,,სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელის, შორენა ლობჟანიძის მწვავე შეფასება ეთნიკურად არადომინანტი ბავშვების დისკრიმინაციის შესახებ:
,,ბავშვის განვითარების მნიშვნელობანი ეტაპია საბავშვო ბაღი, როდესაც ის ხვეწს ლექსიკას და იწყებს გარესამყაროს შეცნობას. ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი პირდაპირ კავშირშია ბავშვის ფსიქო-ემოციური და ფიზიკური უნარების განვითარებასთან. საბავშვო ბაღი ერთგვარი საფეხურია, საიდანაც ის შეუმჩნევლად და უმტკივნეულოდ, გაცილებით მარტივად ადაპტირდება სკოლაში.
საქართველოში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების არარსებობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ის, განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა ეთნიკურად კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მცირეწლოვან ბავშვებს და მათთვის, დიდ სოფლებშიც კი არ არის საბავშვო ბაღები. შესაბამისად, პატარები მოკლებულნი არიან სოციალიზაციის მნიშვნელოვან ეტაპს.
სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო ენის მწირე ცოდნა და ბილინგვური განათლების არარსებობა, რაც მოსახლეობას ეკონომიკურად, სოციალურად, ინფორმაციულად და კულტურულად იზოლირებულად ტოვებს დანარჩენი საქართველოსგან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ბავშვები სკოლამდელი აღზრდის პერიოდშივე ეზიარონ ქართულ ენასა და ლიტერატურას, რათა ელემენტარულ დონეზე მაინც შეძლონ საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების გამომუშავება, რაც მათ გაუმარტივებთ სკოლაში ადაპტაციასა და სახელმწიფო ენასთან ზიარებას.
2012 წლიდან დღემდე, ანუ ბოლო 12 წლის განმავლობაში, ქვემო ქართლის რეგიონის შესწავლისას, ეთნიკურად კომპაქტურად დასახლებულ სოფლებში საბავშვო ბაღების რაოდენობრივი ზრდა ფაქტიურად არ შეინიშნება, ხოლო მოქმედი ბაღები მოკლებულია გამართულ ინფრასტრუქტურას, რასაც ვერ ვიტყვით ქართულენოვან სოფლებზე.
იმის და მიუხედავად, რომ 2020-2021 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობების საკრებულოში არაერთხელ შევიდა სოფლების მაცხოვრებელთა თხოვნის წერილები და ათეულობით მაცხოვრებლის ხელმოწერილი პეტიცია საბავშვო ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით, საკითხი კვლავ მოუგვარებელი და პრობლემურია. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელობა საბავშვო ბაღების მშენებლობის საკითხს დისკრიმინაციულად ეთნიკურ ჭრილში განიხილავს და პრიორიტეტს ქართულ სოფლებს ანიჭებენ.
საყურადღებოა, სკოლამდელი ასაკის ბავშვების ტრანსპორტირების საკითხიც, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობები არ უზრუნველყოფენ და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დიდ სოფელში ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, დიდი სოფლების მიმდებარე სოფლებში მაცხოვრებელი ბავშვების მხოლოდ შეძლებული, ფინანსურად მყარად მდგარი ოჯახები ახერხებენ, პირადი ტრანსპორტითა და ხარჯებით შვილების საბავშვო ბაღში ტარებას.
2024 წლის მდგომარეობით ქვემო ქართლში ჯერ კიდევ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, მწვავე საკითხად რჩება საბავშვო ბაღების მშენებლობა ისეთ სოფლებში, როგორიცაა: ოროზმანი, ყარაბულაღი, დარბაზი, ტალავერი, ნახიდური, ჭაპალა-სავანეთი-სამტრედო, მუხრანა-ბალახაური-ხიდისყური, ძველი ქვეში, ყაჩაღანი, აღმამედლო, კასუმლო, თაზაქენდი-აზიზქენდი, ალგეთი, ქურთლარი და ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით აქტივობა ფაქტიურად არ შეინიშნება“, – აღნიშნავს შორენა ლობჟანიძე.