ჭიათურელი მაღაროელების 270-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეები 25 ნოემბერს 14:00 საათზე თბილისში აქციას გამართავენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან:
“2024 წლის ნოემბრიდან მაღაროებში სამუშაოების გაჩერების შედეგად ჭიათურაში ჰუმანიტარული კრიზისი დადგა. 3000-ზე მეტი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. 28 თებერვლიდან ჭიათურაში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები “ჯორჯიან მანგანეზის” გადაწყვეტილებების წინააღმდეგ.
ჭიათურელები ითხოვდნენ:
✅ ღირსეულ სამუშაო პირობებს;
✅ საწარმოების ნაციონალიზაციას;
✅ ჭიათურის განვითარების ფონდის შექმნას.
2025 წლის გაზაფხულზე მაღაროელების ზურგს უკან, სამინისტრომ და კომპანიამ, მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებმაც მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა:
🔴 კომპანიის ხელმძღვანელად დაინიშნა რუსეთის მოქალაქე – ოლიგარქი მიხაილ სოცკი;
🔴 გამოცხადდა უკანონო რეორგანიზაცია;
🔴 სამსახურიდან გაათავისუფლეს 1500-ზე მეტი მშრომელი.
***
✊ ჭიათურელების შეუპოვარი ბრძოლის ჩასახშობად 29 აპრილს დააკავეს პროტესტის 4 მონაწილე: მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგიზ გველესიანი. ისინი დღემდე უკანონო და უსამართლო პატიმრობაში იმყოფებიან.
270 დღეა ჭიათურელები გადარჩენისთვის იბრძვიან და პასუხად ხელისუფლებისგან მხოლოდ ცინიკურ დუმილს და თანამებრძოლების უკანონო პატიმრობას იღებენ.
მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ვუერთდებით ჭიათურელების აქციას და სოლიდარობას ვუცხადებთ მათ ამ ბრძოლაში“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

