ხუთშაბათი, მაისი 2, 2024

რატომ დუმს განათლების მინისტრი?! – ნანა ტოხვაძე

“ახალი საქართველოს” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი სფეროში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და მოსწავლე-ახალგაზრდობის, სტუდენტებისა თუ პედაგოგების ინტერესებიდან გამომდინარე განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელისგან კონკრეტულ შეკითხვებზე შესაბამის პასუხებს მოითხოვს:

“განათლების სისტემის გარშემო გაჩენილი მრავალრიცხოვანი კრიტიკული შეკითხვის მიუხედავად, განათლების მინისტრი ჯიუტად დუმს. პასუხისმგებელ სამინისტროსა და საზოგადოებას შორის აშკარად კომუნიკაციის დეფიციტია. სამწუხაროდ, ბატონი მიხეილ ჩხენკელი თავს ანგარიშვალდებულად მხოლოდ  პოლიტიკურ „ზემდგომებთან“ თვლის და არა განათლების სისტემაში ჩართულ მხარეებთან.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საჯარო ინფორმაციის მიღება შეზღუდულია. ამ დროს კი მინისტრი თავს არ გრძნობს  ანგარიშვალდებულად საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია. ამ ეტაპზე ღიადაა დარჩენილი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა:

1) რა პირობებში ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელსაც დაახლოებით 39 000 რეგისტრირებული აბიტურიენტი მოულოდნელად ელის;

2) უცნობია, იგეგმება თუ არა რაიმე ტიპის დახმარების სახელმწიფო პროგრამა  148 000-ზე მეტი (2018წ. მონაცემი) უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ფინანსური შეღავათების ან სწავლის საფასურის სუბსიდირების მიმართულებით. მით უფრო, როდესაც 2018 წლის მონაცემებით, სტატუსშეჩერებული 46 000-ზე მეტი სტუტენტის 33%-ს სწორედ ფინანსური დავალიანების გამო ჰქონდა   შეწყვეტილი უმაღლესი  განათლების მიღება;

3) ასევე, უცნობია 29 000-მდე მასწავლებლის ბედი, რომელთაც წელს ბოლო შანსი ეძლეოდათ პროფესიული კომპეტენციის დასადასტურებლად და სტატუსის ასამაღლლებლად.

ორ კვირაზე მეტი გავიდა პრემიერ-მინისტრ გახარიას განცხადებიდან და არც მთავრობას, არც ცალკე განათლების სამინისტროს ჯერაც არ წარმოუდგენია დაანონსებული პრეზენტაცია განათლების სისტემის ამუშავების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, როგორც დისტანციურ სწავლებაში ჩართული ან მის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების რაოდენობა, ასევე, სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი მოსწავლე ესწრება გაკვეთილს ყოველდღე ინტერაქტიულ რეჟიმში.

გაამართლა თუ არა საკმაოდ ძვირადრირებულმა პროექტმა „ტელესკოლამ“ (იგი თავისთავად კარგი წამოწყებაა, როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა), რომელიც სასკოლო გაკვეთილების ალტერნატიულ ინსტრუმენტად მოიაზრება?

პროექტი 30 მარტს დაიწყო და დღემდე განათლების სამინისტროს საზოგადოებისთვის არ წარმოუდგენია არცერთი პარამეტრი პროექტის ეფექტიანობაზე, რამდენად ხელმისაწვდომია ეს რესურსი მოსწავლეთათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით,” – აღნიშნავს ნანა ტოხვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული