“დადგა დრო, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა სამუდამო თქვას: ჩვენ ვართ ღირსეული ქართველი ერი და ვიმსახურებთ ევროკავშირში წევრობას და ვიქნებით ღირსეული ღირსეულთა შორის”, – ამის შესახებ “ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აგარაში მოსახლეობსთან შეხვედრისას განაცხადა.
ვაშაძის თქმით, “ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, რომელიც მოსახლეობის ყველა ფენისთვის არის გათვლილი:
“არცერთი ნაბიჯი უკან, ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს დიდი პასუხი უნდა გასცეს ამ მავნებელ ძალას. ჩვენი ამოცანაა მოვიშოროთ ივანიშვილი, წავიდეთ ევროკავშირისკენ და მოვიზიდოთ ის 14 მილიარდი, რომელიც გამზადებულია საქართველოსთვის.
14 მლრდ, რომელმაც წარმოება უნდა განავითაროს საქართველოში, 14 მლრდ, რომელმაც სოფლის მეურნეობა უნდა განავითაროს საქართველოში, 14 მლრდ, რომელმაც სოციალური პროექტები უნდა დაიწყოს. წარმოიდგინეთ ევროპული სტანდარტის განვითარება. აი ახლა აგარაში ვართ, წარმოიდგინეთ, რომ ახლა აქ ევროპული სტანდარტის მქონე საწარმო იყოს.
აქ იყო შაქრის წარმოება, აქ იყო შუშის და მინის წარმოება. ყველა ეს თანხა მოდის ევროკავშირიდან, ამიტომ გვინდა ევროკავშირი. ეს 14 მლრდ ევრო სწორედ იმ ფონდებიდან მოდის, რომელიც ანვითარებს მიმართულებების მიხედვით. რომელიც ანვითარებს განათლებას, სოფლის მეურნეობას და ჩვენ ვამბობთ, რომ დადგა დრო დავიწყოთ აღმშენებლობა და წავიდეთ წინ. უარი ვთქვათ სტაგნაციაზე, რომელიც ახლა არის ქვეყანაში.
დადგა დრო, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა სამუდამო თქვას: ჩვენ ვართ ღირსეული ქართველი ერი და ვიმსახურებთ ევროკავშირში წევრობას და ვიქნებით ღირსეული ღირსეულთა შორის. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან მძიმე რეალობა დაგვიყენა.
საქართველოში ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ მტერი დაეუფლებოდა ხელისუფლებას და გააყალბებდა ქართველი ხალხის ნებას. ისე გათავხედნენ, რომ დღისით, მზისით გამოდიან და მთელი ერის წინაშე ბოდიშს უხდიან მტერს. ეს არის ჩვენი, ქართველი ერის შეურაცყოფა. ქართველ ხალხს ბოდიში არ აქვს მოსახდელი, აქედან ვეუბნები ივანიშვილს. ჩვენ ვართ ღირსეული მრავალათასწლოვანი ერი, რომელიც თავის სიტყვას კიდევ იტყვის მთელ სამყაროში.
ლაშა ბაქრაძემ თქვა ევროპა იმიტომ გვჭირდება, რომ ქართველ კაცს სჭირდება მასშტაბი საკუთარი გენის, საკუთარი შემოქმედობითობის რეალიზებისთვის. ქართველებს იმდენი განათლებული და ნიჭიერი ადამიანი გვყავს, რომ არა მარტო საქართველოს, არამედ სომხეთს, მოლდოვას, უკრაინას, აზერბაიჯანს, თურქეთს და მთელ რეგიონსაც კი ეყოფა.
ჰოდა მივცემთ ამ ნიჭს გასაქანი, მივცეთ ახალგაზრდებს იმის შესაძლებლობა, რომ წინ წავიდნენ. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა რომელიც ეხება ყველას.
1000 ლარიანი პენსია ასაკით პენსიონრებისთვის, ვეტერანებისთვის და შშმ პირებისთვის. საპენსიო სესხების განულება და გაუქმება ერთხელ და სმუდამოდ, რასაც 1-ლი დეკემბირსთვის შევძლებთ. საპენსიო სესხის კაბალური პირობები აღარ შეაწუხებს პენსიონერს. ხელფასი 3500 ლარი იქნება, მინიმალური ხელფასი კი 1500 ლარი.
ასევე გვაქვს სოფლის დახმარების პროგრამა, ის ვინც ცხოვრობს სოფლად 300 ლარიანი დამხარება მიეცემა ბიუჯეტიდან, იმისათვის, რომ სოფელი არ დაიცლოს და სოფელში დარჩეს მაცხოვრებელი. ასევე მასწავლებლებისთვის გათვალისწინებული გვაქვს 2000 ლარიანი ხელფასი.
შობადობისა და დემოგრაფიის წახალისებისთვის 1 წლის განმავლობაში პირველ შვილზე თვეში 500 ლარი, მეორე 1000, მესამე 1500 ლარი და ასე შემდეგ. იმიტომ, რომ” ქართული ოცნება” ახლა გვამყოფებს დემოგრაფიულ კატასტროფაში. 20000-ით შემცირდა შობადობა საქართველოში.
მთავარია ერთად დავდგეთ და გავიმარჯვოთ”,- განაცხადა ვაშაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს