„ჩვენ რომ მაშინ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა, სანქციებს მივერთებოდით, დღეს ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა გვექნებოდა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, დღეს, ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის საკითხით აშანტაჟებენ.
„სამწუხაროდ, შანტაჟი გრძელდება, რაც ძალიან ცუდია და გუშინ არ დაწყებულა. საქართველო არის ზეწოლის ქვეშ და ამას აქვს თავისი ახსნა, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან. დღეს, ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის საკითხით აშანტაჟებენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი იქნება. პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ მზადაა ჩავიდეს ბრიუსელში და არგუმენტები მოისმინოს, თუ რატომ წარმოადგენს აღნიშნული კანონები პრობლემას. ჩვენ ამ დრომდე ერთი არგუმენტიც არ მოგვისმენია.
გამჭვირვალობის კანონები მოქმედებს ამერიკაში, ევროპაში. ევროპარლამენტიც მუშაობს ამ ტიპის კანონის მიღებაზე. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია.
დღეს, ჩვენ ქვეყანას ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს იცავს. როცა ჩვენ პირდაპირ კაბინეტებში გვემუქრებოდნენ, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა, სანქციებს მივერთებოდით, ჩვენ რომ მაშინ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა გვექნებოდა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ იმიტომ აგვირჩია, რომ, პირველ რიგში, დავიცვათ საქართველოს ინტერესი და არა გარედან ნაკარნახევი ბრძანებები ვასრულოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს