,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მონახულების შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად ინარჩუნებს კარგ პოლიტიკურ მდგომარეობას:
,,აშკარად საჭიროებს მკურნალობას და რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის პროცესი, ჩემი აზრით, ბევრად უფრო ინტენსიურად უნდა მიმდინარეობდეს. ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩართულობა უცხოელი ექიმების, რომლებსაც ველოდებით, რომ ჩამოვლენ.
გადაადგილებაც უჭირს ფიზიკურად, სუსტადაა, მაგრამ პოლიტიკური ფორმა, როგორც ყოველთვის, – მიხეილ სააკაშვილი იმყოფება კარგ პოლიტიკურ მდგომარეობაში. ის აკვირდება ყველა პროცესს.
სოლიდარობას უცხადებს ყველა ადამიანს, ვინც შიმშილობა გამოაცხადა გუშინ. ძალიან ნერვიულობს და განიცდის ამ ადამიანებზე, ამავედროს აღფრთოვანებულია მათი თავგანწირვით და დარწმუნებულია, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად ჩვენი და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება!
ყველა იმ ადამიანს უხდის მადლობას, ვინც მას მიულოცა გუშინ დაბადების დღე! განსაკუთრებული მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მეშვეობით მიულოცა მას დაბადების დღე და რომელიც აქტიურად არის ჩართული მისი გათავისუფლების საქმეში”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


