პარტია “ევროპელი დემოკრატების” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე გენერალურ პროკურატურას მიმართავს, რომ გასაჯაროვდეს მასალები აფხაზეთში 1992-93 წლებში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით:
“ოფიციალურად მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურას. აფხაზეთში 1992-93 წლებში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით პროკურატურას ჩატარებული აქვს შესაბამისი გამოძიება. მართალია, გასაგები მიზეზების გამო, პროკურატურა ვერ შეძლებდა ყველა ფაქტის მოპოვებას და მოკვლევას, მაგრამ სურათის დასანახად საკმარისი მასალებია მოძიებული. ეს მასალები აშკარად შეიცავს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის უამრავ ფაქტს. ფაქტები და მასალები იმდენად შემზარავი აღმოჩნდა, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ თავი შეიკავა მათი გასაჯაროებისგან, რადგან მიიჩნია, რომ ეს უაღრესად მძიმედ იმოქმედებდა საზოგადოებაზე და ხელს შეუშლიდა აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესს.
დღეს ჩვენს საზოგადოებაში თავი იჩინა ამ კონფლიქტში საქართველოს და ქართველების დადანაშაულების და ბოდიშის მოხდის ძალზედ უსამართლო და სახიფათო ტენდენციამ, რომელიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, მართულია გარედან, მტრული სახელმწიფოს სპეცსამსახურების მიერ, შორსმიმავალი, ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი მიზნებით. საქართველოს ახალგაზრდა თაობას უქმნიან აშკარად უსამართლო და დამახინჯებულ წარმოდგენას ამ მოვლენის შესახებ.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მომწიფდა შესაბამისი დრო და აუცილებლობა, გასაჯაროვდეს ჩემს მიერ ზემოთ ნახსენები გამოძიების მასალები, რათა საქართველოს და მთელი მსოფლიოს საზოგადოებამ ნათლად დაინახოს თუ რა საშინელ ბოროტებასთან გვაქვს საქმე აფხაზური სეპარატიზმის სახით. შესაბამისი მოთხოვნით ოფიციალურად მოგმართავთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკოლოზ ვაშაკიძე.

