ვაკის პარკში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, უკრაინის დროშა ჩამოხიეს. თემასთან დაკავშირებით მწვავე, კრიტიკული შეფასება გააკეთა ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ:
,,უკრაინის დროშის ჩამოხევა სრულიად სამარცხვინო საქციელია. თუმცა, ისეთი ძალისგან, როგორიც არის ,,ალტ-ინფო“ – მოგეხსენებათ, ბავშვებზე და ქალებზე მოძალადე ორგანიზაციაა, ყველაფერთან ერთად ერთმნიშვნელოვნად რუსულ ძალას წარმოადგენს, ასეთი ძალისგან ასეთი ადამიანებისგან ეს საქციელი არ არის გასაკვირი.
გასაკვირი ალბათ არც ის არის, რომ ხელისუფლების მხრიდან ჯერ-ჯერობით არანაირი რეაგირება არ მოჰყვა. შესაბამისმა ორგანოებმა წესით უნდა იმოქმედონ და პასუხი გასცენ ასეთ ვანდალებს, მაგრამ დიდად ამის მოლოდინი, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.
ინფორმაციისათვის: ფაქტთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა საქართველოში უკრაინის ელჩის დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი: “სრულიად მიუღებელი სიტუაციაა ჩვენი უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით. აღნიშნულის თაობაზე ჩვენ მივმართეთ და შევატყობინეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა ეს ინციდენტი გამოძიებულ იქნას და დამნაშავეები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაისაჯნონ“.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე