“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი საზოგადოებას აცნობებს, რომ სოც.ქსელებში მიმდინარეობს გამოკითხვა პარლამენტში მის შესვლასთან დაკავშირებით და შესვლის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მმართველ პარტიას ჰპირდება, რომ სიმშვიდეს დაურღვევს:
“მსოფლიომ იცის, რომ წელიწადზე მეტია პარლამენტში შეტანილი მაქვს განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე, რადგანაც რეჟიმმა გააყალბა არჩევნები, მიითვისა ძალაუფლება, თავზე გადაგვახია ნება ჩვენი და არ მიწყვიტავენ უფლებამოსილებას. საკმარისი იყო დაგვეწყო სოც.ქსელებში გამოკითხვა – შევიდეთ თუ არა პარლამენტში, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია შელაგდა და აზრი დაკარგა ბოიკოტმა, მაშინვე გაახსენდათ სხდომების გაცდენები და შესაბამის კომიტეტში უფლებამოსილების შეწყვეტაზე დაიწყეს მსჯელობა.
ეს, ერთის მხრივ, იწვევს დიდ სიხარულს, რადგან ოლიგარქულ რეჟიმს პათოლოგიურად ეშინია ჩვენი, ეშინია იმ სიმართლის, რასაც მარტო აქედან კი არ გაიგებს, თუ მივიღებთ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას, იქ პირდაპირ ვეტყვით სათქმელს და ვამხელთ მათ დანაშაულებრივ პოლიტიკას, რამაც ქვეყანა დაცალა და გაანადგურა. მეორეს მხრივ კი იწვევს გულისტკივილს ის ინტელექტუალური სიჩლუნგე, რაც ქვეყნის მმართველთა ამ დაჯგუფებას გააჩნია, როდესაც მთელ მსოფლიოში პოლიტიკური ბოიკოტი დეპუტატისათვის ითვლება ნორმალურ მდგომარეობად და არ შეიძლება ეს ჩათვალო არასაპატიოდ, მით უმეტეს, ამის გამო დაიწყო მსჯელობა უფლებამოსილების შეწყვეტაზე.
თუმცა, აქ ყველაფერი მოსულა და რა თქმა უნდა, აქ მოსულა ისიც, რომ პარლამენტი იყოს ერთპარტიული და იქ მათ არავინ შეუშალოს ხელი, მათი სიმშვიდე არავინ დააღვიოს. მაგრამ ვპირდებით, სიმშვიდეს დავურღვევთ კი არა, გუდა-ნაბადს ავაკრეფინებთ უკანონოდ დაკავებული კაბინეტებიდან.
აქვე გვინდა განვაცხადო, რომ ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება, ჯერ მიდის გამოკითხვა სოციალურ ქსელებში და შიშისგან ნახეთ რა ყმუილი ატეხეს და წარმომიდგენია, ახლა თუ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლაზე, რა დაემართებათ ამ ბატონებს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

