ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
13.6 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოლიტიკოსები პოლიტიკის გარეშეპოლიტიკოსები პოლიტიკის გარეშე: გიგი წერეთელი - არის ცხოვრებაში...

პოლიტიკოსები პოლიტიკის გარეშე: გიგი წერეთელი – არის ცხოვრებაში რაღაც მომენტები, რომელიც დაგაფიქრებს, როგორ უნდა გააგრძელო გზა, რა გზით უნდა იარო…

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი, სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში ,,პოლიტიკოსები პოლიტიკის გარეშე’’ საუბრობს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების შესახებ:

  • პოლიტიკის გარდა ცხოვრებაში რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

– მე მაინც მგონია, რომ პოლიტიკა არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი… ხალხს ასე ჰგონია, რომ რადგან დიდი ხანია ხარ პოლიტიკაში ეს არის ყველაზე დიდი რამ შენ ცხოვრებაში. ეს ნამდვილად ასე არ არის, პოლიტიკა არის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, იმიტომ, რომ საზოგადოების სამსახურია ეს და ჩემი აზრით, ეს არის განსაკუთრებული მისია, როდესაც გაქვს თან ეს ტვირთი და თან მეორეს მხრივ შესაძლებლობა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთო შენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის.

უფრო მნიშვნელოვანი პირადად ჩემთვის არის ოჯახი, იმიტომ რომ პოლიტიკის გამო ოჯახს არ ანებებენ თავს, მაგრამ პოლიტიკას შეიძლება ოჯახის გამო დაანებო თავი – ხუმრობით ვამბობ ამას. ნამდვილად ასეა ეს – ჩემი შვილები, მეუღლე შვილიშვილები და ის საკმაოდ დიდი წრე ჩემი უახლოესი ნათეავების და მე ბედნიერი კაცი ვარ, რომ ამ ხნის ასაკში მშობლები მყავს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ოჯახში დიდად პოლიტიკურ საქმიანობას არ წყალობენ და არავის არ უყვარს, განსაკუთრებით ჩემს შვილებთან მაქვს ძალიან ხშირი კამათი, უმცროსი შედარებით ნაკლებად, თუმცა უფროსთან წლები გრძელდება ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ ამ კამათშიც პოლიტიკასა და ოჯახს შორის, ოჯახს ვამჯობინებ და რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი რამ ცხოვრებაში და მერე სხვა.

  • თქვენი განვლილი ცხოვრებიდან რომელი მომენტი დაგამახსოვრდათ, რამაც შეცვალა თქვენი ცხოვრება?

– არის ცხოვრებაში რაღაც მომენტები, რომელიც დაგაფიქრებს, როგორ უნდა გააგრძელო გზა, რა გზით უნდა იარო… სხვადასხვა ეტაპზე ხდება ეს. რაღაც მომენტში, როდესაც სკოლას ამთავრებ და პროფესიას ირჩევ შეიძლება იყოს ისეთი მომენტი, რომელმაც განსაზღვროს მომავალში შენ ვინ უნდა იყო, რა პროფესიის უნდა იყო. შეიძლება ჩემთვისაც იყო ეს მაგალითად ახლობლის დაავადება, ფატალური შედეგი და სხვა რამაც შემდგომში დამაფიქრა იმაზე, რომ ექიმობა არის ის, რომელსაც მე ავირჩევდი და შეიძლება ამან განსაზღვრა ჩემი ცხოვრების გზის გარკვეული ნაწილი, როდესაც მე გავხდი ექიმი, გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი და ჩემთვის ეს სფერო ადამიანურად და პროფესიის თვალსაზრისითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამან ძალიან ბევრი რამ მომცა იგივე შემდეგ სხვა საქმიანობაში, რაც მადგება, რომ ვიყო უფრო ადამიანური. მე მიმაჩნია, რომ ექიმი ასეთი უნდა იყოს და ეს სახე შეიძლება პოლიტიკაშიც შეინარჩუნოს ადამიანმა.

ცხოვრებას გიცვლის მაგალითად ოჯახის შექმნა, როდესაც კონკრენტულ ადამიანს უკავშირებ შენი ცხოვრების დიდ ნაწილს, შემდეგ ჩნდებიან შვილები, რომლებიც გისაზღვრავენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, როგორც უკვე მამას, შენ აღარ გაქვს ბევრი რამის უფლება და ამანაც შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს.

პოლიტიკურად მაგალითად, ძალიან მძიმე პერიოდი იყო ჩემი თაობისთვის დამოუკიდებლობის მოპოვება და ის პერიოდი, როდესაც ეროვნული მოძრაობა იყო, როდესაც 9 აპრილი მოხდა და ა.შ. ამან რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტიკურ ცნობიერებას აბსოლუტურად სხვა სტიმული მისცა და სწორედ მაშინ იყო ყველაზე მწვავე შეგრძნება, შენი ქვეყნის გადარჩენის, მისი მომავლის, მისი დამოუკიდებლობის.

შედარებით უფრო ადრე მახსენდება 1978 წელს მე სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც ქართული ენის საკითხი იყო და მახსოვს მაშინ სკოლა მივატოვე და უნივერსიტეტის ბაღში წავედით, რომ შევერთებოდით ენის დაცვის ამ ძალიან დიდ ტალღას. მაშინ ჩემთვის გაცნობიერებული არ იყო, რომ ამას შეეძლო ჩემთვის პოლიტიკური ენერგია მოეცა. მაშინ როგორც პატარა ასაკის მოქალაქე ჩავერთე ამ დიდ საქმეში. დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ძალიან ბევრი რამ განსაზღვრა ჩემს სამომავლო პოლიტიკური მენტალობის ჩამოყალიბებაში.

უკვე რაც ევროპულ მომავალს ეხება, ის რომ ევროპა ყოველთვის მოგვწონდა და ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე 14 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ევროპაში მოვხვდი, მაშინ ძალიან იშვიათობა იყო, ეს იყო პოლონეთი და მაშინ პირველად შევხვდი გაცილებით შეუდარებლად დიდ თავისუფლებას, იმასთან სედარებით, რაც მაშინ იყო საბჭოთა კავშირში და რა თქმა უნდა ამან ევროპული მისწრაფებების მიმართებებითაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მომავალში ბევრი ასეთი მოვლენა იყო, მაგალითად ბერლინის კედლის დანგრევა იყო დიდი მოვლენა, რომელმაც ჩემი აზრით ყველა დაარწმუნა, რომ მხოლოდ იმ თავისუფალ სივრცეში, თავისუფალ, ადამიანის უფლებების დაცულ სივრცეში, კარგი ეკონომიკის სივრცეში უნდა იყოს ქვეყანა და მეც მინდოდა ასეთ სივრცეში მეცხოვრა და დღემდე ეს ნატვრა მაქვს.

  • როგორც უკვე ახსენეთ, იყავით ექიმი და რომ არა პოლიტიკოსობა იქნებოდით თუ არა ისევ ექიმი და მიანიჭებდით თუ არა ამ საქმიანობას უპირატესობას? თუ იქნებოდა სხვა პროფესია?

– არა, არ მგონია, რომ სხვა პროფესიას ავირჩევდი, სანამ გადაწყვეტილებებს მივიღებდი შეიძლება მომწონდა სხვა მიმართულებაც, ახლა არასდროს არ ვფიქრობდი, რომ მოკრივე ვიქნებოდი ან კოსმონავტი, ასეთი რამ არ მქონია მაგრამ სკოლის პერიოდში 2 მიმართულება იყო: ვწერდი კარგად, სულ ვწერდი თავისუფალ თემებს სკოლებში და ასე ვთქვათ, სულ ხუთებს ვიღებდი, ჩემი ოჯახიც ფილოლოგებისგან შედგებოდა და ეს მიმართულება იყო, მომწონდა არქიტექტურაც, მაგრამ ეს იმ პერიოდში, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტილებას მივიღებდი და ამაზე უკვე ვთქვი, რომ გარკვეული მოტივაცია არსებობდა რატომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. მემკვიდრეობით არავინ არ გვყოლია ჩვენ ექიმი, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და ვფიქრობ, რომ არ შევცვლიდი ამას დღესაც. მიუხედავად იმისა, რომ მე პრაქტიკოს ექიმად დიდი ხანია არ ვმუშაობ, მაინც სამედიცინო სფეროსთან მქონდა შეხება გარკვეული პოსტებით, მთავრობაშიც თუ პარლამენტშიც უკავშირდებოდა, ხშირ შემთხვევაში, ჯანდაცვას, სამედიცინო სფეროს, სოციალურ სფეროს, მაგრამ რომ გავყოლოდი პროფესიას ბოლომდე არ შევიცვლიდი და ვიქნებოდი ექიმი. იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილიც და ამავე დროს რთული, მაგრამ დადებითი ემოციის მომტანი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...