საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა:
,,საქართველოს თავდაცვის ძალები თავსებადია NATO-ს სტანდარტებთან და ამ კუთხით NATO-თან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
საქმით, ქვეყნისა და ხალხის ერთგულებით თქვენ არა ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ხართ ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრები. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე რთულ დროსაც კი თქვენ იდექით იქ, სადაც უნდა მდგარიყო ნამდვილი პატრიოტი და ქვეყანაზე გულანთებული ადამიანი – სამშობლოს, ოჯახის, თითოეული თანამემამულის სიცოცხლის, თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლის იმედების სადარაჯოზე.
საქართველოს უკიდურესად რთულ და დაძაბულ უსაფრთხოების გარემოში უწევს განვითარება. რუსეთის აგრესია უკრაინაში და ჩვენს რეგიონში არსებული არასტაბილურობა რეალურ და არსებით საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, მთელი ევროპისა და საერთაშორისო წესრიგისთვის.
შემაშფოთებელია ასევე, ჩვენი ქვეყნის ორ ისტორიულ რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობა და რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია, აგრეთვე ჰიბრიდული თავდასხმები და სხვა თანამედროვე გამოწვევები.
ეს განამტკიცებს ჩვენს რწმენას ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის სახელით კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას და თანადგომას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


