სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია “ქართული ოცნების” ლიდერების მიმართ მწვავე შეფასებებით ეხმაურება მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის პოზიციის გამო დემონსტრანტებთან მიმართებაში – “ჩვენ არ გვაქვს არანაირი თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ“:
“თქვენ არავის მიმართ არ გაქვთ თანაგრძნობა. თქვენ ისიც არ იცით, თუ რა შეგრძნებაა თანაგრძნობა უცხო, უბრალო, მართალი ადამიანის მიმართ. ასეთ თანაგრძნობას სჭირდება საზოგადო სიყვარულის ქონა; არა ფულის, არა ბატონის, არა საკუთარი ოჯახის წევრის – არამედ საზოგადოდ ადამიანის მიმართ, მოყვასის მიმართ სიყვარული. ეს თქვენ არ იცით.
სიძულვილით ხართ სავსენი და სიძულვილში ამოგხდებათ სული მარტოებს და უბედურებს…
მე კობახიძეც მეცოდება და ივანიშვილიც ზოგჯერ, როცა წარმოვიდგენ, რა წყვდიადშია მათი სულები, გარშემორტყმული ბოროტებით… ისინი არიან უკიდურესად მარტოსულები, უსიყვარულოდ მცხოვრები არსებები, რომლებიც ეპოტინებიან ფულს და ძალაუფლებას, რათა თავი რამედ მიიჩნიონ, რათა რამე იგრძნონ და საკუთარი არსებობა გაამართლონ… საცოდავები არიან, შესაცოდები…
მეტი ცუდი რა უნდა უსურვო?! უსიყვარულოდ და ბოროტებაში მცხოვრები ადამიანი ისედაც დატანჯულია, ამიტომაც ტანჯავენ სხვებს, ამიტომაც ტანჯავენ სამშობლოს“, – წერს ბაია პატარაია ფეისბუქის პირად გვერდზე.

