პარტია “ახალი” განცხადებას ავრცელებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ მორიგ განაჩენთან დაკავშირებით:
“ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ, დღეს, ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს ნიკა მელიას მიმართ უკვე მესამე უკანონო განაჩენია მას შემდეგ, რაც ივანიშვილის პოლიციამ ის დაგეგმილ ინტერვიუს ჩაწერაზე მიმავალი, ყველანაირი კონსტიტუციური უფლების დარღვევით, 2025 წლის 29 მაისს, სასამართლომდე ერთი დღით ადრე, გაიტაცა.
მას შემდეგ რეჟიმი ყველანაირად ცდილობს, ხელი დააფაროს ამ დანაშაულში მონაწილე ადამიანებს და აბსურდული ბრალდებებით გაუხანგრძლივოს ნიკა მელიას უკანონო პატიმრობა. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი განაჩენის ათვლა დაიწყო 2025 წლის ივნისიდან და ამგვარად სხვა, უკვე მისჯილი მსჯავრებით გადაიფარა, ეს აბსურდული საქმეც ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში ივანიშვილის მიერ მოპარული მართლმსაჯულების სისტემა სრულად დგას არალეგიტიმური ხელისუფლების სადარაჯოზე.
ნიკა მელიას თავდადება, სიმტკიცე და შეუპოვრობა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ყველაზე მეტად – თავისუფალი ადამიანების შეუპოვრობის.
თავისუფლება ნიკას!
თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს!
ერთად გავიმარჯვებთ!” – ნათქვამია განცხადებაში.

