საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში განცხადებებზე, უცხოეთში ვიზიტების განხორციელებასთან დაკავშირებით. მმართველი გუნდის ლიდერი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვალდებულებაა, რომ დაიცვან კონსტიტუცია და საგარეო ვიზიტები შეათანხმოს მთავრობასთან:
,,მე აღარ გავიმეორებ იმას, რაც ჩვენი პოლიტსაბჭოს წერილში იყო ახსნილი და განმარტებული. ერთს დავამატებდი, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს გვევალება, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რომ პატივი ვცეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი ანუ კონსტიტუცია.
რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ თემებზე გვიწევს საუბარი მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას ამდენი გამოწვევა, პრობლემა აქვს – იქნება ეს სოციალურ-ეკონომიკური, ტერიტორიული თუ რეგიონში მიმდინარე ძალიან რთული პროცესები.
ამ დროს გვიწევს ჩვენ საუბარი ისეთ საკითხებზე, რომლებიც არის განმარტებული, ცხადი და ნათელი. ამ ყველაფერს განმარტავს საქართველოს კონსტიტუცია.
როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი.
მე მინდა ვარაუდი გამოვთქვა, რომ იგი ამ გაურგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა და კითხვებიც მოიხსნება.
საქართველოს კონსტიტუცია განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია საკითხი შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან და მთავრობა გასცემს თანხმობას ან ეუბნება უარს ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


