“ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:
“როგორ შევაფასოთ “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის ფინანსური შედეგები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით? გაიზარდა თუ იკლო?
ამ გარიგებით ქვეყნის ფინანსურ სექტორში მოხდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება. “ლიბერთიბანკიდან” ჰოლანდიელი ინვესტორი გავიდა, ფული გაიტანა, იგი ჩაანაცვლა ჩინურმა, მაგრამ ფული, რომელიც ჩინურმა მხარემ გადაიხადა, აღებული იქნა “თბს ბანკიდან”. “ჰუალინგმა” თითქმის მთელი თავისი უძრავი ქონება (სასტუმრო, სავაჭრო მოლი, მიწა და ასე შემდეგ) ჩადო გირაოში (“თბს ბანკში”).
“ლიბერთი ბანკის” ადგილობრივი სესეხით შეძენა ნიშნავს იმას, რომ ეს რესურსი აღარ მიდის ადგილობრივ ბიზნესებზე — ანუ მცირდება საკრედიტო ხელმისაწვდომობა როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი კომპანიებისთვის.
ამ გარიგების დადებით მხარედ ფინანსური კუთხით შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ შერწყმის შედეგად ბაზარზე გაჩნდება შედარებით მსხვილი ბანკი (საბანკო აქტივების დაახლოებით 10 პროცენტის ფლობით), რაც გარკვეულწილად გაზრდის კონკურენციას. მიუხედავად ამისა “საქართველოს ბანკისა” და “თბს ბანკისათვის” ჯერ-ჯერობით ამ კუთხით ბევრი არაფერი იცვლება, ამ ახალი ბანკის სპეციფიკურ სეგმენტში ოპერირების გამო“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

