საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “საქართველოს უნივერსიტეტთან” დაკავშირებით ტვ “იმედზე” გასულ რეპორტაჟს ეხმაურება და მიაჩნია, რომ უნივერსიტეტზე მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა:
“დიქტატურას შეტევა მიაქვს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ უმაღლეს სასწავლებელზე “საქართველოს უნივერსიტეტზე”.
ამ შეტევას აქვს რამდენიმე მიზანი:
პირველი – გააჩუმოს თავისუფლად მოაზროვნე მძლავრი ინტელექტუალური ცენტრი. საქართველოს უნივერსიტეტის პედაგოგები და სტუდენტები ძალიან აქტიურები არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საპროტესტო აქციებზე.
მეორე ეს არის რევანშის მცდელობა ძველი კორუმპირებული საგანმანათლებლო სისტემის მხრიდან;
და მესამე – ეს არის მორიგი შეტევა ჩემზე, ვინაიდან უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი დედაჩემი გიული ალასანიაა. ეს უნივერსიტეტი ქართულ მხარესთან ერთად დააარსა ამერიკულმა ბანკმა – “OPIC” (Overseas Private Investment Corporation), შესაბამისად ეს ყველა მოქმედება არის მიმართული ამერიკის წინააღმდეგაც.
ივანიშვილმა უკვე ერთხელ სცადა “თავისუფალი უნივერსიტეტის” გაჩუმება, კახა ბენდუქიძის განეიტრალების მიზნით. კახა მძიმედ განიცდიდა მის დაფუძნებულ უნივერსიტეტზე შეტევას და ეს იყო მისი უდროო გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ ყველას ვერ დაგვხოცავენ, სინათლისა და სიბნელის ბრძოლაში, სინათლე და თავისუფლება გაიმარჯვებენ!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.