პარასკევი, მაისი 17, 2024
Home Blog Page 1478

დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე სამართალდამცავმა ორგანოებმა ერთი პირი დააკავეს. უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაული ოპერატიულად, ცხელ კვალზე გაიხსნა.

როგორც შს სამინისტროს პრესცენტრი იუწყება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 14 მარტს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სეიფში გარკვეული ოდენობის ფული და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა.

სამართალდამცველებმა, ნაქურდალი თანხა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ლაშა ბერულავა: “აწი რა მოხდება, იმასაც გეტყვით – ის ტერიტორია ახეულია”

სამოქალაქო აქტივისტი, ანტისაოკუკაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს დეტალურ შეფასებებს ხურვალეთში მომხდარ ფაქტთან მიმართებაში:

“ბოლოჯერ ავხსნი, რა მოხდა დღეს ხურვალეთში და მერე ვისაც ვის უნდა, იმას დაუჯეროს.

ჩვენი წყაროებიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ დილიდან ხურვალეთში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტები გადაადგილდებოდნენ. შეგახსენებთ, ეს დადასტურებულია ქეთევან ციხელაშვილის მიერ და გორის მერმაც დაადასტურა, რომელსაც წამოსცდა სიმართლე.

დიახ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სწორად დაწერა, ბორდერიზაცია არ დაწყებულაო, რადგან იმ ტერიტორიაზე, სადაც ნიშნულები არ არის და სამომავლოდ აპირებენ მონიშვნას, დღეს მხოლოდ ოკუპანტთა ქვეითი პატრული გამოჩნდა და რამდენიმე საათი დაჰყო იქ – სწორედ ის რამდენიმე საათი, რაც ხურვალეთის პოლიციის საგუშაგოსთან ბლოკირებული ვიყავით ჩვენც და ჟურნალისტებიც.

ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ერთი სოფლის მიტაცებას დააპირებენ თუ ერთ გოჯ მიწას გააკონტროლირებინებენ ქვეითებს ოკუპანტები, ამიტომ სულ ვიყვირებთ, ყოველთვის შევუშლით ხელს, ყოველთვის ავტეხავთ განგაშს და ვისაც ოკუპანტების ქვეითი პატრული საგანგაშოდ არ მიგაჩნიათ და მხოლოდ მავთულხლართები გაშფოთებთ, გაიხსენეთ, რომ სანამ მავთულხლართები გაჩნდებოდა, მანამდე იმ ადგილებშიც ქვეითი პატრული გადაადგილდებოდა.

ჰო, აი, გიტოვებთ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებას.
მოგვარდა უკვე, შეხვდნენ რუს ოკუპანტებს (ტექნიკური შეხვედრა ჩაინიშნა და შედგა, არადა, 24-ში ერგნეთის შეხვედრაა), გაიყვანეს და მერე გახსნეს სოფელში შემავალი გზა.

აწი რა მოხდება, იმასაც გეტყვით: ის ტერიტორია ახეულია.
მცირე ადგილია, კი, კაცო, რა პრობლემაა, არა?
აი, ისეთი რეაქცია იყო ზოგისგან, იმ ტიპმა რომ დაწერა, ჰა-ჰა, სულ 500 მეტრით გადმოწიეს ჯამში ვერ და რა განერვიულებთო…
მალე იქ მავთულხლართები გაჩნდება, ცოტა დრო რომ გავა.
მერე შეშფოთდებიან ევროკავშირის დამკვირვებლებიც და სხვებიც.

ახლა კი მიდით, პროპაგანდისტულმა მედიამ ავრცელეთ, ტყუილია, არაფერი ხდებოდათქო.
და უფრო პროპაგანდისტულებმა ლუდა სალიას დასჯა მოათხოვინეთ ხურვალელებს.

გინების პალიტრა მადვას ახლა ენაზე, მაგრამ არ მინდა ასე დამთავრება.

ჩვენი პატრულირება გაგრძელდება და ვისაც ნერა, ისინი გაატარეთ, რა პრობლემაა.
ვინც შემიწუხდით ჩვენი “ზედმეტი” ხმაურით, უკაცრავად კი ვართ, მაგრამ მაგაში ვერაფერს შევცვლით”.

რა განსხვავებაა მედიაციასა და სასამართლო პროცესს შორის?

იუსტიციის სამინისტრო განმარტებას იძლევა მედიაციასა და სასამართლო დავას შორის:

ჩვეულებრივი სასამართლო დავისგან განსხვავებით მედიაცია არ ადგენს მტყუანსა და მართალს, გამარჯვებულ და დამარცხებულ მხარეს, ის ითვალისწინებს ორივე მხარის ინტერესებს და ეხმარება მათ, მივიდნენ შეთანხმებამდე. შესაბამისად, მედიაცია მოითხოვს გაცილებით ნაკლებ დროს და ნაკლებ ფინანსურ დანახარჯს, ვიდრე საქმის სასამართლო განხილვა.

მედიაციის შესახებ კანონი გაათავისუფლებს სასამართლოებს მცირე დავებისაგან და მოსამართლე შეძლებს, სწრაფად და ეფექტურად განიხილოს ის საქმეები, რომლებიც სასამართლო განხილვას საჭიროებს. შედეგად, საქართველოს მოქალაქეებისათვის მართლმსაჯულება გახდება უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომი.

მცირე დავების, კერძოდ კი ბიზნესდავების, სამეზობლო დავებისა და შრომითი დავების შემთხვევაში მხარეების ბუნებრივი არჩევანია სწრაფი შეთანხმება და არა ხანგრძლივი, ძვირადღირებული სამართლებრივი კონფლიქტი. მედიაციის მთავარი აზრიც სწორედ ეს არის, სასამართლოსთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად, მარტივად, უკონფლიქტოდ და ნაკლები დანახარჯებით მოაგვაროს მხარეთა შორისი უთანხმოება.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო დავების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებისთვის მედიაციის ინსტიტუტი იქმნება.

სამოქალაქო დავების ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო პროცესის გარეშე, ურთიერთშეთანხმებით, სწრაფად და ეფექტიანად მოსაგვარებლად მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისთვის მყარი საკანონმდებლო ჩარჩო იქმნება. იუსტიციის სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მედიაციის წახალისებისა და მისთვის პირობების შექმნისათვის კანონპროექტი განსაზღვრავს მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს, მისი დაწყების, წარმართვისა და დასრულების წესებს, მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესს, მედიატორის უფლებამოსილებებსა და მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

ქეთევან ციხელაშვილი: “არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ  ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ეტაპისათვის რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულნი საოკუპაციო ხაზს მიღმა.

მოგეხსენებათ, დღეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, ასევე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთეს განცხადებები იმის თაობაზე, რომ არ დაფიქსირებულა ინციდენტი მათი გადმოსვლისა ან წვდომისა, ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობისა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე ინციდენტი განმუხტულია. თავისუფალი მიმოსვლა სრულიად აღდგენილია. მოსახლეობისათვის არც შეზღუდულა და არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი“.

სახელმწიფო მინისტრი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მაქსიმალური  სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვიყოთ აღჭურვილი, რადგანაც ოკუპაციის პირობებში ვართ და მავთულხლართების მიღმა, საუბედუროდ, რუსი ჯარისკაცები დგანან.

მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალური  სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვიყოთ აღჭურვილი, იმიტომ რომ ვცხოვრობთ მოცემულობაში, როდესაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. მავთულხლართების მიღმა, საუბედუროდ, რუსი ჯარისკაცები დგანან, ძალიან მძლავრი სამხედრო ბაზებია და ამ პირობებში ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა ის არის, რომ ნებისმიერი პროვოკაცია ავირიდოთ თავიდან. ამ პასუხისმგებლობისაგან არც პოლიტიკოსები, არც ხელისუფლება, არც აქტივისტები არ არიან თავისუფალნი. ეს, პირველ რიგში,  ჩვენი საერთო სიკეთისათვის და ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვისაა. ამიტომ, მაქსიმალურად სწორი ინფორმაციითა და სიფრთხილით უნდა ვიყოთ აღჭურვილი. აქტივისტების მხრიდან იყო გარკვეული განცხადებები, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა და დამატებით დაძაბულობას აჩენდა. ხაზს ვუსვამ, რომ  ისედაც, ცხადია, ოკუპაციის პირობებში ცხოვრება რთულია და არ არის საჭირო გარკვეულ პროვოკაციებს წამოვეგოთ” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მოსამართლეს არასარწმუნოდ მიაჩნია ბრალდებულ იაგო ნებიერიძის ავადმყოფობა

გორში მომხდარ დანაშაულში, 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე არ გამოცხადდა 14 მარტის სასამართლო სხდომაზე, რის მიზეზად, მოსამართლისთვის გაგზავნილ განცხადებაში, განსასჯელმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მიუთითა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა პროცესის მოსამართლემ ლევან დარბაიძემ, რომელსაც არასარწმუნოდ მიაჩნია განსასჯელის ავადმყოფობა.

“ის (იაგო ნებიერიძე, რედ.) განცხადებაში აღნიშნავს, რომ თავს გრძნობს შეუძლოდ, აქვს თავბრუსხვევა, არ შეუძლია გადაადგილება და ითხოვს, რომ პროცესი კვლავ გადაიდოს, რადგან აქვს სურვილი, რომ სხდომას დაესწროს. ის მითითებს – მინდა ჩემი სიტყვებიც ვთქვა, თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე გულწრფელად…

გაირკვა, რომ ის აბსოლუტურად ჯანმრთელია და არავითარი ჩივილი არ აღენიშნება. დღეის მდგომარეობით სასამართლოს არავითარი ობიექტური მიზეზი არ აქვს, რომ სხდომა გადადოს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული არასაპატიო მიზეზით უარს აცხადებს პროცესში მონაწილეობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას” – აღნიშნა მოსამართლე ლევან დარბაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა და რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ბავშვის ცხედარი მდინარე ლიახვის პირას იპოვეს სამართალდამცავებმა. როგორც აღინიშნა არასრულწლოვანს აღენიშნებოდა დაზიანებები.

მარტიდან ბავშვის დახმარება შერეული მეთოდით გაიცემა

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იუწყება, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2019 წლის მარტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, ბავშვის 50 ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ.

36 მუნიციპალიტეტში, 50 ლარიანი დახმარებიდან 30 ლარი სპეციალურ ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება (თანხის განაღდების უფლების გარეშე), რომლის გამოყენებასაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად შეძლებენ. დარჩენილი 20 ლარი კი ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება. ეს გადაწყვეტილება გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით იქნა მიღებული.
ამ მიმართულებით მსოფლიო გამოცდილება მრავალფეროვანია. რიგი ქვეყნები დახმარებას სრულად მონეტარული სისტემით გასცემს, ნაწილი კი კვების ვაუჩერს იყენებს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია შეფასდეს საქართველოს შემთხვევაში, რომელი მექანიზმია უფრო მეტად ორიენტირებული ბავშვების საჭიროებებზე. გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაცია დახმარების გაცემის შერეული მეთოდის შესახებ, სწორედ ამ ფაქტორებით არის განპირობებული. პროექტის პილოტირების მიზანს დახმარების გაცემის იმ მეთოდის დადგენა წარმოადგენს, რომელიც ყველაზე დადებითად აისახება ბავშვების კეთილდღეობაზე. წლის განმავლობაში „UNICEF-ის“ კვალიფიციური ექსპერტები დააკვირდებიან პროცესებს და ჩაატარებენ კვლევას, თუ რომელი მეთოდი იქნება საქართველოს შემთხვევაში უფრო ეფექტიანი.

მუნიციპალიტეტების განსაზღვრა კი „შემთხვევითი შერჩევის“ პრინციპით მოხდა, რაც არის ყველაზე აპრობირებული და გავრცელებული მექანიზმი მსოფლიოში.

ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს ლევან თხელიძეს შეხვდა. მინისტრმა პარტნიორ ორგანიზაციებთან საბოლოო კონსულტაციები გაიარა.

ბავშვის კვების ბარათის ასაღებად ბენეფიციარებმა ერთჯერადად უნდა მიმართონ „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრებს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ მაღაზიაში, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. მაღაზიების ჩამონათვალი კი სააგენტოს ვებ-გვერდზეა www.ssa.gov.ge ხელმისაწვდომი. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505. ბენეფიციარებმა დეტალური ინფორმაციის მისაღებად სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ოფისებსაც შეუძლიათ მიმართონ. ასევე ინფორმირებულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.

„ბავშვის კვების ბარათის“ გამოყენება მარტიდან, საარსებო შემწეობის ჩარიცხვის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ბავშვის გახუთმაგებული დახმარების გაცემა 2019 წლის იანვრიდან დაიწყო. თუმცა 2 თვის განმავლობაში ბენეფიციარები 50 ლარს სრულად ფულადი სახით იღებდნენ. ამ დროის განმავლობაში სამინისტრო აქტიურად მუშაობდა პარტნიორ ორგანიზაციებთან და უკვე მარტის თვიდან შესაძლებელი გახდა დახმარების გაცემის შერეული მეთოდის დანერგვა.

ბავშვის 50 ლარიანი დახმარებით 74 000 ოჯახი (146 000 ბავშვი) ისარგებლებს. მათ შორის 44 000 ოჯახს (87 000 ბავშვს) თანხის ნაწილი კვების ბარათზე დაერიცხება.

ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი: ტრაგიკული ფაქტი, განცხადებები, შეფასებები

ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას ოკუპაციის სიმძიმეს და ბოროტებას. ოკუპირებულ გალის რაიონში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის სერიოზული განხილვის საგანია და უმკაცრეს რეაგირებას მოითხოვს.

ფაქტს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია:

12 მარტს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიამ, მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის მეშვეობით შეიტყო ბატონი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სურს სამძიმარი გამოუცხადოს გარდაცვლილის ოჯახს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი სადამკვირვებლო ფუნქციის ფარგლებში და მისი მანდატის შესაბამისად, ყურადღებით აგრძელებს მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას.

მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის უკვე იყო გამოყენებული და გრძელდება მისი აქტიურად გამოყენება ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით კომუნიკაციისთვის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზადაა ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას ცხელი ხაზის ან სხვა სესაბამისი მექანიზმის საშუალებით“.

აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც:

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“.

ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტის თაობაზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონს ესაუბრა:

ჩვენ განვიხილეთ არსებული სიტუაცია. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ მძიმე, ტრაგიკულ ინციდენტზე, რომელიც ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებას უკავშირდება – ჯერჯერობით, მოწოდებული ინფორმაციით, თვითმკვლელობას, თუმცა ახლა ექსპერტიზა ტარდება და ალბათ მეტი ინფორმაცია გვექნება”.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

ექსპერტიზის ცენტრ “ალტერნატივის” დამოუკიდებელი ექსპერტ, ირაკლი თოიძე აცხადებს, გარდაცვლილს არენიშნება დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილას.

შინაგანი ორგანოები იყო შიგნით ჩაბრუნებული და ავიღეთ ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის. თვითმკვლელობაა თუ მკვლელობა, ეს არის გამოძიების დასადგენი. დაზიანებები რაც იყო ყელზე, უმნიშვნელო ნაჭდევებია და სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ განვითარებული ამას დასადგენად ლაბორატორიული კვლევისათვის აღებული იქნა ნაჭდები” – აღნიშნავს ირაკლი თოიძე.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კვარაცხელია, 12 მარტს, რუსი მესაზღვრეების მიერ იქნა დაკავებული.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს

კვარაცხელია რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. ეს მოხდა 12 მარტს, 16 საათზე და 55 წუთზე. კვარაცხელია სოფელ ნაბაკევში გადაიყვანეს. ის დატოვეს ოთახში, რათა მას განმარტებითი ბარათი დაეწერა. თუმცა, რამდენიმე ხანში იგი ამ ოთახში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ეს ყველაფერი ერთი საათის განმავლობაში მოხდა“.

გარდაცვლილის მხრიდან თვითმკვლელობას გამორიცხავენ როგორც მისი ახლობლები, ასევე საზოგადოების უდიდესი ნაწილი.

სერიოზულმა პრობლემებმა სოციალურ ქსელ ფეისბუკში, დისკომფორტი შეუქმნა მომხმარებლებს

ა.წ. 13 მარტს ფაქტიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სერიოზული პრობლემები შეექმნათ Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარვეზები იყო Messenger-ისა და WhatsApp-ის ფუნქციონირებისას, რომლებიც ასევე ფეისბუკის სერვისებია. შეზღუდული იყო პოსტ-სტატუსების გამოქვეყნება, შეტყობინებების გაგზავნა და მიღება.

ფეისბუკთან დაკავშირებით შექმნილ დისკომფორტსა პრობლემებზე, ხსენებული ხარვეზების გამო წარმოშობილ შეზღუდვებზე საუბრობდნენ საქართველოშიც.

პრობლემები ადრეც ყოფილა ფეისბუკის ფუნქციონირებაში, თუმცა, როგორც აღნიშნავენ, მსგავსი პრობლემები წლების განმავლობაში არ ყოფილა.

დღეისათვის ფეისბუკი სტაბილურად ფუნქციონირებს და მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება სრულფასოვნად ისარგებლონ სერვისით.

ამ ეტაპზე უცნობია შექმნილი პრობლემის გამომწვევი მიზეზები.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალური განცხადება “თიბისი ბანკთან” დაკავშირებულ პროცესებთან მიმართებაში

ბევრი რამის გათვალისწინებით, “თიბისი ბანკის” თემა, ნამდვილად არ დაკარგავს აქტუალობას საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე და საზოგადოებისთვის დროდადრო ახალახალი ინფორმაციები გახდება ხელმისაწვდომი.

ხსენებულ პროცესებთან მიმართებაში, განცხადებას ავრცელებს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია:

 

“თიბისი ბანკთან” დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ იანვრის დასაწყისში, მაშინვე როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა  “თიბისი ბანკისა” და მისი დამფუძნებლების გარშემო არსებული ვითარების შესახებ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ გამართა შეხვედრა, სადაც  მოვიწვიეთ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

ამ შეხვედრამდე ჩვენთვის არ იყო ცნობილი “თიბისი ბანკში” თვეების განმავლობაში მიმდინარე შემოწმებებისა თუ სხვათა თაობაზე და ბუნებრივია ასოციაციის წევრებს გაუჩნდათ სურვილი მოესმინათ ჩვენი წევრი ორგანიზაციის ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ. აღნიშნული შეხვედრის დამთავრებისთანავე ჩვენ  დავამყარეთ კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, რომელიც მეორე დღესვე შეგვხვდა. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო დაგვეცვა ჩვენი წევრი კომპანიის, “თიბისი ბანკის” ინტერესები. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მზად იყო შუამავლის როლი ეთამაშა “თიბისი ბანკსა” და  ეროვნულ ბანკს შორის.

პრემიერმა აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკი“ არის სისტემური ბანკი, რომ მას ძალიან კარგად ესმის „თიბისი ბანკის“  როლი და ადგილი საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილურობის საქმეში და მოგვცა გარანტია, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული ბანკის რეპუტაცია. უფრო მეტიც, მომდევნო დღეებში იწყებოდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში და პრემიერმა აღნიშნა, რომ იქაც აპირებდა გაეკეთებინა შესაბამისი განცხადება „თიბისი ბანკის“ შესახებ.

ამის შემდგომ ასოციაციამ “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით საჯარო სივრცეში გააკეთა ორი განცხადება. ორივე განცხადებაში ჩვენ მკაფიოდ დავიცავით „თიბისი ბანკის“ ინტერესები.

ობიექტურობის დაცვის მიზნით უნდა ითქვას, რომ “თიბისი ბანკთან”, როგორც საბანკო ინსტიტუტთან  დაკავშირებით მოვლენები ისე განვითარდა როგორიც იყო დაპირება პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ყველასათვის ცნობილია საქართველოს ეროვნული ბანკისა და “თიბისი ბანკის” მიერ ამის თაობაზე გაკეთებული  ერთობლივი განცხადების შესახებ და ამაზე აღარ შევჩერდებით. აქვე ავღნიშნავთ, რომ გონივრული და სწორი იყო “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების გადაწყვეტილება ბანკთან მიმართებაში.

ამას გარდა, “თიბისი ბანკმა” რამოდენიმე დღის წინ მოგვიწოდა ყველას, რომ თავი შევიკავოთ “ბანკთან დაკავშირებით განცხადებების მტკიცებით ფორმაში გაკეთებისგან”. ეს არის აბსოლუტურად პროფესიული და პრაგმატული მიდგომა ბანკის მხრიდან. ასევე, ობიექტურობის დაცვის მიზნით გვინდა განვაცხადოთ, რომ თუ მართლაც გული შეგვტკივა ბანკზე,  ყველაზე სწორია ამ დღეებში თავი შევიკავოთ და არ ვახსენოთ „თიბისი ბანკი“ სხვადასხვა მოვლენების კონტექსტში. საბანკო საქმიანობა მთლიანად ეფუძნება ბანკის იმიჯს, „თიბისი ბანკს“ ჰყავს ძალიან ბევრი არამარტო ქართველი არამედ უცხოელი დეპოზიტარი და გვერწმუნეთ, რაც უფრო ბევრს ვისაუბრებთ ბანკზე არის რისკი რომ დავაზიანოთ მისი რეპუტაცია.

აქვე ვაცხადებთ, რომ „თიბისი ბანკი“ არის ჩვენი ქვეყნის საფინანსო ბაზრის ლიდერი, ძალიან წარმატებული და პროფესიული საბანკო დაწესებულება, ბანკი სარგებლობს მაღალი რეპუტაციითა და მისდამი ნდობის მაღალი ხარისხით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „თიბისი ბანკი“ კიდევ უფრო წარმატებული იქნება მომავალში.  აქვე ავღნიშნავთ, რომ საჭიროების გაჩენის შემთხვევაში ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ დავიცვათ „თიბისი ბანკის“, როგორც ჩვენი ასოციაციის წევრის ობიექტური და სამართლიანი ინტერესები.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფუნქციონირებს 2009 წლიდან; ასოციაცია არის ინსტიტუცია და მოქმედებს საკუთარი წესდებისა და მასზე მინიჭებული მანდატის ფარგლებში, რაც  გულისხმობს ასოციაციაში გაერთიანებული ორგანიზაციების ობიექტური და სამართლიანი ინტერესების დაცვას.

სუს-მა ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, უწყების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, საქართველოს მოქალაქეები: გოჩა გ. და რომან ქ. ქობულეთში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ბირთვული მასალა “ურანის” გასხვისებას 2800000 აშშ დოლარად აპირებდნენ. დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს “ურან-238”-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.