ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური აქტიურობის შესახებ წერს და საზოგადოებას უყვება იმ რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობის შესახებ, რასაც იგი შეეჭიდა და ამ რეჟიმში განსაკუთრებით 2024 წლის 28 ოქტომბრიდან ცხოვრობს:
“ჩქარი ნაბიჯით! (ქალი პოლიტიკოსის ყოფა ჩემს მაგალითზე).
როცა თბილისში ან რეგიონში ღონისძიებას თუ რაიმე აქტივობას ვგეგმავ, ვმუშაობ შინაარსზე, სცენარზე. ამავე დროს, ვითავსებ პრესსამსახურის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის ფუნქციებს, ვაგვარებ ლოჯისტიკას, ტრანსპორტირებასა და ჯავშნებს.
საჭიროების შემთხვევაში, ჩემი პასუხისმგებლობაა მოსაწვევის თუ ბანერის დიზაინის საბაზისო დონეზე მომზადება, დაბეჭდვა, მიტანა-მოტანა, მონაწილეებთან და მოხალისეებთან კომუნიკაცია, უსაფრთხოების კონტროლი. შემდეგ უკვე აქტივობის ამსახველი კონტენტის შექმნა და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე განთავსება.
ამას ემატება მესენჯერის წერილებსა და ზარებზე პასუხი იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც კითხვები აქვს ან კონსულტაცია სჭირდება, და, თუ დრო და ენერგია მყოფნის, კომენტარებზე გამოხმაურებაც.
ასევე მნიშვნელოვანია სატელევიზიო გადაცემებისთვის მომზადება — როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად.
ამ ყველაფერთან ერთად, მუდმივად უნდა ეცადო, რომ პირად კომუნიკაციაში, ჩატებსა თუ საქმიან შეხვედრებზე პოზიტიურად იპოზიციონირო და არავის აწყენინო იმდენად, რომ თანამშრომლობას საფრთხე შეუქმნა. ესეც, სხვათა შორის, საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ საკუთარ თავს ხშირად უნდა შემოუძახო — უნდა გაუძლო, არ უნდა გატყდე და საჯაროდ არ აჩვენო წუხილი, რათა სხვების დემოტივირება არ გამოიწვიო.
ამავე დროს, რეპრესიების, ჯარიმებისა და ფინანსური რესურსების სიმწირის პირობებში, მუდმივად უნდა ზრუნავდე, რომ საქმიანობის გასაგრძელებლად საჭირო მინიმალური რესურსი მაინც მოიძიო და არ გაჩერდე.
აქაც ზომიერებაა საჭირო — ზედმეტად არავინ უნდა შეაწუხო, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ წინსვლა ვერ ხერხდება, იძულებული ხდები, უფრო აქტიურად სთხოვო მხარდაჭერა ჩვეულებრივ ადამიანებს.
უიმედობასაც არ უნდა მისცე უფლება, რომ შემოგიტიოს. უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. (სხვათა შორის, ახლა ზუსტად ამ ეტაპზე ვარ 😊)
ამ ყველაფრის პარალელურად არის ოჯახი, ბავშვები, საჯარო ბაღი და სკოლა თავისი ყოველდღიური გამოწვევებით. საოჯახო საქმეებს აღარ ჩამოვთვლი — როგორც ბევრი ქალის შემთხვევაში, მეც მიწევს უხილავი საშინაო შრომა… (დედაჩემის მხარდაჭერაც შეუფასებელი და აღსანიშნავია).
ცალკე უნდა ითქვას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბაზარში თუ მარკეტში ყოფნისას მოქალაქეებთან ურთიერთობა, მათი ისტორიების, პრობლემებისა და წუხილების მოსმენა.
დიახ, მოსმენის უნარი ცალკე საჭიროებაა. ხოლო მოსმენილის გააზრება, გადამუშავება და მასთან გამკლავება — ცალკე პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ემპათიური ადამიანი ხარ.
ხშირად მეკითხებიან: „ამდენს როგორ ასწრებო?“
პასუხი მარტივია — დროის ეკონომიას ვაკეთებ ყველაფერზე, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელი არ არის.
ამ რეჟიმში განსაკუთრებით 2024 წლის 28 ოქტომბრიდან ვცხოვრობ და ასე ვიქნები მანამ, სანამ საჭირო იქნება. იმიტომ, რომ არ მინდა სამშობლოდან წასვლა. მინდა, აქ ჰქონდეს ხალხს ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა. ვზრუნავ ჩემი შვილების და, ზოგადად, საქართველოს ბავშვების მომავალზე.
ამიტომ ზუსტად ვიცი: დრო, რომელსაც ახლა ვაკლებ საკუთარ თავს, ოჯახს და ბევრ სხვა რამეს, აუცილებელია. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა.
ჩემს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს“, – წერს თეონა ჭალიძე.

