კვირა, მაისი 19, 2024
Home Blog Page 1486

თამთა შამათავა: “სვანეთში ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე დიდია”

მესტიის რაიონში დაწყებულ სამუშოებზე საუბრობს “ახალი საქართველოს” გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, “დმანისის გადარჩენის ფონდის” თავმჯდომარე. თამთა შამათავას თქმით, სოფელ იელში, ჩინური კომპანია “ოპტიკალ სისტემს ინკის“ მიერ, ოქროს მოპოვებითი სამუშოები რეგიონს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აყენებს.

ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან მივიღე ინფორმაცია, რომ აღნიშნულმა კომპანიამ, უკვე მოჭრა დიდი რაოდენობით ხეები და სოფელი მეწყერსაშიშ ზონად გადაიქცა. საწარმოს ტერიტორიიდან, უახლოესი საცხოვრებელი პუნქტი, დაახლოებით 150- 200 მეტრის მანძილზე მდებარეობს.

ფაქტია, წიაღისეულის მოპოვებას თავისი ნეგატიური გავლენაც აქვს გარემოზე. დიდ ტერიტორიებზე ირეცხება ტყეები და ნადგურდება მცენარეული საფარი. პროცესი წარმოადგენს საფრთხეს მთლიანი ეკოსისტემისთვის და არღვევს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებას, ცხოვრობდნენ ჯანსაღ გარემოში. ამის პრაქტიკა საქართველოში უკვე არსებობს. ჩვენ ვნახეთ, კომპანია “არემჯი გოლდის” მიერ, ქვემო ქართლის რეგიონისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც კვლევებთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც დაადასტურა. არაერთხელ იქნა დაჯარიმული აღნიშნული კომპანიაც“- თამთა შამათავა.

გარემოს დაცვის და ეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი სამუშოების შესრულების ფორმაზეც საუბრობს და განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა მოჰყავს მაგალითად. თამთა შამათავა მიმართავს მინისტრს, ლევან დავითაშვილს და აღნიშნულ საკითხზე რეაგირებას ითხოვს:

დღეს, ამ მეთოდით, წიაღისეულს მოიპოვებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და მონღოლეთი. ეს არის ფორმა, რომელიც აკრძალულია ყველა განვითარებულ ქვეყანაში. გვაქვს მთელი რიგი კითხვები და პასუხებისთვის მივმართავ მინისტრს – სამუშაოების დროს, გამოყენებული იქნება თუ არა ბუნებრივი რესურსები? რა ბედი ელის ეკოსისტემას? გაიცა თუ არა მისი მხრიდან სკოპინგის დასკვნა და შესაბამისად მომზადდა თუ არა გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში? ორჰუსის კონვენციის თანახმად, იყვნენ თუ არა ადგილობრივები პროცესში ჩართულნი. აქტიური კომუნიკაცია მაქვს სოფ. იელის მაცხოვრებლებთან, ისინი კომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ. ჩვენი მხრიდან კი, ყველა შესაძლო გზით, ვეცდებით საკითხის დეტალურ შესწავლას“.

საქართველოში უსამართლობა მძვინვარებს – ბაჩუკი ქარდავა

ზვიად კუპრავას დაკავებას ფეისბუკის პირად გვერდზე ეხმიანება “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა და აცხადებს რომ ქვეყანაში უკანონობაა გამეფებული.

ხშირად ვიმეორებთ, რომ საქართველოში ივანიშვილის შერჩევითი სამართალია, არა ბატონებო, საქართველოში უსამართლობა მძვინვარებს, რომელიც აუცილებლად ქვეყანას, სახელმწიფოს დაგვაკარგინებს!

დიდი ნაბიჯებით ვუახლოვდებით იმ ზღვარს როდესაც სიტყვა რევოლუცია ლეგიტიმური ხდება და მას აწყობს არა ოპოზიცია, არამედ ხელისუფლება, ხოლო ბოლო წერტილს სვამს ხალხი!

გახარიამ როგორც არ უნდა მოჭუტოს თვალი, ოპოზიციის ოფისში შეჭრა, პოლიტიკური მოტივით დაკავებების მომრავლება შიშის ნიშანია!

შეშინებული კი უშვებს შეცდომებს, დასასრულიც შესაბამისი და ლოგიკური იქნება!“, – აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

ქართული IDF ჩიკაგოში მესამე საერთაშორისო ბლოკჩეინ კონგრესს უმასპინძლებს

2 აპრილს, ჩიკაგოში, საერთაშორისო ბლოკჩეინ კონგრესი გაიმართება. ღონისძიება წელს მესამედ ტარდება და მისი ორგანიზატორი “ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” (IDF) ამერიკის ბიუროა.

საერთაშორისო კონგრესში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 50 ზე მეტი სპიკერი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, ფონდის დამფუძნებელი, გიორგი ვაშაძე.

უკვე მესამე წელია, საერთაშორისო ბლოკჩეინ კონგრესი ტრადიციად ვაქციეთ და სფეროს სპეციალისტებს ჩიკაგოში ვმასპინძლობთ. ინტერესი და ჩართულობა საკმაოდ დიდია. საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა კრიპტოვალუტა, გადახდის სამომავლო მეთოდები, ბიტკოინი, ბლოკჩეინ ეკონომიკა, მისი როლი მედიცინაში და სხვადასხვა სფეროს განვითარებაში. კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე გვექნება მსჯელობა.

მოხარული ვიქნები, თუ მსგავსი სახის დისკუსიები საქართველოშიც გაიმართება” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, ბლოკჩეინ კონგრესი, ამერიკის შეერთებულ შტატებში 9 თებერვალს გაიმართა და მასში, ქართველ ექსპერტებთან ერთად, საერთაშორისო სპეციალისტებიც იყვნენ წარმოდგენილნი.

ზვიად კუპრავას დაკავება და შსს-ს სპეციალური განცხადება

ა.წ. 21 თებერვალს, სასამართლოს გადაწყვეტიებით, “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას, მასზე განსაზღვრული აღკვეთის ღონისძიება – გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით. ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო მისი დაკავება, თუ იგი ნებაყოფლობით არ გამოცხადდებოდა სამართალდამცავ ორგანოებში.

ჩემს მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. ეს არის დევნა ჩემი საქმიანობის გამო და ჩემი პოლიტიკური აზრის გამო” – განაცხადა ზვიად კუპრავამ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ და შესაბამისად უარი განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებაზე.

2019 წლის 24 თებერვალს, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, პოლიციის მიერ განხორციელდა ზვიად კუპრავას დაკავება.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). აღნიშნული დანაშაულისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.

სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.

გირაოს პირობების დარღვევის – ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების – გამო, სასამართლოს გადაწყვეტიებით მიმდინარე წლია 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომა ჩატარდა ზვიად კუპრავას გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა თავი აარიდა მართლმსაჯულებასაც.

2019 წლის 24 თებერვალს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელდა ზვიად კუპრავას დაკავება. დაკავების პროცესი აღბეჭდილია პოლიციის სამხრე კამერებზე“.

ეკა ბესელია: “მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად დავაფუძნე”

0

მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირების ფონზე, პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ ფრაქცია „ქართული ოცნება“, საპარლამენტო უმრავლესობა და თვით პარტიაც დატოვა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

ძალიან რთული და ემოციურია ჩემთვის და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო ის, რაც დღეს უნდა განვაცხადო. ცხადია, ჩემთვის რთულია თქმა, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად დავაფუძნე. რთულია ვთქვა, რომ მივდივარ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ, სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაჰყვება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე, ყოველი ოჯახისთვის, ყოველი მოქალაქისთვის, თითოეული პიროვნებისთვის ყველაზე ღირებული რამ – სამართალი, სამართლიანი სასამრთლო და სამართლიანობა. ჩვენ ყველას ერთად, უმრავლესობას თუ უმრავლესობის შიგნით უმცირესობას, სრულიად საქართველოსთან ერთად 2012 წლის 1 ოქტომბერი გვყავს ბოლომდე მისაყვანი. ჩვენ ბოლომდე უნდა განვახორციელოთ ის იდეალები, რომლითაც 2012 წლის 1 ოქტომბერი მოვიდა. სადაც არ უნდა ვიყოთ, ნებისმიერი ადგილიდან, აი, ეს არის გასაკეთებელი” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ “ხატოვნად” შეახსენა ირაკლი კობახიძეს, თუ ვინ, სად და რას აკეთებდა 2012 წლამდე

მოსამართლეთა უვადო დანიშვნის ირგვლივ შექმნილმა სიტუაციამ დიდი დაპირისპირება გამოიწვია მმართველ გუნდში და “ქართული ოცნების” წევრები აღარც კი ერიდებიან მწვავე შეფასებებს ერთმანეთის მიმართ.

ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ “21 თებერვალს, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს სიმბოლურია, რომ საქართველოს პარლამენტში სერიოზულად ვმსჯელობთ ისეთი კანონის მიღებაზე, რომელიც ტექსტობრივად უხესად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას” და შემდგომ განმარტებებს, კანონპროექტის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე უმწვავესი გამოხმაურება მოჰყვა ეკა ბესელიას მხრიდან.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ “ხატოვნად” შეახსენა პარლამენტის თავმჯდომარეს, თუ ვინ, სად და რას აკეთებდა 2012 წლამდე:

ჩვენ რომ ნაციონალურ მოძრაობას ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში, ამ სიტყვების ავტორი გოგლიმოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, გავუძლებდით და გადავრჩებოდით თუ არა. და გოგლიმოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები თავს უფლებას აძლევენ და ასეთი ტონით ლაპარაკობენ, ამის პასუხს მიიღებენ ჩემ ბოლო დასკვნაში“.

 

გიორგი ვაშაძე: “უმძიმესი დასკვნა Freedom House-ისგან – საქართველო უფსკრულისკენ მიექანება”

პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “Freedom House”-ის ანგარიშს ეხმაურება. გიორგი ვაშაძის თქმით, ქვეყანაში დარღვეულია მართვის კონსტიტუციური მოდელი და საქართველო მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგას ყველა სასიცოცხლო მიმართულებით.

“ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის “Freedom House”-ის ანგარიში ადასტურებს იმას, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ რიგითი მოქალაქეები, ოპოზიციური პარტიები თუ  არასამთავრობო ორგანიზაციები. ქვეყანაში დარღვეულია მართვის კონსტიტუციური მოდელი – უფლებამოსილი თანამდებობის პირები გადაწყვეტილებებს ვერ და არ იღებენ, აღმასრულებელი ხელისუფლება არის სუსტი, არ ღებულობენ ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს, ხოლო საპარლამენტო კონტროლი – არაეფექტიანია.

სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს იმ ფონზე, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაუმჭვირვალე პროცედურებით, ტრადიციულად, რეპუტაციაშელახული მოსამართლეების პრივილეგირებას ახორციელებს, რაც კიდევ ერთხელ, ნათლად დაადასტურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესმა. საგანგაშოა, რომ კორუფცია, გაუმჭვირვალობა და პროფესიონალიზმის ნაკლი, რაზეც ყურადღება არის გამახვილებული დოკუმენტში, ქვეყნის განვითარების მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა.

სასამართლო ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი და იგი აღმასრულებელი ხელისუფლების გაგრძელებაა.

“ფრიდომ ჰაუსის” ანგარიში თანხვედრაშია ჩვენს არაერთ განცხადებასთან იმის შესახებ, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება საგრძნობლად შესუსტდა საპრეზიდენტო არჩევნების პროცესით, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა ამომრჩველთა ხმების მოსყიდვას მმართველი პარტიის მიერ, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო უბნებთან “ქართული ოცნების” აქტივისტების სიებით მორიგეობას, რაც ქმნიდა დაშინების გარემოს.

საგანგაშოა სიტყვის თავისუფლებისა და პლურალიზმის ნაკლი, რომელიც “რუსთავი 2”-ის საქმის მაგალითზე ანგარიშშია განხილული, რაც ასევე ადასტურებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ხელშემშლელი პრობლემური მედია გარემოს არსებობას.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, “Freedom House”-ის ანგარიში არის უმძიმესი და ადასტურებს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პრობლემების და გამოწვევების  წინაშე დგას პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო მიმართულებით. საქართველო უფსკრულისკენ მიექანება” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მალხაზ მაჩალიკაშვილის პრესკონფერენცია 150 დეპუტატისადმი გაგზავნილ წერილებთან დაკავშირებით

“პირველი რადიოს” პრესკლუბში შვილმოკლულმა მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, მის მიერ საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატისადმი გაგზავნილი წერილების თაობაზე. აღნიშნული წერილები ეხებოდა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას.

პრესკონფერენციის დროს მალხაზ მაჩალიკაშვილმა განმარტა, რომ წელიწადზე მეტი ხანი გავიდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და შემდეგ გარდაიცვალა მისი შვილი, თემირლან მაჩალიკაშვილი და დღემდე პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა ამ საქმესთან მიმართებაში, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება მიემართა საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით.

როგორც ცნობილია, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს, პერსონალურად მიმართა წერილობით, რომ მათ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია მისი შვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

შვილმოკლულმა მამამ ჟურნალისტებს გააცნო საქმის ვითარება წერილებზე პასუხების გაცემასთან დაკავშირებით:
გავიდა 10 სამუშაო დღე და ამ ხნის განმავლობაში მე მივიღე პასუხი, “ევროპული საქართველოს”, “ნაციონალური მოძრაობის”, “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციების დეპუტატებისგან და დამოუკიდებელი დეპუტატის მამუკა ჩიქოვანისგან, რომ მათი მხრიდან არის მზადყოფნა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია“.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან პასუხები არ შემოსულა და ამის მიზეზად ასახელებს იმას, რომ დეპუტატები გადაწყვეტილებას თვითონ ვერ იღებენ და ელოდებიან განკარგულებას ზემოდან.

პრესკონფერენციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა, ყურადღება გაამახვილა შემდეგ ფაქტზე, რომ სესიაზე განსახილველ 67 საკითხს შორის თემირლამ მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი არის სულ ბოლო – 67-ე, გამომდინარე აქედან მიაჩნია, რომ მმართველ ძალას უკვე თავიდანვე აქვს დამოკიდებულება განსაზღვრული ამ საკითხისადმი.

ანალიტიკური შეფასება: “მთლიანი ფინანსური რესურსების ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ხელში მოქცევა რისკის შემცველია”

„თიბისი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა გადაწყვეტილება ბანკიდან წასვლის შესახებ, სადაც მან დაარსების დღიდან დღემდე, როგორც დამფუძნებელმა და მფლობელმა 27 წელი იმუშავა. „თიბისი“ ბანკის მფლობელებზე გამოძიება პროკურატურამ 11 წლის შემდეგ გასულ წელს ბანკის მიერ განხორცილებული ერთ-ერთი ტრანზაქციის გამო განაახლა. პროკურატურისგან ესტაფეტა ეროვნულმა ბანკმა გადაიბარა და მოითხოვა მამუკა ხაზარაძის სამეთვალყურეო საბჭოსგან ჩამოშორება.

ოპოზიციური პარტიების, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განხადებით ბევრი კითხვა იბადება ამ საქმესთან დაკავშირებით. არის მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ „წყალობს“ მამუკა ხაზარაძეს და პროკურატურას პოლიტიკური იარაღის სახით იყენებს მის წინააღმდეგ, ხაზარაძის, როგორც ოპოზიცური პარტიების პოტენციური დამფინანსებლის, „ნეიტრალიზება“ ხდება 2020 წლის არჩევნებისთვის. არსებობს ვერსიაც, რომ ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაახლოებულ პირებს მხოლოდ წარმატებული  ბიზნესის მითვისების სურვილი აქვთ და პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია. გამოითქვა მოსაზრება, რომ „თიბისი“-სთვის ბრძოლის ძაფები ფარულად რუსეთამდე მიდის. რუსეთი „გაღიზიანებულია“ ანაკლიის პორტის მშენებლობის გამო. ანაკლიის პორტის მშენებლობით საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი გაიზრდებოდა რეგიონში და კონკურენციას გაუწევს თავად რუსეთს. ასევე, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო გემები შეძლებენ შემოსვლას, რაც ასევე საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას. ყირიმის ანექსიაც ხომ ნაწილობრივ ამ ფაქტორმა განაპირობა. შესაბამისად მოქმედი მთავრობა ცდილობს არ გამოიწვიოს რუსეთი და გარკვეულ დათმობებზე მიდის. ასეა თუ ისე მომავალი გვიჩვენებს. მამუკა ხაზარაძემ თავისი გადადგომით არაორაზროვნად მიანიშნა, რომ მართალია იგი თავის დაარსებულ ბანკს ჩამოშორდა, მაგრამ დიდი იმედი აქვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა გაგრძელდება და თავად აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ პროცესში.

„თიბისი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსთან ბრძოლის მიზეზი რაც არ უნდა იყოს, თვითონ ფაქტი სერიოზულ ეჭვს ბადებს საზოგადოებაში, რომ „აკრძალული“ მეთოდებით სახელმწიფო ცდილობს მფლობელები ჩამოაშოროს მათსავე დაფუძნებულ ბიზნესს, რაც ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფოს იმიჯს. ეს კი პირდაპირი სიგნალი იქნება როგორც სამამულო, ისე უცხოელი ინვესტორისათვის, რომ საქართველოში ფულის ჩადება სარისკოა. „თიბისი“ ბანკი ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა საქართველოს ფინანსურ ბაზარზე. ბანკისადმი ნდობის დაკარგვა არამარტო გააუფასურებს ერთი კონკრეტული სააქციო საზოგადოების აქციებს ლონდონის ბირჟაზე, არამედ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ფინანსურ სისტემას მთლიანად ჩამოშლით. მსგავსი მოვლენა სახიფათოა განვითარებული სახელმწიფოს ეკონომიკებისათვისაც კი. აღარაფერს ვამბობ ჩვენნაირი ქვეყნისთვის რა შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს, სადაც ყოველ მეორე ადამიანს ბანკის ვალები აქვს, ხოლო ეკონომიკა სულს ღაფავს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ არის ის, რომ მთლიანი ფინანსური რესურსების ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ხელში მოქცევა რისკის შემცველია. შედეგად მივიღებთ საბანკო მონოპოლიას, რომელიც კონკურენციას შეამცირებს ფინანსურ ბაზარზე, ხოლო სესხის პროცენტს გაზრდის. აღარაფერს ვამბობ იმ პოლიტიკურ გავლენაზე, რომელსაც საბანკო სისტემის ხელში ჩაგდება დღევანდელ მართველ გუნდს მოუტანს. ბანკის სესხებზე დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობის პოლიტიკური სიმპატიების მართვა ამ შემთხვევაში უფრო ადვილი შესაძლებელი იქნება. იმის ალაბათობა, რომ ამ ბერკეტს ბიძინა ივანიშვილი არ გამოიყენებს ნაკლებად სარწმუნოა. მით უმეტეს, რომ ამის პრეცენდენტი უკვე არსებობს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ 600 ათას ჩვენს მოქალაქეს შესთავაზა ვალების ჩამოწერა, რაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კმაყოფილებით მიიღო. იმ ვალების ჩამოწერა, რომელიც მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო ჩვენი მოსახლეობის უმეტეს ნაწილს საერთო უმუშევრობისა და უპერსპექტივობის ფონზე დაუგროვდა. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ჭარბვალიანობის პრობლემას ბანკების ფუნქციონირებას უკავშირებს, რაც შეცდომაა. ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტიტები ეკონომიკის ნაწილია და არა პირიქით. არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ბანკები აქცია სავახშო „კანტორებად“, რომლებიც ნაკლებად მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ხოლო მოსახლეობა გადაუხდელი ვალების ტყვეობაში აღმოჩნდა.

მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ლოგიკური ანალიზი იძლევა მაღალი ვარაუდის საფუძველს, რომ მართველი გუნდი შეეცდება მოსახლეობა მოაქციოს ეკონომიკურ მარწუხებში, მოჯადოებულ წრეში, რომლისაგანაც გამოსავალი არ იქნება. სისტემა მარტივია – არავითარი ეკონომიკური წინსვლა და განვითარება. ვალის აღება – საარჩევნო ხმის სანაცვლოდ ვალის ჩამოწერა. აქედან კი დიქტატურამდე ერთი ნაბიჯია. თუ პროცესები მსგავსი სცენარით განვითარდება დავკარგავთ ყველაფერს, რასაც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში სისხლისა და გაჭირვების მოთმენის ფასად მოიპოვა. დავკარგავთ თავისუფლებას!!!

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

მამუკა ხაზარაძე: “მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან”

“თიბისი” ბანკთან დაკავშირებული საკითხები საზოგადოების დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. ბანკთან მიმართებაში საგამოძიებო პროცესის დაწყებას მოჰყვა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც სასამართლოში იქნა გასაჩივრებული “თიბისის” მხრიდან, განმარტებები გაკეთდა უშუალოდ მამუკა ხაზარაძის მხრიდან, “ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებასო” – ასე მიმართა მან საზოგადოებას, რამდენიმე დღის წინ. დღეს კი, ფეისბუკის საკუთარი გვერდიდან მიმართა საზოგადოებას, ბანკის თანამშრომლებს და ამცნო თავისი გადაწყვეტილების შესახებ:

“მეგობრებო,
თიბისელებო,
ჩემი და თიბისი გუნდის გულშემატკივრებო!

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ 27 წლის განმავლობაში გაწეული მეგობრობისთვის, თანადგომისთვის და ერთად გაკეთებული საქმეებისთვის.
ცხოვრებაში დგება ეტაპები, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებ, მეც ბევრჯერ მქონია ასეთი, ახლაც ამ შემთხვევასთან მაქვს საქმე.

აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული.

სამწუხაროდ, არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა. სამაგიეროდ მოვისმინე მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში.

მე მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა, იმასაც მივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული.
ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე.
ბანკი კი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან, მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა.

დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე.
შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.

იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს – ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა.

სამშაბათს, როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას.
ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში.

პატივისცემით,
მამუკა ხაზარაძე”