პარასკევი, მაისი 17, 2024
Home Blog Page 1476

ანა კობახიძე: “კითხვები გააჩინა წულუკიანისა და გახარიას უწყებების ქმედებამ”

საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს პოლიტიკური ორგანიზაცია “ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, ანა კობახიძე. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, იუსტიციისა და შს სამინისტროებმა, დაფარეს მის მიერ გამოთხოვილი, საჯარო ინფორმაცია და არ მიაწოდეს პასუხი. საქმე ეხება უწყებების თანამშრომელთა სამივლინებო ხარჯებს. როგორც “ახალი საქართველოს” წარმომადგენელი განმარტავს, ინფორმაცია არის საჯარო და თუ კონკრეტული უწყებები არ ახდენენ დროულ რეაგირებას, მაშინ აღნიშნული საჯარო ინფორმაციის მოპოვებას სასამართლოს გზით შეეცდება.

“19 თებერვალს, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისგან, მოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, მათი თანამშრომლების მივლინებების შესახებ. კანონით დადგენილ ვადაში არ მოგვეწოდა აღნიშნული ინფორმაცია და არც უარის პასუხი გამოუგზავნიათ ჩვენთვის. უარის პასუხი არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ადმინისტრაციული კოდექსი საჯარო უწყებებს ავალდებულებთ, საჯარო ინფორმაციას მიკუთვნებული ყველა ინფორმაცია გასცეს დაუყონებლივ.

ჩვენთვის კითხვები გააჩინა წულუკიანის და გახარიას უწყებების ამ ქმედებამ, რადგან გაჩნდა ეჭვები – რას შეიძლება მალავდნენ, რატომ არის გასაიდუმლებული 2017 და 2018 წლებში რამდენი თანამშრომელი გაემგზავრა მივლინებაში, რა თანხას შეადგენდა სამივლინებო ხარჯები და რაც მთავარია მივლინების შემდეგ რა შედეგებით დაბრუნდნენ თანამშრომლები სამინისტროში.

გამომდინარე აქედან გადავწყვიტეთ მიგვემართა სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიისთვის და სასამართლოს გზით მოვიპოვოთ იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამივლინებო ხარჯების შესახებ “გასაიდუმლოებული” ინფორმაცია” – აღნიშნა ანა კობახიძემ.

ცესკოს პრეს-სპიკერმა შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თარიღები დაასახელა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები დანიშნა.
შესაბამისი განკარგულება კომისიის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. არჩევნები მიმდინარე წლის 19 მაისს გაიმართება და ჩატარდება 31 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში რეგისტრირებულია 43 868 ამომრჩეველი.

როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და ასევე ვადები არჩევნებში ჩართული მხარეებისათვის, მათ შორის საინიციატივო ჯგუფებისთვის და დაადგინა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარსადგენი კანდიდატისთვის საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა. მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა უნდა იყოს დადასტურებული არანაკლებ 439 ამომრჩევლის ხელმოწერით, რაც არის მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების ერთი პროცენტი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეიდან პოლიტიკურ პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს შეუძლია განცხადებით მომართოს ცესკოს თავმჯდომარეს რეგისტრაციის გავლის მიზნით და მომართვის ბოლო ვადა არის 23 მარტი. გარდა ამისა დღეიდან მედიასაშუალებებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს უკვე აქვთ შესაძლებლობა აკრედიტაციის გავლის მიზნით მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას.“

ანა მიქელაძემ მედიასთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ცესკო გეგმავს, 19 მაისს ჩაატაროს მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები. „დღევანდელ სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი პროცედურა და ვადები. მოგეხსენებათ, რომ კანონმდებლობის მიხედვით ეს ორივე არჩევნები, ასევე უნდა გაიმართოს მაისის თვეში, თუმცა მათი დანიშვნის თარიღი და შესაბამისი ვადები არის განსხვავებული. ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაცია გეგმავს, რომ მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდეს ზუსტად იმ დროს, როდესაც ტარდება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ანუ 19 მაისს,“ – განაცხადა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შალვა შავგულიძე: “გუნდში ჩამოვყალიბდით, რომ მე ვიყო წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატად”

როგორც “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ ბრიფინგზე განაცხადა, მას გადაწყვეტილი აქვს მონაწილეობა მიიღოს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში:

“რაც შეეხებას მთაწმინდის ოლქში არჩევნებს, ჩვენ, “თავისუფალმა დემოკრატებმა” გადავწყვიტეთ, რომ არ გამოვტოვოთ ეს არჩევნები და მივიღოთ მონაწილეობა. გუნდში ჩამოვყალიბდით, რომ მე ვიქნე წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატად, ამის შემდეგ ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიწყეთ კონსულტაციები დასავლური ორიენტაციის ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან. კონსულტაციები გვაქვს მჭიდრო და ინტენსიური “ევროპულ საქართველოსთან”, “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მთლიანად გაერთიანებულ ოპოზიციასთან. ასევე მქონდა კონსულტაციები დავით უსუფაშვილთან, ალეკო ელისაშვილთან – პოზიციები გავცვალეთ.

რას ემსახურება ეხლა ეს კონსულტაციები? ვინაიდან მიგვაჩნია და ალბათ ეს მიღწეული იქნება, რომ უკვე ამ არჩევნებშიც, ისევე როგორც შემდგომ, 2020 წლის არჩევნებში, თუ შენარჩუნდა მაჟორიტარული სისტემა და თუ ხელისუფლებამ არ დათმო ეს ბერკეტი, რომ რეალურად დასავლური ორიენტაციის ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთს არ გავუყოთ ხმები, ერთმანეთს არ გავუწიოთ კონკურენცია და პირიქით, გავაძლიეროთ ერთმანეთი” – აღნიშნა შალვა შავგულიძემ

სალომე ზურაბიშვილი: “პრეზიდენტი არ უნდა წავიდეს სტუდიაში”

საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუს სპეციფიკასთან დაკავშირებით იყო საუბარი ტვ “პირველის” თოქ-შოუ “რეაქციაში”, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის.

ინგა გრიგოლია: მე საერთოდ ვერ ვხვდები, ჩაწერილი ინტერვიუ რატომ უნდა გავიდეს პრეზიდენტთან, როდესაც შეიძლება პირდაპირ ეთერში იყოს?!

სალომე ზურაბიშვილი: იმიტომ რომ პრეზიდენტი არ უნდა წავიდეს სტუდიაში.

ინგა გრიგოლია: რატომ?

სალომე ზურაბიშვილი: იმიტომ რომ ასეთი არის წესი და უნდა შევეჩვიოთ რაღაც წესებს, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო სახელმწიფოს ჰგავდეს.

ინგა გრიგოლია: ეს  ვინ აგიხსნათ, რომ პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში სტუდიაში არ უნდა იყოს?

სალომე ზურაბიშვილი: პირდაპირ ეთერში როგორ არ შეიძლება, სტუდიაში.

ინგა გრიგოლია: რატომ არ უნდა წავიდეს? თქვენ ამბობთ, რომ კაფეში დადიხართ მეგობრებთან ერთად, ყავას სვამთ, ჩაის სვამთ…

სალომე ზურაბიშვილი: იქ არა ვარ პრეზიდენტი, იქ დავდივარ როგორც თავისუფალი ადამიანი.

ინგა გრიგოლია: სტუდიაში რატომ არ შეიძლება?

სალომე ზურაბიშვილი: იმიტომ რომ პრეზიდენტი თავის სასახლიდან, სადაც არის დროშა და სადაც არის თავისი ატრიბუტიკა, იქიდან უნდა გააკეთოს გადაცემები.

ინგა გრიგოლია: რას ნიშნავს, როცა არჩეული პრეზიდენტი მეუბნება, რომ არ უნდა წავიდეს სტუდიაში, რატომ? იქ ბომბებს დაგახვედრებთ თუ რა?

სალომე ზურაბიშვილი: თქვენ არ გესმით, ეს მედიასთან კი არაა დაკავშირებული, ეს არის პროტოკოლის წესი.

ზვიად კვაჭანტირაძე: “თავაშვებულ და თვითნებურ მმართველობას აქვს ადგილი პარლამენტში”

მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტი არასათანადოდ მუშაობდა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან ერთად, ესეც იყო მისი თანამდებობიდან გადაყენების ერთ-ერთი მიზეზი, ზვიად კვაჭანტირაძემ მკაცრად გააკრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარე და მის გამოსვლას უსირცხვილო უწოდა:

თავაშვებულ და თვითნებურ მმართველობას აქვს ადგილი, პარლამენტში. პარლამენტის თავმჯდომარის ყოვლად უსირცხვილო გამოსვლა და იმ პოსტულატებმა, რომელიც მან (მის ისტორიულად სამარცხვინო გამოსვლაში იყო) წამოაყენა, მე მიმაღებინა გადაწყვეტილება ბოლომდე ვმდგავიყავი მედგრად და არცერთ შემთხვევაში არ გამეკეთებინა განცხადება გადადგომის თაობაზე“.

პარლამენტის თავმხდომარის მიმართ კრიტიკა არ დაიშურა ეკა ბესელიამაც:

ტრიბუნასთან დადგა პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე და თქვა, რომ ცუდად მუშაობდაო (საუბარია ზვიად კვაჭანტირაძეზე, რედ.), თან გალანძღა, პოლიტიკური სასჯელი ჰგონია, რომ გადააყენებს თანამდებობიდან და საერთოდ, ვისაც თანამდებობაზე ყოფნა ჯილდო ჰგონია, მე ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს“.

ეკა ბესელია: “ზარდიაშვილი, მდინარაძე, ოხანაშვილი ეს არის “ქართული ოცნების” მესაფლავეები”

საქმის გარჩევები და ბრალდებები… “ქართული ოცნების” ძველი და ახალი წევრები ერთმანეთის მიმართ არ იშურებენ მძიმე გამოთქმებსა თუ მეტაფორული შეფასებებს. ეკა ბესელიას “საკბილო” ისევ ე.წ. კობახიძის ფრთაა.

ზარდიაშვილი, მდინარაძე, ოხანაშვილი, ჩათვალეთ რომ ეს არის “ქართული ოცნების” მესაფლავეები. ეს რაღაცა კოლექტიური შარიკოვების, თანამედროვე შარიკოვების ჯგუფი, რომელმაც აბსოლიტურად ფეხქვეშ გათელა და გააბითურა “ქართული ოცნების” იდეა. გუშინ ჩანდა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის პერიოდის მართლაც “ზონდერები” და მათი რეჟიმის ჭანჭიკები და გადმონაშთები, დღეს “ქართული ოცნების” სახელით ლაპარაკობენ” – აღნიშნავს ეკა ბესელია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებები ამით არ ამოწურულა და ზარდიაშვილი-მდინარაძის ჯგუფს კორუმპირებულები უწოდა:

ადამიანები, რომლებიც მართლაც თავით ფეხებამდე არიან კორუფციაში ჩაფლულები და სასამართლო სისტემას იყენებენ საკუთარი, პირადი, მერკანტელური, კომერციული ბიზნეს-ინტერესების მიხედვით. მე ვგულისხმობ, პირველ რიგში, ზარდიაშვილი-მდინარაძის ჯგუფს“.

თეონა ჭალიძე – ქვეყანაში არავინ უნდა შიმშილობდეს და ჯანდაცვა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის

ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრა “ახალი საქართველოს” ყრილობაზე, პარტიის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ:

“ორი წელია, რაც სოციალური მიმართულებით ვმუშაობ და ეს არაა მარტივი საქმე, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანაში სადაც 1 მილიონამდე ადამიანი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ქვეყანაში სადაც ნახევარი მილიონი ადამიანი საარსებოდ შემწეობას იღებს, რომელიც მაქსიმუმ 60 ლარია და საარსებო მინიმუმის მესამედიც არაა. ქვეყანაში სადაც ათასობით ადამიანი უფასო სასადილოებით არსებობს და ზოგიც ვინმეს სიკვდილს ელოდება, რომ სასადილოს რიგმა მოუწიოს. დიახ რთულია მოსასმენადაც კი, მაგრამ ეს რეალობაა.

სახელმწიფო თავისი ბიუროკრატიით თუ საკანონმდებლო ხარვეზებით კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნის მოქალაქეებს. სახელმწიფო არაა ორიენტირებული ადამიანებზე და აქ ყველაზე დაუცველი ადამიანები არიან დაუცველები. ქვეყნის მასშტაბით ამ წუთებში გაფიცულები არიან სოციალური მუშაკები, იმიტომ რომ სისტემა არის ჩამოშლილი, იმიტომ რომ საჭიროა რეფორმები.

ჩვენ შევძელით და ჯანდაცვის მინისტრი ვაიძულეთ საარსებო შემწეობა აღარ შეეჩერებინათ 3-4 თვის ვადით ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო, ოჯახის სხვა წევრებისთვის. ჩვენ ვზრუნავთ შეფასების მეთოდოლოგიის დახვეწაზე და საკანონმდებლო დონეზე ხარვეზების გამოსწორებაზე.

ჩვენ შევძელით, რომ უფასო სასადილოებიდან ფულს აღარ იპარავენ, წინა წლებში მოპარულ მილიონებზე კი პროკურატურას დავაწყებინეთ გამოძიება. თუ არ დაასრულებენ, ხვალ ან ზეგ ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე.

ჩვენ შევძელით, რომ საბავშვო ბაღებში კვების ხარისხს ექცევა მეტი ყურადღება. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ბავშვებს რომ ბაღში უშვებთ, ცხენის ხორცი ან სხვა უვარგისი პროდუქტი არ შეაპარონ.

მე ყოველდღე მირეკავენ დედები რეგიონებიდან, თბილისიდან და მთხოვენ დახმარებას, საკვებს მშიერი ბავშვებისთვის ან წამლებს. ხანდახან ძალიან ვითრგუნები, მაგრამ ამ დროს ჩემს თავს ვეუბნები – “თეონა, ახლა ცრემლების დრო არ არის, ახლა ბრძოლოს და მოქმედების დროა”.

გულწრფელად მინდა ეს რეალობა შევცვალოთ უკეთესობისკენ, მჯერა რომ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს შევუქმნათ ღირსეულად ცხოვრების პირობები, რომ არავინ არ შიმშილობდეს და ჯანდაცვა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის.

მე ვარ ახალი საქართველო თქვენ ხართ ახალი საქართველო, ძალა ერთობაშია!” – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

დავით მათიკაშვილი: “წითელზე იყო ხელი მისაჭერი თუ მწვანეზე, ეს გახდა გარკვეული პრობლემა”

პარლამენტის დღევანდელი სხდომა საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა და საპარლამენტო უმრავლესობას არ გამოუვიდა “იოლი გასეირნება” ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისას.

კენჭისყრის პირველი მცდელობა კრახით დამთავრდა “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობისთვის და როგორც აღმოჩნდა ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი მხოლოდ 67 დეპუტატი უჭერდა, არადა საჭირო იყო მინიმუმ 76 პარლამენტარის თანხმობა.

კენჭისყრის ჩავარდნა თავისებურად განმარტა პარლამენტარმა დავით მათიკაშვილმა:

წითელზე იყო ხელი მისაჭერი თუ მწვანეზე, ეს გახდა გარკვეული პრობლემა. კომიტეტიდან გაწვევა და კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მოხსნის საკითხი, მადლობა ღმერთს, პარლამენტის ყოველდღიური საქმიანობა არ არის. შესაბამისად, იყო ტექნიკური გაუგებრობა. ცხადია, უმრავლესობის გადაწყვეტილება არის კვაჭანტირაძესთან დაკავშირებით მიღებული და ეს იქნება რეალიზებული. არ გამოვირიცხავ, რომ კვაჭანტირაძის საკითხზე ხელახალი კენჭისყრა დღესაც გაიმართოს, ან უახლოეს პერიოდში აუცილებლად გაიმართება. ვინაიდან უმრავლესობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს“.

დავით მათიკაშვილს ასევე მიაჩნია, რომ თუკი დეპუტატი ტოვებს უმრავლესობის რიგებს, მან უნდა დატოვოს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიც:

ხვალ მე რომ გავიდე უმრავლესობიდან, უნდა დავტოვო ის თანამდებობები პარლამენტში, რაც მიკავია“.

წითელ-მწვანის არევასთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა ზვიად კვაჭანტირაძემ:

არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც ხელი შეცდომით მიაჭირეს პულტს, მთავარია ქუჩაში გადასვლისას არ აერიოთ წითელი და მწვანე“.

ირაკლი კობახიძე: “ყველამ თავის მორალს მიხედოს, ეს არის ჩემი ბოლო პოლიტიკური განცხადება”

სერიოზული მსჯელობისა და კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი გახდა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა:

ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც უმრავლესობამ შეიმუშავა საკუთარი პოზიცია და შემდეგ ბიუროს ინიციატივით დადგა ეს საკითხი თქვენს წინაშე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კომიტეტის წარმატება-წარუმატებლობაზე მინიშნებაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ სათანადო გადაწყვეტილება. რაც შეეხება მორალს, მორალთან რა კავშირშია ეს გადაწყვეტილება, მე აბსოლიტურად არ მესმის, ეს არის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, უმრავლესობამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. მორალზე მითითება, ამ შემთხვევაში, არის აბსოლიტურად არარელევანტური. ყველამ თავის მორალს მიხედოს, ეს არის ჩემი ბოლო პოლიტიკური განცხადება“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა და ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების ერთ-ერთ მიზეზად ესეც ჩასთვალა.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა დეპუტატი გედი ფოფხაძე:

ერთი, რაც მიხარია ისაა, რომ მე-18 საუკუნის დასასრულის საფრანგეთში არა ვართ, თორემ ზვიად კვაჭანტირაძეს, ამ შემთხვევაში, გილიოტინა დაელოდებოდა პარლამენტის წინ“.

პაატა დავითაია – მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რადგან მან გაიაზრა ის ხედვა, რასაც ჰქვია დიდი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბება

ოპოზიციური გაერთიანების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” ლიდერმა და გაიხსენა, თუ როგორ მოხერხდა პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება და შეირჩა ერთიანი კანდიდატი, რაც მართლაც უმნიშვნელოვანესი იყო. ეს განცხადება, პაატა დავითაიამ, “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” რიგით მეორე ყრილობაზე, სასტუმრო ბილტმორში გააკეთა.

“ყველა მიხვდა იმას, რომ აუცლებელია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ხელს შეუწყობს მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებას.

სანამ გაერთიანებაზე ვიტყოდე და გავუსვამდი ხაზს, ე.წ. ამსტერდამის პროცესს, როგორც მონათლეს ის, როცა ჩვენ ჩავედით ამსტერდამში და გვქონდა შეხვედრა ბატონ მიხეილ სააკაშვილთან.

მე მინდა ბატონ მიხელს მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ მან გაიაზრა ის ხედვა, რასაც ჰქვია გაერთიანების ჩამოყალიბება დიდი პოლიტიკური სპექტრის, იმიტომ რომ ეს აუცილებელი იყო იმ საარჩევნო კამპანიისთვის, რომელსაც საპრეზიდენტო კამპანია ქვია. მოვახერხეთ, შევარჩიეთ ერთიანი კანდიდატი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ იმ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც იყო თვით გაერთიანებაში და პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც არ იყო გაერთიანების წევრი, მათი მხარდაჭერაც მოიპოვა ამ სიტუაციაში. მაგრამ როცა საარჩევნო კამპანიაზე ჩვენ ვსაუბრობდით, მნიშვნელოვანი იყო, თუ ვინ იქნებოდა ამ კამპანიის აღმასრულებელი და და მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მაშინ, როცა ბატონი გიორგი ვაშაძე დასახელდა ჩვენი საარჩევნო კამპანიის შტაბის ხელმძღვანელად და ის გამოცდილება, რაც ჩვენ მივიღეთ 2017 წელს, ახალი სისტემებით გამოვიყენეთ მთელ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად, ამ არჩევნებზე და ვნახეთ, თუ როგორ მოხერხდა ძალების კონსოლიდირება”- განაცხადა პაატა დავითაიამ.