ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
Home Blog Page 2

“პირადად ჩემი პარტიული დავალებაცაა, ჩვენი პარტიული დანაყოფების მიმართ, რომ თუ კი ვინმეს წამოსვლა უნდა აქციაზე, უზრუნველყონ ორგანიზებულად მათი წამოსვლა თბილისში და შეკრებაში მონაწილეობის მიღება” – მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნების’’ მიერ დაგეგმილ კონტრ-აქციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს:

,,29 აპრილის შეკრებამ სრული ისტერია გამოიწვია ფსევდოლიბერალებში, ,,ნაცმოძრაობაში’’, რადიკალურ ოპოზიციაში და ხდება მათი პირდაპირი შეურაცხყოფა და გაშავება. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ საჯარო მოხელეს შეუძლია პროტესტი განუცხადოს და საჯარო მოხელეს შეუძლია მხარი დაუჭიროს. ისინი ადამიანები არ არიან?! მე გარანტიას ვაძლევ ამ ისტერიის ავტორებს, რომ საჯარო მოხელეებიც იქნებიან იქ და იქნებიან სხვა მოქალაქეებიც ორჯერ და სამჯერ მეტი.

მათ შორის, პირადად ჩემი პარტიული დავალეებაა, ჩვენი პარტიული დანაყოფების მიმართ, რომ თუ კი ვინმეს წამოსვლა უნდა აქციაზე, უზრუნველყონ ორგანიზებულად მათი წამოსვლა თბილისში და შეკრებაში მონაწილეობის მიღება.

ყველა კატეგორიის ადამიანი იქნება იმ დღეს და ეს იქნება, სრული ფიასკო, იმ ნარატივისა, რომ თითქოს ხალხს რაღაც უნდა, რას ნიშნავს ხალხს რაღაც უნდა ესეიგი ხალხს უპირისპირდებიან აქციითო და ხალხი არ არის საჯარო მოხელეები’’, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“მასწავლებლებო თქვენზე დგას ქვეყანა და არავის, არავის მისცეთ უფლება უღირსად მოგექცნენ” – ნანა ტოხვაძე

ხშირად მოისმენთ – სად არიან მასწავლებლები?! ასეთ დროს, სად არიან?! რისხვანარევი ხმით კითხულობენ ხოლმე, თბილისის ქუჩებში ახალგაზრდების საპროტესტო ტალღის მეთვალყურენი – აქ არიან, რუსთაველზე!“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე აცხადებს.

ტოხვაძის თქმით ასეთი თაობის აღზრდას მასწავლებელთა გარეშე ვერ შევლებდით!

ხშირად მოისმენთ – სად არიან მასწავლებლები?! ასეთ დროს, სად არიან?! რისხვანარევი ხმით კითხულობენ ხოლმე, თბილისის ქუჩებში ახალგაზრდების საპროტესტო ტალღის მეთვალყურენი – აქ არიან, რუსთაველზე!

თავისთავად არაფერი ხდება! ახალგაზრდების მოქმედებაში იკითხება შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, დიდგორი, შამქორიცა და ხრესილიც!

სამოქალაქო განათლების კვალიც და პატრიოტიზმიც. ასეთი თაობის აღზრდას მასწავლებელთა გარეშე ვერ შევძლებდით!

საქართველო გაიმარჯვებს! არა „რუსულ კანონს“!

ასეა, მასწავლებლებო! თქვენზე დგას ქვეყანა და არავის, არავის მისცეთ უფლება უღირსად მოგექცნენ“, – განაცხადა ტოხვაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“აქციის მონაწილე ახალგაზრდები მაშინ მაინც უნდა მიხვდნენ, ვინ დგას მათ უკან, ვინ აქეზებს, ვინ უკრავს ტაშას და ვისთვის ირჯებიან, როცა 29 აპრილის აქციის მონაწილეებს “გოდრით ჩამოტანილებს” ეძახიან!” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს მიმართავს:

აქციის მონაწილე ახალგაზრდები მაშინ მაინც უნდა მიხვდნენ, ვინ დგას მათ უკან, ვინ აქეზებს, ვინ უკრავს ტაშას და ვისთვის ირჯებიან, როცა 29 აპრილის აქციის მონაწილეებს “გოდრით ჩამოტანილებს” ეძახიან!

ახალგაზრდებო, თქვენ რა უბნელები ხართ?!

სად არის თქვენი ფესვები, ანუ სად წახვალთ სააღდგომოდ, სად არის თქვენი წინაპრების საფლავები?!

დაფიქრდით, ვის უჯერებთ!

P. S. ეს პოლიტმეძავები 1991 წელსაც გოდრით ჩამოტანილებს, ჩამოთრეულებს და სუნიანებს ეძახდნენ იმ ადამიანებს, ვინც სახელმწიფო გადატრიალებას ეწინააღმდეგებოდნენ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

“არ შეჩერდეთ ახალგაზრდებო, კიდევ უფრო განვითარდით, განმტკიცდით და თქვენი ნაპერწკალი სიკეთის და ქვეყნის უკეთესი მომავლის ცეცხლად დაგენთოთ” – არჩილ გამზარდია

ახალგაზრდების პერმანენტულ საპროტესტო აქციებს ემოციური შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია:

ახალგაზრდები, რომლებიც ეს დღეები თავად ქმნიან მოძრაობას, განსაკუთრებულ მორალურ და გნებავთ სულიერ ფასეულობებს იცავენ, ერთი ათად აღემატებიან ინტელექტით მთელ სახელისუფლები ვერტიკალს თავიანთივე ძალადობრივად იძულებული მხარდამჭერებით.

ეს ახალგაზრდები ლაპარაკობენ მომავალზე ქართული წარსულის საუკეთესო ტრადიციებით – ილიათი, ვაჟათი… ხელისუფლება კი უპირისპირდება მათ ღვარძლით, სიძულვილით, ძალადობით.

ყველა დიქტატორს უფრო ბევრი ადამიანი გამოჰყავდა იძულებით, მათ შორის, წინა ხელისუფლებასაც, მაგრამ ნათქვამია, დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაპერწკალი.

არ შეჩერდეთ ახალგაზრდებო, კიდევ უფრო განვითარდით, განმტკიცდით და თქვენი ნაპერწკალი სიკეთის და ქვეყნის უკეთესი მომავლის ცეცხლად დაგენთოთ, ვერავინ გაჯობებთ, რაც გინდა გლანძღონ, რაც გინდა გდევნონ, რაც გინდა რიცხვობრივი უპირატესობა მოიპოვონ დროებით, თქვენ უკვე სჯაბნით, რადგან თქვენი გული იმ ნაპერწკლებითაა სავსე, რომლებიც ამათ აუცილებლად მოერევა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე არჩილ გამზარდია.

ComCom-მა ევროპის უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ ლექცია ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ, სტუდენტებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ევროპის უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 5G-ის, მისი უპირატესობებისა და განმასხვავებელი ნიშნების შესახებ. შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებული ტენდენციები, საქართველოს პერსპექტივები და კომუნიკაციების კომისიის მიერ, ქვეყანაში 5G ინტერნეტის დანერგვის მიზნით განხორციელებული სამუშაოები.

თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ComCom-ის საჯარო ლექციები, საქართველოს 8 უნივერსიტეტში უკვე ჩატარდა და მომავალში, სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, კომუნიკაციების კომისიამ მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად ოპერატორებისთვის აუქციონი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა “სელფი მობაილმა” მიიღო და 5G ინტერნეტი უკვე ბაკურიანსა და გუდაურში დანერგა.

5G – ეს არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც მანამდე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

გიორგი გახარია: “ოცნება” სტრატეგიულად უკვე დამარცხებულია, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ახალგაზრდებს დაუპირისპირდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ახალგაზრდებთან, მათ საპროტესტო აქტივობებთან დაკავშირებით:

,,ეს აქციები, ძალიან დეტალურად ვაკვირდები, როგორც ორგანიზდება, ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური, ჰორიზონტალური ორგანიზების ელემენტი.

ამ ბავშვებს არ სჭირდებათ ამის სწავლა. ამ ბავშვებს არ სჭირდებათ სამოქალაქო აქტივისტობის სწავლა. იმიტომ, რომ მათ უკვე ეს მიღებული აქვს. ეს ბავშვები უკვე ევროპელები არიან. ისინი მოქმედებენ, როგორც ევროპელები. მათი ფასეულობებიც ჰორიზონტალურია.

შესაბამისად, ისინი ჰორიზონტალურად მართავენ ამ პროტესტსაც. მაშინ, როდესაც მათ მთავრობის მხრიდან უპირისპირდება რაღაც პოსტ-საბჭოური, ვერტიკალური მართვის სისტემა, ვერასოდეს ვერ მოუგებენ.

მე ამიტომ ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ,,ოცნება” სტრატეგიულად უკვე დამარცხებულია. დამარცხებულია, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ახალგაზრდებს დაუპირისპირდა. დაუპირისპირდა ისეთ ქვეყნისთვის ეგზისტენციალურ საკითხში, როგორიც არის ქვეყნის ევროპული მომავალი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“მე დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს ეს კანონი წაკითხული” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე კონკრეტული ევროპარლამენტარების, მათ შორის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჟოზეფ ბორელის კრიტიკულ პოზიციასთან დაკავშირებით:

,,მე დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს ეს კანონი წაკითხული.

სამწუხაროდ, 1 წლის განმავლობაში მე პირადად, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით, ვცდილობდი, რომ დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები თავად, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, ფარულად დაფინანსება საქართველოში რადიკალური ჯგუფების და პოლიტიკური პარტიებისა არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი და ამიტომაც გვიწევს ამ კანონის მიღება’’,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

გიორგი ვაშაძე – “მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს, მდინარაძეს – ვის უტარებთ აქციას?! საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ?! გეშინიათ, სუსტები ხართ, დამთავრებულია თქვენი საქმე!”

რაც არ უნდა ძალით და ხელოვნურად ჩამოიყვანოთ ეს ადამიანები, ტაში აკვრევინოთ, ყველამ კარგად იცის, რომ თქვენ აღარანაირი მორალური საფუძველი არ გაქვთ, რომ ხელისუფლება გერქვათ. რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის თქვენი სისუსტის მაჩვენებელი. გეშინიათ, სუსტები ხართ. იმიტომ, რომ მტყუანი ხართ ქვეყნის და ერის წინაშე“ – ასე მიმართა პარლამენტის დეპუტატმა, “სტრატეგია-აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ უმრავლესობის წევრებს, რომლებმაც 29 აპრილს პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო შეკრება დააანონსა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით ივანიშვილის პარტიის წევრებს იმ ადამიანების ეშინიათ, რომლებიც პარლამენტის წინ რუსულ კანონს აპროტესტებენ:

,,29 აპრილს ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტა საკუთარ მოქალაქეებს კონტრ-აქცია გაუმართოს. რას აპროტესტებთ?! რისთვის კრებთ ხალხს, იძულებით რომ ჩამოგყავთ ეს ადამიანები თბილისში? პირდაპირ ვამბობ, ეს თქვენი სისუსტის მაჩვენებელია. რას ითხოვთ ევროკავშირში არ შევიდეთ?! თუ აპროტესტებთ და კონტრ-აქციას უკეთებთ იმ გულწრფელ ახალგაზრდებს რომლებსაც უნდათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება?! ან თუ გგონიათ ახლა ვინმე დაიჯერებს, რომ თვითდინებით ეს ადამიანები მოდიან. ყველამ კარგად იცის, რომ იძულებით გინდათ საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოთ. ეს არის თქვენი სისუსტის მაჩვენებელი და მეტი არაფერი.

უფრო მეტიც, როდესაც ამას აკეთებ საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, რომელიც სავარაუდოდ ორშაბათს იქნება, 29-ში – ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ პროვოკაციაზე მიდიხარ, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, თქვენი აღარავის აღარ ეშინია, დამთავრებულები ხართ. თქვენ ხართ საერთოდ რეალობას მოწყვეტილი ადამიანები, რომლებიც ფიქრობთ მხოლოდ თქვენს თავზე.

ახლა მინდა საჯარო მოხელეებს მივმართო – მაგრად იყავით ჩემო კარგებო, ძალიან ცოტა დარჩა ივანიშვილის პარტიას. თუ ვინმე გაშინებთ, თუ ვინმე გაშანტაჟებთ დაგვიკავშირდით ჩვენ დავდგებით თქვენს გვერდით. თუ ვინმე მოგთხოვთ განცხადების დაწერას, სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით არცერთ შემთხვევაში არ მოაწეროთ ამ განცხადებას ხელი და ჩვენ თქვენს უფლებებს დავიცავთ და ვინც საჯაროდ გამოხვალთ და ღიად იტყვით როგორ გაშანტაჟებენ – მერწმუნეთ ქვეყანა, ერი, ქართველი ხალხი, ყველა დაგიფასებთ ამ გმირულ ქმედებას.

მე ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მძიმეა თქვენი დღევანდელი მდგომარეობა, იმიტომ, რომ ბევრი ინფორმაცია მოგვდის ამასთან დაკავშირებით, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ევროკავშირი იმიტომ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ევროკავშირის წევრ საქართველოში, ეს იძულებები და უბედურებები, რაც დღეს ხდება, დასრულდეს.

კიდევ ერთხელ მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს, მდინარაძეს – ვის უტარებთ აქციას?! საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ?! გეშინიათ, სუსტები ხართ დამთავრებულია თქვენი საქმე! საქართველო და ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობას არასდროს არ შეაქცევს ზურგს და რისთვის ხართ თქვენ მოწადინებული ნათელია!” – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სს “თელასი”: 24 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

24 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერისთავის და ფეიქრების ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის, აბულაძის, დელისის, კარტოზიას, თამარაშვილის, ინტენსიფიკაციის, ხომლის, ამაშუკელის, სანაპიროს, დოლიძის, ჩიქოვანის, ჭილაძის, ძმები ბალანჩივაძეების, ლიხაურის, ბაკურიანის, ცინცაძის და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და სამხედრო გზატკეცილის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ლერწმის, მანავის, ამილახვარის, ჩოლოყაშვილის და აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ბერი გაბრიელ სალოსის, თრიალეთის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯიქიას, ორბელების, ხარაბაძის, კვაჭანტირაძის, ანდღულაძის, ქობულაძის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ბუკისციხის, კობცოვის, ბეგიაშვილის, ონაშვილის, ანთიმოზ ივერიელის, ტატიშვილის, მანდელშტამის, ლაღიძის და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, იუმაშევის და დევდარიანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, ამირეჯიბის გზატკეცილის, ატენის, არეშიძის და რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის (ნაწილობრივ), დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) და დაბა კოჯრის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ძმები კაკაბაძეების, ზანდუკელის, კოსტავას, ბარნოვის და მაყაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, გორის, წყალტუბოს, აგლაძის, მირცხულავას, ფიფიების და ცაბაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 06:00 საათიდან 06:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანულას, სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თიანეთის გზატკეცილის, ავჭალის გზატკეცილის, ზაჰესის დასახლების, ჭედიას, ლაზოს, ანდრონიკაშვილის, სკოლის, რიონის, ულიანოვის, ცხრა ძმა ხერხეულიძეების, ბაღნარის, ლიბანის, ბიჭვინთის, ბარალეთის, კაჭარავას, ჩიქვანაიას, რევოლუციის, ხორავას, ჭელიძის, ჯანჯღავას, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის, გარაყანიძის, მანაგაძის, კუიბიშევის, იპოლიტოვ-ივანოვის, უწერის, ლიახვის, წერეთლის, შუშის, სალხინოს, დოდო აბაშიძის, იოსებ გრიშაშვილის, ქერჩის, ხანძთელის, ფოცხიშვილის, გაგრის, ღამბაშიძის, ბარალეთის, ვეკუას, კუიბიშევის, მე-5 ქუჩის, გმირ კურსანტთა, კობერიძის და მოძვის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელში გადართვების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების (ნაწილობრივ), ავჭალის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის (ნაწილობრივ), ულიანოვის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, გაგრის, ლიბანის, უჯარმის, ტრაპაიძის, დიდგორის, აბაშვილის და რევოლუციის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ანრი ოხანაშვილი: განსხვავებული ცხოვრების წესი დაცულია, არავის ექნება უფლება, რომ დისკრიმინაციულად მოეპყროს ვინმეს

ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზეც ჩვენს ხალხს ლეგიტიმაცია უკვე აქვს გამოცხადებული, თუმცა კიდევ ერთხელ არის საჭირო სახალხო ლეგიტიმაციის დადასტურება. საკითხი უკავშირდება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ქუთაისში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე.

მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდი ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობდა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიცია ყოფილიყო დაფიქსირებული.

ფრიდონ ინჯიაა წარმოდგენილი ოპოზიციის კვოტით, თუმცა გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა ისევე, როგორც „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილმა“ ბოიკოტი გამოუცხადეს საყოველთაო-სახალხო განხილვას. აქ მოუწევდათ მათ პოზიციის დაფიქსირება, ეთანხმებიან თუ არა ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის იდეას, რომ ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვნებს განსაკუთრებული დაცვა სჭირდებათ. ესეც არის ერთგვარი ლუსტრაცია. მათ გაუჭირდებოდათ პასუხების გაცემა თქვენთვის, უჭერენ თუ არა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საზღვარგარეთის ქვეყნებში სულ უფრო ფართოვდება ისეთი საკანონმდებლო ჩანაწერები, რომელშიც ნებადართულია ერთსქესიანთა ქორწინება, სამოქალაქო პარტნიორობა, რასაც ჯაჭვურად მოჰყვება შვილად აყვანა და საბავშვო ბაღებში შესაბამისი სწავლების შეტანა, რომელსაც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ სწავლებას უწოდებენ.

როდესაც ჩვენ დავსვით საკითხი, თუ რას გულისხმობდნენ ბაღებში „გენდერული თანასწორობის სწავლებაში“ და იგულისხმებოდა თუ არა, რომ ბავშვებისთვის მიზანმიმართულად სურთ პროპაგანდა გაუწიონ „ამ ტიპის“ ცხოვრების, ჩვენი პასუხი იყო ძალიან მკაცრი.

დაუშვებელია ბაღში, სკოლაში ბავშვებს ასწავლოს ვინმემ, რას ნიშნავს დაიბადო ბიჭად ან გოგოდ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდეს ამას. ეს არის იდეოლოგია, რომელიც საკმაოდ მოძლიერებულია, ამიტომ მას სჭირდება ჩვენი საზოგადოების მკაფიო პასუხი. ჩვენ განსხვავებული ცხოვრების წესის შეფასებაში არ შევდივართ, ეს არ არის ჩვენი განხილვის საგანი. განსხვავებული ცხოვრების წესი დაცულია, არავის ექნება უფლება, რომ დისკრიმინაციულად მოეპყროს ვინმეს.

აქ საუბარია მიზანმიმართულ პროპაგანდაზე, რომ უნდა დაიწყოს სწავლება ბაღებში, სკოლებში და ბავშვებს ასწავლო, რომ ნორმალურია დაიბადო ბიჭად, მაგრამ ფიქრობდე, რომ შენ ხარ გოგო. ხდება სპეციალური ანიმაციური სცენების წარდგენა, რაც არის პოპულარიზაცია. ამას ისახავენ მიზნად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს