ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

სექტორული თვალსაზრისით პირველი იქნება ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მშენებლობის და სამშენებლო კომპანიების მხარდაჭერა, განათლება – გიორგი გახარია

ანტიკრიზისულმა საბჭომ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. მთავრობის გაფართოებულ შეხვედარზე განიხილეს ეკონომიკის გახსნის, ასევე ქალაქებს შორის მიმოსვლის აღდგენის საკითხი და როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა ამ შეხვედრის ყველაზე მთავარი მიზანი და მიზეზი ტურიზმის მხარდაჭერაა. გაკეთდა განაცხადა იმასთან დაკავშირებითაც, რომ 11 მაისს გაიხსნება თბილისი, 14 მაისს რუსთავი, ხოლო 18 მაისს მარნეული:

ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ყველაზე მთავარი მიზანი და მიზეზი გახლავთ ტურიზმის ანტიკრიზისული მხარდაჭერის და ტურიზმის როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის გახსნის გეგმის განხილვა. ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები.

ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ უვე 3-4 თვეა ვიბრძვით ორ ფრონტზე ერთდროულად. პირველი გახლავთ მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ხოლო მეორე ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა, ეკონომიკის წინსვლა და ეკონომიკის ეფექტური გახსნა.

თითოეულ ჩვენგანს მოეხსენება, რომ უკვე დაწყებულია გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის, როგორც ტურისტების მოზიდვის მხრივ, ასევე შემდგომი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს, როგორც დარგს, აამუშავებს უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა იმ სტანდარტებისა და უსაფრთხოების დაცვით, რომლის სახითაც ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება რეკომენდაციები ტურიზმის საერთაშორისო მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან.

მინდა გაგახსენოთ, ჩვენი ანტიკრიზისული ქმედებების პირველი ნაბიჯი გახლავთ დაკავშირებული სწორედ ტურიზმთან. ტურიზმი არის ის დარგი, რომელმაც მიიღო ყველაზე მძიმე და პირველი დარტყმა კრიზისის გამო და როცა აუცილებელი იყო ცეცხლის ჩაქრობა შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ სექტორს,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის სხდომაზე ასევე გიორგი გახარიამ დააანონსა მომდევნო პრეზენტაციების შესახებ, რომელიც შეეხება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას, განათლებას და მშენებლობის და დეველოპმენტის მხარდაჭერის პრეზენტაციებს.

ჩვენ გადავდივართ პოსტკრიზისული ეკონომიკის მართვის ეტაპზე. დღეს, განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ სექტორულ მიმართულებას. სექტორული თვალსაზრისით პირველი იქნება ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა და ფერმერების მხარდაჭერა, შემდგომ – დეველოპმენტის, მშენებლობის და სამშენებლო კომპანიების მხარდაჭერა და შემდგომ – განათლება.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ შეზღუდვების შემსუბუქების 6-ეტაპიანი გეგმა და ამასთან პარალელურად ეკონომიკის ამოქმედების გეგმა. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ უფრო სწრაფად. ეს მხოლოდ და მხოლოდ ზრდის პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანის, მოქალაქეების, ბიზნესოპერატორების და ხაზგასმით აღვნიშნავ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებისთვის.

ჯანდაცვის სექტორის ხარისხიანი მუშაობა მაშინ, როცა ჩვენ ვიწყებთ შეზღუდვების შემსუბუქებას და ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

აქვე მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ყველას კარგად და ხშირად გვესმის გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ იმის მიუხედავად, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე – ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ეკონომიკის ფრონტზე – დღეს ეკონომიკა არის პრიორიტეტის ნომერი ერთი ეს არის შემოსავალი თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახში და აქ ყველანი ვალდებულები ვართ, რომ კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ.

ამ თვალსაზრისით, მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რომ დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომლებიც ვირუსმა და პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანა: სოციალური დისტანცია, პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის წესები – ამ წესების მკაცრი დაცვა მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად გავხსნათ ეკონომიკა და ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები გლობალურ კონკურენციაში, რომელიც მოგვიწევს როგორც იმ ბრძოლაში, რომელიც სულ ახლო პერიოდში დაიწყება ტურიზმისთვის, ისე ეკონომიკის განვითარების თითოეულ სექტორში.

11 მაისიდან სრულად გაიხსნება თბილისი, მოგეხსენებათ თბილისი იყო ჩაკეტილი ქალაქი, 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს სრულად გაიხსნება მარნეული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ გაუქმდება კომენდანტის საათი,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული