ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025
27.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1616

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საახალწლო გალაკონცერტი გაიმართა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტი გაიმართა. წლევანდელი გალაკონცერტი, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, განსხვავებული ფორმატის იყო – შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე იდგნენ, რომელიც რამდენიმესართულიან, აივნებიან და ტერასებიან სახლს წარმოადგენდა. გარდა სპეციალურ სცენაზე წარმოდგენილი მუსიკალური ნომრებისა, ასევე იყო პირდაპირი ჩართვები თბილისის სხვადასხვა უბნიდან. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გალაკონცერტის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იყო დაცული რეგულაციები. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მუსიკალურ ნომრებს ახალგაზრდები ასრულებდნენ, მაღალი რისკის მქონე შემსრულებლები კი საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან და აივნებიდან ერთვებოდნენ. კონცერტი პირდაპირი ეთერის საშუალებით გადაიცემოდა.

გალაკონცერტის მიმდინარეობისას, ახალი წელი მიულოცა მოსახლეობას დედაქალაქის მერმა.

„მიილია 2020 წელი – წელი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული წელი. ჩვენ, ყველას ერთად გლობალური პანდემიის წესებით მოგვიწია ცხოვრება. უკვე გავიარეთ ახალ რეალობასთან ადაპტაციის რთული ეტაპები. სოლიდარობამ, ექიმების თავდადებამ, საჯარო მოხელეთა ძალისხმევამ, საპატრულო პოლიციის 24-საათიანმა საქმიანობამ, თბილისის მერიის ყველა უწყების თავდაუზოგავმა შრომამ და თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლის რწმენამ მოგვცა ძალა, ეს მძიმე პერიოდი გადაგვეტანა, არ დავნებებულიყავით და დღეს უკვე ყველა იმედით შევყურებთ ახალ, 2021 წელს.

ჩემო საყვარელო ხალხო, მინდა, მთელი გულით მოგილოცოთ შობა-ახალი წელი, გისურვოთ პირველ რიგში, ჯანმრთელობა და ბედნიერება. ჩვენ ერთად ვართ, სოლიდარულები ვართ და ყველა ერთად, ყველა სირთულეს დავძლევთ. საქართველოს ბევრი განსაცდელი გადაულახავს და არ დაცემულა – ფერფლიდან აღმდგარა და ახალი სიცოცხლე დაუწყია. მომავალი წელი იქნება აღდგენის, განახლების და გაძლიერების წელი.

მეგობრებო, ჩვენს ერთად ყოფნას, მომავლისკენ სვლას ვერაფერი შეაჩერებს. გილოცავთ დიდი სიყვარულით და ოპტიმიზმით სავსე გულით! ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვოთ, ახალ წელს შევეგებოთ იმედით და რაც მთავარია, ერთმანეთის სიყვარულით. გილოცავ საქართველო! გილოცავ ჩემო თბილისო! გილოცავთ ჩემო უსაყვარლესო ხალხო! მრავალჟამიერ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საახალწლო კონცერტის რეჟისორები ბასა ფოცხიშვილი და დავით დოიაშვილი იყვნენ, მუსიკალური ხელმძღვანელი – დათო ევგენიძე, ხოლო დამდგმელი მხატვარი თამარ ფოცხიშვილი.

კონცერტში მონაწილეობდნენ დათო ევგენიძე და მისი ბენდი, გიორგი მახარაშვილი, ელენე კალანდაძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალიკო ქუთათელაძე, New one, ნოდარიკო ხუციშვილი, ლიზა ბაგრატიონი, ბახვა ბრეგვაძე, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ლიზა ყენია, შვიდკაცა, ჯემალ ჭკუასელი, ანზორ ერქომაიშვილი, Salio, ლიკა ევგენიძე, გოგი ჭიჭინაძე, კახაბერი, ნატო მეტონიძე, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი მიქაძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ლიზა კალანდაძე, ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, NON STOP, ზუკა ხუციშვილი, LOUDspeakers, კატო კვარაცხელია, კატო გიორგაძე, სტეფანე, Young Georgian Lolitas, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, The Quintessence, ანა დოიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ბექა გოჩიაშვილი, ნინი ნუცუბიძე, მარიამ ჯანჯღავა, გიორგი ცაგარელი.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის საახალწლო მილოცვები

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა. სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მიმართვისას აქცენტი გაამახვილა პანდემიაზე, რომელმაც შეცვალა მსოფლიო და საქართველოც დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა, ასევე, მოსალოდნელ სირთულეებზე და აღნიშნა, რომ ყოველივე ამის დასაძლევად საჭიროა ერთმანეთის გაფრთხილება, სოლიდარობა და ერთიანობა:

2020 წელს ვემშვიდობებით! ეს წელი უმძიმესი აღმოჩნდა მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყველასვინც ამ ურთულეს პერიოდში დაკარგა ოჯახის წევრი, ახლობელი თუ მეგობარი. 

პანდემიამ შეცვალა მსოფლიო – შეარყია ეკონომიკა, ჩაგვიკეტა საზღვრები, ჩვენც შეგვცვალა –  შიში ჩაგვინერგა.

უარყოფითთან ერთად, პანდემიამ დაგვანახა, რომ გადარჩენა მხოლოდ სოლიდარობით, ერთმანეთის ნდობით და გაფრთხილებით შეიძლება, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა დაავადების დამარცხების ერთადერთი გზაა! მთავარია, არ მივეცეთ სასოწარკვეთილებას, რამეთუ ყველფერ ცუდს კარგი მოსდევს.

პირველ რიგში, ეს ეხება ჯანდაცვის სფეროს. მისი წარმომადგენლები – ეპიდემიოლოგიები, ექიმები, ექთნები, სასწრაფოს მუშაკები – ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ, უშუალოდ განიცადეს ყველა დარტყმა და დანაკარგი. მათ შორისაც დიდია მსხვერპლი. თუმცა, იმავდროულად აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ გვყავს მსოფლიო დონის პროფსიონალები და ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო იმას, რასაც ჩვენზე ძლიერმა ქვეყნებმა ვერ გაუძლეს.

ამას არ ველოდით და გაგვიკვირდა. ამით ჩვენ დავიმსახურეთ მსოფლიოს მხრიდან მაღალი შეფასება, რამაც განაპირობა მასშტაბური საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა.

პანდემიის მართვის პროცესში ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა დაეკისრა ჩვენს პოლიციას და თავდაცვის ძალებს. აქაც შეგვიძლია ვიამაყოთ – იმით, თუ როგორი თავდადებითა და რა ეფექტურად გაართვეს მათ თავი ამ ურთულეს და უჩვეულო სიტუაციებს.

მსოფლიო კარანტინმა ძლიერი დარტყმა მიაყენა ჩვენს ეკონომიკას, კერძოდ, ტურისტულ სფეროს. თუმცა, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციამ ბევრ ოჯახს მისცა საშუალება საქართველო ხელახლა აღმოეჩინა. ბევრს სოფლად დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ამით ჩვენ – ყველამ ერთად – მოვახერხეთ  შევხიდებოდით ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ დაზარალებულ სფეროს.

განათლების სფეროში – ერთი მხრივ, ახალგაზრდებისთვის რთული აღმოჩნდა დისტანციური სწავლება და დამთრგუნველი ერთმანეთთან კონტაქტის დაკარგვა, თუმცა არ გამოცხადებულა აკადემიური წელი და ერთიანი ეროვნული გამოცდები შეუფერხებლად ჩატარდა. ყველაფრის მიუხედვად, ჩვენ აქაც შევძელით ის, რაც ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნებისთვისაც ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა – გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. 

კულტურაზე ძალიან მძიმედ აისახა პანდემია. დისტანციური ფორმატების მიუხედავად, ეს სფერო პრაქტიკულად გაიყინა, რადგან კულტურა პუბლიკის გარეშე ძნელად თუ ცოცხლობს. ამ ფონზე ძალიან ვამაყობ იმით, რომ სრულყოფილად ჩავატარეთ ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების სახელმწიფო კონკურსები. შევკრიბეთ კომისიები, მივიღეთ მსოფლიო დონის სამეცნიერო ნაშრომები და ლიტერატურული ნაწარმოებები, გამოვავლინეთ გამარჯვებულები. 

პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონია ჯერ ვერ ჩატარდება, მაგრამ მინდა ამ ახალი წლის ღამეს გაგაცნოთ გამოვლენილი ლაურეატები და ერთად მივულოცოთ მათ ეს დიდი წარმატება, რომელიც ქვეყანას ასახელებს.

ვაჟა ფშაველას  სახელობის სახელმწიფო პრემია ლიტერატურასა და პოეზიაში მიენიჭა პოეტსა და მთარგმნელს, დავით წერედიანს. ვწუხვარ, რომ მას ეს მნიშვნელოვანი აღიარება სიცოცხლეში არ ერგო. ეროვნული პრემიის გამარჯვებულები კი ქიმია-ბიოლოგიის დარგში ერთობლივი ნაშრომისთვის არიან გიორგი კვესიტაძე, გია ხატისაშვილი და თინათინ სადუნიშვილი. ფიზიკის დარგში – ალექსანდრე შენგელია.

ერთადერთი სფერო, სადაც პანდემიამ აქტივობა ვერ შეანელა, პოლიტიკაა! მძიმე პოლიტიკური წელი გვქონდა, თუმცა აქაც შევძელით და მივიღეთ კონსტიტუციური ცვლილებები, ახალი საარჩევნო კოდექსი. ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ შეაფასა, როგორც სამართლიანი და კონკურენტული.  შედგა პარლამენტი.  

პანდემიამ ერთი რამ მაინც ვერ შეცვალა – ოკუპაცია და ჩვენი ტკივილი. დღეს მან კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ისედაც უმძიმესი მდგომარეობა,  თუმცა დაგვანახა, თუ რამდენად აუცილებელია, სამომავლოდ გამოვნახოთ სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების გზები – ანუ გზა ოკუპაციის დასაძლევად.

მთავარი მიღწევა კი ის არის, რომ ურთულესი პირობების მიუხედავად, ოკუპაციისა და მძიმე რეგიონალური კონფლიქტების მიუხედავად, ამ პატარა ქვეყანამ შეძლო და შეინარჩუნა სტაბილურობა, მდგრადობა, აქვს საკუთარი თავის იმედი და სხვებსაც არაერთგზის აჩვენა, რომ ასე მარტივად არ ნებდება.

ალბათ  რთული ზამთარი გველის და გამოწვევები არ გამოილევა. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ გზას გავივლით. ისიც ვიცით, რა გვჭირდება ამ გზაზე – ერთმანეთის ნდობა, გაფრთხილება, სოლიდარობა და ერთიანობა! უნდა დავძლიოთ გაუცხოება, უარი უნდა ვუთხრათ სიძულვილსა და დაპირისპირებას! 2021 წელი ნდობის წელი უნდა იყოს!

ყველას, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ჯამრთელობას, მხნეობას, წარმატებებს და ერთსულოვნებას!” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ქვეყნის მოქალაქეებისადმი მიმართვაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დიდ განსაცდელზე, რაც ქვეყანას და მთლიანად მსოფლიოს დაატყდა თავს კორონავირუსის პანდემიის სახით. გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული და ეხმარებოდნენ მოსახლეობას. მთავრობის მეთაურმა გმირები უწოდა მათ:

ძვირფასო თანამოქალაქეებო, გილოცავთ დამდეგ 2021 წელს. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.

გასული წელი მთელი მსოფლიოსთვის უჩვეულო და გამოწვევებით სავსე იყო. ჩვენ აღმოვჩნდით ომში უხილავ მტერთან, რომელმაც გვაიძულა უარი გვეთქვა ჩვეული ცხოვრების რიტმზე, დაგვაკარგინა ძვირფასი ადამიანები.

დიდ განსაცდელთან ერთად, ამავე დროს, 2020 წელი დიდი გადაფასებების წელიც იყო, როდესაც თითოეული ჩვენგანი დაფიქრდა ყველაზე მთავარ ღირებულებაზე – ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი.

რაც ყველაზე მთავარია, 2020 წელი იყო უპრეცედენტო სამოქალაქო პასუხისმგებლობის წელი, როდესაც სახელმწიფო და მოქალაქე ერთად დადგა გამოწვევის პირისპირ.

უხილავ მტერთან ბრძოლას საკუთარი გმირები ჰყავს. ეს გმირები არიან ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ადამიანები – ექიმები, ექთნები თუ სანიტრები, რომლებიც ამ წუთებშიც იბრძვიან ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად, – მინდა მათ მუდამ ახსოვდეთ, რომ ყველანი განსაკუთრებულად მადლიერები ვართ მათი.

ეს გმირები არიან ის პოლიციელები, ჯარისკაცები, თვითმმართველობების თანამშრომლები, თითოეული ის საჯარო მოხელე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, რათა უფრო უსაფრთხო გარემო შეექმნა, უბრალოდ დახმარებოდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს.

წელს უჩვეულო გარემოში ვხვდებით ახალ წელს – არ ვმართავთ საზეიმო ღონისძიებებს და მოკრძალებულად, მხოლოდ ვიწრო ოჯახურ წრეში აღვნიშნავთ ამ ყველასთვის, განსაკუთრებით კი, ბავშვებისთვის, საყვარელ დღესასწაულს. დღეს სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა ერთმანეთის, განსაკუთრებით კი, ჩვენი ხანდაზმულების წინაშე.

დღეს არ არის რაიმე ნიშნით დაყოფის დრო. დღეს მთელი ქვეყანა, – მათ შორის პოლიტიკური თუ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად უნდა ჩავდგეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის სამსახურში – ამას გვავალებს ჩვენი ხალხი.

ეს არის მთავარი წინაპირობა იმის, რომ მომავალი წელი გამარჯვების მომტანი იყოს!

მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი ჩვენს თითოეულ თანამემამულეს – საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ; ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს – ჩვენ მხოლოდ მათთან ერთად შევქმნით საქართველოს უკეთეს მომავალს.

ვულოცავ ჩვენს პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მასწავლებლებს, საჯარო მოხელეებს – ყველას, ვინც დაუღალავად შრომობს ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ვულოცავ ბავშვებს, რომლებსაც ასე ახარებთ ახალი წელი. ვულოცავ ჩვენს უფროს თაობას, – მინდა იცოდეთ, რომ თქვენ განსაკუთრებულად გიფრთხილდებით.

ერთიანობა დაგვაძლევინებს ყველა განსაცდელს და მიგვიყვანს ქართველი ხალხის დიდი ხნის ოცნების ახდენამდე – საქართველო დაიმკვიდრებს საკუთარ ღირსეულ ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2021 წელს, რომელიც იქნება უკეთესი მომავლის, ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი!

გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან საახალწლო მიმართვა ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესაც. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდებ ბრძოლაში აქტიურად ჩართულებს და საზოგადოებასისადმი მიმართვაში ერთმანეთისადმი ზრუნვისა და თანადგომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

ძვირფასო თანამოქალაქეებო! საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ ახალ, 2021 წელს! ეს წელი მშვიდობის, კეთილდღეობის და ჯანმრთელობის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის.

განსაკუთრებით ვულოცავ და მადლობას ვუხდი ჩვენი დროის გმირებს – ექიმებს, ექთნებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და იმ პროფესიის წარმომადგენლებს, ვინც პირდაპირ იყო ჩართული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ ყველაფერი გააკეთეს სხვების სიცოცხლის გადასარჩენად!

ახალ წელს ვულოცავ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ჩვენს დებსა და ძმებს! ერთიანი, ძლიერი საქართველო და ძლიერი საზოგადოება ჩვენი საერთო მიზანია!

გასულმა წელმა გვაჩვენა, რომ პროფესიონალიზმით, ერთიანობით და სოლიდარობით შევძლებთ ყველა სირთულის დაძლევას, შევძლებთ ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, დემოკრატიის გაძლიერებას და უსაფრთხოების განმტკიცებას!

მომავალი წელი, ისე როგორც არასოდეს, მოითხოვს ერთმანეთზე ზრუნვას და თანადგომას, უფრო მეტ სიყვარულს და მომავლის რწმენას!

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს!” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია “ფორმულა” დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო 2500 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველი სამაუწყებლო ბადეში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის შეუსაბამო დროს და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსება გახდა. ამას გარდა, „ფორმულას“ დაევალა დაიცვას ბავშვის უფლებათა კოდექსი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და უზრუნველყოს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ეთერში განთავსება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დროს სათანადო ნიშანდებით, რათა მოზარდებზე მავნე ზეგავლენა არ მოახდინოს.

„ფორმულას“ მიერ კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას მოქალაქე გ. ყიფიანმა მიმართა. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ მონიტორინგის შედეგად კი დადასტურდა, რომ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს” მაუწყებლის მიერ მინიჭებული აქვს უნივერსალური კატეგორია მაშინ, როდესაც პროგრამა 12 წლამდე პირებისათვის შეუფერებელ კატეგორიაში ექცევა. ამ კატეგორიის პროგრამა კანონის მიხედვით სამაუწყებლო ბადეში 21 საათის შემდეგ უნდა განთავსდეს, „ფორმულას“ კი იგი დღის საათებში ჰქონდა განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებლებმა 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის განთავსებისგან თავი უნდა შეიკავონ 6-დან 21 საათამდე დღის მონაკვეთში. ბავშვის უფლებათა კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები მოზარდებს მაუწყებლებისა და ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან იცავს, მშობლებს კი, ეძლევათ მოქნილი მექანიზმი შვილები დაიცვან ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან, რომლებსაც მათ ფსიქიკაზე მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ.

დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე არხის წარმომადგენელმა თხოვნით მიმართა კომისიის წევრებს ფინანსური ჯარიმის ნაცვლად, გაფრთხილება გამოეყენებინათ, რაზეც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ განმარტება გააკეთა.

ჩვენი სურვილი არასდროს ყოფილა და არც ახლაა ჯარიმის გამოყენება სანქციის სახით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ კანონის შემუშავებაში პირდაპირ არ ვმონაწილეობდით, მთავარი შენიშვნა წერილობითაც გვაქვს დაფიქსირებული და ეს სწორედ ჯარიმის საკითხს ეხებოდა. ჩვენი მოსაზრება იყო, რომ ჯარიმის თემა შეცვლილიყო, როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონშია, რომ პირველ სამართალდარღვევაზე გაფრთხილება გამოგვეყენებინა. სამწუხაროდ, ეს არ იქნა გათვალისწინებული და, როგორც იცით, პირველივე დარღვევაზე კანონი ითვალისწინებს ფულად ჯარიმას. ერთადერთი შემამსუბუქებელი არის ის, რომ კომისია აპირებს, ყველაზე მინიმალური ჯარიმა გამოიყენოს. რაც შეეხება სამომავლოდ როგორ უნდა მოიქცეთ, ის ფორმა, რაც მაუწყებლის წარმომადგენელმა ბრძანა, მისაღებია. გნებავთ გადაფარვა გამოიყენეთ, გნებავთ ამოჭერით ის მონაკვეთი, სადაც შეურაცხმყოფელი ლექსიკაა, ან დაიცავით საათობრივი ზოლი და 21:00 საათის შემდეგ განათავსეთ ასეთი გადაცემები და გაუკეთეთ სპეციალური ნიშანდება, რომ არ დაარღვიოთ კანონი“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა საჯარო სხდომაზე.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

“ბექა ყორშიას უჩივიან, რატომ აჩვენე, ფინანსთა მინისტრი რომ ყ*ერებს იფხანდაო” – ნიკა გვარამია

წლის ბოლოს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში საკმაოდ დელიკატურ პოსტს აქვეყნებს – ზოგისთვის სახალისოს, ზოგისთვის – გასაბრაზებელს და თან ურთავს ჟურნალისტ ბექა ყორშიასთან დაკავშირებული კონკრეტული წერილის (თუ პრეტენზიის) ნაწილის გრაფიკულ გამოსახულებას:

ბექა ყორშიას უჩივიან, რატომ აჩვენე, ფინანსთა მინისტრი რომ ყვერებს იფხანდაო 😂😂😂😂 ხალხოოოოოო😂😂😂😂😂
აქებ აიშროყ რატომ მიაზუმე შარვლის გარედან გენიტალიებზე? 🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

დანართის ესკიზი

10 ტონა ქართული თაფლი ექსპორტზე იტალიაში გავიდა

🔸 2016 წლის დეკემბერში, ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია (The Annex to Commission Decision 2011/163/EU). ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის დაშვებას, წინ უძღოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოების შესაბამისი პროცედურები.

🔸 ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღების, ფალსიფიკაციისგან დაცვის და ქართული თაფლის ექსპორტის სტიმულირების მიზნით, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების (მძიმე მეტალები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) მონიტორინგის გეგმა.

🔸მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად იღებს 100 ნიმუშს და იკვლევს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კონტროლის სისტემის პარალელურად, ქვეყანაში გაუმჯობესდა ლაბორატორიული შესაძლებლობები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში დაინერგა თაფლის სხვადასხვა პარამეტრზე კვლევის შესაბამისი მეთოდოლოგია. მეფუტკრე ფერმერების ინფორმირების მიზნით, ჩატარდა საინფორმაციო აქტივობები. გატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა დარღვევების რაოდენობა.

🔸 ქართული თაფლის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხორციელდება.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

გორში ტანსაცმლისა და შერეული საქონლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა.

შეტყობინებაზე რეაგირება სწრაფად მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მოხდა 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის დროული მობილიზება და დაიწყო ქრობის სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების დახმარებით, ბაზრის ტერიტორიიდან, მოვაჭრეებმა მოახერხეს გასაყიდად გამზადებული პროდუქციის უსაფრთხო ადგილას გამოტანა და ხანძრისგან გადარჩენა. არსებობდა, ცეცხლის გვერდით მდგარ შენობებზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.

ნახანძრალი ტერიტორის დამუშავება და მონიტორინგი მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, რომელიც ხანძრის ქრობის პროცესს ხელმძღვანელობდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს

უარი უნდა ვთქვათ უხამსობაზე, უარი უნდა ვთქვათ სიძულვილის ენაზე, უარი უნდა ვთქვათ მიკერძოებულობაზე და მიუკერძოებლობის სტანდარტები უნდა დავნერგოთ მედიაში – კახა ბექაური

საქართველოში დღეს 100-ზე მეტი ტელევიზია გვაქვს, ძალიან პლურალისტურია მედიაგარემო, ეს ჩვენი საზოგადოების საერთო მონაპოვარია. თუმცა, ამ მრავალფეროვნებაში, სამწუხაროდ, გაჯერებულია მედიასივრცე ნაკლებად პროფესიული, დაბალი სტანდარტების, ყალბი ახალი ამბების, სიძულვილის ენით, მუქარით, შეურაცხყოფებით, უხამსობით. ამ მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი გამონაკლისია, ეს დადასტურდა საარჩევნო კამპანიის დროს კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგებითაც. საზოგადოებრივი მაუწყებელი გამორჩეული იყო ნამდვილად ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვის კუთხით,“ – აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის საძირკველში სიმბოლურად კაფსულის ჩადების ღონისძიებაზე გააკეთა.

კახა ბექაურმა მედიის გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელ მრაფალფეროვან მედიაგარემოში საზოგადოებრივი მაუწყებელი მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით აშუქებს მოვლენებს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებრივ მაუწყებელს 64 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების ეპოქაში, მნიშვნელოვანია, რომ ხალხის ტელევიზიას მაღალტექნოლოგიური, თანამედროვედ აღჭურვილი შენობა და სტუდიები ჰქონდეს.

დასავლურ დემოკრატიაში მთავარ ღირებულებას ინფორმირებული მოქალაქე წარმოადგენს. ხვალინდელ საქართველოში ჩვენ მედია ზუსტად ასე უნდა წარმოვიდგინოთ, უარი უნდა ვთქვათ უხამსობაზე, უარი უნდა ვთქვათ სიძულვილის ენაზე, უარი უნდა ვთქვათ მიკერძოებულობაზე და მიუკერძოებლობის სტანდარტები უნდა დავნერგოთ მედიაში. ამ მხრივ, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან დიდი როლი, რადგან ის პოლიტიკისგან დაცლილია, ის ხალხის მიერ ფინანსდება და გამორჩეული ადგილი უკავია ამ თვალსაზრისით. გილოცავთ კიდევ ერთხელ და წარმატებებს გისურვებთ,“ – განაცხადა კახა ბექაურმა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

საქართველოს პარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამგზავრების წინა შემოწმების შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით – კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ესტუმრა. უცხოელი დიპლომატის სტუმრობა უკავშირდებოდა შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი მოქალაქეების შემოწმების საკითხს, რომელიც 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ელჩი განმარტავს, რომ მიღებული კანონი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს:

უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმატებაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება და უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირება. სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურის დანერგვა.

ეს არ არის ახალი შეზღუდვა ან ახალი პირობა. სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან მგზავრების შემოწმება საქართველოდან მათ გამგზავრებამდე. როგორც მოგეხსენებათ, უვიზო მიმოსვლის განხორციელების პროცესში ჩვენ გარკვეული გამოწვევების წინაშე დავდექით. პრობლემების მოგვარების მიზნით, საქართველომ და საქართველოს პარლამენტმა მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამგზავრების წინა შემოწმების შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი ამოქმედების შემდეგ, უზრუნველყოფს ევროკავშირისა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გამართულ ფუნქციონირებას.

კანონი ძალაში შედის პირველ იანვარს და მისი აღსრულება მოხდება თბილისის, ქუთაისისა და სხვა აეროპორტებიდან მგზავრობისა და შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის წესების დაცვის უზრუნველსაყოფად. წესები არ შეცვლილა და ჩვენ შენგენის ქვეყნებში მოქმედი წესებით ვხელმძღვანელობთ. განსხვავება არის მხოლოდ ის, რომ შემოწმება აქ, აეროპორტში მოხდება.
სავარაუდოდ, ეს ყველას ინტერესშია, საბუთებთან დაკავშირებული ყველა პროცედურა, ყველაფერი, რაც საჭიროა შენგენის ზონაში შესასვლელად, აქვე, თვითმფრინავის აფრენამდე განხორციელდება.

ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსა და ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან აღნიშნული შემოწმებების მაქსიმალურად შეუფერხებლად, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად ჩატარების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს, მომავალ წლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ავტორი
ნინი შავლაძე

ყველა ბავშვის აღზრდის პროცესი არ უნდა იყოს უფასო – ირმა ზავრადაშვილი

‘‘ქართული ოცნების’’ წევრი, დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, რომ მოხდეს საბავშვო ბაღის აღსაზრდელების  დიფერენცირება და ზოგიერთი ბავშვის აღზრდის პროცესი არ იყოს უფასო:

‘’ბევრი საბავშვო ბაღი ვერ გაივლის ავტორიზაციას, ყველაფერს სჭირდება ბიუჯეტი.

რატომ არ ხდება იმის დიფერენცირება, რომ საბავშვი ბაღებში ყველა ბავშვის აღზრდის პროცესი არ იყოს უფასო და რატომ არ არის ეს მშობლების შემოსავლებზე მიბმული?

რატომ ხდება, რომ ჩემი შვილიც და სოციალურად დაუცველი ადამიანის შვილიც ერთდროულად უნდა სარგებლობდეს ბიუჯეტიდან? ხომ შეიძლება რაღაცა ფორმის დიფერენცირება გაკეთდეს?

უფასო საბავშვო ბაღი ძალიან კარგია, მაგრამ როცა ასეთი მდგომარეობა გვაქვს, რატომ არ მივიდვართ იმ  მიმართულებით, რომ დამატებითი შემოსავლები არსებობდეს, რომელიც არც ავტორიზაციის ვადის გადაწევის აუცილებლობის წინაშე დაგვაყენებს და ძალიან ბევრ პრობლემას შეცვლის’’, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

ავტორი
ანა რობაქიძე

“ეკონომიკური უკუსვლა იწვევს ლარის გაუფასურებასაც, ტარიფების ზრდასაც და ზოგადად ცხოვრების გაძვირებასაც, რაც მთავრობის პასუხისმგებლობაა” – გიგი უგულავა

,,ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა, სოციალურ ქსელში წერს, რომ კომუნალური გადასახადები ძვირდება, ბიძინა ივანიშვილი კი კვლავ პირობას იძლევა დასუბსიდირების შესახებ. ოპოზიციონერი ლიდერი, ასევე აღნიშვნავს, რომ სწორედ ეკონომიკური უკუსვლა იწვევს ლარის გაუფასურებას და გამოსავალი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაშია:

,,დენი, წყალი, გაზი ძვირდება! ივანიშვილი კი სუბსიდირებას გვპირდება – ვერ იგრძნობთო გვაბოლებენ!

1. ტარიფებს ვალით ასუბსიდირებენ, ანუ ტარიფიც ძვირი რჩება და პლუს, ვალი გვეტენება, რომელიც ყველას გადასახდელია;

2. ტარიფის გაძვირება მაინც აძვირებს ცხოვრებას – ყველა ტიპის პროდუქტს ადგილობრივსაც და პირველადი მოხმარებისასაც. აქ სუბსიდია არ შველის და არც ვრცელდება;

3. სუბსიდირებით მოტყუების მაგალითები გვაქვს – გაზაფხულზე 10 პროდუქტი დაასაუბსიდირეს, მიუხედავად ამისა პური და ყველაფერი მაინც ძვირდა.

ეკონომიკური უკუსვლა იწვევს ლარის გაუფასურებასაც, ტარიფების ზრდასაც და ზოგადად ცხოვრების გაძვირებასაც, რაც მთავრობის პასუხისმგებლობაა.

გამოსავალი მთავრობის შეცვლა, გადასახდების შემცირება და ეკონომიკის დერეგულირებაა, რაც ბიზნესის დახმარების ერთადერთი სწორი გზაა და აჩერებს გაძვირებას“, – წერს ფაისბუქის პირად გვერდზე გიგი უგულავა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე