები წარმატებული აღმოჩნდა და მასში ჩართულობის ხარისხიც მაღალი იყო:

ვულოცავ უმაგრეს ლიდერს ნიკა მელიას – “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარედ პირველ ელექტრონულ კენჭისყრაში არჩევას. უახლოეს პერიოდში, როგორც კი შეიცვლება ივანიშვილის უზურპატორი დიქტატურა, ჩვენ მოვახდენთ ინიცირებას, ყველა გადაწყვეტილების ფართო დემოკრატიული ბაზით – ელექტრონულად კენჭისყრით მიღების და ეს იყო ამის პირველი მშვენიერი გამოცდილება.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ლევან ვარშალომიძე, რომელიც არის ჩემი უძველესი მეგობარი და თანამებრძოლი, რჩება ერთ-ერთ მთავარ ლიდერად წინააღმდეგობის მოძრაობის, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა – საქართველოს შემდგომ ხელისუფლებაში. დიდი მადლობა ლევანს, ამ არჩევნების ღირსეულად ჩატარებისთვის და მტკიცე ერთიანობის გამოვლენისთვის.

დიდი მადლობა, ყველა მონაწილეს კენჭისყრაში. ძალიან ბევრი მონაწილე იყო, ბევრმა თავი შეიკავა იმიტომ, რომ ბევრი ორივე კანდიდატს უჭერდა მხარს და ესეც გასაგებია, მაგრამ ჩართულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი და ეს ძალიან მახარებს,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.

“ჩართო კამერა და სადღაც მთის წვერზე დგას…” – გიგა ლემონჯავა თავის ერთ-ერთ სტუდენტთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას ჰყვება

საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორი, ლექტორი გიგა ლემონჯავა აღფრთოვანებული წერს ერთ-ერთ თავის სტუდენტთან დაკავშირებით და იხსენებს ძალზე საინტერესო ფაქტს, როცა სოფლად მყოფი სტუდენტი სალექციო მასალის ჩასაბარებლად მთის წვერზე იმის გამო ავიდა, რომ ინტერნეტთან წვდომა ჰქონოდა:

‘‘ერთმა სტუდენტმა მომწერა, ინტერნეტი არ მაქვს და სემინარებზე ვერ ვერთვებიო. კონკრეტული თარიღი და დრო დამითქვა და მითხრა, არ იფიქროთ, რომ რადგან სემინარზე არ გესწრებით, არ ვსწავლობ, ყველაფერს ერთ დღეს ჩაგაბარებთო.

დისტანციური სწავლების პროცესში ინტერნეტზე წუწუნი აპრობირებული ხრიკია ზარმაცი სტუდენტებისთვის. მეც ჩავთვალე, რომ მორიგ სიზარმაცესთან მაქვს საქმე და გაბრაზებულმა ჩავინიშნე თარიღი და დრო.

 ერთ დილით მომწერა, მზად ვარო. აღარც მახსოვდა, რომ კონკრეტულად იმ დღეს უნდა ყოფილიყო აღდგენა. ჩართო კამერა და სადღაც მთის წვერზე დგას. ისეთი ქარი უბერავს, ნახევარი არ მესმის, რას მელაპარაკება. აუტანია წიგნები, კონსპექტი და ერთვება განვლილი მასალის ჩასაბარებლად.

მანდ რა გინდა მეთქი, ვკითხე. რაიონში ვარ და მხოლოდ ამ გორის წვერზე იჭერს ინტერნეტიო. მოეწყო ისე, რომ ქარის ხმას ხელი არ შეეშალა და დაიწყო. მსგავსად მომზადებული სტუდენტი იშვიათად შემხვედრია. 30 წუთში მივხვდი, რომ ძალიან მაღალ დონეზე იცის მასალა და ვუთხარი, ყველაფერი გასაგებია, აღარაა საჭირო მეთქი. ძალიან გთხოვთ, ყველა თემას შევეხოთო. 2 საათი ვილაპარაკეთ. მერე რამდენიმე თემაზე შეკითხვები დამისვა.

სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ფაქტია, ამ ქვეყანას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ სამაგალითო იყოს. მეტი გორაზე ამსვლელი ადამიანი გვჭირდება, ვისაც არ ეზარება, იცის რას აკეთებს და რატომ.

თუ ეს ბიჭი ხვალ გადაწყვეტილების მიმღებთა შორის იქნება, მჯერა, რომ მის სოფელში (და ბევრ სხვა სოფელში) ინტერნეტის (და კიდევ ბევრი სხვა) პრობლემა გადაიჭრება.

დიდი მადლობა მას და წარმატებები!’’ –  წერს გიგა ლემონჯავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ანა რობაქიძე