პარასკევი, აგვისტო 1, 2025
26.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1614

მოსწონს ეს გიგა ბოკერიას თუ არა პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია “ევროპელი სოციალისტები” ვართ – ფრიდონ ინჯია

დეპუტატი ფრიდონ ინჯია, პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო სიით შესულ დეპუტატებთან მიმართებაში, გიგა ბოკერიას მიერ დააფიქსირებულ პოზიციას ეხმიანება და “ევროპული საქართველოს” ლიდერს შეახსენებს, რომ წინა მოწვევის პარლამენტში ის და მისი გუნდი ასევე გამოეყო “ნაციონალურ მოძრაობას” და შექმნეს ახალი პარტია:

მოსწონს ეს გიგა ბოკერიას თუ არა პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია “ევროპელი სოციალისტები” ვართ.

სხვათაშორის შევახსენებ მას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები წინა მოწვევის პარლამენტშიც მიიღო ოპოზიციამ, როდესაც ნაც.მოძრაობას ევროპული საქართველო გამოეყო და ახალი პარტია შექმნა. ის მოქმედება სამართლიანი იყო და ჩვენი უსამართლოა?

ეს არის მისი მხრიდან ორმაგი სტანდარტით მიდგომა საკითხის მიმართ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

“ამ ხალხის შესვლა პარლამენტში არის ერთპარტიულობის დადასტურება და ეს პარლამენტი კიდევ უფრო ერთპარტიულია” – გიგა ბოკერია პარლამენტში “ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენლობასთან დაკავშირებით

“ევროპული საქართველოს” ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან კომენტარებში პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული დეპუტატებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა:

საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია და ამ ხალხის შესვლა პარლამენტში არის ერთპარტიულობის დადასტურება.

ის უტიფრად სასაცილო და სამარცხვინო “ნიუსლეთერი” ჩვენს პარტნიორებს ზარზეიმით რომ დაუგზავნა მთავრობამ, ნახეთ რა კაი ხალხი, პროდასავლური ხალხი შემოვიდა პარლამენტშიო, არის დადასტურება იმ სამარცხვინო ერთპარტიული პარლამენტისა, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.

ეს პარლამენტი კიდევ უფრო ერთპარტიულია“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

ინფორმაციისთვის: “პატრიოტთა ალისნსის” სიით პარლამენტში შესულმა ოთხმა დეპუტატმა გადაწყვეტილება მიიღო შექმნას პოლიტიკური პარტია “ევროპელი სოციალისტები” და პარლამენტში ეს პარტია წარმოადგინონ.

ოპოზიციას გვინდა პოლიტიკური შეთანხმება ხელისუფლებასთან, რომ კრიზისიდან გამოვიდეთ და დავიწყოთ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება – სერგო ჩიხლაძე

შალვა ნათელაშვილის განცხადება/მიმართვას ევროპის ლიდერებისადმი, ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე და აღნიშნავს, რომ პოლიტიკურმა პარტიამ რაიმე სახის პრეტენზია კი არ უნდა წაუყენოს ევროპას და ევროკავშირს, არამედ ჩვენ უნდა გავარკვიოთ, ქვეყნის შიგნით, ყველა საკითხი:

არ მგონია, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრიდან რაიმე სახის პრეტენზია უნდა წაუყენოს ვინმემ ევროპას და ევროკავშირს. მით უმეტეს, ელჩების გაწვევა-არგაწვევას – ამას არცერთი პოლიტიკური პარტია, საქართველოში, არ წყვეტს.

რაც შეეხება არჩევნების არცნობას, ეს ჩვენს უცხოელ პარტნიორებს კი არ უნდა ვთხოვოთ ცნობა-არცნობა, ეს არის ჩვენი შიდა საკითხი, ქვეყნის შიდა საკითხი და ეს უნდა გავარკვიოთ ჩვენ ქვეყნის შიგნით. ზუსტად ამიტომ არის მოლაპარაკებები, ამიტომ გვინდა ოპოზიციას პოლიტიკური შეთანხმება ხელისუფლებასთან, რომ კრიზისიდან გამოვიდეთ და დავიწყოთ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება,” – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ხანძრის გაჩენის თავიდან ასაცილებლად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყანაში გახშირებული ხანძრების გამო განცხადებას ავრცელებს, მოსახლეობას მიმართავს და მათ უსაფრთხოების წესების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს:

დასავლეთ საქართველოში ტყის მასივებსა და სავარგულებში ხანძრის გაჩენის თავიდან ასაცილებლად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან უსაფროების წესები.

გლობალური კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, ნალექის რაოდენობა შემცირებულია, გამომშრალია ნიადაგი და ბალახეული საფარი, რაც როგორც ხანძრის წარმოშობას, ასევე მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.

მცენარეული ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძარი საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს, ტყის მასივებსა და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს ნიადაგის თვისებების გაუარესება, ნაყოფიერების დონის შემცირება და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაცია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ ხანძრების ჩაქრობის სამუშაოებს; ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევე სპეციალისტებს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიბებში ჩართულობისთვის.

2021 წლის 1 იანვრიდან 8 იანვრამდე, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაფიქსირდა ხანძრის 13 შემთხვევა. ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემებით, ტყის ფონდში ხანძრის გავრცელების წინასწარი ფართობი 200 ჰექტარს შეადგენს. ამ დროისთვის, რჩება რამდენიმე ღია კერა. რთული რელიეფური მდებარეობის გამო. ზუსტი მონაცემები ცნობილი გახდება ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ,” – ნათქვამია განცხადებაში.

“ამ კრიტიკულ ფონზე, ჩვენ ევროპისგან ვერ ვგრძნობთ მოსალოდნელ მხარდაჭერას” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ევროპის სახელმწიფო ლიდერებს, პარლამენტარებს, ოფიციალური სტრუქტურების ხელმძღვანელებს და მასმედიას მიმართავს:

ევროპის კავშირის წევრ ყველა სახელმწიფოთა მეთაურებს,
მთავრობათა ხელმძღვანელებს და საგარეო საქმეთა მინისტრებს
ევროკავშირის ხელმძღვანელობას
ევროპარლამენტის ყველა წევრს,
ევროპის საბჭოს, ნატოს, ეუთოს ყველა სტრუქტურასა და ხელმძღვანელ პირებს
ევროპულ მასმედიას

🔴 უპირველესად, გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ წარმატებებს კოვიდ-ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. გაცნობებთ, რომ სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ევროპის მასშტაბით ერთადერთი ერთპარტიული პარლამენტია. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთსულოვანი უარი განვაცხადეთ იმ პარალმენტში შესვლაზე, რომლის არჩევნებიც 2020 წლის 31 ოქტომბერს სრულიად გააყალბა რუსმა ოლიგარქმა პრეზიდენტ პუტინის გარემოცვიდან, საქართველოს დე-ფაქტო ლიდერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა. დღეს, პარლამენტში წარმოდგენილია მხოლოდ მისი პარტია არასრული ქვორუმით და ამ ორგანოს არ შეუძლია კონსტიტუციურ, სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება და მათ შორის, თქვენთვის რეალური მოკავშირეობის გაწევა.

ამ კრიტიკულ ფონზე, ჩვენ ევროპისგან ვერ ვგრძნობთ მოსალოდნელ მხარდაჭერას, ვიღებთ მხოლოდ მოწოდებებს შევიდეთ პარლამენტში და ლეგიტიმაცია მივცეთ პრეზიდენტ პუტინის გეგმით შეკრებილ ორგანოს.

საქართველო სწორედ ევროპული არჩევანის გამო დასაჯა მოსკოვმა, მოახდინა მისი 20 %-ის ოკუპაცია, დაგვიწესა ეკონომიკური ბლოკადა, დაგვიხოცა უამრავი მოქალაქე. ევროპამ კი სანქციებიც არ დააწესა ამის გამო რუსეთისადმი. სწორედ ამ დაუსჯელობით გათამამებას მოჰყვა შემდგომ ყირიმის ოკუპაცია, უკრაინის დაშლა, სირია, ყარაბახი და სხვა.

დღესაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილი სარგებლობს ევროკავშირის მოქალაქის სტატუსით რომელიც მან მიიღო საფრანგეთში ყალბი ქორწინების გაფორმებით. არ დაისაჯა იმის გამო, რომ 90-იან წლებში ანგოლაში გაყიდა 1 მილიარდი დოლარის რუსული იარაღი, რასაც 1 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა და ასევე, მან პასუხი არ აგო ქართული სახელმწიფოს მითვისების, ეკონომიკისა და ბიზნესის საკუთარ შემოსავლად გადაქცევის, კრიპტოვალუტით , ნარკოტიკით, იარაღის კონტრაბანდით, კორუფციით, შავი ფულის გარეცხვის გამო, რის თაობაზეც ეს წლები სისტემატიურად გაცნობებდით.

ახლა როცა ივანიშვილის რეჟიმის განუყოფელი ატრიბუტია – პოლიტიკური რეპრესიები, არჩევნების გაყალბება, პოლიტპატიმრები, მშვიდობიანი აქციების დარბევა, ტერორი, სასამართლოს გადაქცევა ხელისუფლების ადვოკატურად, დამოუკიდებელი მასმედიის განადგურება, შევიტყვეთ რომ ამ საახალწლოდ საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსი ოლიგარქი ივანიშვილი საპატიო ლეგიონერის ორდენით დააჯილდოვა, ესაა ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხება!

დღეს, საქართველოს გარშემო რკალი შეკრეს დიქტატორმა პუტინმა და ნეო-სულთანმა ერდოღანმა, რომლებიც იწყებენ რეგიონის გადანაწილებას. საქართველო კი დარჩა ევროპის ერთადერთ გასაღებად ევრაზიის კონტინტეტზე. თქვენ, ამგვარი უყურადღებობა ამ გასაღებს დაგაკარგინებთ მალე და ჩვენც დავკარგავთ იმ დასავლურ გზას, რაც ავირჩიეთ და რის გამოც ამდენი განსაცდელი გადავიტანეთ. თუ თქვენგან დროული რეაგირება არ იქნება ერთ დღეს გაიღვიძებთ და ყველა ევროპისკენ მომავალი ენერგომატარებელი და ევრაზიული გზა აღმოჩნდება მოსკოვისა და ანკარის კონტროლის ქვეშ.

ქართველ ხალხს კარგად გვახსოვს, რომ ევროპამ შუა-საუკუნეებში მიგვატოვა ჯერ სპარსეთთან წინააღმდეგ ბრძოლაში, მერე, თურქეთთან დაგვტოვეს მარტოდ, ევროპამ რეაქცია არ გააკეთა როდესაც რუსეთმა 1801 წელს გააუქმა ქართული სახელმწიფოებრიობა. ევროპამ ჩაყლაპა, როდესაც 1921 წელს რუსეთმა დაიპყრო საქართველო. ევროპამ მიგვატოვა ამ საუკუნის დასაწყისშიც, როდესაც არ მიგვიღო ნატოში და რუსეთს მისცა საშუალება 2008 წელს მოეხდინა აგრესია-ოკუპაცია საქართველოსი.

იმედია, ახლა მაინც არ მიგვატოვებთ რუს ოლიგარქთან უთანასწორო ბრძოლაში ამიტომ ვითხოვთ:

1. არ სცნოთ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა და მის საფუძველზე შექმნილი მთავრობა. ამის გამო ახალი არჩევნების დანიშვნამდე გაიწვიეთ ელჩები საქართველოდან და დატოვეთ ურთიერთობა რეჟიმთან დესპანის დონეზე, როგორც ეს საერთაშორისო სამართალშია მიღებული,
2. დააწესეთ სანქციები რუსი ოლიგარქის ბ. ივანიშვილის თქვენთან გადანახულ მილიარდებზე. ასევე, დაუწესეთ სანქციები მის გარემოცვას და ორგანოებს, რომლებმაც გააყალბეს არჩევნები, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, უშიშროების სამსახურსა და სხვა.
3. აქტიურად დაგვიჭირეთ მხარი რათა 2021 წლის ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს განახლებული კომისიებითა და საარჩევნო კანონმდებლობით.
4. ველოდებით თქვენს გადაუდებელ მხარდაჭერას.

უდიდესი პატივისცემით,
შალვა ნათელაშვილი
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი“, – ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.

“იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს სისტემურ ნაბიჯებს, ჩვენი მოქალაქეების სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას” – გიორგი გახარია

ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც მთავრობა განახორციელებს და აღნიშნა, რომ მთავარია, მოქალაქეებმა კუთვნილი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ:

პირველივე დღიდან, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიის პირველი შემთხვევები გაჩნდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენება ეს იყო ის ძირითადი მიზნები, რომელსაც ემსახურებოდა ჩვენი თითოეული ნაბიჯი.

მოგეხსენებათ, პირველივე ეტაპზე, ეს იყო გაზაფხულზე, ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას მიზნობრივი სოციალური დახმარების მთელი რიგი ნაბიჯები, ისევე როგორც ბიზნესის მხარდაჭერის კონკრეტული ღონისძიებები იყო განხორციელებული.

დღეს მოგეხსენებათ, 2020 წლის 28 ნოემბრის შემდგომ, როდესაც ჩვენ მიზნობრივი შეზღუდვების ახალი ეტაპი გავაცანით ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ამ შეზღუდვებთან ერთად გავაცანით სოციალური მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა მიზანიც იყო ამ შეზღუდვებზე პასუხი – ეს იყო ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება, რომლითაც უკვე ისარგებლა, ფინანსთა სამინისტრო დამეთანხმება, 120 ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს უკვე სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა.

პირველი, ეს გახლავთ 1 200 ლარიანი მხარდაჭერა 6 თვის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა პირველ ეტაპზე, ეს დახმარება გაიცემა და დაიწყო აღრიცხვა, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს 2020 წლის დეკემბრიდან. ეს არის პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი – ჩვენი ყველა მოქალაქე, რომელიც არის 65 000-დან 100 000 ქულამდე, სოციალურად დაუცველის რანგში, მათ ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა. ასევე ჩვენი ყველა მოქალაქე, 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, მათაც 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა. 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის, ასევე ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, იქნება 100 ლარიანი მხარდაჭერა. ამ სოციალური მხარდაჭერის პორტფელის ბიუჯეტი არის დაახლოებით 610 მილიონი ლარი.

გარდა ამისა, იქნება კონკრეტული მიზნობრივი მხარდაჭერა კომპანიებისთვის, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. მთავარია ის, რომ დაიწყო განაცხადების მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის მისაღებად ყველა იმ პუნქტებით, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე. ფინანსთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამისთვის მზად არიან. არანაირი შეფერხება აქ არ უნდა იყოს.

მთავარია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და მათ, ვისაც ეკუთვნით ეს მიზნობრივი სოციალური დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯის შედეგად სოციალური მხარდაჭერა,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ მზაობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციაში დავეხმაროთ კონკრეტული გზებით, მათ შორის ვერტმფრენით – თეა ახვლედიანი

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის გავრცელების მხრივ საგანგაშო მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა დახმარება გაუწიოს აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სტიქიასთან ბრძოლაში:

პირველ რიგში, საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა გამოვთქვა წუხილი აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ბოლო დღეებში გაჩენილი ხანძრების გამო, რომელმაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით სერიოზული ზიანი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმს დაუყოვნებლივ ეცნობა ხელისუფლების სრული მზადყოფნის თაობაზე ჩავრთულიყავით და დავხმარებოდით ხანძრის კერების ლიკვიდაციაში.

5 იანვრის დილიდანვე რამდენჯერმე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, გაგრაში, ანალოგიურად, არაერთხელ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, დავხმარებოდით ხანძრის ლიკვიდაციაში ვერტმფრენით ჩაქრობით, საჭიროების შემთხვევაში ხელშეწყობის მიზნით.

ამ ეტაპზე ვიმყოფებით დეფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენს ხელთ არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით. ვიმყოფებით რეგულარულ და ინტენსიურ და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავცე მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

“სენატორებმა იმას გაუსვეს ხაზი, რომ სააკაშვილიც ტრამპივით ჯიუტობდა და როგორც ის შეეგუა დამარცხებას, ესეც ისე უნდა შეეგუოსო” – ბონდო მძინარაშვილი

სენატორ ჯინ შაჰინის მიერ, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას, გახსენებულ კონკრეტულ ფაქტს, 2012 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმიანება და მიაჩნია, სენატორმა მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ სააკაშვილი ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა:

ამერიკის კონგრესში 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება ახსენესო, – გახარებული ჭყლოპინებენ ნაცსექტანტები.
მერე, თქვე დუპლეტებო, როგორ ახსენეს, იმას თუ მიაქციეთ ყურადღება, – სააკაშვილს ვუთხარით, წააგე და დათმეო!
ანუ, დამარცხების მიუხედავად, არ ეთმობოდა და დავათმობინეთო!
ამათ ჰგონიათ ეს კარგი კონტექსტია!

ამით სენატორებმა იმას გაუსვეს ხაზი, რომ სააკაშვილიც ტრამპივიც ჯიუტობდა და როგორც ის შეეგუა დამარცხებას, ესეც ისე უნდა შეეგუოსო!
ერთი ეგ არის, როგორც სააკაშვილი არ უჯერებდა აქაურ დეპუტატებს, ისე ტრამპი არ უჯერებს იქაურ კონგრესმენებს!

ჰოდა, როგორც სააკაშვილმა დაუჯერა ამერიკელ კონგრესმენებს, ტრამპიც ისე დაუჯერებს ქართველ დეპუტატებს, მაგრამ რომელია მთქმელი?!” – წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

მეხანძრე-მაშველები ქვეყნის რამდენიმე ლოკაციაზე განაგრძობენ ცეცხლის ქრობის სამუშაოებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ტყისა და მინდვრის ხანძრის 7 კერაზე 500 მეხანძრეი მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა მონიტორინგს. არც ერთ მათგანზე გართულება არ ყოფილა. გათენებისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა განაახლეს მუშაობა ყველა მიმართულებით.

ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ყველგან ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხნის განმავლობაში, ტყისა და მინდვრის ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული 7 კერიდან სამი კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძარი დარჩენილია სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში და შიდა ქართლში.

შვიდი კერიდან 4 სამეგრელოშია, მათ შორის, ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სამზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

2 კერაა წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ერთი სოფელ ფახულანში და ერთიც მარტვილში, სოფელ დობარაზენში.

2 კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, მათ შორის, ერთი ლოკალიზებული. ონში რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში.

ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ამბროლაურში, სოფელი აბარში, გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ლოკალიზებულია, ასევე, შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების მიერ გუშინ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ადგილას დაფიქსირებულ ხანძრის კერების ჩასაქრობად აქტიური და ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა:

ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის 9 კერიდან 4 ლიკვიდრებულია, 3 ლოკალიზებული, 2-ზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. დღის განმავლობაში დაემატა სამი კერა, მათ შორის ორი სამეგრელოში და ერთი იმერეთში.

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია.

სოფელ საკაოში, ჩქუმში, ლაილაშში და ზარაგულაში ტყის ხანძრები ლიკვიდირებულია.
მეხანძრე-მაშველები სალოკალიზაციო სამუშაოებს აგრძელებენ სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ტყის ქვედა საფარი და ეკალბარდი იწვის – ჯვარში, სოფელ მუჟავაში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და ჩხოროწყუში, სოფელ ნაფიჩხავოში. ხოლო სოფელ ლემატუეში, სადაც კერა დღის განმავლობაში დაემატა, ლოკალოზებულია.

იმერეთში დღის განმავლობაში დაემატა კერა ბაღდადში. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ხანძარი ლოკალიზებულია.

ვერტმფრენის ჩართვა საჭირო აღარ გახდა შიდა ქართლში. კასპში, რკონის ხეობაში, ხანძარი ლოკალიზებულია. კერები დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებით არის. ადგილზე იყო ჩასული და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი,” – აღნიშბულია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: 4-7 იანვრის განმავლობაში სახანძრო მაშველების მიერ ათეულობით ხანძრის კერაა ლიკვიდირებული ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ხანძარი ძირითადად მინდვრებში გავრცელდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან, რადგანაც დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. ხოლო მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე (2021)

საქართველოს საპატრიარქო საშობაო ეპისტოლეს აქვეყნებს, სადაც ყურადღება გამახვილებულია ბიბლიურ სიბრძნეებსა და სწავლებებზე. ეპისტოლეში ხაზგასმულია, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი უნდა ზრუნავდეს საკუთარი შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ყურადღება გამახვილებულია აგრეთვე იმაზე, რომ ზომიერება გვმართებდეს – ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა:

 

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

 

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო:

„ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი” (ფს. 81.6)

უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის. უფალი თავად არის სათავე, სისავსე და სისრულე სიმართლისა, სიწმინდისა, სიბრძნისა, ჭეშმარიტებისა, მოწყალებისა, სიხარულისა, თავმდაბლობისა, მშვიდობისა, წესრიგისა, კეთილდღეობისა, თავისუფლებისა. ამასთან, ეს თვისებები აუცილებლად სიყვარულთან და სიკეთესთან არის დაკავშირებული და ყოველივეს აღემატება.

ბუნებრივია, ადამიანიც ვერ მიემსგავსება უფალს, ღვთის რწმენის, მასთან ერთობის დიდი სურვილისა და ამ თვისებების გარეშე.

საზომისაებრ თვისისა საღვთო მადლთა მქონე იყვნენ ადამი და ევა დაცემამდე. ამიტომაც ჰქონდათ შემოქმედთან ერთობა და განღმრთობაში წარმატების დიდი შესაძლებლობა, თუმცა, ასევე ჰქონდათ სრული თავისუფლება პიროვნული არჩევანისა.

ადამმა და ევამ, გველის სახით ბოროტისაგან ცდუნებულებმა, უფლისგან მიცემული მცნება და მასთან ერთობა სწორედ თავისუფალი ნების არამართებული გამოყენებით დაარღვიეს და ბოროტი ძალისგან მოტყუებულნი, მისი გავლენის ქვეშ მოექცნენ. ამის გამო, ედემიდან განიდევნენ და სამოთხის გარეთ ცხოვრება დაიწყეს.

მიუხედავად ასეთი ურჩობისა და ღვთის ნებისგან განდგომისა, შემოქმედმა ისინი მაინც არ მიატოვა და დიდი სულგრძელებით იწყო ზრუნვა ცოდვით დაცემამდელ მდგომარეობაში კაცთა მოდგმის დაბრუნებისათვის. თაობიდან თაობამდე ღმერთი ისრაელიანებს ესაუბრებოდა მამათმთავრების, წინასწარმეტყველების და სხვა წმიდა ადამიანების მიერ, რომელთა პირითაც აუწყებდა და ახსენებდა აღთქმას მხნელის მოვლინების შესახებ, რომელიც ძე ღმერთის განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით აღსრულდა.

დიდება და მადლობა შენდა, უფალო, შენდამი მოლტოლვილთა ყოველთა მფარველო და შემწეო!

როგორ შეხვდა მას ეს ქვეყანა?

მართალი იოსები და მიდგომილი წმინდა მარიამი, რომლებიც წარმოშობით დავით მეფის შთამომავალნი იყვნენ, იუდეის კანონების მიხედვით, საყოველთაო აღწერისთვის ბეთლემში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ისინი არავინ მიიღო თავის სახლში, ყველა კარი მათთვის დაკეტილი აღმოჩნდა და იძულებულნი გახდნენ, გარეუბანში მდებარე გამოქვაბულისთვის შეეფარებინათ თავი.

ამის შეტყობისას შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად (მთ.2.3). მან იმით შეშინებულმა, რომ იშვა მეუფე ჰურიათა, ანუ, მისი წარმოდგენით, ტახტის მოცილე, ბეთლემში და მის შემოგარენში თოთხმეტი ათასი ჩვილი მოაკვლევინა, რათა მათ შორის ისიც მოეკლათ, ვისი არსებობაც ასე აშფოთებდა.

განკაცებული ღვთისადმი მტრული განწყობა, როგორც ამას წმინდა სახარება გვაუწყებს, შემდგომში მკვეთრად გამოავლინეს ფარისევლებმა და სადუკეველებმა, ასევე სინედრიონის სხვა წევრებმა და მათგან გადაბირებულმა ხალხის ნაწილმა.

რა იყო ამის მიზეზი?

პირველ რიგში ის, რომ მაცხოვარი საერთოდ არ ჰგავდა ისეთ მეფეს, ისეთ მესიას, რომელსაც რჩეული ერი მოელოდა. ისინი რომის იმპერიის მონობისგან გათავისუფლებაზე ოცნებობდნენ, მოელოდნენ ისეთ პიროვნებას, რომელიც თავისი ძალითა და ძლიერებით მეფე დავით წინასწარმეტყველის და სოლომონ ბრძენის ხანაზე უკეთეს ყოფას მოუტანდა მათ, ყველას დასჯაბნიდა სასწაულებით და განადიდებდა ქვეყანას.

უფალი კი დაიბადა ბაგაში, ცხოველთა გვერდით, ცხოვრობდა ღარიბ ოჯახში, ნაზარეთში, რომელიც ქვეყნის ისეთ ნაწილს წარმოადგენდა, საიდანაც ერთი წინასწარმეტყველიც არ იყო გამოსული.

მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მიწიერი ძალმოსილება, არამედ მოძიება ისეთი პიროვნებებისა, რომელთა სიწრფელეც და სიკეთეც დასძლევდა ამ სოფლის მბრძანებელთა სიბოროტესა და მზაკვრობას და მათდამი შიშს; რომელთა გონებაც აღივსებოდა ღვთის გასაოცარ ახალ საიდუმლოთა წვდომის უნარით, ხოლო სული კი უშურველად მიჰფენდა სიყვარულს მოყვარესაც და მტერსაც. ეძებდა ადამიანებს, რომლებიც იგრძნობდნენ მისი სწავლების სიდიადეს და ჭეშმარიტებას ჰპოვებდნენ მასში.

და რატომ დაიბადა იგი ამ დროს?

მრავალ მიზეზთაგან ერთ-ერთი ისიც არის, რომ რჩეულ ერში მაშინ ცხოვრობდა მარიამი, წმინდა ქალწული, უფლის დამტევნელი, გამართლება მამამთავართა, მსაჯულთა, წინასწარმეტყველთა და ყოველთა მართალთა ღვაწლისა, ძველი აღთქმისა დიდება და მშვენება ახალი აღთქმისა, ევას და ყოველთა ჭეშმარიტ მონანულთა ცრემლის აღმხოცი და განცხადება იაკობის სიზმარში დედამიწიდან ზეცამდე აღმყვანებელი კიბისა. უფალი იშვა მაშინ, როდესაც ებრაელთა შორის იყვნენ სულიერად გამორჩეული ადამიანები: იოანე ნათლისმცემელი, თორმეტი მოციქული, სამოცდაათი მოწაფე, ლაზარე, მართა და მარიამი, ნიკოდომოსი, იოსებ არიმათიელი და სხვანი, სამი ათასი და შემდეგ ხუთი ათასი ებრაელი, ერთ დღეს რომ მოინათლნენ…

ღვთის შეწევნით, ამქვეყნად მათ სხვა სივრცე შექმნეს, სხვა წესით ცხოვრება შემოგვთავაზეს და სულ სხვა სამეფოს ჩაუყარეს საფუძველი, რომლისკენაც მთელ დედამიწას მოუხმეს.

დიდება და მადლობა შენდა უფალო ძალთაო, ყოვლისა მპყრობელო, დიდება და მადლობა თქვენდა, ყოველნო წმინდანო ღვთისანო!

შობა უფლისა გასაოცარი სიხარულის მომტანია, რომელსაც სიყვარულით, მადლიერებით და პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ.

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მხოლოდ სიტყვით ღვთის სიყვარული არაფრის მომცემია, თუ იგი საქმით, მოყვასთან მიმართებაში, არ ჰპოვებს მუდმივად გამოვლენას. მოყვასის სიყვარულიც აზრს კარგავს და ამპარტავნების მიზეზად იქცევა მათთვის, ვისაც თავისი ქველმოქმედებით საკუთარი პიროვნების წარმოჩენა სურს და სიკეთეს ღვთისა და მოყვასის უანგარო სიყვარულით არ აღასრულებს.

შეიძლება კარგი ექიმი იყო, ან ინჟინერი, მიწის მუშაკი, მომსახურე პერსონალი, ან მეცნიერების ნებისმიერ დარგში გქონდეს დიდი წარმატება, იყო ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს ცნობილი წარმომადგენელი, სპორტსმენი, ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, სტუდენტი, თუნდაც სასულიერო პირი, მაგრამ თუ შენს საქმიანობასთან ერთად არ გაქვს თვალი უფლისკენ მხედველი და არ ზრუნავ შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, იქნები ცარიელი ჭურჭელი, ღვთის სისავსის მიღმა მყოფი.

როგორც ეკლესიის მამები გვაფრთხილებენ: არ უნდა დაგვაბრმავოს არაფერმა, მითუმეტეს ჩვენმა ამქვეყნიურმა წარმატებამ, – ჩვენი გონების, ნების, შემოქმედების უნარმა. ყური უნდა მივაპყროთ ჩვენს იდუმალ „გულის კაცს“ (სინდისს) (1პეტრე 3,4), გავეცნოთ წმინდა წერილს, მამათა სწავლებას და საკუთარ სულში მოვიძიოთ ის, რაც ღვთისაა, რომელიც არის ჩვენი რეალური „მე“.

თუ ამას შევძლებთ, ყველა ის სიკეთეც, რასაც ცხოვრებაში მივაღწიეთ, გახდება ჩვენი სულიერი წარმატების თანაზიარი და ჩვენი განმღრთობის ხელშემწყობი.

ამის გარეშე კი ჩვენში ის წარმართული სამყარო იბატონებს, ისრაელის შთანთქმას რომ ცდილობდა, გარეგნული დიდება ჰქონდა, მაგრამ სულიერად გამოფიტული იყო.

„ღმერთი სულია და მისდამი თაყვანისმცემელთ სულთა და ჭეშმარიტებით მართებთ თაყვანისცემა“ (იოანე 4, 24) – ბრძანებს სახარება.

ეს არის უმთავრესი, – საკუთარ თავში განწმენდა საღვთო ხატებისა და მიმსგავსება ღვთისა.

დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ბაბილონსა და ნინევიას ემსგავსება ცხოვრება. წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის, ხოლო ამის მოქმედთა მიმდევრობა მისაბაძ საქმედ ითვლება.

ვიდრე ჩვენ ვიცხოვრებთ შურით, სიძულვილით, შიშითა და განკითხვის სულით და ვეძიებთ მხოლოდ მას, რაც ჩვენს მიწიერ „მეს“ ესიამოვნება, უძლურნი ვიქნებით გავხდეთ ზეცის მოქალაქე, თუმცა ღმერთისათვის ყველაფერი შესაძლებელია და იონას მიერ მოხდენილი სასწაული ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაშიც შეიძლება აღსრულდეს.

ვაღებთ რა ახალი წლის კარს, ჩვენს წინაშეა დრო უცნობი და ჯერაც ხელშეუხებელი. როგორი ადვილია ახალი ცხოვრების დაწყება! მთავარია, გვქონდეს სინანული და ვისწავლოთ მადლიერება უფლისადმი, მადლიერება სიცოცხლის მონიჭებისათვის, მადლიერება სიხარულისა და განსაცდელისათვის, ბედნიერებისა და ტკივილისათვის, ჯანმრთელობისა და უძლურებისათვს, რადგან თუ სულიერად განვჭვრეტთ, ყველაფერი ეს მხოლოდ ჩვენი სიკეთისთვის მოგვეცა.

ასე რომ, ღმერთი სხვადასხვა გზით ჩვენც გვწვრთვნის და საუფლო დიდებისთვის გვამზადებს, ამიტომაც ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ მას.

ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა. ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ. ეს აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვეც, რადგან არავინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე.

წმინდა წერილი შეგვაგონებს: „შვილო, შენს სნეულებაზე თვალს ნუ დახუჭავ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან” (სიბრ. ზირ. 38,9-10).

ასე რომ, ზომიერება გვმართებს, ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა.

ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ქისტნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო – ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, მიაპყარით თვალი ბეთლემის ვარსკვლავს, დაე, მისმა ბრწყინვალებამ ჩვენი სულიც აღავსოს საღვთო მადლით და ვიქცეთ ანკარა წყაროდ იმ სივრცეში, რომლის გავლაც გვიწევს მიწიერი ჩვენი ცხოვრების პერიოდში.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მოციქულებს, ყოველთა წმიდანთა ქრისტეს ეკლესიისა ვავედრებ ჩვენს ქვეყანას, ვავედრებ მსოფლიოს, რომ შევძლოთ დღევანდელ გამოწვევათა დაძლევა და, რაც მთავარია, საუფლო გზის ერთგულება.

„ხმითა სიხარულისაითა დავით წინასწარმეტყველი ღაღადებს დღეს… ბეთლემი დღესასწაულობს, სიონი განსცხრების და ქვეყანაი იშვების შობასა შენსა ქრისტე“.

განვიხაროთ ჩვენც და შევძლოთ, ჩვენი ცხოვრებით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
7 იანვარი, 2021 წელი