“აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემაში “თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად”, პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარემ, პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა თავისი პოზიცია დააფიქსირა ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასა და 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით:
“რა თქმა უნდა, ე.წ. მთავრობა არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება. ყოველთვის უპირველესად პასუხი უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რადგან საკონსტიტუციო გადატრიალება რომ მოგვიწყვეს, ცარიელი ხელებით იბრძვიან ადამიანები საკონსტიტუციო წესრიგის დამყარებისთვის.
მე ვერავის დავადანაშაულებ, რადგან ამ ადამიანებმა სცადეს ქვეყნიდან პრორუსი ხელისუფლება გაეშვა. სალომე ზურაბიშვილი რომ პროცესს გაემიჯნა მე არ მიკვირს, ის 2008 წელს მთელ საქართველოს გაემიჯნა და ბოდიშიც კი არ მოიხადა საქართველოს ომის დაწყება რომ დააბრალა.
რაც შეეხება ჩერგოლეიშვილს, მისგან განსხვავებით მე ვერ ვდებ ბრალს არაპოლიტიკოს მომღერალ პაატა ბურჭულაძეს და არც არავის, მათ მიტაცებული სახელმწიფოს დაბრუნება სცადეს და რა მოხდა რეალურად არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. რას ამტკიცებს ჩერგოლეიშვილი არც ის ვიცი, ლიდერებს არაფერი უთქვამთ და გამოდის, რომ ის აგენტ-პროვოკატორია თუ საიდან იცის კონსპირაციულ ბინაში რა ხდებოდა?!
როცა კონსტიტუციას არღვევს ხელისუფლება და მოქალაქეები ცდილობენ, კონსტიტუციური წეს-წყობილება აღადგინონ, მათ ვერ დაადანაშაულებს ვერავინ. ამიტომ, 4 ოქტომბრის ღამეს დაკავებული აქტივისტები არიან პოლიტიკური პატიმრები“, – აცხადებს თამარ ჩარკვიანი.