ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

რეაგირების გარეშე არ დარჩება “ქართული ოცნების” დავალების შემსრულებელი ადამიანების უკანონო ქმედებები – გიორგი ვაშაძე

ერთიანი ოპოზიციის მიერ შემუშავებულ “შავ სიასთან” დაკავშირებით თოქ-შოუ “360 გრადუსში” ისაუბრა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, მოხდება სიაში შესული პირების იდენტიფიცირება და მათ მიმართ მკაცრი  სანქციები შემუშავდება:

“ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, რასაც ახლა კომისია აკეთებს ერთიანი ოპოზიციის ფარგლებში. ცნობილია, რომ არიან ლიდერები, რომლებიც გასცემენ კონკრეტულ პოლიტიკურ ბრძანებებს, მაგრამ მეორე მხრივ არიან ადამიანები, რომლებიც იქცნენ დანაშაულებრივი ქმედების უშუალო შემსრულებლებად და ამ ხალხს ჰგონიათ, რომ მათ არ მოეკითხებათ და არანაირი პასუხისმგებლობა არ ექნებათ იმ უკანონობებზე, რასაც ისინი ჩადიან. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მივიღეთ. “ქართული ოცნების” ლიდერების მიმართ აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ საარჩევნო წელი მოდის და ყველა საჯარო პირი, მოსამართლე იქნება ეს თუ პროკურორი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც ასრულებს უკანონო ქმედებებს, მოხდება მათი იდენტიფიცირება. ამ ადამიანებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებში გაგზავნილი იქნება დასაბუთებები შესაბამისი შინაარსით და არაა გამორიცხული მათზე დაწესდეს შესაბამისი სანქციები. ყველა მოძალადე შევა “შავ სიაში”.

საერთაშორისო პრაქტიკა ასეთ სიებს იცნობს. ეს არის ძალიან სერიოზული მზადება, რომელიც ოპოზიციამ დაიწყო და ამ სიასთან დაკავშირებით იქნება კონკრეტული რეაგირება დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

თითოეულმა ადამიანმა, ვინც ასრულებს უკანონო დავალებებს “ქართული ოცნების” მხრიდან, ერთი რამ უნდა იცოდეს, რომ რეაგირების გარეშე არ დარჩება მათი უკანონო ქმედებები. მერწმუნეთ, რომ შენგენის ზონაში, ამერიკის საემიგრაციო სამსახური ძალიან ბედნიერი იქნება თუ შეამცირებს რისკებს საკუთარ ქვეყანაში მოძალადებიის შესვლის. ამ ადამიანებზე სანქციები იმუშავებს პერსონალურად იმ დანაშაულის შესაბამისად, რაც მათ აქვთ ჩადენილი,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული