“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ALDE-ს და სხვა ორგანიზაციების რეზოლუციის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში:
“ALDE-ს ევროპული პარტიების საბჭომ ჰელსინკიში მიიღო საქართველოს შესახებ რეზოლუცია სადაც მოითხოვს:
– ყველა პოლიტპატიმრის და სინდისის პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას;
– 2025 წლის ბოლომდე ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას;
– რეპრესიული კანონების გაუქმებას;
– მიზნობრივი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე, ყველა იმ პირზე, ვინც აძლიერებს რეჟიმს და აღასრულებს მის უკანონო გადაწყვეტილებებს!
ბევრს ჰგონია, რომ ევროპარლამენტის ან პოლიტიკური ჯგუფების ALDE, EPP და ა.შ. რეზოლუციებს ძალა არ აქვთ ან “ჩალის ფასი” აქვთ. ეს სერიოზული შეცდომა და უვიცობაა.
ასეთი რეზოლუციები ქმნიან პოლიტიკურ გარემოს, ადგენენ წითელ ხაზებს და განსაზღვრავენ მომავალი პოლიტიკური ქმედებების მიმართულებას მთელ ევროპაში.
როდესაც ALDE, EPP და სხვა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფები ან ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, ის ხდება საბაზისო დოკუმენტი მათი წევრი პარტიებისთვის, ეროვნული პარლამენტებისა და მთავრობებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ისინი აღარ ითანამშრომლებენ, არ გაუწევენ პოლიტიკურ მხარდაჭერას და არ შეუწყობენ ხელს იმ რეჟიმებს, რომლებიც არღვევენ რეზოლუციაში განსაზღვრულ პრინციპებს, მათ შორის ქართულ ოცნებასაც.
ყველაფერთან ერთად, ასეთი დოკუმენტებები ასრულებენ მორალური კომპასის და პოლიტიკური სახელმძღვანელოს როლს, რასაც შემდეგ მიჰყვება შესაბამისი ქვეყნების მხრიდან პრაქტიკული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა.
როდესაც ვამბობთ, რომ რეზოლუცია არ მუშაობს, ზუსტად იმას ვაკეთებთ, რასაც ავტორიტარული რეჟიმები ელიან ჩვენგან, რომ დათესონ უიმედობა და მოახდინონ თავიანთი პროპაგანდის გაძლიერება.
კიდევ უფრო მარტივად, ცალკე აღებული ერთი რეზოლუცია, ერთი განცხადება, ერთი საპროტესტო აქცია, დაუმორჩილებლობის ერთი ინდივიდუალური აქტი არის პატარა მდინარე ან ნაკადული, რომლებიც გაერთიანებულად ქმნიან დიდ აზვირთებულ ნაკადს. ცვლილებები და გარდატეხა ვერ მოხდება თუ არ დაგროვდნენ ეს მდინარეები და ნაკადულები, ანუ რეზოლუციები ამ შემთხვევაში!” – წერს სერგო ჩიხლაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.