ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართვს:
“ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთმა“ საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური მიმართვით სთხოვა, მათი მანდატის ფარგლებში, შეისწავლონ დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ფინანსური, ადმინისტრაციული და სამართლებრივი ზეწოლის ფაქტები.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ „თრიალეთმა“ საკუთარი უფლებების დასაცავად არაერთხელ მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს, საპარლამენტო კომიტეტებს, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, სახალხო დამცველს, სასამართლოს, პროკურატურასა და სხვა სახელმწიფო უწყებებს, თუმცა დღემდე ვერ მიიღო ეფექტიანი სამართლებრივი დაცვა და საქმის დამოუკიდებელი შეფასება.
მიმართვის თანახმად, მოქმედი ინკასოს პირობებში „თრიალეთმა“ დაკარგა შესაძლებლობა, სრულყოფილად ესარგებლა საბანკო ანგარიშებით, დაეფარა თანამშრომელთა ხელფასები და მაუწყებლობისთვის აუცილებელი ყოველდღიური ხარჯები. შედეგად, შეწყდა სატელიტური მაუწყებლობა, თანამშრომლების ნაწილი თვეების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე მუშაობდა, ხოლო ამჟამად კომპანია შემცირებული სამუშაო რეჟიმით აგრძელებს საქმიანობას.
კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ უარყოფს საგადასახადო დავალიანების არსებობას და არც განსაკუთრებულ შეღავათს ითხოვს. მათი განცხადებით, ერთადერთი მოთხოვნაა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვა და იმავე სამართლებრივი მექანიზმებით სარგებლობის შესაძლებლობა, რომლებიც სახელმწიფომ სხვა მედიასაშუალებების მიმართ უკვე გამოიყენა.
საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილ მიმართვაში „თრიალეთი“ ითხოვს წარმოდგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლას, მათი შესაბამისობის შეფასებას მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის საერთაშორისო სტანდარტებთან, საქმის მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციებისა და საჯარო პოზიციის გამოხატვას.
კომპანია აცხადებს, რომ მზად არის საერთაშორისო ორგანიზაციებს წარუდგინოს საქმის შესწავლისთვის საჭირო ყველა დამატებითი დოკუმენტი, სასამართლო მასალა, ოფიციალური კორესპონდენცია და სხვა მტკიცებულებები“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

