ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, ამ ბოლო პერიოდში გახშირებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით, კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს და პუბქტობრივად გამოთქვამს ვარაუდებს.
“რაში სჭირდება მმართველ პარტიას (პარტიას ვამბობ, თუმცა, როგორც საბჭოთა ბავშვებს გვასწავლიდნენ, პარტიაში ლენინი იგულისხმება) ამდენი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი?
ჩემი აზრით, ორი ძირითადი მიზეზი არსებობს:
ა) მუდმივ შიშში ამყოფოს კონფორმისტები, რათა მათ საკუთარი კომფორტის გარანტორის შეცვლა არც კი მოისურვონ;
ბ) გამოიყენოს ისინი „დიფ სთეიტთან“ ან სხვა გარე აქტორებთან პოლიტიკური ვაჭრობის ინსტრუმენტად.
არსებობს მესამე მიზეზიც, თუმცა ის უფრო სუბიექტურია და ერთ-ერთ სამეცნიერო დისციპლინაში კონკრეტული სახელიც აქვს. საუბარია მდგომარეობაზე, როდესაც სუბიექტი ემოციურ კმაყოფილებას იღებს:
– ადამიანის დამცირებითა და ღირსების შელახვით;
– ძალაუფლების დემონსტრირებით;
– სხვისი შიშის, უმწეობისა და სისუსტის ხილვით;
– ფსიქოლოგიური ჩაგვრითა და კონტროლით.
ასეთ შემთხვევაში პატიმარი მხოლოდ პოლიტიკური ან სამართლებრივი კატეგორია აღარ არის — ის ხდება ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ძალაუფლება საკუთარ თავს არწმუნებს, რომ შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს და შეუძლია ადამიანის ბედის, თავისუფლებისა და ღირსების განკარგვა.
უბრალოდ, პარტიამ ერთი რამ ვერ გაიგო: ვინც დღეს „ზის“, მათთვის ღირსება უმაღლესი კატეგორიაა. სწორედ ამიტომ არ ემორჩილებიან სუბიექტის სურვილებსა და განზრახვებს. მათ შეიძლება წაართვა თავისუფლება, მაგრამ ვერ აიძულებ უარი თქვან იმაზე, რასაც საკუთარ ღირსებად, სიმართლედ და მოვალეობად მიიჩნევენ.
თავისუფლება სინდისის ტყვეებს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!” – წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.

