“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე პროცესების შეფასებისას, კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს ხელისუფლების მიმართ და აცხადებს, რომ “ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაპირისპირებაზე უარის თქმა, შიდა პოლიტიკური ანგარიშსწორება არჩია საერთო და ქვეყნის ინტერესს”:
“მიუხედავად ქართული საზოგადოების ერთსულოვნებისა და ეროვნული თანხმობისა, ქვეყნის ევროპულ კურსთან დაკავშირებით, ხშირად ჭირს ერთიანი პოზიციებით საერთაშორისო არენაზე პოზიციონირება, შიდა პოლიტიკური ჯიბრი აბრკოლებს სახელმწიფო ინტერესების განხორციელების პერსპექტივას. ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაპირისპირებაზე უარის თქმა, შიდა პოლიტიკური ანგარიშსწორება არჩია საერთო და ქვეყნის ინტერესს. არადა, ახლა, ყველაზე მეტად გვჭირდება პოლიტიკური ნების თავისუფლება, რომელიც საჭიროებს ღირსებას და გამბედაობას, რომ ცხვირწინ არ მოგვიჯახუნონ თაობების ნანატრი შესაძლებლობის ფანჯარა. ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, რომ ევროპულ ოჯახში ღირსეული, სისხლითა და მსხვერპლით მოპოვებული ადგილი დავიკავოთ. ამ საკითხში არ უნდა არსებობდეს პოზიცია და ოპოზიცია, როცა საქმე ქართველი ხალხის ურყევ ნებას ეხება, როცა ომში ვართ და როგორც საკუთარი, ასევე ჩვენი თავისუფლებისთვის დღეს მეგობარი ქვეყანა გაუტეხლად იბრძვის.
როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს და ეს აუცილებლად მოხდება, სასურველია მათგან ვისწავლოთ მაღალი პოლიტიკური კულტურა და ერთსულოვანი გადაწყვეტილებებით ხელმძღვანელობის მაგალითები.
როცა ომში ხარ, ამ დროს, პოზიცია და ოპოზიცია მხარდამხარ, უდრეკად და უკანდაუხევლად იბრძვის.
საუბედუროდ, რომ არა ხელისუფლების ნაწილზე მტკიცედ შემოჭერილი რუსული საცეცები და კერძო ინტერესები, ალბათ ევროპული სახელმწიფოს აშენებას ჩვენც შევძლებდით. დღეს ამ ამოცანას “ქართული ოცნება” წინ ეღობება…” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

