ხუთშაბათი, მაისი 2, 2024

ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა არის გეგმა – “უკან მომავალში”, რომელსაც მივყავართ ისევ და ისევ არადამაკმაყოფილებელ, მაჩანჩალა წარსულში – ანა დოლიძე

ჩვენ წინაშეა ორი რეალობა, ერთი ხელისუფლების შემოთავაზება “უკან მომავალში“ და მეორე ამბიცია, რომ გვჭირდება ეკონომიკური ნახტომი,“ – ეს განცხადება იურისტმა ანა დოლიძემ გააკეთა და ხელისუფლებას მოუწოდა დადოს ამბიციური გეგმა, რომელიც ორიენტირებული იქნება ეკონომიკურ ნახტომზე, რომ საქართველომ მესამე მსოფლიოს მომსახურე ქვეყნიდან გადაინაცვლოს განვითრებულ სახელმწიფოთა რიგებში.

„როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე დიდი მონდომებით ველოდებოდი ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას ჯერ და შემდეგ პოსტკრიზისულ გეგმას, რომელიც დაანონსდა ამ დღეებში. ის გეგმა, რომელიც ხელისუფლებამ წარადგინა, რომელიც აქცენტირებულია სოფლის მეურნეობასა და ტურიზმზე არის გეგმა, რომელსაც მე ვუწოდებდი „უკან მომავალში“.

  • ეს არის გეგმა, რომელიც სთავაზობს ჩვენს მოსახლეობას ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ცხოვრების მანძილზე დავრჩეთ მესამე მსოფლიოს მომსახურე ქვეყნად.
  • ეს არის გეგმა, რომელსაც არ აქვს ამბიცია, რომ ჩვენ გავაკეთებთ ნახტომს და თუნდაც ჩვენი ან ჩვენი შვილების ცხოვრების მანძილზე გადავალთ პირველი მსოფლიოს განვითარებული სახელმწიფოების რიგებში.
  • ეს გეგმა გვტოვებს ჩვენ იმ რესურსების ამარა და იმ განვითარების ხედვის ამარა, რომელიც დამახასიათებელია მესამე მსოფლიოს მაჩანჩალა, განვითარებადი მხოლოდ და მხოლოდ მომსახურებაზე ორიენტირებული ქვეყნებისთვის.

რა შედეგი მოგვიტანა ტურიზმზე დამოკიდებულებამ უმეტეს წილად ეკონომიკის, ჩვენ უკვე ვნახეთ ამ ვირუსის დროს, როდესაც, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს წარმოება, არ გვაქვს მეცნიერება, არ გვაქვს მაღალი ტექნოლოგიები, ფაქტობრივად მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დარჩა მშიერი.

ეს გეგმა არის გეგმა „უკან მომავალში“ რომელსაც მივყავართ ისევ და ისევ არადამაკმაყოფილებელ, მაჩანჩალა წარსულში.

რა გვჭირდება ჩვენ დღეს?! – ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ნახტომი. მთელი მსოფლიო დღეს ფიქრობს როგორ გამოიყენოს ეკონომიკური განვითარებისა და გარღვევისთვის კოვიდის კრიზისი. როგორ გააკეთოს მეტი ინვესტირება ტექნოლოგიურ განვითარებაში, კვლევებში, სამედიცინო ინდუსტრიაში, წარმოებაში, როგორ გადმოიბიროს და მოიზიდოს ის კომპანიები, რომლებიც ტოვებენ ჩინეთს. ეს უზრუნველყოფდა ჩვენ შემთხვევაში იმას, რომ საქართველო, თუნდაც ჩვენი შვილების ცხოვრების მანძილზე, გახდებოდა პირველი მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოთა ნაწილი,“ – აცხადებს ანა დოლიძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული